1956 წელს მოსკოვში საბჭოთა მხატვართა-სოცრეალიზმის ნიშნურ ფიგურანტთა ავტობიოგრაფიების უზარმაზარი ტომი გამოსცეს. ქართველ მაესტროს ამ „კორპუსში“ ამაოდ დაუწყებთ ძებნას; საბჭოეთში ავტობიოგრაფია ერთობ პასუხსაგები ფორმა იყო-„არასწორი“ ინფორმაციისათვის შეიძლებოდა დაეჭირათ კიდეც ავტონარატორი. ავტორი-მთხრობელი ტექსტის მიღმა უნდა დარჩენილიყო ანუ ობიექტური დროით „ემუშავა“, ავტორგმირს კი, სუბიექტური ქრონოტიპის როლი უნდა ეკმარა. მაგრამ, იყო მესამე ცენტრი ანუ იდეალური „საბჭოთა ადამიანი“. ასეთი ადამიანი გვევლინებოდა აბსოლუტური დროის კონსტრუქტად. ასეთი ადამიანი იყო უჩა ჯაფარიძე-ყველაზე „გამოჩენილი ქართველი საბჭოთა მხატვარი“ და ყველაზე „შესანიშნავი ქართველი ოსტატი“. აი, მისი ქრონოტიპი კი, მაინც დაუდგენელი დარჩა! „ქრონოტიპი”-ეს ტერმინი ჯონ ბენდერმა და დეივიდ ველბერმა შემოიტანეს, როგორც მიხაილ ბახტინისეული „ქრონოტოპის“ ალტერნატივა. დონალდ დ. ვილკოკსი კი, აღწერს რა, განსხვავებულ ტემპორალურ მანიფესტაციებს ინტერნარატიულ სტრუქტურათა შორის, სამი ტიპის ქრონოტოპს გამოჰყოფს: აბსოლუტურ დროს, ობიექტურ დროსა და სუბიექტურ დროს. სოცრეალიზმის ნარატიულ სტრუქტურებში ეს სამივე ქრონოტიპი მონაწილეობს. ცხოვრების სუბიექტური დრო ბავშვობის, ყრმობისა და სიჭაბუკის დროა; ობიექტური დროის მანიფესტაციაა პრივატული გამოცდილების მიღმა დარჩენილი სიტუაციები- საკოლმეურნეო, საქარხნ-საფაბრიკო, საპარტკომ-საპარტყრილობო ცხოვრება. აბსოლუტური დრო კი, სოცრეალიზმში, პირველყოვლისა, მოსკოვის დროით იყო რეპრეზენტირებული. ამხანაგი უჩა კი, მოსკოვიდან შორს ცხოვრობდა… უჩა ჯაფარიძე დიდი მხატვარიც იყო და დიდი კარიერისტიც. ასეთ მხატვრობასაც და კარიერასაც „სხვა ენა უნდა საქებრად“ და სხვაგვარი „ენკომიონი“; რეინტერპრეტაციის ისეთი ჟანრი და ისეთი რიტორიკული ფიგურები, დაუვიწყარი იაკობ მიხაილოვიჩ სვერდლოვის თანამეცხედრემ, რომ დაგვიტოვა 1939 წელს დასტამბული ბიოგრაფიის სახით. ეს იყო ბიოგრაფია, სადაც ეს „სანიმუშო ცხოვრება“ „რევოლუციურ ევოლუციაში“ კი არა, არამედ სტალინური „მოკლე კურსის“ ჩანართ-ილუსტრაციათა სტატიკურ მონაცვლეობათა დისკურსით იყო წარმოდგენილი. 1924 წელს ჟურნალში – „Пролетарская революция“ დაბეჭდილი სტატია ხომ, სვერდლოვის ეს In memoriam, ობიექტურ და სუბიექტურ ქრონოტიპთა მართლაც უცნაური სიმბიოზია! ერთი მხრივ, ძალაუფლების დრო ანუ აბსოლუტური დრო; მეორე მხრივ, ახალი ხელისუფლების (სუბიექტური) დრო… თანაც, დრო, რომელსაც ასე ეჩქარება დაიმკვიდროს თავი, როგორც აბსოლუტურმა ქრონოტიპმა. ამ სტალინურად „დაჭედილ“ტექსტში ენაც არაა დასველებული „ცხოვრების“ სუბიექტური დროის გამო. სვერდლოვი-„ბელადი-ორგანიზატორი“; მისი პარტიული მუშაობა, როგორც „კანონზომიერება“… სულ ესაა (რაო, ცოტაა?)