„ონის ბაზრიდან“ არტბაზრამდე

1960-ანი წლებია. ქუხსა და გადმოქუხს უჩა ჯაფარიძის სახელი! ერთი იშვიათი „ვიეზდნოი“ მხატვარია-საქართველოდან საზღვარგარეთ დაუბრკოლებლად მიემგზავრება… 1960 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტურისტის სტატუსით სტუმრობს საფრანგეთს; ნოემბერში ერთთვიანი შემოქმედებითი მივლინებით მიბრძანდება იტალიაში და ნაახალწლევს იტალიური ჩანახატების გამოფენით გვაბარებს ანგარიშს; ოქტომბრის თვეში მშობლიური კომუნისტური პარტიის XXVII ყრილობის დელეგატის მანდატით ზის კრემლის ყრილობათა სასახლეში. იმავე წელს თბილისში აწყობს პერსონალურ გამოფენას; ახალი სურათებიდან „ონის საკოლმეურნეო ბაზარს“ ფენს; არადა, კოლმეურნეებისა რა ეტყობათ ჩვეული ინტიმითა და ნოსტალგიით დახატულ პერსონაჟებს?! ისევე, როგორც 1939 წელს იშვიათი მგრძნობელობითა და პიეტეტით დაწერილ „იმერელს“ (ერთი ხანობა „იმერელ კოლმეურნედ“ რომ ტირაჟირდებოდა); ანდა, 1944 წელს დახატული „საჩხერელის“ ეტიუდურად მოქნილ ოპუსს… „ონის ბაზარი“ტიპიური საბჭოური ნაწარმოებია; ხელოვნების ნაწარმოები… პროდუქტი კი არა, ნაწარმოები! პოლიტიკურად ეფექტური ოპუსის არც შექმნა და არც გამოფენა უჩას აღარც კი ევალება. იყო დრო, როცა უჩა ჯაფარიძეც თავგამოდებით თხზავდა პოლიტიკური პროპაგანდით განმსჭვალულ ოპუსებს; კომუნისტური მოძრაობისა თუ სოციალიტური შრომის ნარატივებს… ხრუშჩოვის „დამთბარ“ ხანაში ასეთი მჭახე მოთხოვნები „რბილდება“; შედარებით ადამიანურ სახეს იღებს. თუმცა, ხელოვნება ისევ ბაზრის მიღმა რჩება. და „ონის ბაზარიც“ მომხმარებლისთვის კი არ იქმნება, არამედ მასებისათვის. მასებისათვის, რომლებმაც უნდა შთანთქას იგი და თავად გადაამუშაოს მისი იდეოლოგიური წიაღი. უჩა ჯაფარიძის ხედვა ისევ უსწორებს თვალს იდეოლოგიურ ხედვას; თანაც ისე, რომ ფერმწერის ხელს არ „იფუჭებს“… ეს იდეოლოგიური ხედვა მომავლის ხატს გულისხმობს; ხატს ანდა ხატთა სისტემას… ეს ხატებია სამოთხე, კომუნისტური საზოგადოება, პერმანენტული რევოლუცია… იდეოლოგიის ძალაუფლება მომავლის მისეული ხედვის ძალაუფლებაა. პოლიტიკური იდეოლოგიის მსახური ხელოვნებასაც ემსახურება. უჩამ მშვენივრად იცის, რომ მისი არტისტული აქტივობა ლიმიტირებული უნდა იყოს.
