ტყისპირას გაგონილ, დაუწერელ, ერთად მოვარდნილ სიმფონიასავით იღვრება თვალწინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამ ეპოქაში ნაშენი ხიდები სწორი, უგეგმიანესი ალვნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი“.

ისტორიის და ამ ისტორიული წიაღიდან მომდინარე სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის განჭვრეტამ მოთხრობის გმირს ეჭვი გაუქარწყლა. ეჭვი გამოიწვია ალავერდობის მოდღესასწაულე ხალხის ინერტულობამ. ამ ეჭვს ჰქონდა თავისი საფუძველი, მაგრამ საბოლოოდ ალავერდის სიმაღლიდან გადაშლილმა პანორამამ ანუ ისტორიის განჭვრეტამ ეჭვი გააქარწყლა და გურამს მიეცა საიმისო რწმენა, რომ ქართველი კაცის არსებაში ჯერ კიდევ მოძრაობს მძაფრი ეროვნული ენერგია.

კიდევ ერთი ციტატა: „აქ ზოგიერთნი დაბნეულან და ვეღარ გრძნობენ შემოქმედის ნამდვილ სიამოვნებას, სიამოვნებას შრომისა, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ესე იგი საჭიროა შენება და არა აშენებულით ტკბობა, არა მოდუნება, არამედ მოქმედება. ამასვე ფიქრობდა გოეთეს ფაუსტი, როცა ასე თარგმნიდა იოანეს სახარებას: „პირველითგან იყო ქმედება“. ასევე მთავრდება გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“. აქაც, რა თქმა უნდა, არის საუბარი მთავარსა და არსებითზე.

 

***

გურამ რჩეულიშვილი თავისი სახელით მოიხსენიებს მოთხრობების ლირიკულ გმირს. ამავე დროს, ისიც ვიცით, რომ მის წიგნში გადმოცემული მრავალი შემთხვევა (ვთქვათ, ალფრედ კურელას ამბავი) თვითონ მწერალს გადახდა თავს. ამგვარი ავტობიოგრაფიულობა მწერლისთვის ადრეულ ეტაპზე აუცილებელიცაა, ვინაიდან მისი უშუალო ცხოვრებისეული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. ფოლკნერი ამბობს, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ესაჭიროება მწერალს, რათა მისივე წარმოსახვა გაძლიერდეს და მან უშუალო ავტობიოგრაფიული გამოცდილების ტრანსფორმაცია შეძლოს. იქნებ ასეცაა, თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ავტობიოგრაფიული გამოცდილების გამოყენებითაც არაერთი შედევრი შექმნილა.

ლირიკული გმირის მთლიან სახეს მოთხრობების კრებული ქმნის.

„ალავერდობაში“ „მსხვილი პლანით“ წარმოჩნდა გურამის სახე. სხვა მცირე თუ შედარებით ვრცელ მოთხრობებსა და ნოველებში სხვადასხვა რაკურსით არის  მწერალი წარმოჩენილი. ეს სხვადასხვა რაკურსი მთავარი ლირიკული სუბიექტის სახესა და ხასიათს სისავსესა და პლასტიკურ გამომსახველობას სძენს. სხვადასხვა სამოქმედო სივრცესა თუ ვითარებაში გურამი სრულიად განსხვავებულ სახასიათო ნიშნებს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამჟღავნებს. ვთქვათ, „ალავერდობისგან“ სრულიად განსხვავებულია „ირინა“. აქაც ავტორისთვის ჩვეული დოკუმენტალიზმით იწყება მოთხრობა. მთავარი გმირი მთელი ზამთარი ზის ოთახში და წერს ნოველებს ხევსურების ცხოვრებაზე. თავის ნოველებს თვითონვე ურთავს ილუსტრაციებს. მერე კრიზისის მსგავსი მდგომარეობა ეუფლება, ტოვებს ოთახს, რომელშიც მთელი ზამთარი გაატარა და იწყებს ხეტიალს. ეს თითქოს რაღაც შემოქმედებითი მოუსვენრობის მსგავსი მდგომარეობაა, ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების მიღების მძაფრი სურვილია. ხეტიალისას არცთუ უხიფათო ვითარებაში გაიცნობს ირინას. იწყება სასიყვარულო ისტორია, რომელსაც მძაფრი ვნებები და ეჭვიანობა ახლავს. ეჭვიანობა ურთიერთობის ერთი წერტილიდან იღებს სათავეს და მერე ყოვლისწამლეკავ გრძნობად გადაიქცევა, საბოლოოდ თითქოს ფეთქდება და ირინასთან ურთიერთობას ნამსხვრევებად აქცევს.

