მოთხრობა „ნათელა“ გურამის ძალზე ღრმა და ამავე დროს უფაქიზეს გრძნობებს ამჟღავნებს. ეს ნაწარმოები სიცოცხლის უმძაფრესი შეგრძნებით არის ნიშანდებული. ყოველი მონაკვეთი, ყოველი პასაჟი ამ სიცოცხლის სავსეობას აღბეჭდავს. აქ არიან ფერმაში მომუშავე ქალები, რომელთა ჟრიამული მთელი ნაწარმოების დინამიკას ქმნის. გურამის ნათელასადმი დამოკიდებულება სრულიად გამჭვირვალეა, ნატიფი და უნიკალური. რაც მთავარია, ამ ნაწარმოების თუ ნაწარმოებთა ციკლის მთავარი პერსონაჟი დიდი გზნების ადამიანია, რომელსაც ძალზე ღრმა და სუფთა შინაგანი სამყარო აქვს.

„უსახელო უფლისციხელში“ გურამი, „ალავერდობის“ მსგავსად, ისტორიას განჭვრეტს. ეს მოთხრობაც გარკვეული დოკუმენტალიზმით იწყება, მაგრამ თანდათან მხატვრული წარმოსახვა იპყრობს ყველაფერს. მთავარი გმირი ჯერ სქემას წარმოსახავს, მერე კი ხორცი ესხმება ამ სქემას. ისტორიის განჭვრეტა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ამ შემთხვევაში სქემა ისხამს ხორცს, უფრო სწორად, მთლიანად შემოწერს ისტორიასაც და თანამედროვეობასაც.

შეიძლება ითქვას, რომ გურამ რჩეულიშვილისეული შინაარსისა და ფორმის სინთეზის ჩვეული რიტმიკა ძალზე მკაფიოდ გამოხატავს მოუსვენარი მაძიებლობის ჟინს, აზროვნებისა და რთული სათქმელის სადად გამოთქმის სურვილს. ყოველივე ამას ესადაგება ლაკონიური, ცივი და მოკვეთილი ფრაზა. ეს ფრაზა მწერლის აზროვნებას ზედმიწევნით ზუსტად მოერგო.  გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების ინტონაციაში ამოიკითხება ლირიკული გმირის ხასიათის უნიკალობა, პიროვნული ღირსების გრძნობა და ღრმა კულტურა.

 

***

აქ უნდა გავჩერდეთ და მივუბრუნდეთ პირველთქმას.  XX  საუკუნის 20 – იან და  60 -წლებში ახალი ტალღა მოვიდა ქართულ მწერლობაში, რომლის მეშვეობითაც მანამდე არსებული ხანგრძლივი კრიზისი გადაილახა. ამ წლებში, დროის სხვადასხვა მონაკვეთებში მოვიდნენ მწერლები, რომლებმაც მხატვრული წარმოსახვის, გამჭრიახი გონებისა და ინტუიციის მეშვეობით მიაგნეს იმ მთავარსა და არსებით სათქმელს, კონკრეტული დრო და სივრცე რომ ჰკარნახობდა. სამოციანელთა თაობის ორი საუკეთესო მწერლის, ერთი მხრივ, პოეტისა და, მეორე მხრივ, პროზაიკოსის ნიმუშების მოშველიებით ვცადე მეჩვენებინა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50 -იანი წლების მიწურულს როგორ დაიწყო ახალი მხატვრული რეალობის შექმნა.

ვფიქრობ, რომ დღეს,  XXI  საუკუნის ათიანი წლების მიწურულს, როცა 100 წელი შესრულდა ტიციან ტაბიძის მოწოდებიდან – „გავმართოთ ქართული პოეზია მსოფლიო რადიუსით“ – ქართული მწერლობა, 90 -იანი წლებიდან დაწყებული, კვლავ განაგრძობს ახალი მხატვრული რეალობის შექმნას. დღეს არის სწორედ ის საკვანძო პერიოდი, როცა ახალ მსოფლიო რეალობაში ჩართული სუვერენული ქვეყნის შიგნით შესაბამისი და ადექვატური მხატვრული რეალობა უნდა შეიქმნას ანუ საუბარი უნდა იყოს იმაზე, რაც სადღეისოდ მთავარია და არსებითი.

 

1 2 3 4 5 6 7 8