იცის, რომ იმ ტერიტორიაზე მოქმედებს, რომელსაც ფლობს და აკონტროლებს ხელისუფლება. ამიტომაცაა მისი აფირმატული (და მითუმეტეს – კრიტიკული) პოტენცია ასეთი ხელ(და ფეხ)აკრეფილი…. უჩასეული არტეფაქტები მაინც პარადოქს-ობიექტებად გვევლინებიან; იდეოლოგიური დისკურსის პირობებშიც კი პარადოქს-ობიექტებად რჩებიან… მისი იდეოლოგიზირებული ხედვაც და განხორციელბული ხატიც მომავლისკენაა ინტენდირებული; ოღონდ, ეს დაპირება როგორც გადავადების პოლიტიკა კი არა, „აქ და ახლა“ მყოფი და (გარდა)ქმნადი დისკურსია. რას წარმოიდგენდა უჩა, რომ კომუნისტური იდეოლოგია კრახს განიცდიდა! რომ მომავლის ხატი ასე კატასტროფულად დაიფშვნებოდა… რომ ამ იდეოლოგიიდან მხოლოდ ხელოვნება (გადა)რჩებოდა! თანაც, საკუთრივ მისი რანგის ხელოვნება?! ან რა იცოდა, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული ხელოვნება implicite აფირმატულიცაა და კრიტიკულიც; რომ ასეთი ხელოვნება იდეოლოგიის დამკვიდრებაცაა და უარყოფაც; რომ იგი, რეალიზების კვალობაზე, პროექტის სტატუსსაც კარგავს; პროფანული ხდება-მიწიერი… და მისი, როგორც ობიექტის ონტოლოგიური ესენციაც, ამის გამოა პარადოქსთან წილნაყარი. აი, რამ გადაარჩინა უჩა ჯაფარიძის ხელოვნება-დეიდეოლოგიზირების ჟამს უფრო მეტი გახდა, ვიდრე ჩვეულებრივი, სადაგი პროდუქტი; არტბაზარზე გამოტანილი პროდუქტი…

უჩას მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

უჩა ბევრს არ ხატავს; გრაფომანის სინდრომი არ აწუხებს… საკუთარი თავის ფასიც იცის და მხატვრობაზე გახარჯული შრომის ყადრიც. მხატვარი-სტახანოველი არასოდეს ყოფილა და არც დაშაქრული სუვენირების ტირაჟირებით ურჩენია თავი… არც სჭირდებოდა! 1962 წელს მარტო ერთი სურათი დახატა -„ტყუპები; სურათი… თორემ, ვირტუოზულ ეტიუდებსა თუ გრაფიკულ კროკებს ძველებურად „წყალობდა“. ეს წელი მაინც გამორჩეულად დაახსომდება: განსაკუთრებით, შემოდგომა… 14 ოქტომბერს საქართველოს სახალხო მხატვარი (იმპერიის სახალხო მხატვრობამდე ერთი წელი დარჩენია!) ონსა და ამბროლაურში, მერე კი ქუთაისს მიემგზავრება. პატრიარქივით ეგებებიან; არადა, ჯერ მხოლოდ ორმოცდათხუთმეტისაა… 60 წლის იუბილეს 62 წლისას გადაუხდიან. თბილისში, სურათების გალერეაში გაუმართავენ გალაგამოფენას; „სეკვესტრირებულ“ ვარიანტს სტალინის მშობლიურ ქალაქში ჩაიტანენ. თბილისში, ოპერის თეატრში, თვალზე ცრემლმომდგარი ისმენს მისასალმებელ სიტყვებს. პარტერის მთავარ კართან 1940 წელს მის მიერ დაწერილი პორტრეტი ჰკიდია ზაქარია ფალიაშვილისა. დიდი მაესტრო და დიდი ფუნქციონერი პარტიისა ხალხის სიყვარულს იმკის. აი, რაჭული ტურნე კი, დიდი იუბილეს რეპეტიციად გამოდგა! წარმომიდგენია, როგორ ხვდებოდნენ ზემო რაჭველი მხედრები; როგორ ევლებოდნენ თავს… როგორ ეფერებოდნენ… როგორ ანანავებდნენ…
