კარლო კაჭარავა (1964-1994) – ქართველი მხატვარი, პოეტი, ესეისტი და არტ-კრიტიკოსი. დაიბადა ქ. სამტრედიაში 1964 წლის 7 თებერვალს. ცხოვრობდა თბილისში. მხატვართა დაჯგუფება „არქივარიუსებისა“ და „მეათე სართულის“ ლიდერი და იდეოლოგი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა შეადგენს: 40-მდე სამეცნიერო სტატიას, 900-მდე ფერწერას, 3700-მდე გრაფიკას, 1500-მდე ლექსს, 4 პოემასა და დაუმთავრებელ წიგნს სათაურით: „თანამედროვე ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი“. 

მხატვარს გაძარცვის მიზნით თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს, რის გამოც გარკვეული ხნის განმავლობაში ტვინის მსუბუქ შერყევას მკურნალობდა. 1994 წელს მხატვარი თბილისში დაბრუნდა, სადაც მარტის ბოლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად უაღრესად დაუმძიმდა. თავის ტვინზე ორი წარმატებული ოპერაციის მიუხედავად, იგი 1994 წლის 9 აპრილს 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეს სტატია გამოქვეყნდა ლიტერატურულ ონლაინ-ჟურნალში “Sinn und Form”  № 2/2019.

 

2011 წლის სექტემბერია. თბილისში ვარ, ჩემთვის ჯერ კიდევ სრულიად უცხო ქალაქში. აქ ჩემთვის ყველაფერი ახალი და თან თითქოს დიდი ხნის ნაცნობია. ეს ხმელთაშუა ზღვის პეიზაჟია. ძეძგვნარით მოფენილი მსხვრევადი მთაგრეხილები ერთმანეთს არშიებივით ებმიან და აფრიკულად უშეღავათო მზის ქვეშ დგანან… ველურად მოტიტვლებულ მთათა რკალი თავისი ტაფობებით, ბუჩქებითა და დაბალ-დაბალი ხეებით სავსე ხეობებით თითქმის ცენტრამდე ჩადის. პატარ-პატარა ნაკადულები მტვრიანი ქუჩების წყალსადინრებში იკარგებიან. ფერდობს მოდებულ ბაღებში კვიპაროსები მუქმწვანედ ყელყელაობენ. ველურად მსხმოიარე ბროწეულთა სიწითლე, ქუჩას გაყოლებული ლეღვების იასამნისფერი, ერთი შეხედვით ყვავილის ფერებად აღიქმება. სატრანსპორტო ლანდშაფტის ხმაურიანი ქაოსი ბომბეის მაგონებს. სიღარიბე. ქალების „იტალიური ელეგანტურობა“. კეთილმოსურნე ღიმილი, როგორც ფიზიონომიური default mode1 ამერიკისა და გერმანიის მერე ძალიან მეხამუშება. საზაფხულო არდადეგების ამინდია. საბურთალოს პლატოს ასახვევთან, სპორტის სასახლის წინ, მონუმენტურ წრესთან ვხედავ სტალინური კლასიციზმის მოულოდნელად ინტელიგენტურ, ორიგინალურ, რომანტიკულ და შეგნებულად იტალიზირებულ ინტერპრეტაციას. აქედან დასავლეთით, შორეული მოტიტვლებული მთებისკენ, ლარივით გადაჭიმული ვაჟა-ფშაველას გამზირია.

