(რამდენიმე სურათი ანუ პროთეზი(სი) სოცრეალისტური ომის ინვალიდის ბიოგრაფიისათვის)

 

«Раненая рожает, – сказала Смирнова (…)

– Растрясло ее, вот и рожает (…) Та, что без ноги»

Вера Панова. «Спутники»

 

 

 

1994 წელია…

ლიკანში ვართ; სიმპოზიუმზე…

განსჯის საგანი აქტუალურია -„კულტურა პოსტკომუნისტურ საქართველოში”.

ერთ სისხამ დილით, ჩვეულებისამებრ, სანატორიუმის ვესტიბიულში ვსხედვართ და საუზმის მოლოდინში მასლაათით, ვკლავთ დროს.

აწ ცხონებულები მიხეილ ქვლივიძე, ნიკო ჭავჭავაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, ასევე-ლევან ბრეგაძე და თქვენი მონა-მორჩილი.

ვიგონებთ გარდასულ დღეებს…

ბატონმა მიშამ საბჭოთა საქართველოში ბრეჟნევის უკანასკნელი სტუმრობა გაიხსენა.

ლეონიდ ილიჩს, რომელსაც იმხანად უკვე Marasmus senilis სჭირდა, ნაზირ-ვეზირების მთელი ამალა წამოჰყვა; კომუნისტური იმპერიის პოლიტბიუროს წევრები და წევრობის კანდიდატები…

ამ პარტიულ პანოპტიკუმს „იუბილარი“ რესპუბლიკის აქტივი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეხვედრია.

როგორც წესი, ამგვარ შეხვედრებზე ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციიის წარმომადგენლებიც იყვნენ წვეულნი.

მიშა ქვლივიძე უჩა ჯაფარიძის გვერდით მოხვედრილა, პირველ რიგში.

კრემლის „უკვდავ ბინადართ“ და მოკავშირე რესპუბლიკების პირველ პარტიულ ბოსებს „მქუხარე, ხანგრძლივი ტაშითა“ და ფეხზე ადგომით ესალმებოდნენ.

თურმე, ნუ იტყვით და, პრეზიდიუმისა და დარბაზის ერთსულოვან „ხბოს აღტაცებაში“ შესამჩნევი დისონანსი შეჰქონდა რაღაც ყურისწამღებ გრუხუნს…

ეს იყო უჩა ჯაფარიძის განუყრელი ყავარჯნების „სადღესასწაულო ზალპი“!

ბატონი (თუ ამხანაგი) უჩაც იძულებული ყოფილა, სხვასავით ფეხზე ადგომით მისალმებოდა სათაყვანებელ ხელისუფლებას…

ყოველი მორიგი სტუმრის პრეზენტაციისას, ამ ხეიბარი კაცის ვაი-ვაგლახით წამოდგომა და „კასტილების“ ზარბაზანივით გავარდნაც ერთი ყოფილა…

შურისძიებასავით გამოუვიდა კრემლის ხელისუფალთა მსგავსად მიხრწნილ პარტიაზე, რომელსაც „იმ დროს“ კომუნისტურად ვეღარც ეს ნაცადი კარის მხატვარი ერთგულობდა.

მაგრამ გულმა მაინც ვერ გაუძლო და ტოტალიტარული სახელმწიფოს სტაგნაციის („ზასტოის“) ეპოქაში მაინც გადახატა ფოტოდან ბრეჟნევის პორტრეტი;

ბრეჟნევისა, ტაშს რომ უკრავს… ალბათ, თავის მაღალ გვამს!

ამ შეხვედრაზე კიდევ ერთი კურიოზი მომხდარა; თუ გახსოვთ, „კავკასიურ ცარცის წრეში“ რამაზ ჩხიკვაძე ჩვეული იმპროვიზაციული ინტერპოლაციით რომ ამბობდა, გამაწვალა ამდენმა „გამსვლელმა სესიებმაო“?!

ხოდა, ასეთი მორიგი „სესიიდან“ პრეზიდიუმში დაბრუნებულ „ცოცხალ ლეშს“ მქუხარე ოვაცია გაუმართეს დარბაზიდან.

იდგა, თურმე, გაოგნებული „ლეონიდ ილიას ძე“ და თვითონაც უკრავდა ტაშს „სპეცფეხსალაგიდან“ თავის მშვიდობიან დაბრუნებას.

