„სიამაყით გულზე მოსულიც“ და გაუცხოვებული მზერით აღჭურვილიც… მზერა მისი მთავარი აღჭურვილობა იყო; მისი კულტურული ეკიპირების ფორმა; ესთეტიკური და იდეოლოგიური ფორმა! უჩა ჯაფარიძე თავის წილ შეეცდება, გააუქმოს ონტოლოგიური განსხვავება (პ)არტელიტასა და მოქალაქეს შორის; ცხოვრება ობიექტში და არა სხვების ფლობა-ესეც საბჭოური კოლექტიური ცნობიერების თვისებათაგანი იყო; თამაში მხატვრისა, რომელიც იმპერიასთან მიმართებაში „იდიოტია“, ანდა ჰამლეტისეულად გათამაშებული სიშმაგე უჩასნაირ ბრძენ კაცს არ სჭირდებოდა! უჩა ნორმალური ექსისტენციური ფუნქციონირებით გამოირჩეოდა; ნორმალური ექსისტენციური ფუნქციონერი იყო! მისი მორჩილებაც პროტესტი იყო თავისებური; მისი უეჭველობაც – რაღაცნაირად „საეჭვო“… უჩას მხატვრობა საბჭოურ-კოლექტიური ეთიკური ატმოსფეროს არტიკულაციაცაა და დელიკატური განხილვაც; ესთეტიკური განსჯა ყოველგვარი რეფლექსიური ფიგურაციებისა თუ ტრანსფიგურაციების გარეშე… ექსტაზი მასთან საკუთრივ საბჭოური წარსულის ექსტატიკური ფურცლების რეპრეზენტაციით ამოიწურება; ყოველივე დანარჩენი-მისი საკუთრივი გამოცდილებაა… „დედის ფიქრებიცა“ და „ბარაკონიც“, „ერთაწმინდაცა“ და „წარსული ზაფხულიც“… ერთის მხრივ, „საბჭოური ჰაგიოგრაფია“-დიადი მომავლის რწმენით აღვლენილი მარტვილობა, მასათა ცნობიერებით მანიპულირება; მეორე მხრივ კი, საკუთრივ ფერწერა, მხატვრობა, ფერისა თუ აბრისის დაგემოვნება… ეს ყველაზე ძვირფასი და საიდუმლო მანიპულირება, ხელის (ვ)ნებით აღძრული ყველაზე დიდი მადლია, განსაკუთრებულ წუთებში რომ ენდობოდა მაესტრო… სოკრატე-ბრძენთა შორის უბრძენესი, მოსვამს რა ფარმაკონს, სიკვდილის მოლოდინში აღმოთქვამს – მგონი, ასკლეპიოსისა ქათამი მემართაო… ესაა უნებური დაფიქრება ყოველდღიურ ვალზე; უჩასთვის ასეთი ყოველდღიური ვალი რაღაცით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სახელმწიფო დავალება… და ამიტომაც დარჩა ბოლომდე მხატვრად; არტისტად, მომხიბლავ ადამიანად… უჩა ჯაფარიძის ბევრი პერსონაჟი პოლიტიკური მითოსის გმირია. ანდა – მსხვერპლი… თუნდაც, პლატონისეული ჯადოსნური მითის მსხვერპლი; მითისა, აკადემიის წევრებისთვის რომ იყო განკუთვნილი… სამყაროში არაფერი იცვლება; და არც ადამიანები იცვლიან ზნესა და ფერს! პოლიტიკური დისკურსიც ჩაკეტილ წრეში ბრუნავს. ისტორია მეორდება… და ეს მითიც ისტორიული დეტერმინიზმის იდეის მუდმივ რეპრეზენტაციას გულისხმობს… შემდგომი მითი უნივერსუმის უსასრულობას აღწერს; უსასრულობის დისკურსულ ველში მოხვედრილი ადამიანი უსასრულო სამყაროს გარდაქმნის პროექტს ითვალისწინებს. ეს მითი უნივერსალისტურ დისკურსსაც უზრუნველყოფს და ადამიანსაც უსასრულო უნივერსუმის თანა-მყოფელად მოიაზრებს. და ბოლოს, „ოქროს ხანა“-პროგრესის იდეის დეტერმინირებული მითი!