! და, ისიც, რომ სვერდლოვი „შვა პარტიამ“! ამ კონტექსტში უჩა ჯაფარიძის ბიოგრაფია, როგორც სოცრეალისტური ტემპორალობისა და მისი იერარქიული სტრუქტურების წარმოდგენა (Sic!) შინაგან დინამიკასაც გულისხმობს. გამუდმებით იცვლება აქცენტები; კორექტირდება აბსოლუტური ქრონოტიპის ფოკუსი; იწმინდება ხელისუფლების ხმა; იცვლება ორიენტირები… და სუბიექტური ქრონოტიპიც მით უფრო ისწრაფვის, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები დაიპყროს; რაც შეიძლება მეტი (პ)არტისტული ძალაუფლება მოიხვეჭოს…
კონკრეტულ (პ)არტისტორიულ რეალიათა ცვალებადობის კვალობაზე, სუბიექტურ და აბსოლუტურ დროებათა (და დროებითობათა) კონფლიქტში ობიექტური ქრონოტიპი ჩაებმება. ეს კი, ინერციით მოძრავი (ანდა, სულაც, უძრავი) სისტემის უსარგებლო დუღილი იყო; დუღილი დამშრალ ჩაიდანში.. ასეთი „დუღილის“ სანახაობა იყო ის „საზეიმო სხდომაც“, უჩამ ყავარჯნების ზალპით რომ დაანგრია კინაღამ… უჩა ჯაფარიძე ლენინის „პირველ სიკვდილსაც“ მოესწრო და „მეორე სიკვდილსაც“. სტალინის „პირველი სიკვდილიც“ დაიტირა და „მეორე სიკვდილიც“ განიცადა. სტალინის „დამარხვას“ ისიც ძნელად გადაიტანდა! აი, ლენინის დაუმარხაობაზე რამდენად წუხდა, ძნელი გამოსაცნობია. არადა, მადლია მიცვალულის და-მარხვა! ღირსეული დამარხვა ანუ უკანასკნელი პატივის მიგება, სამგლოვიარო მიტინგზე წარმოთქმული სიტყვებით… ესაა წარსულის აღნიშვნა, მიცვალებულისთვის ადგილის გამოყოფა და ცოცხალთათვის სივრცის გამოთავისუფლება. დიახ, ღირსეულად ვმარხავთ მიცვალებულს და სივრცეს ვუთავისუფლებთ… ცოცხლებს! მთელი ამ პროცედურის როლი კი ისტორიულ „ნაწერს“ ეკისრება. ისტორიული ნაწერის მეშვეობით საზოგადოება საკუთარ თავს აწმყოთი აჯილდოვებს და არტკრიტიკოსიც არა მარტო მკვლელია, „ავტორის მკვლელი“, არამედ მესაფლავეც. და ასე განსაჯეთ, საფლავების მფლობელიც… კრიტიკოსი თავად ქმნის ნეკროპოლს; ძვირფასი, მოვლილი, ნასათუთევი საფლავებით… თითოეული საფლავი მისი პატრონის კეთილშობილების, ქონების, ძლიერების წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს. დიახ, საფლავი ძლიერების სიმბოლოა! შემთხვევითი არაა, რომ სლავურ ენებში „могила“ იმავდროულად ნიშნავს „могучий -ს. ძვირფასი საფლავების მფლობელი თუ ხარ, გავლენაც მეტი გაქვს და ძალაუფლებაც; უამრავი ქონების მეპატრონე ხარ და ინვესტიციების საიმედო წყაროც გარანტირებული გაქვს… „სიკვდილის ეკონომიკაზე“ საუბარი შორს