ამ ლექსში ქართული ფენომენის შეგრძნება არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების, ნაწილად იქცევა, არამედ ინტიმურ განცდებს ერწყმის და უერთდება. ამაზე აქა-იქ ჩემ მიერ უკვე ითქვა, მაგრამ ისევ ვიტყვი: ლექსის ემოციური ეპიცენტრი ქართული რეალიაა („ჯვარი და მცხეთა“), ამ წერტილიდან იღვრება ემოციური ენერგია, მაგრამ ყოველივე ეს იმგვარადაა განზავებული მთლიანობაში, რომ მისი გამოცალკევება შეუძლებელია. ოთარ ჭილაძის სამოციანი წლების შემდეგ  დაწერილი ლექსები და ვრცელი პოემები ცალკე მსჯელობის თემაა. მისი ლირიკული გმირი მუდამ თავისი რწმენის ერთგული იყო, მაგრამ ამავე დროს ასაკთან ერთად მსოფლმხედველობრივ მეტამორფოზასაც განიცდიდა. იქნებ ამიტომაც ავტორი   ურყევი რწმენის გამომხატველ სიტყვებს მომდევნო წლებში სხვაგვარად არჩევდა და განსხვავებული შინაარსობრივი სიღრმით აღბეჭდავდა:

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

50 – იანი წლების ბოლო ოთარ ჭილაძის და გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების მხოლოდ დასაწყისი იყო. ამ დასაწყისმა თავისუფალი აზროვნება მოიტანა ქართულ ლიტერატურაში. ეს დასაწყისი, სამწუხაროდ, დასასრულიც აღმოჩნდა „ალავერდობის“ ავტორისათვის. ამიტომ მე შევეცდები მისი ლირიკული გმირის წარმოსაჩენად, თუნდაც მოკლედ, რამდენიმე მოთხრობა განვიხილო, მოკლედ არის განხილული ოთარ ჭილაძის პირველი პუბლიკაციებიც. ორივე მწერალი თავიანთი შემოქმედების დასაწყისშივე მთავარსა და არსებითზე საუბრობდა. მოგვიანო პერიოდში ოთარ ჭილაძის ლექსებმა, პოემებმა და რომანებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მისი რომანები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა და ქართული ლიტერატურის კლასიკად იქცა. ეს კი უკვე ცალკე საუბრის თემაა, მე მხოლოდ დასაწყისი მინდოდა მომენიშნა.

***

50- იანი წლების ბოლოს შექმნილ გურამ რჩეულიშვილის პროზას და ოთარ ჭილაძის პოეზიას  ერთი თემატური ნიშნით ვერ დაყოფ. აქ არის ლირიკული სუბიექტი, რომელიც აერთიანებს როგორც მოთხრობების, ისე ლექსების ციკლებს. ეს ლირიკული სუბიექტი მოთხრობიდან მოთხრობაში და ლექსიდან ლექსში გამოკვეთს თავის სახეს. ადამიანი უნივერსალური მთლიანობაა, მრავლისმომცველი არსებაა და სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა ნიშნით ამჟღავნებს თავის თავს. მაგრამ ეს ერთი პიროვნებისეული ნიშანი განცალკევებულად არ არსებობს. ამაზე მეტყველებს გურამ რჩეულიშვილის ცალკეული მოთხრობა და ოთარ ჭილაძის ცალკეული ლექსი. ეს ორი მწერალი საილუსტრაციოდ იმიტომ მოვიხმე, რომ მათ ნაწარმოებებში მოქმედი ლირიკული სუბიექტი იმთავითვე რთული პიროვნება იყო, თავისუფალი ნებითა და მკვეთრი ინტელექტით გამორჩეული. ზოგადად, მათი განცდებიც და მისწრაფებებიც იმით არის საინტერესო, რომ მკაფიო ინტელექტის მქონე ადამიანის წიაღში იბადება. ვთქვათ, გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“  და „უსახელო უფლისციხელი“  არ შეიძლება მხოლოდ პატრიოტული თემატიკის რკალით შემოვწეროთ. აქ უფრო ფართო არეალი და ღრმა პერსპექტივაა მოსანიშნი. აქ აღძრულია ფიქრი იმის თაობაზე, თუ რამდენად ღრმად შეიგრძნობს ისტორიას ადამიანი, რამდენად ღრმად არის ისტორიის გამგები და მიმღები. ისტორიის ამ ღრმა წიაღიდან მოდის მძლავრი ენერგია, რომელიც თანამედროვე სივრცეშია მატერიალიზებული და გასაგნებული. სწორედ ამ სივრცეს ჭვრეტს ალავერდის გუმბათზე თავისი ფეხით ავარდნილი გურამ რჩეულიშვილი. მისი ხედვა რეტროსპექტულია: თანამედროვე საგნობრივი სამყარო, ადამიანის ხელით გარდაქმნილი ბუნება, ხიდები, ნაგებობები, ვენახები და ხეივნები – ყოველივე ეს ანიჭებს მას შთაგონებისა და ისტორიული წიაღის განჭვრეტის ძალას.