„ოქროს ხანა“ უკან კი არა, წინაა. წარსულში კი არა-მომავალშია; მანამდე კი არა-შემდეგშია; წინაპრებს მათი ხილვა არ ძალუძთ! სამაგიეროდ, შთამომავალნი მოესწრებიან! აი, „ნათელი მომავალი“, როგორც ყოველი უტოპიური მოდელის გენერატორი! ამ მითების საექსპლუატაციო ვადა რახანია, ამოიწურა… არადა, პოლიტიკური ხელისუფლების ტრანსცენდირებად ველს მაინც ეს მითები ამარაგებს! დღეს „საბჭოური“, როგორც ასეთი, ახალი კაპიტალისტური შეფუთვით გვიბრუნდება. პოსტსაბჭოური ინტერპრეტაციაც კადნიერი ვაჭრობის საგნად გვევლინება; გამოტირებული სოცრეალისტური ხელოვნებაც ახალ მეტაკრიტიკულ ნარატივებს უცდის… ესაა კრიტიკული მოქმედების მთელი სტრატეგია, რათა საბჭოური ისტორია ინტერვენციათა ისეთ ლეგიტიმურ ობიექტად განიხილებოდეს, როგოც საბჭოთა აწმყო! მთავარია, დაუსრულებელი წარსული, როგორც პროგრესირებადი ნოსტალგია, პასეიზმად არ გვექცეს; რაღაც „შინმოუსვლელი წარსულის“ პიეტად არ მოგვევლინოს… დაუსრულებელი წარსული გრძელდება… ვაგრიკ ბაღჩანიანმა ერთ თავის გახმაურებულ ტექსტში რუკაზე არსებულ ყველა ქვეყანას დაუმატა „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“. ეს იყო მესიჯი, რომ საბჭოური ექსპერიმენტი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლებოდა განხორციელებულიყო. კომუნისტური ინტერნაციონალიზმისა თუ უნივერსალიზმის ნოსტალგია დღეს ბევრს „შემოაწვა“; უნივერსალიზმი, როგორც დეფიციტური საქონელი! სოციალიზმის ნოსტალგია მისი შესაძლო დაბრუნების წინათგრძნობასთანაა წილნაყარი! „ნეტარ არიან მორწმუნენი!“ მიხეილ ანდრეიჩ სუსლოვის მაგიდაზე, კრემლში, მუდამ გადაშლილს ნახავდით ლენინის თხზულებათა რომელიმე ტომს; წვერწამახული წითელი ფანქრით აჭრელებულს… ეს იყო სიმბოლო! და მთელი ძალაუფლებაც სიმბოლოების ხელშია; ჩინოვნიკების მაგიდაზეა თავმოყრილი. ესეც თვითკმარი საზოგადოების პროექტი! უჩა ჯაფარიძის ყაიდის სახელმწიფო მხატვრები ისტორიის იმანენტურ რიტმს უწყობენ ნაბიჯს; თუნდაც ყავარჯნის მეშვეობით… რაც უფრო მეტი სიცოცხლე გროვდება რიტუალური პროცესების მეოხებით, მით უფრო მეტია სიკვდილის წინასწარი გათვლა! გავიხსნოთ, ნიცშესთან ზეადამიანის მეშვეობით მარადიული დაბრუნების გადალახვა; ანდა ბერგსონის „elan vital“, მექანიციზმში სიცილის საბაბს რომ ხედავს. ორივე ონტოტექსტი რიტუალიდან-ისტორიაში ნახტომის დაგვიანებული რეპრეზენტაციებია. ასე იქცევა დეკადანსირებული რიტუალი რიტორიზებულ ფიგურატიულ საქციელად; სუბსტიტუტურ შესაქმედ ანდა ფორმალურ მოდულზე აწყობილ ტეხნედ… აესაა ადამიანურ მსხვერპლშეწირვათა სინექდოხური ჩანაცვლება საკულტო ცხოველთა მსხვერპლშეწირვით! ამასობაში სოციოისტორია რადიკალურად ავსებს თანატოსის დეფიციტს. თავად რიტუალური ტერორის ტერორიზებას მიმართავს და კოლექტივს აიძულებს, პერიოდულად საკუთრივ სიცოცხლისაგან შეიკავოს თავი. „სიცოცხლისაგან თავის შეკავება“ საბჭოური სოციოისტორიის დისკურსია, იმ ტეროროლოგიკურ აპერცეპციებში გამოხატული, ისტორიული ძალადობის რეპრეზენტაციას რომ წინასწარმეტყველებდა; ისტორიული ძალადობისა-რიტუალურზე…
