ოსტატი და მარგარიტა

უჩა ჯაფარიძე თბილისში, შიო მღვიმელის ქუჩაზე ცხოვრობდა. ორნი იყვნენ ოჯახში-უჩა და მისი მეუღლე…
ოსტატი და მარგარიტა! ხშირად ხატავდა თავის თანამეცხედრეს… ბევრმა არც იცოდა მისი გვარი-ჩიკვაიძე; უჩაზე სამი წლით უფროსი იყო… დროგამოშვებით „აკითხავდა“ ოსტატი მარგარიტას; თავის ერთადერთ ინტიმურ მოდელს… ხან ტილოზე- ნახშირით, ხან- ასტელში, ხანაც ზეთში. ერთი და იგივე მოდელი; ოღონდ, სხვადასხვა ჰაბიტალური რაკურსები და აურა… ყველა მათგანში რაღაც გაუმხელელი ნაღველია ჩაგუბებული; მომლოდინე მზერა… სტილიზებული მაკიაჟის გარეშე დასახული ოცნება; ოსტატის დახატული მარგარიტა რეალურიცაა და იდეალურიც; იმპრესიულიცა და პოტენციური ექსპრესიით დამუხტულიც… რაღაც წინასწარი ხსოვნაა აღბეჭდილი მარგარიტას სახებაში; წინასწარი ხსოვნა „თავისი“ (და მაინც „სხვა“) მარგარიტას სურათოვნად დასრულებული ცხოვრებისა გამო. და იქნებ, მარგარიტას ცხოვრების ძნელად წარმოსადგენი ფინალურობის „გადავადებადაც“ წაგვეკითხა ორმოციოდე წლის ჯერაც ახლგაზრდა ქალის პორტრეტის დაუსრულებლობა?! უჩასეული (ერთობ უჩასეული!) ნონფინიტურობის მომხიბლავი აურა… რაღაც მემორიალური იერი გადაჰკრავს ამ პორტრეტში მარგარიტას; ოსტატის „უხილავი ხელის“ კვალი… „მოვა შენი დიდი ქმარი და ხელკავით წაგიყვანს“… მურმან ლებანიძის სულ სხვა ქალისადმი მიძღვნილი ლექსის სტრიქონი მახსენდება; თუმცა, ჩვენს ოსტატს-ამ „დიდ ქმარს“ არსადაც არ დაჰყავდა მარგარიტა. ფუნქციონერებს „პროტოკოლით“ არ შეშვენოდათ „მეორე ნახევართა“ საქვეყნო გამომზეურება. ჩინებული პორტრეტებით შემოგვინახა ნომენკლატურულმა ოსტატმა მარგარიტა. დროს გადაუნახა თავისი მზეთუნახავი! სამაგიეროდ, ძალაუფლების როგორი ნებაა თავად ოსტატის ავტოპორტრეტებში; თუნდაც, 1956 წელს ამობეჭდილ ავტოლითოგრაფიაში. მისი მეწყვილე იმავე წლით დათარიღებული „ვერიკოა“; დიდი ვერიკო ანჯაფარიძე და მისი არისტოკრატული პროფილი… პასიონარული ენერგეტიკითა და მდედრული ენტელექიით აღსავსე ამ ავტოლითოგრაფიაში მოდელის მთელი მიზანსწრაფულობაა წარმოჩენილი. თანაც, ყოველგვარი თეატრალური „პრანჭვის“ გარეშე… სცენიდან განდევნილი უშანგი ჩხეიძის დაქანცული პროფილიც ხასითის ამბივალენტური გამის წარმოდგენაზეა გათვლილი; ოღონდ, წარმოდგენისა, თვალშისაცემი თეატრალურობის გარეშე… უჩა ჯაფარიძის პორტრეტულ ოპუსებში ხელუხლებლადაა დატოვებული პლასტიკური განცდის ის მოდული, რომელზეც ამოიზრდება პერსონალურობისა და ნიღბურობის ზღვარზე მყოფი სახეც და სახებაც ადამიანისა, რომელიც მოდელიცაა და პერსონაჟიც.. ასეთი ლატენტური მოდულია მონიშნული კორნელი კეკელიძის პორტრეტში; პასტელის ტექნიკური დიაპაზონი აქაც მაქსიმალური სტილისტური ტევადობითაა ათვისებული. დიდი სწავლულის პორტრეტული გამოსახულება მომწვანო გამაში ჩაძირული მთის იდეოგრამიდან ამოზრდილ აჩრდილად იკითხება; პიჯაკის კონვენციურ დიაგონალზე ამოზრდილ აჩრდილად.. ამ პიჯაკს არც ორდენი ამშვენებს, არც მედალი… არც სამკერდე ნიშანი… ეს – სულ სხვა ნიშანია!

