მოტივების მეორე კომპლექსია ქართველების საოცრად შთამბეჭდავი სხეულები, სახეები და ტანსაცმელი ათასგვარ უბედურებასთან, ხიფათთან და ძალადობასთან დაკავშირებული ოთხმოცდაათიანი წლებიდან. ესაა ხშირად ვიწრო ინტერიერში მოქცეული, ან ამავე ქალაქის პანორამაში აღფრთოვანებულად მოხტუნავე ან მოცეკვავე საეჭვო, მელანქოლიური ფიგურები. ქუჩები, პარკები და დამუშავებული მინდვრები სავსეა ადამიანებით, თუმცა ისინი ერთმანეთს არ უყურებენ. ესაა მომხიბვლელი და საკუთარი თავით მოხიბლული უბედურების მონაწილეთა შემადგენლობა. კაჭარავას კაცები, თითქმის ყველა ავტოპორტრეტია: წვერებით, ქუდით და ფართო პალტოში; მისი ქალები თხელი, გრძელთმიანი და გრძელფეხება, ინტენსიური ეროტიზმით შეპყრობილი, დემონური (ხშირად შიშველი) არსებებია. ამ ქალთა ფიგურების დამუხტულობა ჩემდაუნებურად მაგონებს გოტფრიდ კელერს6, რომელსაც კაჭარავა გარეგნულადაც წააგავდა („მე ერთი (…) პატარა სქელი ბიჭი ვარ, რომელიც ბერბიჭასავით ყოველი საღამოს ცხრა საათზე ბარშია ხოლმე, შუაღამისას კი – ლოგინში“, წერდა კელერი და კაჭარავაზეც იგივე ითქმის). თუკი მე-19 საუკუნის ციურიხში მცხოვრები ორმოცდაათი წლის მარტოხელა მამაკაცის ეროტიკულ ლტოლვას ქალის მხოლოდ ისეთი ფიგურების მოფიქრება შეეძლო, როგორებიც იუდით და მირა ვოლვენდები იყვნენ, მაშინ გვიანი ოთხმოციანების სექსუალურად ფრუსტრირებული საბჭოთა ახალგაზრდა ამ ფატალურ, ბედისწარმმართველ ელფებს იგონებდა. თან ყოველი მათგანი როგორ იშვიათად თანამედროვედ გამოიყურება! ნეტა კაჭარავამ ხომ არ იწინასწარმეტყველა 21-ე საუკუნის დასაწყისის თბილისური ჰიპსტერი, ან იქნებ თავიანთი ქუდები, ვარცხნილობა, ჩექმები, მინიკაბები, მილი-შარვლები, უზარმაზარი მოსახვევები/შალები, პალტოები და ვინტაჟური ქურთუკები ამათ გადმოიღეს მისი სურათებიდან? „თბილისი“ ჰქვია ერთ-ერთ, მრავალჯერ გადაკეთებულ-გადმოკეთებულ ფურცელს მისი დღიურიდან, რომელიც მან გერმანიაში ორჯერ (1991 და 1992 წ.წ.) მოგზაურობის შედეგად დახატა: ჯერ წვერიან-ქუდიან-პალტოიან-ავტოპორტრეტად გადააკეთა, მერე სოლ-სტეინბერგის7 სტილში კონტურულად გაამუქა; აი, გაშეშებულივით მიდის, თავი ჩაუქინდრავს და მთელი ტანით იხრება იმ საოცნებო არსებისაკენ, შორეულ ქალაქის ლანდშაფტში რომ მოჩანს და რომლის წინაც ბოთლის წაგრძელებული ჩრდილი აფენია. „ბროლის ოცნება. დაბადების დღის აღსანიშნავად“ – ასეთი წარწერაა ამ ფურცელზე. ხელოვანი ქეთი კაპანაძე, ოთხმოცდაათიანი წლების თბილისის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალი, რომელიც კარლოს უიმედოდ უყვარდა, მიყვება, რომ კარლო ღამეს მის სამზარეულოში რომ გაათენებდა, – მაგიდასთან იჯდა ხოლმე, – დილით ყავის დასალევად კვლავ ეწვეოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ „ისევ ისეთივე ლამაზია“. თავად კი დაბალი და პუტკუნა იყო და ქეთი ნებისმიერ ქუჩაზე იპოვიდა კარლოზე უფრო საინტერესო და შთამბეჭდავ მამაკაცს, თან მასზე შეყვარებულს. ქეთის კარლო კაჭარავას მიმართ სერიოზული ინტერესი არასდროს ჰქონია. ნახატზე, ეროტიკული დემონის წინ რატომღაც – სრულიად აუხსნელად – ყავის ჩაიდანი დგას.
