„ალავერდობაში“ თავიდანვე იბადება გურამის წარმოდგენაში წინააღმდეგობა აწმყოსა და წარსულს შორის. აწმყო არ მოიაზრება წარსულის გაგრძელებად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორ გზას ავცდით. ალავერდობა მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. ალავერდის ტაძრის შემოგარენი წარსულისა და აწმყოს შესაყარია. წარსულის საგნობრივი, ხელშესახები სახე თვითონ ტაძარია, მაგრამ,  როგორც უკვე ვთქვი, თხრობა უშუალოდ და კონკრეტულად ალავერდის მონასტერს კი არ ეხება,  არამედ ამ ისტორიულ ძეგლს, როგორც ქართული ქრისტიანული კულტურის ზნეობრივ ნიშანსვეტს ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ,  მოქმედება ტაძრის შემოგარენში ვითარდება, ტაძარი ეპიცენტრია და მოქმედება მის ირგვლივ მიმდინარეობს. სხვათა შორის ამ მოთხრობაში არის ერთი პასაჟი, რომელიც მთელი ნაწარმოების ლირიკულ წარმომავლობას განსაზღვრავს: „დგას გურამი და ამ სიჩუმეში, არარეალურობისაგან რამდენჯერმე გაძლიერებული, ისმის მთლიანი, დიდებული სიმფონია გაურკვეველი სურვილისა – საიდან დაიწყო? სად დამთავრდება? რა უნდა მოხდეს, არაფერი არ ესმის მსმენელს, ეს არის მუსიკა, მთლიანი, ერთიანი, ყველა თავისი ხმით, ნაწილებით“.
„ალავედობა“ ლირიკული პროზის ნიმუშია. მართალია აქ გარკვეულ მონაკვეთში ისტორიის წვდომის ფილოსოფიური პრობლემაა წამოჭრილი, მაგრამ ეს პრობლემაც ლირიკულ თხრობაშია განფენილი და გაშლილი. თხრობის სტრუქტურირებაში რაციონალურთან ერთად ირაციონალური იმპულსი მონაწილეობს და სწორედ ეს ქმნის მოთხრობის წინასწარგანუჭვრეტელობის  შთაბეჭდილებას, ლირიკულ შთაბეჭდილებას, ლირიკულ სიმძაფრეს და ექსპრესიას. ეს ექსპრესია  გმირის წინააღმდეგობრივი შინაგანი განცდების კვალდაკვალ იბადება, იჩენს თხრობაში თავს და სიტყვიერი სამოსელით იმოსება. მწერალი ამ დაბადების ირაციონალურ ხასიათს უსვამს ხაზს, როცა გმირის შინაგან მდგომარეობას „გაურკვეველი სურვილის სიმფონიას“ უწოდებს. თვითონ მწერალივე სვამს კითხვას  –  „სად დაიწყო? სად მთავრდება? რა უნდა მოხდეს?“

მოთხრობის გმირმა არ იცის, რა უნდა მოხდეს,  თხრობის დინამიკა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ წერის პროცესში არც მწერალმა იცის, როგორ განვითარდება მოქმედება.

გმირის არსებაში ფეხს იკიდებს აზრი, რომ, როგორც უკვე ვთქვით, აწმყო ღრმააზროვანი წარსულის გაგრძელება აღარ არის, ე.ი. სადღაც გზას ავცდით. დროთა კავშირი დაირღვა,  ქართველ კაცს აღარა აქვს ერთიანი მკვიდრი ისტორიული სხეულის შეგრძნება. ის ინერციით მიჰყვება დროს.