ხრუშჩოვის პერიოდის არქიტექტორები ორმოცდაათიანი წლების შუა ხანებისათვის უკვე დაემშვიდობნენ სტალინისდროინდელი ბოზ-არტი2 სოლიდურ და მძიმე ფორმებს. მთელ ქვეყანაში გავრცელებული ძველი, ჰეროიკული დაგეგმარების პერიოდის დროინდელი პროსპექტები შეივსო ბევრად უფრო უგემოვნო ბეტონისა და პლიტის ნაგებობებით, რომლებიც უფრო მეტად ბაუჰაუზის3 სულისკვეთებას ეხმიანება, ნაცვლად იმისა, რომ ორიენტაციას ჟორჟ ოსმანის4 პარიზზე იღებდეს. ეს ჰეროიკული ნიმუში ხომ უკვე ძალიან ძვირი ჯდებოდა, უფრო და უფრო პომპეზურად აღიქმებოდა და საბჭოთა მოსახლეობის უმრავლესობას აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ვეღარ აკმაყოფილებდა. უბადრუკ კომუნალურ ბინებსა  და სახელდახელო ბარაკულ დასახლებებში თაობათა მანძილზე ჩამწყვდეული სოციალიზმის მშენებლები ახლა უკვე შედარებით იაფ, ინდუსტრიულად დაგეგმარებულ და აშენებულ პატარა საოჯახო ბინებში გადადიან. არქიტექტორები დაპროექტებისას, სხვათა შორის, უაღრესად უნარიანად და ნიჭიერად თვალისწინებენ ოციანი წლების მემარცხენე-პროგრესული ხუროთმოძღვრების5 გამოცდილებას. ასე მოინახა უმცირეს ფართობზე გათვლილი, საგულდაგულოდ მოფიქრებული, ჰუმანური გამოსავალი: ვაჟა-ფშაველას გამზირის გაყოლებაზე, თითქმის ოთხი თუ ხუთი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე გამწკრივდა კორპუსები, რომელთა რიგიც, სანამ იქვე დოღისკენ გადაუხვევ, თანდათან ზევით, ლისის ტბის პლატოსკენ, მთის კიბურ ფერდზე გრძელდება.  კორპუსთა რიგებს შორის, ფერდის პარალელურ სავალ გზებზე რობინიები ხარობს. აივნების, ფანჯრებისა და გისოსების წინ გაჭიმულია სარეცხი თოკები და ზამთრის ბაღები გაუვალ ბალახ-ბულახში გადადის. ღია სადარბაზო ჩაბნელებული და მოუვლელია. მაღლა ავდივართ, საჭმლის სუნი და სხვა ოჯახური ამბები (ბავშვის სიცილი, მოგუდული ცოლ-ქმრული კამათი) სიბნელეში იღვრება; მეორე სართულზე, ძველ მოაჯირთან ვჩერდებით და ლიკა კაჭარავას კარებზე ზარს ვრეკავთ. კარს გვიღებს და დიდი ენთუზიაზმით გვესალმება სასიამოვნო ქალბატონი, რომელიც არის კარლო კაჭარავას, 1994 წელს ტრაგიკულად დაღუპული ხელოვანის და. შევდივართ ოთხმოციანი წლების არაფორმალური საბჭოთა კულტურული საზოგადოების დროის კაპსულაში. ჭერი დაბალია. მარჯვნივ ჩაშენებული, გალაქული კარადებია. მარცხნივ მოკლე დერეფანია, რომელიც იტოტება ერთი ციცქნა სააბაზანოსკენ, სასადილო მაგიდისხელა სამზარეულოს ნიშასა და  პატარა ოთახისკენ, სადაც საძილე დივანი დგას.  პირდაპირ კი ასეთივე პატარა სალონში გადიხარ, იქიდან მარჯვნივ საძილე ოთახია, მარცხნივ – პატარა შემინული აივანი, საიდანაც რობინიების ერთმანეთში ახლართული ტოტების ქაოსი მოჩანს. ბინა დიდ-დიდი ოცდაათი კვადრატული მეტრი იქნება, თუმცა ამ ბინის ყოფილი ბინადრის ერთიერთმანეთზე ჩამოკიდებული თუ კუთხეში მიყუდებული დახვეული ტილოებისა და ნახატების წყალობით სასახლესავით ხალვათად გამოიყურება. არტ-კრიტიკოსი, მხატვარი, ფერმწერი, ესეისტი,  დღიურების მწერალი და პოეტი კარლო კაჭარავა, რომელიც ოცდაათი წლის ასაკში მოსკოვში ბანდიტურ თავდასხმას ემსხვერპლა, აქ წარმოდგენილი თითქმის სრული კოლექციით ახალგაზრდა ქართული ხელოვნების საწყის წერტილად ითვლება: „კარლო, თავისი სიკვდილიდან საუკუნის მეოთხედის გასვლის შემდეგაც კი ნებისმიერ ჩვენგანზე უფრო ცოცხალია“, ამბობს მისი ყოფილი თანამებრძოლი. მართალია, ამ ბინაში კარლო კაჭარავას სიკვდილის შემდეგ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ელვისუსწრაფესად ცვალებადი ქართული საზოგადოებისათვის კარლო კაჭარავა თანამედროვე ხელოვნების კლასიკოსად ითვლება. მაინც რა მოჩანს ამ ფურცლებსა და ტილოებზე? რა ანიჭებს თბილისში, საბურთალოზე მდებარე ამ პატარა ოთახებს ამხელა სივრცეს?