მოტივთა მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან კომპლექსი კაჭარავას სურათებზე არის ციტატები გერმანული ხელოვნებიდან და ლიტერატურიდან. ეს ტილოები და ნახატები გაჯერებულია ოთხმოციანი წლების გერმანული ექსპრესიონიზმისა და ნეოექსპრესიონიზმის აჩრდილებისა თუ გაცოცხლებული სულების არა მხოლოდ სიუჟეტებითა და ფორმალური გადაწყვეტებით, არამედ წარწერებითაც; ასევე მისთვის პიროვნულად სრულიად უცნობი ისეთი ფიგურებისადმი „მიძღვნებით“, როგორებიცაა იმენდორფი8, ბაზელიტცი9, ბოისი10, მიდენდორფი11, ბერნჰარდ შულტცე12, Salomé13 და სხვა, კაჭარავა გერმანული ხელოვნების სულთა საუფლოში როგორც, შეიძლება ითქვას, ბერლინის, კიოლნისა და დიუსელდორფის ოთხმოციანების სახელოვნებო რევულუციის წევრ-კორესპოდენტი შევიდა. გერმანულენოვანი წარწერები (ლიტერატურული ციტატები, სურათთა დასახელებები) ასრულებენ კომენტარის, კონტრაპუნქტის ან აქცენტირების ფუნქციას. კაჭარავა ორჯერ – ორი და სამი კვირით – იყო ბერლინსა და კიოლნში, თუმცა მისი კავშირი გერმანიასთან, გერმანულ ენასა და კულტურასთან ბევრად უფრო ადრე იწყება. საბჭოთა განათლების სისტემაში, რომელიც ორიენტირებული იყო ფრანგულ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეზე, ექსპრესიონიზმი განუსაზღვრელად ოპოზიციურად იყო კოდირებული. გერმანელი „ახალი ველურების“14 ნეოექსპრესიონიზმის დაკავშირებამ რევოლუციური და პრაქტიკული ექსპერიმენტების ქალაქურ ლანდშაფტებთან (პანკი, ელეგანტური გაცვეთის თვითნაკეთი მოდა, მუსიკალური კლუბების დაარსება ხელოვანთა და სკვოტერთა15 მიერ) ბერლინი და კიოლნი აქცია ბოჰემის, მათ შორის ოთხმოციანი წლების ქართული საბჭოთა ბოჰემის ლტოლვის ობიექტად. უეცრად ამოხეთქილი, ან იქნებ მხოლოდ საკუთარ თავში მოხარშული თვითგამოხატვის წყურვილი ერთი და იგივე იყო ალბათ როგორც ბერლინში, ასევე თბილისშიც… ქართველმა კი გერმანულად უფრო გაბედა, აქ უფრო მეტი თავდაჯერება გამოავლინა, ასე უფრო ეადვილა.