ორმაგი ყავარჯენი

ყავარჯენი საბჭოურ სამყაროში მარტოოდენ ორთოპედიული ხელსაწყო როდია; ერთგვარი სიმულიაკრიცაა; რაღაც დამატებითი არტსასქესო ორგანო…
უჩა ჯაფარიძესაც ისე შეეზარდა (თუ შეუხორცდა!), რომ მისი იმიჯის ნაწილი გახდა… ეს უნიჭიერესი კაცი არასოდეს მდგარა დამოუკიდებლად საკუთარ ფეხებზე. ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც მუდამ ყავარჯენი ამაგრებდა; პირველ შემთხვევაში-ორთოპედიული; მეორეში-იდეოლოგიური… ორივე მათგანი ერთი ყავარჯენი იყო-უნივერსალური ყავარჯენი! ეს ყავარჯენი უჩა ჯაფარიძის ცხოვრებაში სიმბოლურად გათამაშდება; ჩვენი პროტაგონისტის ტანის რეპრეზენტანტი გახდება… და თუ ჩვენს ოსტატს პერსონაჟად დავსახავთ, წინამდებარე ტექსტს კი, პოსტმოდერნისტული ლიტერატურული ტექსტის წესით წავიკითხავთ, მაშინ დეფექტური სომატიკაც კი ინტერტექსტუალურად შეიძლება განიმარტოს. ცოტა შორიდან დავიწყოთ: ტოტალიტარულ კულტურაში ფრიად ფასობს ტაბუ; ტაბუ, დადებული საკუთრივ აბსტრაქტულ უნივერსალურ სუბიექტზე; ადამიანსა და ადამიანურზე; ადამიანურზე, როგორც ასეთზე… ამ ადამიანზე ან აპოფატიკურად უნდა თქვა რაიმე, ანდა საერთოდ არ უნდა თქვა არაფერი; დიახ, ადამიანი გამო-უთქმელი არსებაა! და რადგანაც ტაბუს დაკარგული აქვს საკუთრივი შინაარსი, აკრძალვის დამრღვევსა და საზოგადოების კანონმორჩილ წევრს შორის განსხვავებაც წაშლილია! ნებისმიერი ადამიანი დამნაშავეა; პოტენციური დამნაშავე… ყოველ მათგანს უნდა ეშინოდეს დასჯის… ყველას სტალინურ-ტოტალიტარული მახე უგია. ნიშანდობლივია, რომ აკრძალვა, როგორც უნივერსალია, საკუთარ თავზეც ვრცელდება: ნეგატიურ ანთროპოლოგიაზე აწყობილ სამყაროში აკრძალვაც იკრძალება! ტაბუირებული ადამიანური საიდუმლოა და საბჭოთა ადამიანებიც სულ რაღაცას მალავენ. სხვაგვარად: ისინი, ყველანი განურჩევლად, რაღაც „გამო-ნაკლისობებს“ ფლობენ; და ეს მასობრივი „გამონაკლისობა“ აერთიანებთ… საბჭოურ საზოგადოებაში სახიჩართა და ხეიბართა დევნა ომონიმიის გაუქმებასაც მოასწავებს. იქ, სადაც გამონაკლისი ნორმაა, ადამიანური სხეულის სტანდარტებიდან ფიზიკური გადახვევაც ნორმის სიმულაკრია. ასე რომ, ანთროპოლოგიურ სამყაროს დარაჯად უდგას ხეიბარი-მოწყალების ჭეშმარიტი ობიექტი! და ადამიანიც, საკუთარ ადამიანურ შინაარსს ამგვარი ობიექტისადმი დამოკიდებულებით ამოწმებს. მაშ ასე: ხეიბრობა, როგორც ფიზიკური კენოზისის ერთ-ერთი მოტივი! სტალინური ლიტერატურული გმირების სახელებიც ხომ, ეტიმოლოგიურად, სხეულებრივ ნაკლთან და ფიზიკურ ტკივილებთანაა დაკავშირებული?! საკმარისია გავიხსენოთ, თუნდაც, ოსტროვსკისეული ლეგენდარული „Корчагин“; გვარი, რომელმაც პირველად ტურგენევის „Рудин“-ში გაიჟღერა, მერე „გადაბარგდა“ ლევ ტოლსტოის „Воскресение“-ში. მოგვიანებით კი, უშუალო ლიტერატურულ წყაროდ ბ. ლევინის მოთხრობა-„Жили два товарища“ წაიმძღვარა. ახალი პროლეტარული ”ელიტის” რეპრეზენტანტი სხვა ხეიბარი ლიტერატურული გმირებიც („გმირი“ და „ხეიბარი?!“) შეიძლება გავიხსენოთ: ცალფეხა ვოროპაევი („Счастье“), რომელიც, ყველა სიკეთესთან ერთად, ჭლექიანიცაა და ვერც ღვიძლი აქვს მთლად ჯანმრთელი; უფეხო ალექსეი მერესიევი („Повесть о настощем человеке”); ინჟინერი კოვშოვი („Далеко от Москвы“)б ორჯერ რომ დაიზიანა ფეხი; სემიონ გონჩარენკო და ვარია („Кавалер золотой звевды“ ).
თითოეული მათგანის მაზოხისტური ტანი არასოდეს არ არის იქ, სადაც იმყოფება, ამიტომაც უნდა დაიკავოს ნორმატიულად შეუძლებელი პოზიცია. დეფექტური სომატიკა ლიტერატურულ ტექსტებში სხვა არაფერია, თუ არა მაზოხისტური შიშის გამოხატულება სივრცული ფიქსირებულობის წინაშე; ბოლოს და ბოლოს, ტანს აღარ ძალუძს „სხვაგვარი“ დგომა! მაზოხისტს სურს, აღწეროს ტანჯვა „წმინდა“ ფორმით და მიანიშნებს იმაზე, რისიც ყველაზე მეტად ეშინია… „თავი და თავი“ ფეხის კი არა, თვალის სიკოჭლეა! თვალია, გადაადგილება რომ არ შეუძლია; მოძრაობის უნარი რომ აღკვეთია… თვალი იგივე ფეხია; ფეხი კი-თვალი. დაკოჭლებული თვალი და თვალის სიკოჭლე! ტოკარევი, „Как закалялась сталь“-ის გმირიც ხომ ასე იტყვის: „Глаза мои прихрамывают“… საშინელებაა! ტოტალიტარულმა მაზოხიზმმა თვალით დააკოჭლა თაობები! ასე შეიქმნა კოჭლთვალათა ორდენი. ეს „ორდენი“ წარმოგვიდგენდა საბჭოეთის „ოპტიმისტურ ტრაგედიას“…

