ეკონომიკურად წარუმატებელი პროფესიონალი მწერლის ან ხელოვანის პარადოქსული სოციოფიგურაც, რომელიც არაფერს ყიდის, თუმცა კარგად ცხოვრებას მაინც ახერხებს, ოთხმოციანი წლების დასავლეთგერმანული გამოგონებაა, დროთა განმავლობაში სლოგანი „კულტურა ყველასათვის“ (რომლის ავტორია სოციალ-დემოკრატი ჰილმარ ჰოფმანი, მრავალი წლის მანძილზე ფრანკფურტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი) როგორც კულტურის საჯარო ხელშეწყობის პროექტი თანდათანობით ბევრი მიმართულებით განვითარდა პრემიების, სტიპენდიების, ქალაქის მწერალთა რეზიდენციებისა და ხელოვანთა საზღვარგარეთ მივლინების კარგად გამართული ქსელის მეშვეობით, რასაც არაკითხვადი წიგნებისა და არაგაყიდვადი მხატვრული ნამუშევრების ჭარბწარმოების კრიზისი მოჰყვა. კრიზისი გააღრმავა იმ ვამპირულმა პრეტენზიებმა, რასაც კულტურის მომხმარებელთა დროის ბუნებრივ შეზღუდულობას ახალი მედიები უყენებდნენ, კრიზისი თავის თავს არეგულირებს გალერეათა და წიგნების მაღაზიათა თანდათანობითი შემცირებით, გამომცემლობათა ხანგრძლივი ტაიმაუტითა და პუბლიკის გულგრილობით. „კულტურის თავისუფლება“ უკვე დიდი ხანია იქცა „მოთხოვნაზე აგებული ცხოვრებისგან განთავისუფლებად“ (ჰასელბახი/კლაინი/კნიუზელი/ოპიტცი): „კულტურის ინფარქტი. ყველასაგან ძალიან ბევრი და ყველგან ერთი და იგივე“17.

კლასიკურ ბიურგერულ საზოგადოებაშიც არსებობდა წარუმატებელი მწერლისა თუ ხელოვანის კულტურულ-სოციოლოგიური პოზიცია და იგი შემოქმედებით-ისტორიულად პრივილეგირებულადაც კი ითვლებოდა, რადგან მისგან მოდიოდა ის მოდერნული იმპულსები (სეზანი, ჯოისი, კაფკა, პოლოკი), რომელთა რეალიზირების შანსი  არსებულ წარმოებაში არ არსებობდა. სანამ მისი შემდგომი თაობა მოვიდოდა, წარუმატებელ მაგრამ მომავლის დიდი იმედის მქონე ხელოვანს შეეძლო ორი როლური მოდელიდან ერთ-ერთი ამოერჩია: ან მოხელისა და ხელოვნებისგან ასე თუ ისე შორს მდგარი ხელოვანის კარიერა, რომელიც თავის ნაწარმოებებს გზადაგზა, სხვათა შორის ქმნის, ან კიდევ უფრო მხიარული და რომანისა თუ ოპერის მოყვარულთა შორის უფრო მეტად პოპულარული ბოჰემური ტიპის ხელოვანის კარიერა, რომლის „სოციალ-პოლიტიკური დანიშნულება“ იყო: „არისტოკრატიის ცხოვრების სტილის გადარჩენა ბიურგერულ ეპოქაში“ (ჰაინც შლაფერი18): „მოქალაქეები/ბიურგერები თავიანთ ცხოვრებას ფლანგავენ იმაში, რომ ბედნიერებისათვის დანაზოგი აკეთონ, თუმცა ბედნიერებით დასატკბობად ვერასდროს იცლიან. აქ მთავარი ისაა, რომ ხელოვანები და ხელოვნების რეპრეზენტატორები მათ ჯიბეებიდან ფულს აცლიან: მათი დანიშნულება ხომ ისაა, რომ შრომის (და რა თქმა უნდა, არა საკუთარი შრომის) ნაყოფი უნდა მოიხმარონ.“ საზოგადოების მხრიდან ბოჰემის კვების სოციალ-დემოკრატიული მოდელი, ისევე როგორც მთელი სოციალ-დემოკრატიული საუკუნე, როგორც ჩანს, ამასობაში დამთავრდა.