კაჭარავამ მოღვაწეობა არტ-კრიტიკოსობით დაიწყო. მისი ნამუშევრები საერთაშორისო შინაარსების ცოდნაზე დაფუძვნებული სურათებია, რომლებზეც გამოსახულია უამრავი ადამიანი… ესაა მოგონებები სურათებზე, მათი პასტიშები16, კოლაჟები, რაც საბჭოთა საქართველომ გამოტოვა და რაც, მისი აზრით, დაწევის რეჟიმში სასწრაფოდ უნდა შესწავლილიყო. კაჭარავას კურატორი და მისი დის ერთგვარი ინგლისურენოვანი სპიკერია ირინა პოპიაშვილი, ნიუ-იორკის ყოფილი გალერისტი, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი თბილისის ახალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის პროფესორი. ირინა მიყვება, რომ იმ ორიოდე სახელოვნებო ჟურნალსა თუ პერსონალურ ინფორმაციებს, რომლებიც ოთხმოციანების რკინის ფარდის მიღმა აღწევდა და აკადემიის აკრძალული ლიტერატურის სეიფში ინახებოდა, კარლო ისე მოხერხებულად მისწვდებოდა და ისეთი რუდუნებით დაამუშავებდა ხოლმე, რომ, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა ნიუ-იორკისა და ლოს-ანჟელოსის, ან გერმანიის გალერეებში. იგი დასავლეთიდან მოსულ სიგნალებს იჭერდა და მათ თავის სურათებში, თავის ტექსტებში სპირიტუალური მედიუმის მსგავსად იყენებდა. იგი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ოპოზიციურ ხელოვანთა მენტორად და მათთვის იმპულსის მიმცემად ითვლებოდა; ვისაც აკადემიაში ითმენდნენ, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით ტოლერანტული საქართველოს მთავრობა კი მათ უბრალოდ არ ეხებოდა. ამდენად ეკლექტიზმი, რაც კაჭარავას უდავოდ ახასიათებდა, იყო არა მისი შემოქმედებითი უმწიფრობის ნიშანი, არამედ კონცეპტუალური პროექტი – საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სავარაუდო ჩართვა მსოფლიო კულტურაში.

როცა მე-19 საუკუნის ბოლოსათვის იაპონია დასავლეთისთვის გაიხსნა, ევროპულმა მოგზაურებმა იქ აღმოაჩინეს „საიდუმლო ქრისტიანები“, რომლებმაც თურმე დასავლური რელიგიის ყველა რიტუალი და იკონოგრაფია, დაწყებული ქრისტიანობის ადრეული დევნის პერიოდიდან, დაფარულად შემოინახეს და, ყველასთვის გასაოცრად, განავითარეს კიდეც. ყველაფერი კი სამასი წლით ადრე დაიწყო, როცა იეზუიტთა მისიამ მათ წინაპრებს ‘მამაო ჩვენო’, ჯვრის თაყვანისცემა და სხვა წმინდა საიდუმლოებები ასწავლა. როცა 2011 წლის ცხელი სექტემბერის ერთ-ერთ დღეს საბურთალოზე, დროის კაპსულაში ნამდვილ გერმანულ სახელოვნებო რევოლუციას გადავაწყდი, კარგად მივხვდი, თუ რა განიცადეს იაპონიაში იმ პირველმა ევროპელმა მოგზაურებმა, როგორ აღელდნენ და გული როგორ აუჩქროლდათ, საკუთარი ტრადიციების ცხოველმყოფელობაში როგორ დარწმუნდნენ, როცა დედამიწის მეორე მხარეს კრიპტო-ქრისტიანების იდუმალი და თითქმის გაუგებარი რიტუალები და ბუდისტურ ღვთაებად შენიღბული ღვთისმშობლის ქანდაკება იხილეს. ვუყურებდი კაჭარავას ნახატებს, ტილოებს, დღიურებს, გვიანსოციალისტური ეპოქის ავეჯსა და კედლებს ამ ოჯახისა, რომლისგანაც დღეს მხოლოდ ეს ქალბატონი შემორჩენილიყო და თვალწინ წარმომიდგა ოთხმოციანი წლების შტუტგარტი. თითქოს დამიბრუნდა ახალგაზრდობა, ოცდაათი წლისაც რომ არ ვიყავი, თავშეუკავებელი სასიყვარულო თავგადასავლები, უგუნურ გრძნობათა ქარიშხლები, მოგზაურობები ბერლინში, რომელიც ჩემნაირი ახალგაზრდა შტუტგარტელისათვისაც ზუსტად ისეთივე შორეული ლტოლვის ობიექტი იყო, როგორც კაჭარავასთვის… გაჭიანურებული ბავშვობის მერე ფულის გამომუშავების პირველი გამოცდილება სტუდენტურ ნახევარბოჰემაში, საყოველთაო პოლიტიკურ-შემოქმედებით-საზოგადოებრივი ორომტრიალი გაქვავებული სოციალ-ლიბერალურ-საზოგადოებრივი ტექნოლოგიების პირობებში. ამ ვნებიანმა მოგონებამ კვლავ გამიღვიძა ცხოვრების ყველა სფეროში სინათლის შუქისაკენ მლტოლავი ნება – და როგორც ახლა გავიგე, აღმოსავლეთშიც ზუსტად ასე ყოფილა! – თვითგამოხატვისა, წყურვილი გრძნობათა გამომზიურებისა (ნეტა იქამდე ვინ მიშლიდა, ან რა მაკავებდა?!), საზოგადოებრივი კედლების მოხატვისა, ღამეების ცეკვებში გატარებისა, სხვადასხვა შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული ექსპერიმენტების ჩატარებისა.