შორს მოსკოვიდან

უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი გასულა… როგორ შემეძლო, არ გამხსენდებოდა ერთ დროს უსაშველოდ ანგაჟირებული პოსტკლასიკოსი?! რას ვემართლებით?! სტალინური სოცრეალისტური რეალიზმის ერთგულ ცერბერობას, უფრო რბილად რომ ვთქვა- გუშაგობას? არადა, პატარა ამბავია, ამხელა იმპერიას საბჭოთა საქართველოდან რომ ჰყავდა „დიდი სტილის“ ჰიპერაქტიური ავტორი?! ტოტალიტარული ხელოვნების რეაქტიური ფიგურანტი… ცხადია, ტოტალიტარიზმი ანტიკულტურის ფენომენია – საბედისწეროდ „ცრუ პასუხი სავსებით რეალურ საკითხებზე“ (ს. ავერინცევი). ტოტალიტარული ქრონოტოპიც პრობლემატურია. სასურველის გაელვება უფროა, მარადისობის კვარცხლბეკზე შემოსმული… ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არაა ილუზია; არც საყველპურო უტოპია… მეტიც: სოცრეალიზმი-ესაა უტოპიის ნგრევის „რეალისტური“ რეაქცია. და მაინც, „რეალიზმი“ უტოპიზმის ანტაგონისტიცაა და მისი ფარული კოლაბორაციონისტიც. „რევოლუციურმა ხელოვნებამ“ კი, ტიპოლოგიურად, „ტაძრულობის“ („Соборность“) და „ვერცხლის საუკუნის“ იდეალიზმის გვამებზე გადაიარა. რუსულმა ავანგარდმა ამოწურა ეს „ტაძრულობა“ და თვითუარყოფით გაუკვალა გზა ბ. გროისის მიერ გადანათლული Gesamtkunstwerk Stalin-ის პროექტს. უჩა ჯაფარიძე წინდახედული კაცი იყო და იმედია, გრძნობდა, რომ გაივლიდა ხანი და მასაც აჰკიდებდნენ სოცრეალისტური ერესის ტვირთს. თუმცა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, ასე „უბიოგრაფიოდ“ თუ დარჩებოდა. უფრო ზუსტად, „უპოსტბიოგრაფიოდ“. რას წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება სიკვდილის შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა?! სიცოცხლეში, იური ლოტმანის მოდელს თუ დავესესხები, „პატივიც“ მიაგეს და „დიდებაც“ მოუხვეჭეს. 1953 წლის 13 აპრილს გადასცა სტამბას გამომცემლობა „სოვეტსკი ხუდოჟნიკმა“ უჩას ცხოვრებაშემოქმედების ამსახველი პირველი წიგნი.

 

1 2 3 4 5 6 7 8