ყველა ქვეყანა, სადაც კი თქვენ ყოფილხართ,  ფეხით გაქვთ შემოვლილი. რამდენიმე წიგნიც კი მიუძღვენით. ეს სეირნობა ლიტერატურული ხერხი უფროა თუ სოციოლოგიური?

უპირველეს ყოვლისა გიმნასტიკური. მე დიდი ძაღლივით ვარ, ბევრი სეირნობა და სუფთა ჰაერზე ყოფნა მჭირდება.

და მესამე, კარგად დაემთხვა, რომ სასეირნო ლიტერატურის მდიდარი ტრადიცია არსებობს, რასაც შემიძლია მივსდიო. ან სულაც სეირნობის სოციოლოგია, მაგალითად ჩიკაგოს სკოლა, რომელმაც სოციოლოგიური ცოდნა ქალაქში სეირნობით მიიღო. ჩემმა მასწავლებელმა მიხაელ რუჩკიმ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მაგალითად რობერტ ე. პარკი30 დამისახელა და მეც ჩემს ყველა სამუშაო ადგილზე ლიტერატურულ სეირნობებს პრაქტიკულად ვანხორციელებდი.

ფეხით სეირნობისას მოძრაობის შენელებულობის გამო ბევრად მეტს ხედავ და ეს შეიძლება ქალაქის ფსიქო-გეოგრაფიულ შესწავლაში გადაიზარდოს. ქუჩის ყოველ კუთხეს სხვადასხვა კომუნიკაციური ატმოსფერო აქვს, ადამიანები საუბრობენ, სხვადასხვა უბანში სხვადასხვანაირად იმოსებიან და მოძრაობენ… ამ ყველაფრის აღმოჩენა კი სეირნობისას შეიძლება. ისეთმა  სიურეალისტებმა, როგორებიც არაგონი და ბრეტონია, სეირნობას თითქოს ლიტერატურული მითოლოგიზაცია შესძინეს – სეირნობა როგორც პროგრესულ-უნივერსალური პოეზია.

თქვენ  ‘Flaneur’-ს31 სრულიად გაცნობიერებულად ემიჯნებით?

სიტყვა ‘Flaneur’ საჟურნალო ლიტერატურულ ფელეტონებში როგორღაც ეპიდემიურად გავრცელდა. ფლორიან ილიესი (Florian Illies), რომლის ბერლინური გვერდებისთვის FAZ-ში რამდენიმე ტექსტი დავწერე, ყოველთვის ამბობდა: „ოღონდ თუ შეიძლება F-სიტყვის გამოყენების გარეშე!“ თუმცა მე ლიტერატურულად ძირითადად ეგეთი ვარ.

გერმანიაში დიდი ხნის არყოფნის შემდეგ ბერლინში ჩამოხვედით. რატომ ბერლინი?

ეს ერთადერთი გერმანული ქალაქია, რომელსაც მე შედარებით კარგად ვიცნობ. აქ ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს. თან ძალიან მიხაროდა, ბერლინში მიხაელ რუჩკთან და კურტ შეელთან ერთად ვიქნები-მეთქი. სამწუხაროდ, ორივენი წელს გარდაიცვალნენ, რაც ჩემთვის როგორც პერსონალური, ასევე ინტელექტუალურ კოორდინატთა სისტემის თვალსაზრისით დიდ დანაკლისია.

რას აპირებს მწერალი შტეფან ვაკვიტცი?

წიგნის ბაზრობისათვის დაიბეჭდა ჩემი წიგნის ახალი გამოცემა, რომელიც საქართველოს ეძღვნება. თუმცა ხანდახან მგონია, რომ ჩემი ლიტერატურული თოფისწამლის მარაგი უკვე ამოვწურე (იცინის). წერა ჩემთვის ყოველთვის იყო შესაძლებლობა, რომ ბიუროში მუშაობისათვის თავი ამერიდებინა. ეს ჩემთვის ერთგვარი ხსნა იყო. ამის საჭიროება გაქრა, რაც პენსიაში გავედი. სამაგიეროდ ახლა, და მე ეს მომწონს, უფრო მეტი ჟურნალისტური ტექსტების შეკვეთები მომდის. სანამ პროფესიაში ვიყავი, სულ წიგნის პროექტზე ვფიქრობდი. ახლა არც ერთია, არც მეორე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს უკვე შემიძლია ჩემი მწერლური ნისკარტი მხიარულ ნოტაზე დავადუმო. თუმცა ვინ იცის?

 


 

[30] რობერტ ეზრა პარკი (ინგლ. Robert Ezra Park, (1864- 1944) – ამერიკელი სოციოლოგი, ქალაქის სოციოლოგიის ფუძემდებელი, ჩიკაგოს სკოლის ხელმძღვანელი, ადამიანის ეკოლოგიის, რასათა და ეთნიკურ კავშირურთიერთობათა სოციოლოგიის  მკვლევარი.

[31] (ფრნგ. flâneur,- მოსეირნე) – ქალაქელის ტიპი, პირველად დაფიქსირდა პარიზში XIX საუკუნის შუა ხანებში(ასევე boulevardier). ფლანირება ნიშნავდა ნელ სეირნობას გასართობად და ქალაქურ ცხოვრებაზე დაკვირვებით სიამოვნების  მიღებას.

 

 

 

გერმანულიდან თარგმნა

შორენა შამანაძემ

 

 

1 2 3 4 5 6