50 – იანი წლების ბოლოს, ე. ი. შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე გამოიკვეთა ოთარ ჭილაძის შემოქმედების მკვეთრი ინდივიდუალობა და თავისებურება. ადრე დაწერილ წერილში ამ გამორჩეულ ნიშანს თვითრეფლექსიურობა ვუწოდე. ეს უფრო ზოგადი ხასიათის ნიშანია, უფრო კონკრეტულად კი მას ახლა ასოციაციურობას ვუწოდებდი. ოთარ ჭილაძის შემოქმედება ნათელი აზროვნების ნაყოფია. ის არასდროს და არსად არ არის ბუნდოვანი და ბურუსით მოცული. სათქმელი ამ ლექსებში თვითრეფლექსიის შედეგად წარმოქმნილი ლირიკული ასოციაციური დინებების მეშვეობით არის გამოთქმული. ეს თავისებურება თუ ინდივიდუალური ნიშანი 50 – იანი წლების ბოლოსვე გამოიკვეთა პოეტის შემქმედებაში, მერე კი 60 – იან  და 70 – იან წლებში უფრო და უფრო  და ფართო წრე შემოწერა ლექსებშიც და ლირიკულ პოემებშიც. ამ მოგვიანო პერიოდში თავისუფალ ასოციაციურ ლირიკულ ნაკადს ასევე ლირიკულ-მედიტაციური, განსჯითი ნაკადი აწონასწორებს და აბალანსებს. ასეთი ლექსების  რიცხვს განეკუთვნება: „ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს“,  „მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ“,  „მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ“,  „გვიანი შემოდგომა“, „შემოდგომის პირველი დღე“, „გამოთხოვება“:

რა მოხდა, თუკი ვეღარ შვხვდებით,
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ! მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელიც ახლავს…

ორი ადამიანის ურთიერთობა შეწყდა, მაგრამ სიყვარული არ დამთავრებულა. ამ სიტყვამ იცვალა ფერიც და სურნელიც, იცვალა მნიშვნელობაც. დარჩა ტანჯვა, დრამატიზმი, დარჩა რისხვა, რომელიც შეიძლება ამოიფრქვეს და წალეკოს წვრილმანი გრძნობები. რისხვამ შეიძლება უსასრულოდ იაროს ადრესატის ნაკვალევზე, იქცეს კოშმარად და მოჩვენებად. იმავე ადრესატისადმია მიძღვნილი ეს ფრაზაც: „რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად, აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად“.

უფრო ადრეულ ნაწარმოებებში სიყვარული, როგორც თანამდევი მოტივი, თანმხლები თემატური შენაკადი მონაწილეობდა მთლიან ტექსტში, თავს იჩენდა, როგორც ფრაგმენტული კომპონენტი. ეს კომპონენტი, რა თქმა უნდა, ასოციაციური დინებებისგან შედგენილ ნაწარმოებში წარმოჩნდებოდა, როგორც შინაარსობრივი თვალსაზრისით მთავარი და განმსაზღვრელი რამ, მაგრამ მისი ფუნქცია შედარებით შემოსაზღვრული იყო. ლექსი „გამოთხოვება“კი მთლიანად სიყვარულის თემაზე დაწერილი ლირიკული მედიტაციაა. ეს ლექსი ასეთი სენტენციით იწყება:

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ…

აქ ნათქვამია, რომ რასაც შემთხვევითობა აძლევს დასაბამს, ის შეიძლება მარადიულად იქცეს. ეს სიყვარულზე ითქვა, მაგრამ იგივე ითქმის ყველა ნამდვილ ლირიკულ ნაწარმოებსა და თვით ამ ლექსზეც. ამის გამო ამბობდა ბორის პასტერნაკი: „და ლექსის მოთქმაც უფრო ნაღდია, შემთხვევითი და ნაუცბათევი“.

