პირიქითაც ხომ ხდება, მაგალითად არსებობს საყოველთაო პოლიტიკური დაზღვეულობის თვალსაჩინო ტენდენცია. როცა ანგელა მერკელი რთულ ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მიდის, როგორც წესი, წინმსწრებად იძლევა დაპირებას, რომ იქ ადამიანთა უფლებების საკითხსაც დააყენებს. თქვენ ხომ ბოლოს ბელორუსიაში მუშაობდით. ამ მიმართულებით შეინიშნება იქ რამე პროგრესი?

ბელორუსი განსაკუთრებულად საოცარი შემთხვევა, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ადამიანთა უფლებების მხრივ იქ ჯერ კიდევ რთული მდგომარეობაა, თუმცა ეს ყოველდღიურ ყოფაში ძნელად ფიქსირდება. ნებისმიერი ტაქსისტი მოურიდებლად ლანძღავს პრეზიდენტ ლუკაშენკოს, სიტყვებს იქ არავინ არჩევს, განსაკუთრებით კულტურულ სფეროში იგრძნობა ამ ბოლო დროს ჭანჭიკების მოშვება. გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის დიდი განსხვავება არ ყოფილა თბილისში მუშაობასა და მინსკში მუშაობას შორის. ეს არის პროცესი, რასაც დასავლეთში ძნელად აღიარებენ. აქ უკვე დამკვიდრდა სურათი, რომლის მიხედვითაც ბელარუსი ევროპის ჩრდილოეთ კორეაა. თუმცა მინსკში თუ წახვალთ, თავი ბერლინის ცენტრში გეგონებათ.

/მინსკში/ ძალიან თავდაჯერებული, უაღრესად მეგობრული, ჭკვიანი და დასავლეთზე ორიენტირებული ხალხი  ცხოვრობს. ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ იქ სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არსებობს და პოლიტიკური დაპირისპირების გამო შეიძლება სამსახური დაკარგო. ამის მიუხედავად, მაინც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბელარუსში ლიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სულ სხვაგვარადაა საქმე, მაგალითად, აზერბაიჯანში, სადაც მინსკისგან განსხვავებით მშვენივრად ხედავ, თუ როგორი დაშინებულები არიან ადამიანები. ბაქოში, ან განჯაში ადამიანები ბევრად დიდ ყურადღებას აქცევენ, – და ალბათ ამის საფუძველიც გააჩნიათ, – თუ რას ამბობენ პირად საუბარში.

ამისგან განსხვავებით მინსკის კულტურულ წრეებში გამეფებულია მხიარული ‘სარეველა-მენტალიტეტი’. კულტურის აქტივისტები ყველაფერს თავიანთ თავზე იღებენ, ქვედა რგოლებში აქტიურობენ, ნაცვლად იმისა, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოს უცადონ, როდის შექმნის იგი ბაქოს მსგავს, ფულით მართულ სამუზეუმო ლანდშაფტს.

თქვენ დიდი ხანი ცხოვრობდით აღმოსავლეთ ევროპის ე.წ. ტრანსფორმაციულ საზოგადოებებში. რაში მდგომარეობს, თქვენი აზრით, თუკი საერთოდ შეიძლება ამის რამდენიმე წინადადებით გადმოცემა, განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის?

რაში და აღმოსავლეთის მხრიდან ჩამორჩენის ანაზღაურების დინამიკაში. როცა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, სახელმწიფოებრიობა და კულტურა პირველად შენდება, როცა  თავისუფალ სახელოვნებო ბაზარზე მოძრაობას პირველად იწყებ, მაშინ ყველაფერი გარკვეულ გადაუდებელ აუცილებლობას ემორჩილება, რაც ჩემთვის უაღესად შთამაგონებელი მომენტი გახდა. იქ ადამიანები სულ სხვაგვარი, სათავგადასავლო ჟინითა და ხალისით იწყებენ საქმიანობას, ვიდრე დასავლეთში. მე ვთვლი, რომ ეს კულტურული  გადაუდებლობა („urgency“), როგორც ამას ფოტოგრაფიის ისტორიკოსი იან ჯეფრი (Ian Jeffrey) უწოდებს, ძალიან მაგარია! ეს განსაკუთრებით ადამიანებთან დამოკიდებულებაში იგრძნობოდა.