ბატონი (ამხანაგი) უჩაც ისევ ყავარჯენგავარდნილი უძღვნიდა ალბათ აპლოდისმენტებს პრეზიდიუმში მშვიდობიანად დაბრუნებულ გენსეკს…

 

(ან)ესთეზიოლოგიური ვალიორები

ახლა უკვე ადვილია უჩა ჯაფარიძის დამუნათება:

ძნელი არაა წამოაძახო, რომ ის იყო ყველაზე ანგაჟირებული პარტფუნქციონერი 1930-1960-იანი წლების ქართულ საბჭოთა ხელოვნებაში;

მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ უჩა ჯაფარიძე იყო ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ელეგანტური, ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე პეწიანი არტფუნქციონერი?!

ერთ რამეს ხომ ვერაფრით დააბრალებ – უხამსობასა და ვულგარულობას?!

მისი ფერწერის ხარისხიც მუდამ სტაბილურია; სანიმუშოდ სტაბილური…

სტაბილური და გალანტური!

„ძველი ოსტატებისამებრ“ მისდევს ფერწერული კრეატივის შესატყვისი სამშრიანი სუქცესიის პრინციპს: კომპოზიციიდან ფორმამდე:

ფორმიდან – კოლორიტამდე…

აი, 50-იანი წლებიდან კი ნახატის, ფორმისა და კოლორიტის ერთდროული, სიმულტანური მოდელირების ტეხნესადმიც ავლენს პიეტეტს…

სურათის წერის პროცესის გაჭიანურებაც ძალუძს და მომენტალური დამუხრუჭებაც…

დეტალიზებული ნახატის გრუნტზე მიტოვებაც როგორ შვენის მის ხელწერას?!

პეწიანი Desegno interno-ს მეოხებით ისეთი მხატვრული სიზუსტითა და დელიკატურობით განალაგებს გამოსახულების ძირეულ ელემენტებს, ისეთი ესთეტიკური განსჯით საზღვრავს კომპოზიციას, ისეთი არტისტიზმით სვამს ჩრდილ-სინათლის აქცენტებს და მთლიანობაში ისეთი მომსყიდველი ჰარმონიით კრავს, თუნდაც, alla prima-თი მონიშნულ ფიგურაციებს, რომ ძალაუნებურად აღძრავს სრულყოფილი სურათოვნების ილუზიას; მონასმი გაბედული აქვს; ოღონდ, არა-უტიფარი… და ეს თვითკმარი მონასმი არასოდეს იწვევს შემთხვევითობის ილუზიას;

საღებავის ფერიცა და მისი სინათლისმიერი ესენციაც ტაქტიანად აქვს ნაგრძნობი; ტაქტიანად და საქმის ცოდნით…

უჩასეულ პარტიტურაში ყოველი ტონი კონტექსტითაა მოტივირებული; მოტივირებულიცა და გამართლებულიც…

ატმოსფეროს შესატყვისად ცივდება, ნათდება, ანდა ბნელდება…

მეზობელი ტონები ხან აძლიერებენ, ხანაც ასუსტებენ…

ხან ამიწებენ, ხან აწყალებენ…

ხანაც შუქ-ჰაეროვანი პერსპექტივისკენ უხსნიან გზას…

უჩას ფერწერა ერთგვაროვან ტონზე რეფლექსიისა თუ ყურადღების კონცენტრირებით გვხიბლავს;

ვალიორების ინტონაციურ სიმდიდრეს წარმოაჩენს;

ტონისა და ლოკალური ფერის სხვაობაზეც ფიქრობს;

საგნის ფერისა და საგნობრივი ფერის დიალოგსაც „ძველი მეგობრებივით“ ამყარებს;

მოკლედ, ტონალური კოლორიტის მაესტროა უჩა;

მისთვის პრობლემურია საკუთრივი ფერი კი არა, ამ ფერის ტონალურ გარემო-გარემოებებში მოქმედების ლოგიკური პროცესი…

არტისტული პროფესიონალიზმით გრძნობს, რომ იმანენტური ჯერარსობის გარეშე ნაწარმოები, როგორც ასეთი, ობიექტივირებული ვერ იქნება;

