და მერე დგება ე.წ. „დათბობის“ პერიოდი. ლექსები მაინც იწერება, ოღონდ ნერვული ვიბრირება და ფარული ტრაგიზმი ახლავს ამ ლექსებს. მათ უკვე ურბანული გარემოს მკვიდრი წერს და წერს ამავე გარემოზე. ეს ურბანისტული პოეზიაა, სადაც მკაფიო ლირიზმი ახლავს მძაფრი დრამატიზმით აღბეჭდილ ტონალობას. ეს არის ოთარ ჭილაძე:

ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს
და მავთულები ნაცრისფერ ცაში
იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ
რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს.

ამ  „უცნობს და საშიშს“ სამოციანელ მწერალთაგან ზოგიერთი მწერალი განსაკუთრებით მძაფრად გრძნობდა. თითოეულ მწერალს დამოუკიდებლად, პერსონალურად უნდა განეჭვრიტა გარემომცველ კონკრეტულ დროსა და სივრცეში არსებული სიღრმისეული რეალობა, ასე იყო ოთარ ჭილაძე. მისი მზერა არ ყოფილა შემოსაზღვრული მხოლოდ ურბანული სივრცით, ურბანიზმი ხედვისა და ხატვის კულტურასაც განაპირობებდა, ისტორიული სინამდვილის აღქმაც ავტორისავე თანადროული ნიშნით იყო აღბეჭდილი:

როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.

ეს  ფორმალურად სხვაგვარი, მოულოდნელი, ასოციაციური, შინაგანი დინებების პოეზია იყო და სწორედ აქ გაჩნდა საუბარი მთავარსა და არსებითზე. ამის შესახებ ქვემოთ ვილაპარაკებთ.

გურამ რჩეულიშვილი 1960 წელს დაიღუპა 26 წლის ასაკში და ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესო სამოციანელია. გოეთეს უთქვამს: თუ გინდა რაიმე ღირებული შექმნა, შენ თვითონ უნდა წარმოადგენდე რაღაცასო. აქ მწერლის პიროვნებაა აქცენტირებული. თვალნათლივ ჩანს, რომ გურამ რჩეულიშვილი უაღრესად მკაფიოდ გამოკვეთილი პიროვნება იყო.

20-იანი და 30 – იანი წლების შემდეგ, როცა მიხეილ ჯავახიშვილი და სხვა სიმართლისმთქმელი მწერლები დახვრიტეს, ქვეყანაში უზარმაზარი ვაკუუმი შეიქმნა, რომელიც ავტორიტარიზმს დაქვემდებარებულმა ბიუროკრატიამ შეავსო. მათ სურდათ მწერლობაც ამ ბიუროკრატიის ნაწილი გამხდარიყო. მწერლობა სახელმწიფოს პროპაგანდისტულ რუპორად უნდა ქცეულიყო. როგორც დამოუკიდებელი, სიმართლის მთქმელი ფენომენი ის უკვე აღარ იარსებებდა. ევროპაში ასპარეზზე გამოდის ორტეგა ი გასეტის მასის ადამიანი ანუ ადამიანი – მასა და ჰაიდეგერის ე.წ. საშუალო ადამიანი. ჩვენში, საბჭოთა სინამდვილეში მათი ანალოგიური სოციალური ნაირსახეობა იყო ადამიანი – ჭანჭიკი – ბიუროკრატიული სამყაროს ერთი მცირე ელემენტი, რომელსაც არ გააჩნდა საკუთარი სურვილები და ზრახვები, არ გააჩნდა საკუთარი პიროვნული სახე. ის მასის სურვილებს გამოხატავდა და მასაში დამკვიდრებული მზამზარეული კლიშეებით ცხოვრობდა და აზროვნებდა. ურბანისტულ გარემოში პიროვნების ნიველირება ჯერ კიდევ ფრიდრიხ ნიცშემ შენიშნა, მერე კი ეს მოვლენა უფრო და უფრო გაღრმავდა.

გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები ერთ მთლიან ციკლს ქმნის და ციკლის მთავარი გმირია თვითონ გურამი. მწერლის ავტობიოგრაფიულობა თვალშისაცემია. ის წერდა იმის შესახებ, რაც უშუალოდ თვითონ ჰქონდა ნანახი და განცდილი. ბუნებრივია, ასეა ყველა მწერალი, მაგრამ გურამ რჩეულიშვილი თვითონ ეძებდა ყველაზე უფრო მწვავე და ზღვრულ სიტუაციებს, რათა საკუთარ თავშივე აღეძრა ღრმა განცდები. ასეთი თავისუფლება დაუსაზღვრავია და მეტწილად ხიფათის შემცველიცაა. მთავარი კი ის არის, რომ გურამი, როგორც პიროვნული, ყოფითი ცხოვრების წესით, ისე შემოქმედებით, იმთავითვე დაუპირისპირდა იმ უზარმაზარ, აბსურდულ ბიუროკრატიულ სამყაროს, რომელშიც ცხოვრება უწევდა და რომელიც იმისთვის არსებობდა, რომ არამხოლოდ პიროვნების ნიველირება მოეხდინა, არამედ თავისუფლების გამო დაესაჯა  ადამიანი. მართალია „დათბობის“  პერიოდში ოდნავ შესუსტდა ეს მარწუხები, მაგრამ არსებითად ეს მაინც  მოჩვენებითი იყო. ყოველ შემთხვევაში, ის დიდი თავისუფლება, რომელიც ოთარ ჭილაძემ და გურამ რჩეულიშვილმა მოიტანეს, სრულიად შეუსაბამო იყო ამ ტოტალიტარულ მანქანასთან.

მაშასადამე, სამოციანელები დაუპირისპირდნენ იმ უზარმაზარ „აჩონჩხლილ შენობას“, იმ ვეებერთელა ბიუროკრატიულ მახინას, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. მხოლოდ ეს არ იყო ღია დაპირისპირება. ღია დაპირისპირებაში ვგულისხმობ უშუალოდ  აბსურდულ ბიუროკრატიულ აპარატზე წერას. ამის გაკეთება მძიმე შედეგის მომტანი იქნებოდა, ვინაიდან ასეთი შინაარსის ნაწარმოებს უჯრაში ჩაკეტვა, მის ავტორს კი დასჯა არ ასცდებოდა. ქართველმა სამოციანელებმა სხვა გზა აირჩიეს  –  ისინი წერდნენ საქართველოში ავტორიტარიზმის პირობებში არსებულ იმ ადამიანებზე, რომლებმაც კეთილქმედების ნიჭი დიდი სულიერი სიმტკიცის ხარჯზე შეინარჩუნეს. ეს სიკეთე ტანჯვაგამოვლილი სიკეთე იყო და ამიტომაც ჰქონდა ფასი. მოთხრობები იწერებოდა იმ ადამიანებზე, რომელთაც ერთმანეთის მიმართ დიდი თანაგრძნობა ამოძრავებდათ. საქმე ის იყო, რომ მაშინდელი მატერიალური და სულიერი სიდუხჭირის მიუხედავად, რეალურად არსებობდნენ ასეთი ადამიანები და სამოციანელებმაც მათზე გაამახვილეს ყურადღება. ესეც რეალობა იყო, რომელიც უნდა დაპირისპირებოდა საბჭოთა ბიუროკრატიზმს, როგორც უცხო და დამთრგუნველ ძალას. უპირისპირდებოდა კიდეც. ქართულ კრიტიკაში ეს მიმართულება მოინათლა, როგორც ჰუმანიზმი. და ეს ჰუმანიზმიც იოლად ვერ იმკვიდრებდა ადგილს, ცენზურას თავისი მკაცრი მოთხოვნები ჰქონდა. საკმარისი იყო ოდნავ გადასცდენოდა ავტორი დაუწერელი კანონებით დადგენილ საზღვრებს და ცენზურა მაშინვე იწყებდა მოქმედებას.

1 2 3 4 5 6 7 8