ისინი კომუნიკაბელურები, სახელოებაკაპიწებულნი და მხიარულები იყვნენ. ჩემზე განსაკუთრებული გავლენა კრაკოვში 1999-დან 2005-მდე გატარებულმა პერიოდმა მოახდინა. ეს გოეთეს ინსტიტუტის მუშაობაზეც აისახა. პირდაპირ წაგვლეკა მაშინ შემოთავაზებებმა, იდეებმა და საპროექტო განაცხადებმა. ხანდახან ინსტიტუტს ჩამოვუვლიდი ხოლმე და არც კი ვიცოდი, ამა თუ იმ მაგიდასთან ვინ იჯდა და  რაზე მუშაობდა. მართლაც ამაღელვებელი დრო იყო.

მას მერე 20 წელი გავიდა. ამ პროცესმა და ამ ღიაობამ და ამ დინამიკამ პოლონეთში უკვე საბოლოოდ ჩაიარა?

დინამიკა ყველა შემთხვევაში შენელებულია. მგონი, იმის თქმაც შემიძლია, რომ მე ამ დღევანდელ რეაქციონერულ პოლონეთს, რომელიც 20-იანი წლების იდეოლოგიური მოძრაობების ლოზუნგებით საზრდოობს, ჯერ კიდევ მაშინ, ჩემს დროში  ვგრძნობდი ინტუიტიურად. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ძალები ერთ დღეს მთავრობას შექმნიდნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო პერსპექტივათა ილუზია, რომელზეც  მკვეთრად პროდასავლური კრაკოვური კულტურის სცენის შემხედვარე წამოვეგე.

უსიამოვნო განწყობა დამიტოვა პოეტ ჩესლავ მილოშის (Czesław Miłosz) გარდაცვალების შემდგომმა კვირეებმა, ეს იყო 2004 წელს. იგი უნდა დაეკრძალათ ერთ-ერთი მონასტრის აკლდამაში, სადაც ნაციონალური კულტურის რამდენიმე მოღვაწე უკვე განისვენებდა. უეცრად ქალაქი გაივსო ადამიანებით, რომლებსაც თვალები უცნაურად უგიზგიზებდათ და ხელში გამუდმებით რაღაც ფურცლებს გიკუჭავდნენ და გიხსნიდნენ, რომ სინამდვილეში მილოში პოლონელი სულაც არ ყოფილა,  ეგ ხომ ამერიკაში ემიგრანტად წავიდა და ამდენად თავისი ქვეყანა გაყიდა, ალბათ კი არა და ნამდვილად ებრაელი იყო… და ასე შემდეგ.

ეს მართლაც ძალიან დამაბნეველი და დღევანდელი გადასახედიდან არც თუ ისე მოულოდნელი იყო. სხვათა შორის, პაპმა იოანე პაულ მეორემ ამ უმსგავსობას ბოლო თავად მოუღო და გარდაცვლილ მწერალს თავისი მიბრძანებით პატივი მიაგო. ამით მაშინ ყველაფერი დამთავრდა.

მწერალმა და ჟურნალისტმა ვოლფგანგ ბიუშერმა ერთხელ საყურადღებო დაკვირვება გამოთქვა: როცა კი აღმოსავლეთისკენ გავისეირნებდი, სულ იმ ადამიანებს ვხვდებოდი, რომლებისთვისაც აღმოსავლეთი მუდამ მათ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. ე.ი. აღმოსავლეთი  ყოველთვის სხვაა. ეს თქვენც მოგსვლიათ?

დიახ, ამას მაშინვე გრძნობ. ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სიტუაციას უკავშირდება. რაც უფრო შორს მიდიხარ აღმოსავლეთისაკენ, მით მეტი ღარიბი რეგიონი გხვდება. თუმცა დასავლურობის ისეთი ოაზისებიც არსებობს, როგორებიც საქართველო ან სომხეთია. ბაქო პარიზის მესამე ოლქივით გამოიყურება, მას ისლამური ძველი ქალაქიც აქვს და ზღვაზეც მდებარეობს. ვინც თბილისში ბოლო წლებში შექმნილ სასტუმროებს, კლუბებს და  ე. წ. „ერთობლივი სამუშაო სივრცეებს“ (Co-Working-Spaces) დაინახავს, თავი არა წინააზიურ მეტროპოლიაში, არამედ ბერლინში ან ნიუ-იორკში ეგონება. თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ იქვე, ზღურბლთანვე სიღატაკე იწყება და თბილისში ქალაქის ნგრევაც მიდის. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში რესტავრაცია და აღდგენა იქაც დიდი რუდუნებით და ესთეტიკური კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობს.

და საამისო ფული ხშირად უკანდაბრუნებულ მიგრანტებისგან ხომ არ შემოდის?

საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე გემოვნებიანმა ინვესტორმა თავისი ფული სათამაშო კაზინოებში იშოვა. ეს არის ეკონომიკის მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ფულს ირანიდან და თურქეთიდან იზიდავს.

 

1 2 3 4 5 6