ყოველივე ამას ფიქრობს გურამ რჩეულიშვილის ლირიკული გმირი, როცა ალავერდობაზე ტაძრის შემოგარენში დაიარება. აქ თავმოყრილ ადამიანებს ნიშანწყალიც კი არ ეტყობათ რელიგიური დღესასწაულით მოგვრილი სიხარულისა. ისინი ლოთობენ, ერთმანეთში დავობენ, ცეკვავენ კიდეც, მაგრამ ეს ცეკვაც ინერციით არის ნაკარნახევი. თვითონ ავტორივე ასკვნის:  „გრძნობ, ალავერდობა აღარ არის ალავერდობა, გრძნობ, ეს რელიგიური დღეობა მხოლოდ ინერციაა, სასაცილომდე მისული ინერცია“. ეს უკიდურესობა, ეს კომიზმი პროტესტს იწვევს, ტრაგიკულ ვნებებს აღვიძებს გურამის არსებაში. ის ლირიკული ვნებათაღელვითა და თვითრეფლექსიით აფორიაქებულ საკუთარ თავს უღრმავდება, რათა უფრო მძაფრად აღიქვას გარემომცველი დისჰარმონია, მის წარმოდგენაში რომ იჭრება. საქმე ის არის, რომ დილთაის მიხედვით, ადამიანის ყოფნა ისტორიადყოფნაა. გურამის ცოცხალ წარმოსახვაში ისტორიის ცოცხალი ხატია შენახული და ამ სიცოცხლისმიერ კავშირს „აბრკოლებს“ და „აფერხებს“ აწმყო, რომელიც ერთი შეხედვით ადამიანებში ენერგიის სახით კი აღარ არსებობს, ინერციად არის გარდაქმნილი. ამას ვერ ურიგდება გურამი და მიზნად ისახავს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოაფხიზლოს ისტორიის ჯაჭვიდან ერთი რგოლივით ამოვარდნილი, მორღვეული ადამიანები. აქ იბადება ტრაგიკული ნასკვი, იბადება ხიფათი. გურამი იტაცებს ცხენს და გაჰყავს ალავერდის გალავნის გარეთ, ტყისკენ. „ტარებით მიჰყავს მტვრიანი გზის გასწვრივ, მაღლა, ტყისაკენ, უკან რჩება ბუბუნი, ხმაური. მითოხარიკობს ცხენზე მჯდომი, თანდათან ივსება იმ შეხლის ჟინით, როდესაც ის გაჭენებული ცხენით ჩაუქროლებს ხალხს და გამოაფხიზლებს მათ მოდუნებულ ვნებებს, მაგრამ ამაზე აღარ შეუძლია იფიქროს, ახლა მხოლოდ გრძნობების ასპარეზი რჩება. თავდება მინდორში შემოჭრილი ტყის ბოლო, აქედან აღარ მოჩანს არც ალავერდი, არც ხალხი. არაბუნებრივი სიჩუმე დგას ირგვლივ“.

ეს წამიერი ამორთვაა დაძაბულობის ველიდან. ამის შემდეგ როგორც მოქმედების, ისე თვითრეფლექსიის გადამწყვეტი ფაზა იწყება. მთავარი კი ის არის, რომ თხრობა „ჟღერს“, როგორც სიმფონია, როგორც მუსიკა. ეს ლირიკული პროზაა, რომელიც გმირის ქვეცნობიერ იმპულსებს გადმოსცემს, მის შინაგან არსებას გაურკვევლობის ბურუსი სცილდება და გარკვეულობა ეუფლება. ტყისკენ წასვლა და ხანმოკლე პაუზა მკაფიოდ გამოკვეთს მიზანს: გურამი უნდა შეიჭრას გატაცებული ცხენით ბრბოში და სომნამბულური მდგომარეობიდან გამოიყვანოს ადამიანები. ასეც ხდება, მერე კი მთავარ გმირს ცხენის პატრონები გამოედევნებიან, ის ტაძარში შერბის და შიდა კიბით გუმბათისკენ მიისწრაფვის, მერე ლავგარდანებზე გადის და ქვემოთ მდგომ ხალხს გასცქერის. გაოგნებული ადამიანები ქვემოდან ამოჰყურებენ: „რომელიღაც მოცეკვავემ, რომელმაც სახე მაღლა ასწია, ცეკვა ზედ თითის წვერებზე შეაჩერა და გარინდდა: გუმბათის ლავგარდანზე წონასწორობისათვის ხელებგაშლილი მიდის გურამი. ის გაჩერდა და ქვევით, ხალხისკენ დაიწყო ყურება. მაღლა აიხედეს მეზურნეებმაც და დაკვრა შეწყვიტეს. ხალხმა დაინახა ეს მოჩვენება, აძგერდნენ ახალგაზრდა გულები, აღელდნენ მოხუცები. ქალები თვალს ვერ აშორებდნენ გუმბათს. გავარდა ხმა, კაცი დგას გუმბათის ლავგარდანზე და ყოველ წამს შეიძლება გადმოვარდესო“.

კაცი არ გადმოვარდნილა, არც უნდა გადმოვარდნილიყო, ვინაიდან მის ზეაღსწრაფებას  სიმბოლური აზრი ჰქონდა. ამ სიმაღლიდან მას ისტორიის დამნახველი მზერა უნდა გაეწვდინა. და მართლაც, გაეხსნა ეს მზერა, რომელმაც უვრცესი თვალსაწიერი მოიცვა: „მან არ იცის კახეთი, ვისაც ცივგომბორის ქედზე შემდგარს არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი; მას არ განუცდია დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც ალავერდის თავზე თავისი ფეხით ავარდნილს გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელი ვაზის ხეივნებში…

1 2 3 4 5 6 7 8