წაგვიყვანს-მოვლილ საფლავს ვიღა ჩივის, ქართული მხატვრობის სოცრეალისტური ისტორიაც ღირსეულ დასაფლავებას ელის. მესაფლავე კი, მათ შორის უჩა ჯაფარიძისა, არ გამოჩნდა! ო,როგორ დაგვავიწყდა მხატვრის მიწისათვის მიბარება. კრიჭა შეგვეკრა, ვერ ვუთხარით: მიწა ხარ და მიწად იქეციო. უჩა ჯაფარიძის იუბილე კი მართლაცდა უპრიანია, მისი, როგორც ხელმწიფის კარის უპირველესი ქართველი მხატვრის ღირსეული დამარხვისათვის. თორემ, მისი ხორციელი გვამი 1988 წელს მივაბარეთ საბურთალოს პანთეონს და შესასვლელში, ერთადერთი და განუყრელი მეუღლის, ქალბატონ მარგარიტას გვერდით მივუჩინეთ ბინა. მისი ტანი მივაბარეთ მიწას და არა-ყავარჯენი. ყავარჯენი აქ დარჩა, ჩვენთან და ჯიუტად გვახსენებს ტანსა უჩა ჯაფარიძისა…

ტოტალიტარულად სახალხო

უჩა ჯაფარიძე ზედმიწევნით პასუხობდა სოცრეალიზმის საბაზისო პოსტულატებს: კლასობრიობას, იდეურობას, პარტიულობას, ხალხურობას. ყველაზე სახალხო მხატვარი იყო… ოღონდ, არა „ფოლკლორულის“ გაგებით ხალხური… ხალხურობის შუქზე (Sic!) ავანგარდის ხელოვნება დისფუნქციური და მავნე მოვლენაა(ტაში!)! და იგივე ხალხურობაა, ესოდენ ფართოდ რომ უხსნის გზას კიჩს… კიჩი აკავშირებს დიქტატორს ხალხის სულთან და გულთან.
კომუნისტური კიჩი-ესაა „კატეგორიული თანხმობა ყოფიერებასთან“ (მ. კუნდერა). უჩასეული „კიჩიც“ ასეთი კონსონანსებითაა ნაკვები. „ჩემი გმირი“ მუდამ ჯანმრთელი უმრავლესობის მხარეზეა და ამ „უმრავლესობის“ გემოვნების ინტერესებს გამოხატავს; სწამს, რომ „ხალხს“ თავისი ელიტარული გემოვნება აქვს (ტაში!)! ხალხი მებრძოლია და თავის ბრძოლაში მიზანი აქვს. ეს მიზანი თავად ხალხია; ხალხი და მისი ბედნიერი კომუნისტური ცხოვრება (ტაში!)! ასეთი მოთხოვნებით პოლიტიკური ხელისუფლება კი არა, თავად ხალხი გამოდის. აი, ხალხურობა კი, მხატვართა თავზეც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია… უჩა ჯაფარიძე საარაკო პოლიტკორექტულობით მანიპულირებს ამ ყბადაღებული „ხალხურობით“; ჩვეული ლავირებით ახდენს თავის ოპუსებში ხალხურობის ეგიდით შემოძლეულ ტავტოლოგიას. ცნების პროპაგანდით დაკავებული წმინდა ტავტოლოგია უარს აცხადებს თავად განსაზღვრებაზე და სანაცვლოდ, უტიფრად იმეორებს, ძალადობა სულიდან იბადებაო… ამას თეოდორ ადორნო ამბობდა. უჩა ჯაფარიძე კი, ამ „ძალადობის სულს“ უჩვეულოდ სიმპათეტური აურით მოსავს და ლამისაა, მართლა დაგვაჯეროს კლარა ცეტკინთან საუბრისას, ლენინის მიერ აღვლენილი უკვდავი ლოზუნგი„ხელოვნება ხალხს ეკუთვნის“! ისე, ლენინი ხელოვნებისაგან მხოლოდ ერთს თხოულობდა-ყოფილიყო გასაგები. გა-სა-გე-ბი! და ამ „გასაგებობას“ უჩა ისეთი