მე მინდა ახალგაზრდა მწერლების გასაგონად ვთქვა, რომ მწერლობაში ნიჭიერების წარმომჩენი უპირველესი ნიშანი მთავარსა და არსებითზე საუბარია. მთავარი და არსებითი ეთიკური პრობლემატიკის მიღმა არ არსებობს. საუკეთესო ქართველი მწერლები მთელი ურთულესი  XX საუკუნის მანძილზე სწორედ მთავარზე საუბრობდნენ. ყოველივე ამას ქვეყნის მდგომარეობა განსაზღვრავდა.

გადავავლოთ თვალი საკვანძო 20-იან და 60 – იან წლებს.

საბჭოთა იდეოლოგია მწერლობას ჰკარნახობდა თავის სტერეოტიპს. ამ სტერეოტიპებს ნიჭიერი და პრინციპული მწერლები არ იღებდნენ;  იღებდა ის, ვინც ეთიკური რელატივიზმით სნეულ ატმოსფეროში ცხოვრების გამო თვითონაც ამ სნეულებით იყო დაავადებული. რა წარმოქმნიდა ამ სტერეოტიპს? სერიოზული ნიჭის უქონლობა და პიროვნული წყობის ეთიკური ხარვეზი. ამ მწერლებს აქცენტი გადაჰქონდათ ვითომდაც ესთეტიკურ მხარეზე, რითაც ნიღბავდნენ ეთიკური სიმახვილის ნაკლებობას. ამას შეიძლება დარქმეოდა მომპირკეთებლობა. მოპირკეთებული ზედაპირის მიღმა ეთიკური ძიების სიმწირე ილანდებოდა. მომპირკეთებელი არ შეიძლება იყოს კარგი სტილისტი, რადგან კარგი სტილისტი ის არის, ვისაც ღრმა შინაარსი აქვს, რომელიც (არცთუ გაუცნობიერებლად) წარმოშობს ფორმას.

ვთქვათ,  XIX საუკუნის რუსულ ლიტერატურაში, ტურგენევის შემდეგ მოსულ დოსტოევსკის და ტოლსტოის სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდათ ზოგადად მწერლის სტილზე, ვიდრე მათ წინამორბედს. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ მათ ღრმა სათქმელი გააჩნდათ, ეთიკური სფეროს წიაღში ეძიებდნენ სათქმელს. მწერლობაში მოსვლის შემდეგ ისინი იმთავითვე გახდნენ ნამდვილი სტილისტები და დაჩრდილეს გონჩაროვი და ტურგენევი, აქაც, რა თქმა უნდა,  გარკვეულ ფარდობითობას აქვს მნიშვნელობა,  თორემ თავისთავად, ეს უკანასკნელნიც ყველა ნიშნით საინტერესო მწერლები იყვნენ, ვინაიდან ერთმა ობლომოვის სახე შექმნა, მეორემ პირველი ნიჰილისტის – ბაზაროვისა.