[6] გოტფრიდ კელერი Gottfried Keller – (1819-1890) შვეიცარელი გერმანულენოვანი მწერალი.
[7] სოლ სტეინბერგი (ინგლ. Saul Erik Steinberg; (1914-1999), რუმინელ-ამირიკელი მხატვარ-კარიკატურისტი, თანამშრომლობდა აშშ-ს ისეთ წამყვან ილუსტრირებულ ჟურნალებთან, როგორებიცაა: «New Yorker», «Harper’s Bazaar» და სხვა.
[8] იორგ იმენდორფი (გერმ. Jörg Immendorff) (1945- 2007) – გერმანელი მხატვარი და მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი დიუსელდორფის დიუმონ-ლინდემანის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში.
[9] გეორგ ბაზელიტცი (გერმ. Georg Baselitz, დ.1938) — გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი და მოქანდაკე, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოქმედ მხატვრად. ნეოექსპრესიონისტი, „ახალი ველურების“ სტილის ერთ-ერთი დამფუძვნებელი.
[10] იოზეფ ბოისი (გერმ. Joseph Beuys, 1921-1986) — გერმანელი მხატვარი, პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი.
[11] ჰელმუტ მიდენდორფი (გერმ. Helmut Middendorf (დ. 1953 ) – გერმანელი მხატვარი.
[12] ბერნჰარდ შულტცე (გერმ. Bernard Schultze (1915 – 2005) – გერმანელი მხატვარი და აბსტრაქტული მიმდინარეობის Informel წარმომადგენელი.
[13] Salomé (დ. 1954 როგორც ვოლფგანგ ლუდვიგ ციჰლარცი Wolfgang Ludwig Cihlarz) გერმანელი ხელოვანი.
[14] ახალი ველურები, ან ახალი გარეული მხეცები (გერმ. Neue Wilde, ახალი ფოვისტები) – გერმანული პოსტმოდერნიზმის მიმდინარეობა მხატვრობაში.
[15] სკვოტერობა, ან სკვოტინგი (ინგლ. Squatting) – მიტოვებული ან გამოუყენებელი ადგილის თვითნებური დაკავების აქტი იმ პირთა (სკვოტერთა) მიერ, რომლებიც არ არიან ამ ადგილის იურიდიული მფლობელები ან არენდატორები. მათ არც მისი რამენაირი გამოყენების უფლება აქვთ.
[16] პასტიში (ფრ.. pastiche: «ნარევი, პაშტეტი») – მეორადი მხატვრული ნაწარმოები (ლიტერატურული, მუსიკალური, თეატრალური და სხვა), ერთი ან რამდენიმე ავტორის მუშაობის სტილის იმიტაცია. პროდიისგან განსხვავებით პასტიში ორიგინალს კი არ დასცინის, არამედ პატივს მიაგებს.