ამგვარი ძალადობა ლიმინალურ საზოგადოებათა სახელმწიფოებრივ ინსტიტუციონალიზაციაში ხორციელდება და თავისივე წიაღში მომწიფებულ „საიდუმლო ჯგუფებს“ იყენებს. ასეთ სოციეტატურ ძვრას პირდაპირ შეესატყვისება არქაული სოციალობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი აქციები. ასე ყალიბდება სახელმწიფო, რომელიც თავისი წარმოშობითაა რევოლუციური. ასე ყალიბდება სახელმწიფო ხელოვნება, რომელიც თავისი არსითაა რევოლუციური. ლიმინალური არქაული სოციალობის რელიქტები უჩა ჯაფარიძის პრივატული მხატვრობის პარადოქსული არქეტიპებია. პატრიარქალური რაჭული სუიტები სიმპათეტურად „ამხელენ“ უჩა ჯაფარიძის ლირიკულ ბუნებას. მხატვრის ინტენცია გაბატონებული წესრიგის ალტერნატივებზე არაა მიმართული. გასახელმწიფოებრივებულსა და (ჯერაც)არაინსტიტუციონალიზებულ საზოგადოებათა – Gesellschaft/Gemeinschaft კონფრონტაციაში უჩა ჯაფარიძე ამ ბინომის მეორე წევრს უთანაგრძნობდა; უთანაგრძნობდა, როგორც „სოფლელი ლირიკოსი“. პირველ წევრს კი, როგორც სახელმწიფო არტისტი… უჩასთვის ღებელი თუ ღარელი გლეხი მისი Alter ego-ა; მისი „მეორე მე“-ა… სახელმწიფო მამითადში ჩაბმული კოლმეურნე კი – ”სხვაა” ჯავაჰარლალ ნერუც, რომლის საბჭოეთში სტუმრობასაც „სპეციალური“ სურათი უძღვნა, უჩასთვის ”სხვაა”… „სხვა“ მისთვის აღიარებისა და არა ძალადობის ობიექტია. სისხლისა და ნიადაგის იდეოლოგია ფარულად ვლინდება მის საკუთრივ პოეტურ ოპუსებში. ბრძენი კაცი იყო უჩა ჯაფარიძე. ქიციც იცოდა და ქიცმაცურიც… იცოდა, რომ ადამიანი თავისი არტისტულობის რეალიზებას როლურ თამაშებრივ საზოგადოებაში ავლენს! ამ მხრივ თავად იყო უნიკალური მოთამაშე… სოციეტატური ყოფიერების ხსენებული მოდელიდან კი განა ვინ გამორიცხავს ძალაუფლებისათვის ბრძოლას?! აქტორთა დაუცხრომელ სურვილს, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიიპყროს! რაც შეიძლება მეტი თვალი მოიზიდოს საკუთარი თავისკენ! უჩა ჯაფარიძე ამგვარი ყურადღების ეპიცენრში იდგა თავისი ორმაგი ყავარჯნით! უჩას სურათები სოციოისტორიის რეპრეზენტაციებია; რიტუალის იმანენტური სოციოისტორიის რეპრეზენტაციები… პროტორიტუალური აქციონიზმი თვითამოწურვის შესაძლებლობასაც გულისხმობს და ისტორიულ დროში გადარჩენის შანსსაც გვიტოვებს. ასეთი აქციონიზმი დეპრესიასაც დღესასწაულად აქცევს. პოსტმოდერნში დეპრესია შიზოიდურმა მანიერიზმმა ჩაანაცვლა. სახელმწიფო ხელოვნება, არქაული საზოგადოების მსგავსად, ერთგვარ ტრენინგს უწყობს სოციუმს; რიტმიზებულ მუნყოფიერებაში ავარჯიშებს… რა დავარქვათ ამას, თუ არა თანატოლოგიკის მოკლე კურსი?! კურსი, რომელიც გვასწავლის, რომ ცივილიზებული სიცოცხლე აჩქარებს ჩვენს სიკვდილსა და განადგურებას (non-X&nonX1). პირველყოფილი რიტუალის კრიზისის ერთი მიზეზი „სიკვდილის უკმარისობაა“ მის თავდაპირველ მდგომარეობაში… მართლაც, რაღაც აკლია ასეთ სიკვდილს… რაღაც არ ყოფნის, რათა სიკვდილად გაფორმდეს…

 

1 2 3 4 5 6 7 8