ეს იყო უჩა ჯაფარიძის „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”. შუკა-შუკა… ქალაქ-ქალაქ… დაბა-დაბა… სოფელ-სოფელ… ღვაწლმოსილ მხატვარს იუბილე-ვოიაჟისას გზებზე ხვდებოდნენ თურმე, მისივე პერსონაჟები და „ნინოშვილის გურიისა“ არ იყოს, „ჯაფარიძის რაჭის“ ინსცენირებული, უფრო ზუსტად, პერფორმირებული აქციით ესალმებოდნენ. ამ პერფორმანსის საპატიო ყარაულში ავტოინსპექტორებივით რეიდზე გამოსულიყვნენ: „ბაბუა და მისი სიხარული“-პიონერი შვილიშვილი; კალათიანი იმერელი; სტვირმომარჯვებული რაჭველი (რომლის ღიმილიც თავის დროზე ერთმა ესთეტიკის აკადემიკოსმა ყბადაღებულ „ჯოკონდას ღიმილსაც“ კი გაუტოლა); ზემო, ქვემო თუ შუაღარელი კოლმეურნე ქალი; იქნებ, სულაც ის, წერილი რომ გაუგზავნეს კონვერტზე წარწერით: მიეცეს შუა ღარშიო. იმედია, ერთ-ერთ აღტაცებულ ხბოსაც გამოიყვანდნენ რეიდზე. რაც მთავარია, დედა, რომელიც უყვარდა ძლიერ, ძლიერ… აი, მამას კი, როგორ დაახვედრებდნენ?! მამა ხომ უჩასთან არსად ფიგურირებს. მალაქია ჯაფარიძე შვილის „ოიდიპოსის კომპლექსმა” იმსხვერპლა, ალბათ… უმამო მაინც არ ეთქმოდა უჩას; მისი მამა მთელი ქვეყნის კოლექტიური მამა იყო, როგორც ერთ ძველ სიმღერაშია-„მამა არ ვიცი სტალინის გარდა”. არც სტალინმა იცოდა მამა; კაცმა რომ თქვას, არც დედა იცოდა! ონტოლგიური ობლობა ერჩივნა! აქ ერთი ცნობილი სურათი მახსენდება: მავზოლეუმის ტრიბუნაზე მდგომი სტალინი გოგონათი (სახელად მამლაქათ!) ხელში; საყოველთაო ობლობის სიმბოლიზაცია! სტალინი, როგორც მამა, უდედოდაა დაბადებული; სახელი „იოსები“ პატრონიმულადაა შეუღლებული თავის მიწიერ პარტნიორ-მარიამთან. უჩა არასოდეს კეკლუცობს თავისი ”სულიერებით”; სული, თავისი ხელშეუხებლობითა და სუვერენობით, მიშელ ფუკოსი არ იყოს, მართლაცდა ილუზორული თავშესაფარია. ტყუილია! ვერავინ ვერსად შეაფარებს სულს-ამ ყბადაღებულ სიმულიაკრს, თუკი „გარე სამყაროში“ ეს ვინმეს ნება-სურვილს არ ემთხვევა. ვერავინ „გადაირჩენს სულს“, თუკი ეს „სხვას“- მის გარე ან ზემო ინსტანციაში არ სურს! სულიცა და სხეულიც ტოტალური ზედამხედველობის ”პროდუქტებია”! მოკლედ, ნურავინ მოიტყუებს თავს (და ნურც ნურავის მოტყუებას შეეცდება), რომ ვინმე ვინმეს ზედამხედველობას გა-მორჩა და გა-და-(უ)რ-ჩა; რომ ვინმემ საკუთარი ძალისხმევით მოახერხა „სულის გადარჩენა“. ყველაფერი ხელისუფლების მიერ იგეგმებოდა; და უნდა დაიგეგმოს კიდეც! ხელისუფლების ხსენებისას მეც ამ ცნების მონარქიულ-ისტორიულ გაგებას ვეყრდნობი. ძალაუფლების მონარქიულ-ისტორიული კონცეფცია, კუმულატიური ისტორიის მსგავსად, ტრანსცენდენტალურ სუბიექტს ეფუძნება; აპრიორული, ეპისტემოლოგიური პოსტულატების
პროექციად წარმოგვიდგება და ამდენადვე, ერთი პირის ან პირთა ჯგუფის (მონარქი, მმართველი კლასი) კუთვნილებად გვევლინება; იმ ძალად, იერარქიულად რომ განიფინება ერთიანი ცენტრიდან. სწორედ ამ მოდელს უპირისპირდება ძალაუფლების გენეალოგიის „მიკროფიზიკური“, კაპილარული სტრუქტურა. ცხადია, ჩვენი სოცინვალიდის ეპოქის რეჟიმს იერარქიული სტრუქტურა მსჭვალავდა. აი, (პოსტ)თანამედროვე საზოგადოებაში კი, ხელისუფლება უკვე აღარაა ერთი პირის ან პირთა ჯგუფის პრივილეგია. ამგვარ სოციალურ სტრუქტურაში ძალაუფლების მექანიზმები მონოტიპურია. მინისტრთა კაბინეტიც, ყაზარმაც, სკოლაც, ოჯახიცა და ექიმის კაბინეტიც ძალაუფლების იდენტური კერებია. ისე, ამ კერებს კრიტიკოსის „კაბინეტსაც“ დავამატებდი. 1938 წელს მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეის ოთხმა უზარმაზარმა დარბაზმა უმასპინძლა გალაგამოფენას, სათაურით-„ამიერკავკასიის ბოლშევიკურ ორგანიზაციათა ისტორიისათვის“.

