ბიუროკრატის სტატუსით კი, საბჭოთა მხატვარი ორჯერ მხატვარი იყო- ბიუროკრატის მაგიდასთან უფრო იყო ახალი რეალობის შემოქმედი, ვიდრე სახელოსნოში; მოლბერტთან… სხვათა შორის, „ხელოვნების მუშაკთა“ ხელისუფლების აპარატში მიზიდვისა და პრივილეგირებულ პარტიულ წრეებთან ზიარების ეს მშვენიერი ტრადიცია ინერციით ახლაც ძალაშია. იმპერიულ დისკურსში ეს „ხელმუშაკთა“ ვულგარულ მოსყიდვას კი არა, რჩეულთათვის საკრალური სივრცის კარის გაღებას მოასწავებდა; კარისა, რომლის მიღმაც, პარტიული ძალაუფლების ნებით, „საიდუმლო სერობები“ იმართებოდა. ამასთან, ეს იყო მხატვართა (ამ სიტყვის ფართო გაგებით) პატივდება და მისია – „შიგნიდან“ მოეხდინათ პარტიისა და სტალინის ნებასთან იდენტიფიკაცია. მოკლედ, პარტიამ სწორედ უჩა ჯაფარიძე შეარჩია; საკუთრივ, ტალანტისა და და მაესტრიის გამო. საქმე ამ შემთხვევაში მარტოოდენ სოცრეალისტობაში (ან უბრალოდ რეალისტობაში) კი არა, ხელის (და ტანის) ფლობის კულტურაში იყო. თორემ, ცნება-„სოცრეალიზმი“, ნებისმიერი „იზმის” მაგვარად, მხოლოდ ეტიკეტია და მეტი არაფერი. მაინც „სოცრეალისტი“ უჩა ჯაფარიძე გვერჩივნოს რომელიმე თხუპნია ტრანსავანგარდისტს! ფეხი ღალატობდა დიდ უჩას, თორემ ხელი-იცოცხლე, მართლაც მარჯვე ჰქონდა! პეწიანი ნახატის ოსტატი იყო; ხატვა ნამდვილად იცოდა. მიმეტური ილუზიის მიღწევასაც მსუბუქად და ელასტიურად ახერხებდა. ის ფერ-მწერალი იყო; დამაჯერებელი ნარატორი… უაზრობაა უჩა ჯაფარიძის მხატვრობისათვის „ლიტერატურულობის“ დაბრალება. პირიქით, ეს მისი ღირსება იყო. სოცრეალიზმში სწორედაც ლიტერატურაა ერთადერთი დისკურსი, რომლის ჩარჩოებშიც ტოტალიტარულ ანტიდისკურსიულობას შეეძლება ხორცშესხმული მედიალური გარემოს პოვნა. სოცრეალიზმი, დიახაც, ნარატივთა ერთობლიობაა, რომელიც კულტურაში არც ერთ სხვა მედიას აღარ უტოვებს ადგილს. ჩვენი პოსტმოდერნული საზოგადოება, ნარატივის გავლით, არალეგიტიმურად კონცეფტუალიზდება. სოცრეალიზმში ნარაცია და ფიქცია იმავდროულად იმგვარი ისტორიაა, მაზოხისტურ თვითცნობიერებას რომ აკმაყოფილებს. და საერთოდ, ეს „დიადი მეთოდი“ ისევე ჩაუნაცვლებს კულტურას ნარატივს, როგორც პოლიტიკური ბელადი ჩაენაცვლება სოციუმს; ბელადი, როგორც ესთეტიკური ძალაუფლების მფლობელი. სტალინი ყველაზე დიდი ესთეტი იყო, სოცრეალისტური ხელოვნების ქმნილების ერთპიროვნული ავტორი; თავად საბჭოთა სახელმწიფო იყო ხელოვნების ქმნილება; დიადი არტისტული უტოპიის პარადიგმა! უჩა ჯაფარიძე არასოდეს ყოფილა შემჩნეული „პოეტობაში“. თავისი სუსტი ფეხებითაც მყარად იდგა მიწაზე და აზრადაც არ მოსდიოდა ტრანსცენდირება. სწორედ ასეთი კაცი სჭირდებოდა საბჭოთა კულტურას-ამ საიდუმლო პოლიციას. და სოციალისტური კულტურის ტოტალიტარულ ბანდაში ამხ. უჩას ჩათრევაც ამიტომ განიზრახეს. არჩევანში არც ამჯერად შემცდარან; თუმცა, რაღა „ჩათრევა“ უნდოდა „აპრილის კონფერენციის“ ყელმოღერებულ მომღერალს?! სარდაფში მცხოვრებს მიადგნენ თურმე, ჩეკისტები; ბელადის პორტრეტი შეუქეს და დიდძალი ფულიც შეაძლიეს უპოვარ მხატვარს. როგორ გეკადრებათ, უფასოდ მოგართმევთო, -ამოულუღლუღია დამფრთხალ ოსტატს; შენი სამადლო რა სჭირს საბჭოთა სახელმწიფოსო? – წაისისინეს ჩეკისტებმა… წითელთუმნიანების დასტა დაუდეს მოყანყალებულ მაგიდაზე და წავიდნენ (წავიდნენ კი?!). მალე პატივდებულ მხატვარს ფიქრის გორაზე ორსართულიანი სახლი უბოძეს; ასე შეაბეს ეჟვანი და მაშინდელი НКВД- ს ენაზე – „დაავერბოვკეს“!