ოთარ ჭილაძის ლექსი „გამოთხოვება“ რუსულ ენაზე თარგმნა იოსიფ ბროდსკიმ. ამ ლექსის ესთეტიკურ ხიბლს ქმნის აზრის მოულოდნელი მოძრაობა და რიტმული ზიგზაგები. აქ არ არის ქართველი პოეტისთვის დამახასიათებელი წყვეტილი ფრაზები, თავიდან ბოლომდე განსჯაა, პარალელური რითმები და აზრის პარადოქსულობა უჩვეულო სახეს სძენს ტექსტს.  ერთი პოეტი წერდა, რომ ვრცელი პოემები დღეს აღარ იქმნება. ამ ჟანრის ნაცვლად არსებობს  პოეტური ცვლილებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მნიშვნელობა ენიჭება ლექსების თანმიმდევრობას, თანმიმდევრობა კი ისეთი უნდა იყოს, რომ მკაფიოდ გამოკვეთოს ლირიკული გმირის სახე.

ოთარ ჭილაძემ 1984 წელს გამოსცა თავისი ლექსებისა და თარგმანების იმ დროისთვის ყველაზე სრული კრებული „გახსოვდეს სიცოცხლე“. ავტორი წერდა: „ჩემ მიერ აქამდე გამოცემულ სხვა კრებულებთან შედარებით ეს კრებული სრულია. ამ კრებულში ის ლექსებიც შევიტანე, რომლებიც ადრე არასოდეს გამომიქვეყნებია, ანდა პირველი პუბლიკაციის შემდეგ  აღარ ჩამითვლია მიზანშეწონილად მათი ხელახალი გამომზეურება…“

ამ წიგნში ვრცლად არის წარმოდგენილი ოთარ ჭილაძის 50-იანი წლების ბოლოს შექმნილი ლირიკა. მეც უმთავრესად ეს წიგნი გამოვიყენე, როცა განვიხილავდი პოეტის ადრეულ ლექსებს, სადაც ახალი ლირიკული გმირი, ახალი წყობის ადამიანი გამოჩნდა XX საუკუნის ქართული პოეზიის და, ზოგადად, ქართული ლიტერატურის სივრცეში. ჩემთვის სწორედ ეს არის მნიშნელოვანი – 60-იან წლებში ე. წ. „დათბობის პერიოდში“ ცენზურის ოდნავი შესუსტება გახდა საკმარისი, რომ ახალი, თავისუფალი დინება შემოჭრილიყო მწერლობაში. საამისოდ მზადყოფნა კი უკვე არსებობდა. ახალი ლირიკული გმირის წარმოჩენას  ახალი გამომსახველობითი საშუალებები ესაჭიროებოდა და ესეც თვალსაჩინოდ გამოვლინდა როგორც ოთარ ჭილაძის, ისე გურამ რჩეულიშვილის პირველსავე პუბლიკაციებში. ეს სიახლე, როგორც უკვე ვთქვით, სამოციანელთა მთელი თაობისთვის იყო ნიშნეული პოეზიაშიც და პროზაშიც. დღევანდელი გადასახედიდან ერთი რამ უნდა განვჭვრიტოთ გარკვევით – როგორც 20-იან, ისე 60-იან წლებში ქართული მწერლობა საუბრობდა მთავარსა და არსებითზე. ეს საუბარი და ამ საუბრის პათოსი გამსჭვალული იყო, ერთი მხრივ, კრიზისული ვითარების გაცნობიერებით (ვგულისხმობ ტოტალიტარიზმის წნეხს) და, მეორე მხრივ, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების რწმენით. ჩემ მიერ მოხმობილი მწერლების შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ფენომენის შეგრძნებას. მხოლოდ ეს ქართული რეალიები ლირიკული გმირის მთლიანი ცხოვრების კონტექსტში იყო ჩაწერილი. უკვე მოვიყვანე მაგალითები ოთარ ჭილაძის შემოქმედებიდან, მაგრამ კიდევ მოვიყვან:

მე სისხლს მიჩქარებს და თავბრუს მახვევს
ეს დიდებული ჯვარი და მცხეთა,
თითქოს პირველად ვიგებ შენს  სახელს,
ან ვეთხოვები საყვარელ ცხედარს.
მეც მცემს ამ მთებზე გამსკდარი სეტყვა,
ჩემზეც გადმოდის ამ ცის სიფითრე,
მათი ბრალია, რამეს თუ გეტყვი,
ანდა არ გეტყვი, მაგრამ ვიფიქრებ.

1 2 3 4 5 6 7 8