აი, ესთეტიკური კონსტანტა, რომელიც ფარულად მსჭვალავს მხატვრის როგორც მიმეზისურ, ისე არამიმეზისურ იმპულსებს…

ასე რომ, უჩა ჯაფარიძის, როგორც ლეგიტიმური გემოვნების მხატვრის ინტენცია, ხელოვნების ლოგიკურ პროცესუალობას ემხრობა;

პროცესუალობას, თავისი ობიექტურად მოცემული სფეროს ტრანსლოგიკურობით რომაა პროვოცირებული…

საუკეთესო ოპუსებით მხატვარი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „ხელოვნებას იმდენივე შანსი აქვს, რამდენი შანსიც აქვს ფორმას; არც მეტი, არც ნაკლები“ (თ. ადორნო).

ამ გაგებით, როგორც მხატვარი, უჩაც „ფორმალისტია“!

ფორმა მის ფერწერაში სივრცესთან და სიბრტყესთანაა შეთანადებული;

ფერის ფორმათქმნადი ფუნქცია სპეციფიკურადაა შესუსტებული;

ესთეტიკური ფორმაც ობიექტური ორგანიზაციის ფორმად გვევლინება;

არსებულის ტრანსფიგურაციის მოტივი შეუმჩნევლად მსჭვალავს ამ ფორმას და გამოსახულებას ერთგვარი მეტაფიზიკური გამოხატულებით აღბეჭდავს…

უჩა და მეტაფიზიკა?!

რატომაც არა!

ბოლოს და ბოლოს, მეტაფიზიკური მომენტი არ არის ის, რომ არსებითად ხელოვნების ნაწარმოებია ყველაფერი, რასაც ხელის კვალი ეტყობა?!

ხელოვნების ნაწარმოები და არა მხატვრული ნაწარმოები!

ესაა კვალი – დამღა, გნებავთ, სტიგმა; საზოგადოების ჯაფით დატოვებული სტიგმა…

და უჩა ჯაფარიძეც, ამ საზოგადოების ჯაფით დატოვებული დამღის სიმულაკრია თითქოს;

ემპირიული ფორმათქმნადობისაგან საფუძველშივე განსხვავებული სიმულაკრი…

უჩა ჯაფარიძის მხატვრობაში ფორმა მუდამ ხილულია;

ხილული და არა – განხილული…

ამდენად, ეს ფორმა კრიტიკასთან არაა წილნაყარი.

არადა, ხელოვნების ნაწარმოებში ფორმა par excellence არის ის, რისი მეშვეობითაც საკუთარი თავისადმი კრიტიკულ პოზიციას იკავებს.

სოცრეალიზმი ასეთ ინტენციას არ უშვებდა…

კრიტიკული პოზიციონირება პარტიისა და სახელმწიფოს უფლება იყო.

პარტია და სახელმწიფო ხელოვნების ნაწარმოების უნივერსალურ ავტორად გვევლინებოდა.

ამ უნივერსალური ავტორის სახელით მოქმედებდა უჩა ჯაფარიძეც – დიდი მხატვარი და დიდი ფუნქციონერი!