ჩემს იმდროინდელ დღიურში ვიპოვე იმ სიზმრის პირველი ჩანაწერი, რომელიც მას შემდეგ სულ თან მდევს. სხვენში ვსტუმრობ დიდი ხნის დავიწყებულ გონიერ ქმნილებებს19: სერიოზულ ადამიანებს, რომლებიც რეალური სამყაროსათვის უჩინარ, იდუმალ პროექტებზე მუშაობენ და იქ, მაღლა (ყველასთვის შეუმჩნევლად) შემოქმედებით, ფსიქოანალიტიკურ, ეროტიკულ და ცხოვრებისეულ/პრაქტიკულ ექსპერიმენტებს ატარებენ. ეს ლაბორატორია ერთგვარი  შინაგანი „მონტე ვერიტაა“ (ჭეშმარიტების მთა)20, რომელიც 60-70იანი წლების სტაბილურობაში ნელ-ნელა ჩაინავლა და ბოლოს დავიწყებასაც მიეცა, თუმცა ოთხმოციანი წლებისთვის ჩემთვის რატომღაც  კვლავ მნიშვნელოვანი გახდა. ამ ინტიმური ადგილის რეალურ ანალოგად მერე მექცა ტილმან ოსტერვოლდისა21 და არქიტექტურული ჯგუფის »Sanfte Strukturen«22 მიერ 1981 წლის ზაფხულში ორგანიზებული გამოფენა „ხალხური ხელოვნების სცენები“ ვიურტემბერგის ხელოვანთა გაერთიანებაში, სადაც სულ ცოტა ათჯერ მაინც ვყოფილვარ და სადაც აჩვენებდნენ კიდეც და მთელი სერიოზულობითაც აღიქვამდნენ, თუ როგორი ამოიფრქვეოდა ცაში ვულკანივით პოპკულტურის დავიწყებული შემოქმედებითობა, თანაც ოფიციალური ხელოვნების დავარცნილი და კარგად აწყობილი სტრუქტურების23 საშუალებითა და პანკის, პორნოგრაფიის, ალტერნატიული სოფლური ცხოვრების, აუტსაიდერული ხელოვნების (Outsider Art), თვითშემოქმედების, მისაღები ოთახის დივანზე ამოქარგული მყვირალა ირმებისა თუ თვითნაბადი მოდის სახით. ეს ის შადრევანი იყო, რითიც ჩვენ კიდევ დიდხანს ვსაზრდოობდით – და დღემდე ასე ვაგრძელებთ – და რაც ჩვენ გარდაგვქმნის. იმის გაცნობიერება, რომ აქ, თბილისში, კაჭარავას თაობასაც ზუსტად იგივე ჭირდა, საქართველოში ყოფნის პირველივე კვირაში დაუვიწყარ მოვლენად – კულტურის თვალსაზრისით უცხოობა-ნაცნობობის განცდად – მექცა. მივხვდი, რომ ამით წლების მანძილზე შევძლებდი მუშაობას როგორც „ადგილობრივი გოეთე“ (»local Goethe«)  (ასე ჰქვია გერჰარდ პოლტის24 რომანში „ჩურანგრატი“ სანახევროდ სახუმარო, სანახევროდ ღირსეული არსებობის იმ ფორმას, როგორიც მე ადგილობრივი გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელის რანგში  მელოდა).

ჩვენ გერმანული კულტურის ინსტიტუტში გამოვფინეთ კაჭარავას ნაწარმოებები: 2012 წელს – გრაფიკა, 2014 წელს – ფერწერა; ორივე გამოფენას ახლდა დეტალური კატალოგი. ამ ორიდან პირველი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფრო დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც ოთხმოციანი წლების ხელოვნებას წარმოაჩენდა და მას კურატორობას ირინა პოპიაშვილი უწევდა, რაც შეეხება მუზეუმის ხელმძღვანელობის პოზიციას, მათგან უფრო შემწყნარებლური დამოკიდებულება იგრძნობოდა, ვიდრე მხარდაჭერა.

მილიარდერსა და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილს რომ მოენდომებინა, ამ მრავალი სტრუქტურისა თუ ფიზიკური პირის ყველა ნამუშევარს სასაცილო ფასად შეიძენდა, აქ წარმოდგენილი თითქმის ყველა არსტისტი ხომ, შეიძლება ითქვას, რომ ვერაფერს ყიდის და მათი ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა სახელოსნოთა კუთხეებში იმტვერება. ამ გამოფენას მისი ყურადღება არ დაუმსახურებია. მას ხომ მილიონებად შეფასებული კერძო კოლექცია აქვს, სადაც თავს იწონებენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: ლიხტენშტაინი, კუნსი, რიხტერი და სხვ.

საკუთარი თანამედროვე კლასიკოსების მიმართ ქართველებს ჯერჯერობით არავითარი დამოკიდებულება არ ჩამოყალიბებიათ. ეგ იგივეა, მარტინ კიპენბერგერი25 დასავლეთში ჯერ კიდევ ბოჰემურ ფენომენად რომ ითვლებოდეს.