ასე რომ, მწერალი მთავარსა და არსებითზე უნდა საუბრობდეს და ეს წარმოაჩენს მისი ნიჭის ხარისხს. ადამიანშიც მთავარ მომენტებს უნდა ხედავდეს და არა ნაკლებად მნიშვნელოვანს. მაღალმხატვრულობა გამოხატვის ხერხების ფლობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მთავარსა და არსებითზე საუბრის ნიჭია. ტიციან ტაბიძის შესანიშნავი დევიზი -„გავმართოთ ქართული პოეზია მსოფლიო რადიუსით“ – ორივე მომენტს გულისხმობდა: ლექსის ფორმალურ ცვლილებას, მის დახვეწას და   XX   საუკუნის ათიანი და ოციანი წლების ადამიანის რთული შინაგანი სამყაროს გამოვლენას. უნდა ითქვას,რომ „ცისფერყანწელებმა“ და გალაკტიონმა მაღალ დონეზე შეასრულეს ეს ამოცანა. გალაკტიონმა მიუღწეველს მიაღწია, უნივერსალური პოეტური სამყარო შექმნა! – ფორმალური თვალსაზრისით უცხოური პოეტური გამოცდილებაც გაიზიარა და  XX  საუკუნის ადამიანის რთული შინაგანი სამყაროც წარმოაჩინა. მან ქართულ ენაზე სიმბოლისტური კულტურის მოზიარე რთული ხელწერა შექმნა. და ეს იყო სწორედ ქართული პოეზიის მსოფლიო რადიუსით გამართვა. პროზაში მიხეილ ჯავახიშვილმა გამოავლინა ეს შესაძლებლობა. ხმამაღლა არ თქმულა, მაგრამ მსოფლიო რადიუსის მსგავსი დევიზი პროზაშიც არსებობდა. ვინ არის, ვთქვათ, „ჯაყოს ხიზნებში“ დახატული თეიმურაზ ხევისთავი?  ეს არის პოზიტივიზმის ეპოქის უტრირებული პერსონაჟი, გონების კულტის მსახური, ცალმხრივი რაციონალიზმის კარიკატურული სახე; თეიმურაზი არის „მოანგარიშე, ბუღალტრული“, ტექნიკური აზროვნებისა და შესატყვისი ცხოვრების წესის გამომხატველი ადამიანი. ის დაშრეტილია სიცოცხლისაგან და წარმოშობს ვაკუუმს, რომელიც სიცოცხლით უნდა შეივსოს. ჯაყო სიცოცხლეა, ოღონდ გონითობას მოკლებული, ზნეობრივად მახინჯი სიცოცხლე. თეიმურაზმა თავისი ანტიპოდი წარმოშვა. ის ავსებს წარმოქმნილ ვაკუუმს. ქართულ სოციალურ სინამდვილეში მსგავსი ანტინომია არსებობდა, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილმა მოვლენები გაამძაფრა და პერსონაჟების გროტესკული სახეები შექმნა. ეს იყო სწორედ მსოფლიო რადიუსი პროზაში, ვინაიდან მწერალმა თეიმურაზის სახით ევროპული ცალმხრივი რაციონალიზმისა და პოზიტივიზმის წიაღში წარმოქმნილი ხასიათი გამოამზეურა. ე. ი. 20 – იან წლებში მთავარსა და არსებითზე საუბრობდა მწერალი და ეს იყო სწორედ ნიჭიერების ნიშანი. 30 – იანი წლებიდან ყოველივე ეს აღიკვეთა, ვინაიდან ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის მექანიზმი უკვე მთლიანად ჩაირთო. შემდეგ შემზარავი 37 წელი…  და ისევ შემზარავი  გრანდიოზული ომი. ომის შემდეგ – 1951 წელი, კვლავ რეპრესიები… ციმბირში, ყაზახეთსა  და ყირგიზეთში ასახლებენ ომგამოვლილ, ტყვედყოფილ ადამიანებს, ასახლებენ სხვებსაც, ფაქტობრივად სტალინური რეპრესიები გრძელდება. ამ რეპრესიებს წყვეტს მხოლოდ ერთადერთი რამ – სტალინის სიკვდილი 1953 წელს.

ამის მერე გახმაურდა ერთი გერმანელი მწერლის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ოსვენციმისა და მაიდენეკის შემდეგ ლექსების წერა შეუძლებელიაო. ეს იქნებ ერთი მხრივ ასეც იყო, მაგრამ მეორე მხრივ გაჩნდა წყურვილი პოეზიისა და, საერთოდ, ნამდვილი, სიმართლისმთქმელი მწერლობისა; არც შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო, ვინაიდან ცხოვრებამ თავისი ნამდვილი, შეულამაზებელი სახე ყველას დაანახა.

კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, რომელიც ომგამოვლილ და რეპრესიებგამოვლილ ქართველ ადამიანებს თავს დაატყდათ – 1956 წლის 9 მარტი. სტალინის სიკვდილისა და მისი კულტის გმობის შემდეგ ისევ სტალინის ნაცადი ხერხით გაუსწორდნენ მომიტინგეებს – ავტომატის ჯერით.

1 2 3 4 5 6 7 8