ძალაუფლების ვალიორები

ბერტრან რასელის ერთი პარადოქსი მახსენდება: თუკი სოფლის ერთადერთ დალაქს ნაბრძანები აქვს, გაპარსოს მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარ თავს არ პარსავს და არ გაპარსოს ისინი, ვინც საკუთარ თავს პარსავს, მაშინ ვინ გაპარსავს თავად დალაქს? უჩა ჯაფარიძეს დაახლოებით ასეთი რამ ჰქონდა ნაბრძანები. რასელისეული დალაქის მსგავსად, ისიც სუვერენი იყო; სუვერენი ქართულ საბჭოთა ხელოვნებაში… ერთდროულად არსებობდა არტსამართლებრივი წესრიგის შიგნითაც და გარეთაც. ანუ იყო კანონი! თუ ადამიანს სახელმწიფოს გარეთ არსებობა შეუძლია, ან პირუტყვია, ანდა ღმერთიო…
საბჭოთა კავშირში სახელმწიფოს გარეთ არსებობა პირუტყვებსაც კი არ შეეძლოთ! მხოლოდ ღმერთს! ეს ღმერთი ამხ. სტალინი იყო! ამ ღმერთის მსგავსად (და ხატად) ფუნქციონირებდნენ მისი არტმოციქულები. ქართულ ხელოვნებაში ასეთი მოციქული იყო უჩა ჯაფარიძე. უჩა აკონტროლებდა საქართველოში საბჭოთა რეჟიმის სახვით-სახელოვნებო ფუნქციონირების რეჟიმს; აკონტროლებდა „წმინდა ძალადობის“ დაფუძნების სახვითი რეპრეზენტაციის რეჟიმს. მის კამერულ ოპუსებში, ტრადიციული თემური საზოგადოების ერთი შეხედვით უპრეტენზიო ასახვად რომ წარმოგვიდგება, საკუთრივ ჩაგრულთა სახეები, ჩაგრულთა ჰაბიტუსებია რეპრეზენტირებული; ჩაგრულთა ტრადიციები… ჩაგრულთა ტრადიცია გვასწავლის – წერს ვალტერ ბენიამინი – რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ, გამონაკლისი კი არა, წესია. აი, რა მიზნებს ისახავდა უჩას ლირიკა! ისე რომ, თავადაც არ უწყოდა ამის შესახებ… უჩა ჯაფარიძე ხელისუფლების ხელოვნებას წარმოგვიდგენდა. და ფარულად, ხელოვნების ძალაუფლებასაც გვაპარებდა… არადა, ხელოვნება როდის არ ყოფილა უზენაესი ძალაუფლების რეპრეზენტანტი?! რეპრეზენტანტი იმ საკრალური თუ ნატურალური ძალაუფლებისა, რომელიც სამყაროსმიერ ტოტალობას მართავდა და ლეგიტიმაციასაც ამ ძალაუფლებიდან იღებდა. რაო, მოდერნული ხელოვნების ტოტალობა ნაკლებ ძალაუფლებაზეა გამიზნული?! ეს ხელოვნება უტოპიური ბალანსის იმიჯზეა ორიენტირებული; ოღონდ, ეს იმიჯი „სახელმწიფოს შიგნით ძალთა არათანაბარ გადანაწილებაზე მაღლდება“ (ბ. გროისი). თანამედროვე რევოლუციური ანდა ტოტალიტარული რეჟიმებიც ხომ ძალთა ბალანსის იდეოლოგიით საზრდოობს?! და ამგვარი რევოლუციური ბალანსის სამსახურში ჩამდგარი ხელოვნებაც პოლიტიკური პროპაგანდის ფორმად გვევლინება. ასეთი ხელოვნება ძალაუფლების რეპრეზენტანტის როლს აღარ სჯერდება და საკუთარ სახელისუფლებო თამაშსაც შეუნიღბავად იწყებს. თამაში, რომელშიც ჩემი პროტაგონისტი 1930-ანი წლებიდან ჩაება (თუ ჩააბეს), პოლიტიკურად ეფექტური იყო; A priori ეფექტური… ავტორის – სახელმწიფო დაკვეთის ავტორის (და არა ოდენ შემსრულებლის) რენომე უჩამ თავად მოპოვა. რენომეც, პრესტიჟიცა და ავტორიტეტიც… არსებობს სამართლის დამფუძნებელი ძალადობა და არსებობს სამართლის შემანარჩუნებელი ძალადობა. უჩა ჯაფარიძე შემანარჩუნებელი ძალადობის რეპრეზენტანტია. ლენინურ-სტალინური ძალადობა საკუთარ თავს ი-ნახავს ქმნილებაში, რომელსაც საბჭოთა სახელმწიფო ჰქვია და ამ სახელმწიფოსვე სჭირდება არტისტი, როგორც შე-მნახველი ძალადობის რეპრეზენტანტი. არტისტი, რომელიც გამუდმებით ქმნის კონსტიტუირებადი ძალადობის ორეულებს. თხზვის დასაბამში „სიწმინდე“ კი არა, „განწმენდა არისო“ -ამას ვალტერ ბენიამინი წერს კარლ კრაუსის შესახებ დაწერილ ესსეში. და უჩა ჯაფარიძეც ამ განწმენდის ტოპოსებს წარმოგვიდგენს…

 

1 2 3 4 5 6 7 8