ანდა „სიკვდილი მთებში“  გავიხსენოთ. ხევსურეთში მოულოდნელად იღუპება გერმანელი მწერლის ალფრედ კურელას ცოლი. ყველა თავზარდაცემულია. ამ საბედისწერო შემთხვევას შეესწრება გურამიც, რომელიც იმხანად მთაში მოგზაურობს. ექსისტენციური სასოწარკვეთილების გრძნობა იპყრობს გერმანელ მწერალს, რომელიც თავშეკავებით იქცევა და გრძნობის ნიშანწყალსაც კი არ ამჟღავნებს. ის მოქმედებს, ლაპარაკობს და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ რაციონალური ქმედების საზღვრებს არ გასცილდეს. მის მოქმედებას თვალყურს ადევნებს გურამი, რომელიც ამ მოთხრობის პერსონაჟიც არის და მთხრობელიც. დაბოლოს, მაინც ექსისტენციური სიცარიელე იჩენს თავს, რომელსაც ვეღარაფერი შეავსებს და ამ სიცარიელის წინაშე კურელა უძლურია. ეს პასაჟი იმავდროულად მოთხრობის ფინალიც არის: „ალფრედი იდგა გაშეშებული, მარტოკა და იმ საწოლს უყურებდა, რომელზეც ქალის კაბა და ყვითელყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული. გურამმა რაღაც იგრძნო ტკივილივით. იქით ოთახიდან ხმამაღალი ქვითინი მოისმა. სარკეში ჩანდა: ალფრედი დაეცა საწოლზე, აღრიალდა. ის ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა და ზორბა მხრები უძაგძაგებდა“.

მოთხრობაში  „შპილკა“  გურამი ყველასაგან დამცირებული და აბუჩად აგდებული ადამიანის ღირსებას იცავს. ეს ღირსება მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის იმ გარემოშიც კი, სადაც შპილკა იმყოფება. ეს არის რუსეთის მივარდნილი სოფელი; იქ ადამიანის ღირსების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამგვარი ქმედება გაკვირვებასაც იწვევს. ეს არის სტეპი. გურამ რჩეულიშვილი ერთი შტრიხით ხატავს ბუნებას: „შორს, წრიულად წვებოდა მზე დასაძინებლად“. ღირსების დამცველ გურამს ეთანხმებიან ადამიანები და უსიტყვოდ მხარსაც უჭერენ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხარდაჭერა პასიურია და ინდიფერენტული, იგრძნობა, მომავალში შპილკასადმი დამოკიდებულება ისეთივე იქნება, როგორც აქამდე იყო.

გურამ რჩეულიშვილისთვის სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემათაგანია.  მოთხრობაში „სიკვდილი მთებში“, როგორც უკვე ვთქვით, მოულოდნელ სიკვდილზეა საუბარი, ნოველა „მოლოდინი“ კი წარმავალობის მარადიულ თემას ეძღვნება. ბაბუა ამბობს, რომ მისი ცხოვრება უკვე მიიწურა და დადგა სიკვდილის ჟამი. ამას, უპირველეს ყოვლისა, გურამი ვერ ურიგდება. ის ბაბუასთან არის პირისპირ დარჩენილი და ვერცერთი წუთით ვერ ტოვებს მას. ბაბუა წევს და ფიქრშია წასული. ბინაში მომსვლელთა და წამსვლელთა მონაცვლეობა ვერ ცვლის განწყობას. ბაბუა და შვილიშვილი კი ერთმანეთის პირისპირ დგანან. ისინი არამარტო ფიქრობენ წარმავალობაზე, არამედ ღრმად განიცდიან ბედისწერის გარდუვალობას.

1 2 3 4 5 6 7 8