ლავრენტი ბერია ინიციატივას ვინმეს დაუთმობდა? მოსკოვში გამოცემულ ბროშურაში (ტექსტის ავტორი ვინმე ე.ს. მელიქაძე) ექსპოზიცია „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნების გამოფენად“ არის მოხსენიებული; გამოფენის ძირეული გზავნილი ბერიასავე ცნობილი მოხსენება იყო… ექსპოზიციის სათაურადაც სწორედ ამ მოხსენების სათაური მოიხმეს. უკეთესს ვერც ინატრებდი! ამ გამოფენაზე გამოიჩენს თავს უჩა ჯაფარიძეც. ექსპოზიციის მნიშვნელობას 1938 წლის 16 ივნისს, საქართველოს (ბოლშევიკური) კომპარტიის XI ყრილობაზე, საგანგებოდ აღნიშნავს მრისხანე ინკვიზიტორი და იქვე მოუწოდებს ქართველ მხატვრებს, „გააფართოვონ თავიანთი თემატიკა და ამოცანად დაისახონ საკუთარი ხალხის ცხოვრების განსხვავებულ მხარეთა სრული ასახვა“. კიდევ ერთი მოწოდება: „დაეუფლონ საკუთარი საქმის ნატიფ ოსტატობას, რათა შექმნან სტალინური ეპოქის ღირსეული ნაწარმოებები“. ბერიას ეს „შესანიშნავი“ მოხსენება სოხუმშია გამოცემული, ცხადია, რუსულ ენაზე და ბროშურის 56-ე გვერდზეა დაბეჭდილი ზემოციტირებული „უკვდავი“ სიტყვებიც. მოსკოვის ძერჟინსკის რაიონის პროპაგანდისტთა ჯგუფის მოწმობითო -წერია ბროშურაში, გამოფენა ხალხთა ბელადის, ამხანაგ სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესასწავლად დამატებით მასალას იძლევაო; დამატებით მასალას!.. კროტკოვი და გიგოლაშვილი, ხუციშვილი და ბებუტოვა-გაბუნია, ვოლგინი და ნადარეიშვილი, კირაკოზოვი და გიორგაძე, გრძელიშვილი და როინაშვილი, კეცხოველი და მირზოევი… ამ უსახელო მხატვრებთან ერთად იყვნენ გამოფენილნი ვალერიან სიდამონ-ერისთავი და მოსე თოიძე („орденоносец и гертруда“), ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი, აპოლონ ქუთათელაძე და ირინა შტენბერგი, ვანო ვეფხვაძე და პეტრე ბლიოტკინი… და დღე-დღეზე ყველაზე სახელიან-სახელოვანი უჩა ჯაფარიძეც! უჩამ რამდენიმე სურათი გამოფინა: ჯგუფური პორტრეტი-„ამხანაგები სტალინი, ლ. კეცხოველი და ალ. წულუკიძე“ (1901 წ), „აპრილის კონფერენციაზე“ (1917 წ.) და რაც მთავარია, „ამხანაგ სტალინის პორტრეტი“. ამ ოპუსებში ჯერ კიდევ არ იგრძნობა სტალინური პარადული სტილი; სტილ-სტალინი… ეფანოვის, ბროდსკისა თუ გერასიმოვის დიდი სტილი! შეიძლება ითქვას, რომ ეს სტილ-სტალინი ირაკლი თოიძესთან უფრო გამჟღავნდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8