სრულიად ახალი წყობის ლირიკული გმირია წარმოჩენილი ოთარ ჭილაძის ლექსში „როდესაც ასე ახლოა გრემი“.

როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.

„ალავერდიც“ და „გრემიც“ სალოცავი ადგილებია, ქრისტიანული კულტურის ორი ნიშანსვეტია, რომლის ირგვლივაც იღწვოდნენ ქართველი მორწმუნენი, მაგრამ ეს ტაძრები ამავე დროს მრავალი ადამიანის წარმოდგენაში ყოველივე ამაღლებულისა და კათარზისულად განწმენდილის სიმბოლოდ არის შერაცხილი.

XX საუკუნის შუა წლებში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანისთვის აუცილებელი იყო საბჭოთა რუსიფიკატორულ-ბიუროკრატიული კლიშეებით გატენილი აზროვნების, ყოფის,ზოგადად, ყოველდღიურობის გარღვევა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამართლის შემცველი აზრის მოპოვება. ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველობაა, ზნეობრივი ორიენტირი და თანამედროვე მდგომარეობის საზომი წარსულის ქრისტიანული კულტურის კერებთან ზიარება გახლდათ და არა მხოლოდ წარსულის ქრისტიანული კულტურის კერებთან თუ ძეგლებთან ზიარება, არამედ, ზოგადად, წარსულში დაბრუნება და მისი გაცოცხლება.

ასე აღვიძებს, ასე აცოცხლებს წარსულს, ისტორიული რეალობის შეგრძნებას საკუთარ თავში გურამ რჩეულიშვილის გმირი მოთხრობებში „უსახელო უფლისციხელი“ და „ალავერდობა“. ეს ის გმირია, რომელსაც მწერალი თავისი სახელით მოიხსენიებს. ოთარ ჭილაძის გმირი ასევე აღვიძებს თავის თავში წარსულის შეგრძნებას და მას საამისო საბაბს გრემი აძლევს. ჩემ მიერ ნახსენებ პროზასა და პოეზიაშიც საქართველოს სიძველეებთან და ეკლესია-მონასტრებთან შეხება არა უშინაარსო და ტრივიალურ პიეტეტს ბადებს ლირიკული გმირის შეგნებაში, არამედ წარსულთან აწმყოს სიცოცხლისმიერ კავშირს წარმოშობს. გერმანელი ჰერმენევტიკოსის დილთაის მიხედვით, ყოველი ინდივიდი მიკროკოსმოსია, რომელშიც უკუფენილია ისტორია, ისტორიული პროცესი. ადამიანი ისტორიის მეშვეობით შეიცნობს საკუთარ თავს. ყოველ ისტორიულ არსებაში, ყოველ ადამიანში არის ისტორიის გარკვეული ნაწილი და ეს ანიჭებს მას შესაძლებლობას, უნარს, ჩასწვდეს წარსულს. ისტორია მთლიანობაა, ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანი მისი ნაწილია. ადამიანს ძალუძს სიცოცხლისმიერი ირაციონალური საწყისის მეშვეობით საკუთარ თავში გააცოცხლოს ოდესღაც არსებული სიცოცხლე, ე.ი. ისტორია, მას შეუძლია სიცოცხლის მეშვეობით ჩასწვდეს სიცოცხლეს.

1 2 3 4 5 6 7 8