სახეთა, არქიტექტურათა და ატმოსფეროთა ეს დამაბნეველი სიჭარბე, რაც ზედაპირული დათვალიერებისას თვალში გხვდება, სინამდვილეში ძირითად მოტივთა რამდენიმე კომპლექსამდე დაიყვანება. ჯერ ერთი, კაჭარავას ფიგურები განთავსებულია ერთმნიშვნელოვნად მეგაპოლისურ სივრცეებში. ჩვენ საქმე გვაქვს დიდი ქალაქის ხელოვნებასთან, რომლის არქიტექტურა და ფსიქო-გეოგრაფია ქვეცნობიერად ამ ნამუშევართა გენერალური თემაა. ხეებს, მდინარის სანაპიროსა და ველობებსაც კი ურბანული ელფერი დაჰკრავს. ლანდშაფტებს თუ კარგად დააკვირდები, მათში ქალაქის პარკებსა და იმ ლამაზ ადგილებს ამოიცნობ, სადაც დიდი ქალაქი გარეუბანში გადადის. ხშირად გადააწყდები სასაფლაოებს, ან მიტოვებული იერის მქონე ინდუსტრიულ ლანდშაფტებს.

 

 


[1] პასიური რეჟიმი/სიმშვიდის მდგომარეობა (თარგმნ. ინგლ. შ.შ.)

[2] ბოზ-არტი (ფრანგ. Beaux-Arts, ნატიფი ხელოვნება), აკადემიური ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილი, რომელსაც პარიზში ნატიფი ხელოვნების სკოლაში (École des Beaux-Arts) ასწავლიდნენ და რომელიც გვიან ნეოკლასიციზმად მიიჩნევა.

[3] ბაუჰაუზი — სახელოვნებო სკოლა გერმანიაში, რომელიც აერთიანებდა ხელობას და დახვეწილ ხელოვნებას. სკოლა მოქმედებდა 1919-დან 1933-მდე. ტერმინი გერმანულად ნიშნავდა „კონსტრუქციულ სახლს“ და თავისი დანიშნულებით „მშენებლობის სკოლაა“.

[4] ჟორჟ-ეჟენ ოსმანი, უფრო ცნობილია როგორც ბარონი ოსმანი (Georges Eugène Haussmann, 1809 – 1891) — ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, სენის დეპარტამენტის პრეფექტი, სენატორი, სახვითი ხელოვნების აკადემიის წევრი, თანამედროვე პარიზის იერსახის განახლების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.

[5] იხ. ერნსტ მაი, Ernst May, „ფრანკფურტის სამზარეულო“ die “Frankfurter Küche”, პეტერ ბერენსი Peter Behrens, ლე კორბუზიე Le Corbusier and all that jazz.

 

 

1 2 3 4 5 6