”Основная задача Коммунизма в России в этот период-вербовать в партию лучших людей<…>поставить на ноги партию пролетариата ”-ამას ამხ. სტალინი ამბობს 1921 წლის ტექსტში -”Партия до и после взятия власти”. მას შემდეგ მოქრთამეს და რა მოქრთამეს… წოდებებით, ორდენებით, ჩინმენდლებით, ჯინჯილებით, ჟეტონებით, პრემიებით, სავარძლებით. როგორც სურდათ, ისე „ახტუნავებდნენ“ ჩია ხეიბარ კაცს; რომელ ჰანგზეც მოისურვებდნენ, იმ ჰანგზე ამღერებდნენ. ისიც მღეროდა… როცა საჭირო იყო, „ფორმალისტებსაც“ მიუქსევდნენ… და ისიც ეშმაკურად, „მუზმუზელად“ ასრულებდა ამ საპატიო მისიას. ფხიზლად იდგა ტოტალიტარული ესთეტიკის სადარაჯოზე და თავად იძლეოდა სეკულარიზებული დისკურსის ნიმუშს. ეს დისკურსი დიაქრონიულად არაორიგინალურია და, გარკვეულწილად, ნეოკლასიციზმს მოასწავებს (ა. სინიავსკი), გარკვეულწილად კი – ნეომედიევიზმს (ნ. ბერდიაევი). ქართული ავანგარდის ექსორიაქმნილი ფიგურანტები მაინცდამაინც ვერ გრძნობდნენ ამ კულტუროლოგიურ ინვერსიას და ღია კარს ამტვრევდნენ. არადა, უჩას მოსწონდა მათი მხატვრობა. ყმაწვილკაცობაში გუდიაშვილისეული ტიპაჟებითაც კი იყო გატაცებული. არც ურთიერთობა გამწვავებიათ ოდესმე. უჩას ერთობ აფასებდა ნინა მგელაძე-გუდიაშვილისა – ლეგენდარული მეთვალყურე-მუზა, საყვარელი მეუღლის სახელით რომ უხსნიდა სიყვარულს სოცრეალისტ მხატვარს. დავით კაკაბაძის „იმერეთი. დედაჩემი“ კი, უჩას მართლაც აღელვებდა; მიყვარს და რა ვქნაო, არაერთხელ უღიარებია… ამ უკვდავი სურათის (თუ სურათი-მეტაფორის) გავლენით დაწერა ჯერ კიდევ 1945-ში, შემდეგ კი 54-ში „დედის ფიქრები“ და „მშობლიური ადგილები. დედა“. უჩა ჯაფარიძემ სოცრეალისტურ ბატალიებში მონდომებით იომა, მაგრამ მაინც ვერ დაიმკვიდრა ადგილი სოცრეალიზმის „მარშლების“ – გერასიმოვისა თუ იოჰანსონის, პლასტოვისა თუ სვაროგის, იუონისა თუ ეფანოვის გვერდით. უჩასეული სოცრეალიზმი АХРР-ულსა და ნოსტალგიურ რეალიზმს შორის მერყეობდა. ამდენად, ეს არც იყო სოციალისტური რეალიზმი ამ ცნების მკაცრი გაგებით. ამგვარი რეალიზმი არც ჩვენს ქანდაკებაში ყოფილა და არც არქიტექტურაში; ჩვენში არ შექმნილა „Рабочий и колхозница“-ს – ამ საბჭოთა „ტირანთმმუსვრელთა“ დარი მონუმენტი. არც ქართველი იოფანი, შჩუკო თუ ჟოლტოვსკი გვყოლია არქიტექტურაში. და კიდევ: ქართულ საბჭოურ კულტურულ რევოლუციას არც ისეთი ინკვიზიტორი ჰყოლია, როგორიც პლატონ კერჟენცევი იყო-დიდი ტერორის წლებში ხელოვნების საქმეთა უზენაესი კომისარი. უჩა ვერ გახდა სოცრეალიზმის „მარშალი“; „გენერალ-პოლკოვნიკობაზე“ გაჩერდა მისი არტისტულნომენკლატურული ბედის ბორბალი… „მარშლობისთვის“ არ ყოფნიდა სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავი და ლენინური პრემიის ლაურეატის ოქროს მედალი. (ამ ტიტულატურის მოხვეჭას მოგვიანებით ზურაბ წერეთელი მოახერხებს).