რესპექტაბელური ტეხნეთი აკეთებს, რომ უბირ ადამიანს მართლა ჰგონია, ყველაფერი, რასაც ოსტატი სთავაზობს, „გასაგებია“ და იოლად „მოსანელებელი“. მავანთა „საბრალო უბრალოებას“ უჩასთან ძნელად თუ წააწყდებით. ამხ. უჩამ თავისი სოცრეალისტური იკონიკური ტიპებიც დაგვიტოვა და ბელადთა გამორჩეულ იკონოგრაფიულ იმიჯებსაც მიაგნო. ლენინის ერთ-ერთი (მგონი, 1969 წლის) ლითოგრაფიული პორტრეტი მხატვართა კავშირის თავმჯდომარეთა სამუშაო კაბინეტის უცვლელი ატრიბუტი იყო. ერთხელ, ელგუჯა ამაშუკელი (ქართველ საბჭოთა მხატვართა ერთ-ერთი ლიდერი) ეშმაკურად მეუბნება-„ნახე, რა კარგია, სულ არ ეტყობა, რომ ლენინიაო“… მერეჟკოვსკი ამბობდა, იესო არასოდეს იცინის, მხოლოდღა იღიმებაო… უჩასეულ ბელადებსაც შეუმჩნეველი ღიმილი დასთამაშებთ სახეზე. და საერთოდ, მისმა გმირებმა სიცილი არ იცინიან. არც მარგინალური ჰაბიტუსები იზიდავს ოსტატს… გამონაკლისი 1957 წელს დაწერილი ეტიუდია მამაკაცისა, სახელად „ფილხაზია“. რაც არ უნდა კონიუნქტურულ თემას უხდიდეს ხარკს, უჩა მუდამ იტოვებს ჭეშმარიტების პროცენტს. „კერძოსა და შემთხვევითსაც“ ისე ხატავს, თითქოს „საყოველთაო და აუცილებელი“ ყოფილიყოს. სტალინური პრინციპია-ნებისმიერი დეტალი გონებაჭვრეტითი პროექციით გაადიდო; ყოველი მთლიანობა კი, ამ „უნიტარულის“ (და საყოველთაოს) კერძო, უმნიშვნელო იმიჯით წარმოაჩინო… რამხელა ოსტატობაა საჭირო, „მშრალი“ გამოხვიდე ასეთი „აპორიებიდან“! ანდა, როგორი პოლიტიკური ელასტიურობა და არტისტიზმია საჭირო, ისეთი ჟანრული ემპათიურობით შეფუთო ოფიციალურად დეკლარირებული დოგმები, რომ შეინარჩუნო წონასწორობა „მე“-სა და „ჩვენ“-ს, მასასა და პიროვნებას, პიროვნებასა და ნიღაბს შორის! ანდა, „ჩვენ“-სა და „ზე-ჩვენ“-ს შორის; და ისე გამოხშირო საბჭოური „მეტაფიზიკური სუბიექტი“ ანდა ზეკაცი, რომ ეჭვის ადგილიც არ დაუტოვო ცენზურას?! უჩა ჯაფარიძე ამგვარი „თვალთმაქცობის“ მაესტროცაა.
ვინ იტყვის, მაინცდამაინც სად, უჩას ჟანრული მოტივების რომელ ქრონოტოპოსში უნდა დავინახოთ „ერთიანი კლასი“?! სამაგიეროდ, ეს რესპექტაბელური პროფესიონალი უსიტყვოდ აჯერებს პარტიას, რომ ხატავს არა უბრალოდ ჩვენს დებსა და ძმებს, არამედ საკუთრივ სტალინის დებსა და ძმებს. საკუთარი ძმები კი, მგონი, არც დაუხატავს… მთავარი ერთია: უჩას ყველა პერსონაჟი „ჩვენებურია“; ამ „ჩვენ“-ითა და „ჩვენებურებით“ გაიგდო სახელი უჩამ ხალხში. ამ მხრივ მარტო ტოტალიტარულად სახალხო კი არა, „სახალხოდ სახალხო“ მხატვარიც იყო ერთ დროს… ეს „ერთი დრო“ ვის შერჩენია, უჩას რომ შერჩენოდა! ახლა მეორე დრო მოდის; ახალი დრო უჩა ჯაფარიძისა…

 

1 2 3 4 5 6 7 8