გერმანელ კონცეპტუალურ არტისტს (და პროფესიონალ გერმანისტს) ოლაფ ნიკოლაის (Olaf  Nicolai), რომელიც ჩემ დროს თბილისს ხშირად სტუმრობდა, ვუმადლი დაკვირვებას, რომ  კაჭარავა თავისი ყველაფრის რომანტიზირების მეთოდით ძალიან ჩამოჰგავს ადრეული პერიოდის რომანტიკოსებს. ნოვალისი ამ მეთოდს „პროგრესულ უნივერსალურ პოეზიას“ უწოდებდა. სწორედ ეს – გვიანსაბჭოური გარდამავალი პერიოდის, სამოქალაქო ომის, უდენობის, სიცივის, ქუჩის ბანდებისა და ღამეული უკუნეთის – დამთრგუნველობა იქცა იმ ხელოვნების ობიექტად, რომელიც უარს ამბობს, ყველაფერ ამაში დაინახოს სხვა რამე, გარდა საიდუმლოებისა, დავიწყებული  მნიშვნელოვნებისა, „უმცირესი რანგის რეალობის“ პოეზიისა – ანუ ყველაფერი ის, რასაც პოლონური თეატრის რეფორმატორი თადეუშ კანტორისათვის ყველაზე შესაფერის მასალაა „ჩვეულებრივის გასარომანტიულებლად“ (Arthur C. Danto) და რაც რომანტიზმის ხელოვნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მსოფლიო უნდა გარომანტიკულდეს. ასე იპოვის კაცი თავის თავდაპირველ მნიშვნელობას. რომანტიზირება სხვა არაფერია, თუ არა ხარისხში აყვანა. დაბალი თვითობა ამ ოპერაციაში გაუტოლდება უკეთეს თვითობას. ზუსტად ისე, ჩვენ რომ ვიყოთ ასეთ ხარისხში აყვანილთა რიგში. ეს არის ჯერჯერობით სრულიად უცნობი ოპერაცია. იმ დროს, როცა მე გარეწრობას ვანიჭებ მაღალ აზრს, ჩვეულებრივს – იდუმალის პატივს, ნაცნობს – უცნობის ღირსებას, სასრულს – უსასრულობის ხილულობას, ეს არის სწორედ რომანტიზირება ჩემი მხრიდან“ (ნოვალისი).

 

 


[17] ლაპარაკია წიგნზე „Der Kulturinfarkt: Von Allem zu viel und überall das Gleiche. Eine Polemik über Kulturpolitik, Kulturstaat, Kultursubvention. ავტორები: Dieter Haselbach, Armin Klein, Pius Knüsel, Stephan Opitz. გამომცემლობა Albrecht Knaus Verlag (2012).
[18] ჰაინც შლაფერი (გერმ. Heinz Schlaffer დ.1939) -გერმანელი გერმანისტი და ლიტერატურათმცოდნეობის ემერიტი პროფესორი შტუტგარტის უნივერსიტეტში.

[19] გონიერი ქმნილება, ასევე გონიერი დიზაინი (ინგლ. Intelligent design) – ტრადიციული თეოლოგიური არგუმენტის თანამედროვე ფორმა, რომელიც ამტკიცებს, რომ  „სამყაროსა და ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი თვისება ყველაზე უკეთ იხსნება გონიერი მიზეზით და არა ბუნებრივი სელექციის უმართავი პროცესით“.

[20] „მონტე ვერიტა“ (იტალ. Monte Verita-ჭეშმარიტების მთა) – 350 მ სიმაღლის გორაკი ასკონში, შვეიცარიის კანტონ ტიჩინოში. ცნობილია იმ კულტურული და პოლიტიკური მოვლენებით, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში ეწყობოდა ანარქისტების, უტოპისტების, არტისტების მონაწილეობით. 1900 წელს დაარსდა „მონტე ვერიტას კოოპერატიული ვეგეტარიანული კოლონია“.

[21] ტილმან ოსტერვოლდი Tilman Osterwold – გერმანელი არტისტორიკოსი, ვიურტემბერგის ხელოვანთა გაერთიანების ხელმძღვანელი, უამრავი გამოფენის ორგანიზატორი. მე-20 საუკუნის კულტურასა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი წიგნების ავტორი, პროფესორი.

[22] „Sanfte Strukturen“ – არქიტექტურული ჯგუფი შვეიცარიაში.

[23] მიხვედრილობა, საზრიანობა, გამჭრიახობა – შემოქმედებითი უნარები.

[24] გერჰარდ პოლტი (გერმ. Gerhard Polt (დ. 1942) გერმანელი კაბარეტისტი, ავტორი, მსახიობი. „ჩურანგრატი“ Tschurangrati მის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ესაა მძაფრი სატირა ევროპული თვითკმაყოფილებასა და კორუმპირებულ ბიუროკრატიაზე.

[25] მარტინ კიპენბერგერი (გერმ. Martin Kippenberger 1953-1997) – გერმანელი მხატვარი, მოქანდაკე, ფოტოგრაფი, „ახალი ველურების“ მოძრაობის წარმომადგენელი, უაღრესად მრავალმხრივი შემოქმედი და სკანდალური პიროვნება.

 

1 2 3 4 5 6