უნომრო პარტბილეთი

1942 წელს, ჯერაც უპარტიო უჩა ჯაფარიძეს სამხატვრო აკადემიის რექტორად ნიშნავენ; კომუნისტურ პარტიაში 1944 წელს მიიღებენ… უჩას პარტბილეთის ნომერი არ ვიცი. ა. ბეზიმენსკის ლექსი მახსენდება-„Партбилет №224332“…
ამ „ლექსში“ პარტიას ცოცხალი არსების ატრიბუტები აქვს; პარტბილეთი ესაუბრება ლირიკულ გმირს და მწუხარე ინტონაციითაც ეხმიანება. პარტბილეთი უბრალოდ გულისჯიბეში კი არ დევს, თავადაა „გული“… გუმანით გრძნობს უჩა საბჭოურ ენას, „სოვოკურ ენას“; გრძნობს, რომ მედიუმი ფული კი არა, ლინგვისტური პერფორმატივია; რომ ეს „ენაა“ობიექტური, ნივთიერი, მატერიალური… საბჭოური კომუნიზმის ენობრივი ესენცია გამოსჭვივის უჩას „დიალოგურ“ ციკლში; მხატვარი მიმართავს სცენებს, ეპიზოდებს, ვიზუალურ ნარატივებს, სადაც მთავარი „გმირი“ სამდურავია; ასეთი „ლამენტოები“ უჩა ჯაფარიძის ლირიკის ყველაზე მგრძნობიარე მომენტებია; ესაა ლამის ონტოლოგიური სკეფსისი, რომელიც ყველა პლასტიკურ ბრუნში, ყოვნში, ჟესტში იგრძნობა; მოხედვაშიც გამოსჭვივის, ამოხედვაშიც და გამოხედვაშიც… (მო)ქცევისა და საქციელის ორგანული არქიტექტონიკა – აი, რა შვენის უჩასეულ ადამიანს; ასე გგონია, მისი ყველა პერსონაჟი, გმირი თუ მოდელი პასუხს აგებს საკუთარ სახეზე; და საკუთარი სახის გამო… თუკი ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთარ სახეზე, მაშინ მოვალენიც ვყოფილვართ გვიყვარდესო – ამას ერთი პოსტთანამედროვე რუს ავტორთან ამოიკითხავთ. და უჩაც მოვალეა, პასუხი აგოს თავისი გმირების ჰაბიტუსებზე; პასუხიც აგოს და შეიყვაროს კიდეც… უჩასეული სამყაროს „საბჭოურობა“ კი, რაც დრო გადის, მით უფრო მეტ იმპონირებას აღძრავს; მით უფრო მეტ პიეტეტს იწვევს. სხვა თუ არაფერი, საინტერესო ხდება. გაცილებით უფრო საინტერესო, ვიდრე იმ „ჟამიანობის“ დროს. როგორც ფილოსოფოსი ალექსანდრ პიატიგორსკი იტყოდა, დღეს-„საბჭოურის“ დეიდეოლოგიზებულ ხანაში, კიდევ უფრო საინტერესო, „საშინლად საინტერესო“ ხდება საბჭოური გამოცდილებაც და მისი არტისტული რეპრეზენტაციებიც. უჩა ჯაფარიძის მხატვრობა კომუნიზმის ჰუმანისტურ ფუნქციასაც გამოხატავს და მის ლატენტურ „საეჭვოობასაც“; უჩას საჭოჭმანო ინტონაციები უფრო ესთეტიკურსა და ეთიკურ-ანთროპოლოგიურ იერს იძენს… მისეული უბრალოებაც მეტ ეჭვს აღძრავს. ამ უბრალოებაშია ჩადებული კოლექტიური გამოცდილების კოდი; გამოცდილებისა, სადაც მარტოოდენ კაპიტალი კი არაა ელიმინირებული, არამედ, მთლიანად „ბურჟუაზიული ცნობიერება“. უჩას საშემსრულებლო კულტურა ეგალიტარულიცაა და ელიტარულიც; საუკუნეობით გამოკრისტალებული ევროპულ-ფერწერული დისკურსის განცდითაც გამოირჩევა; მის ფერწერულ ინტონირებაში, კოლორისტულ ფრაზირებაში, მონასმის აკორდიკასა თუ ფორმის ვალიორულ მოდელირებაში იგრძნობა მანერა; ოღონდ, არა-მანერულობა… თვალშისაცემია სტილი; ოღონდ, არა სტილიზაცია… არაფერი პერვერსიული; ანდა, როგორც ახლა ამბობენ – სუბვერსიული; ყველაფერი სიჯანსაღის კულტს ემორჩილება… არაფერი უგვანო, მახინჯი, უჩას თვალს არ იზიდავს. რატომ მიმახინჯებ ამ მშვენიერ ქვეყანასო-უთქვამს ერთხელ გულმოსულს ერთი სტუდენტისთვის… მთელი ხელოვნება ისაა, დატოვო საკუთარი თავის საზღვრები; თავისა, საბრალო და გატანჯული ნივთიერებით რომაა სავსე… სუბიექტური ცხოვრება ობიექტშია, სხვა ადამიანშია. ესაა მთელი საიდუმლოო-წერდა ანდრეი პლატონოვი… და უჩაც, ჩვეული ელასტიურობითა და ელეგანტურობით ტოვებს თავის თავს; ავტოპორტრეტებიდან კი შემოგვცქერის როგორც „სხვა“…

 

1 2 3 4 5 6 7 8