ასევე ხდებოდა ქართულ კინემატოგრაფშიც. ასეთი ხვედრი ერგო წილად ოთარ იოსელიანის ფილმს „გიორგობისთვე“. ეს ფილმი სამოციანი წლებისთვის დამახასიათებელი ლირიზმით იყო შეფერილი და ამავე დროდ მთავარზე საუბრობდა – საბჭოთა ბიუროკრატიულ სისტემას გმობდა, როგორც ზნეობრივი ღირებულებების გამყალბებელს. ყოველივე ეს  დახვეწილი, მსოფლიო რადიუსით აღბეჭდილი კინოენით იყო გადმოცემული, ამიტომაც ნამუშევარი მალე აიკრძალა და მას კარგახანს აღარ ღირსებია დღის სინათლე, რაც იმ პირობებში არც იყო გასაკვირი.

20-იან წლებში ქართული ლიტერატურა მთლად არა, მაგრამ რამდენადმე სინქრონული იყო ევროპაში მიმდინარე პროცესებისა, მაგრამ ხანგრძლივი წყვეტის (30 – იანი წლებიდან 60 – იან წლებამდე) გამო 60-იან წლებში კი არ გაგრძელდა 20-იანი წლების „მსოფლიო რადიუსით“ ნაკარნახევი ტრადიცია, არამედ ბევრი რამ თავიდან დაიწყო, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით ეს მაინც ტრადიციის გაგრძელება იყო, ოღონდ 60-იან წლებში სხვა რეალობამ იჩინა თავი. ამ ეტაპს კრიტიკაში „სიკეთის შენარჩუნება თუ გადარჩენა“ ეწოდა. როგორც არ უნდა ვთქვათ, არსებითზე საუბარი, ე. ი. ეთიკური პრობლემატიკის სიმახვილე ამ პერიოდში შეუფერხებლად გაგრძელდა.

 

***

მთავარი და არსებითი მწერალმა დროის კონტექსტში უნდა მოიხელთოს. პოეტიც და პროზაიკოსიც ფიქრობს მთავარსა და არსებითზე. პოეტს თავის „ალტერ ეგოდ“ ლირიკული სუბიექტი გამოჰყავს და დროის დინებასაც ამ გმირის შიგნით აქცევს. ასევეა პროზაშიც; აქაც ლირიკული სუბიექტის შინაგან სამყაროშია კონცენტრირებული დრო. ეს ლირიკული გმირი, შეფერხებების მიუხედავად, მაინც მთელი   საუკუნის მანძილზე არსებობდა და სხვადასხვა ნიშნით იცვლიდა სახეს. მე ოციანი წლების მთავარ და არსებით პრობლემატიკაზე ვისაუბრე გაკვრით, მერე სამოციან წლებსაც შევეხე და ოთარ ჭილაძე და გურამ რჩეულიშვილი ვახსენე. სამოციანი წლების შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და  XXI საუკუნეში შეიძლება ბევრ მკითხველს უცნაურადაც ეჩვენოს, მაგრამ ჩემი ფიქრი და თავისუფალი განსჯა არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. როცა მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს ეხები, უნებლიეთ ცენზურული პერიოდის იმ რეალობას, როგორც მხატვრულს, ისე ცხოვრებისეულს, დღევანდელობას ადარებ. ამ შედარების ფონზე კი იქნებ უკეთ გამოიკვეთოს როგორც გუშინდელი დღე, ისე დღევანდელობაც…

50 -იანი წლების ბოლოს დაწერილ ოთარ ჭილაძის ლექსებს ახალი, სრულიად განსხვავებული ჟღერადობა შემოაქვს ქართულ პოეზიაში. ეს ნამდვილი ლირიკაა – უეცრად გაელვებული, მოულოდნელად გაჩენილი, წინასწარგანუჭვრეტელი, იმპულსური. ამ ლირიზმის მაღალი ხარისხით აღბეჭდილ სტრიქონებს სინედლე და სიხალასე ახლავს, თითქოს პოეტმა უეცარი განათება თუ გაელვება მოიხელთა.

მე ვარ ამ წუთას ყველაზე მაღლა,
ქარხნის მილებზე და ცაზეც მაღლა,
მხოლოდ შენს გამო… ასეთი ღამე
მრავალი იყოს…   ასეთი დაღლა.

ამ ლექსებში არ არის ირონია, არ არის ცხოვრებისეული მოვლენებისა და საგნების ჩრდილოვანი მხარეები. აქ არის წრფელი, მამაკაცური აღტაცება სიცოცხლით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოეტი საკუთარ არსებაში აღძრულ განცდებსა და გრძნობებს თვითონვე ეხმაურება,  თვითონვე ცდილობს სიმძაფრე და სიმკვეთრე მიანიჭოს მათ. ეს თვალნათლივი თვითრეფლექსიაა, მხოლოდ ლირიკოსი პოეტის თვითრეფლექსია. ის იჭერს საკუთარ არსებაში აღძრულ ყოველ ბგერას, ხმას, ვიბრირებას, ვიზუალურ ხატებს და სახეობრივად გამოკვეთს. აქ არის ურბანული გარემოს აღქმა და მისი ფაქიზად განფენა ლექსში. ოთარ ჭილაძის ურბანიზმი, რა თქმა უნდა, ქმნის გარკვეულ კონტრასტს, დისჰარმონიას ტრადიციულ წარმოდგენაში, მაგრამ მთლიანობაში ის მაინც ორგანულად უთავსდება ქალაქის ლანდშაფტის ხატვას და მკაფიო, ფაქიზ განწყობილებებისმიერ სურათს შემოწერს:

წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის,
ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ,
ხსოვნას შერჩება ათასში ერთი.
აი, გაივლის სულ ცოტა ხანი,
მეც მოგონებად ვიქცევი შენთვის,
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.

ურბანიზმი არა მხოლოდ ქალაქის სურათების ხატვაში გამოსჭვივის, არამედ მთელ ლირიკულ ინტონაციაში, მშფოთვარე, მოუსვენარ და ზოგჯერ უეცრად მოკვეთილ, წყვეტილ ფრაზაში. ოთარ ჭილაძის ლირიკული სუბიექტი ქალაქის მკვიდრია და ის მთელი არსებით ერწყმის ამ გარემოს. აქ იკვეთება მისი ბედისა და ბედისწერის კონტურები, აქ იხლართება და გამოსავალს ეძებს მისი სასიყვარულო ურთიერთობები, აქ ფიქრობს ის ისეთ „წყეულ“ საკითხებზე, როგორიც მსწრაფლწარმავალობაა და დროის ნაჩქარევი დინება. ეს ფიქრები,  ეს მოულოდნელად გაჩენილი დინებები თუ შენაკადები გზადაგზა ერთვიან იმ წყალუხვ მდინარეს, რომელშიც ლირიკული გმირის ცხოვრების თხრობაა განფენილი.

ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები
ჩვენს ერთად ყოფნას – ძალით თუ ნებით,
ჩვენს განშორებებს – ხანგრძლივს თუ მოკლეს
ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები.

ოთარ ჭილაძის გმირი რთული ინტელექტის ადამიანია და არ შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა რამენაირად არ წამოიჭრას მის წინაშე. მხოლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ პოეტი არასდროს სჯერდება შიშველ მედიტაციას, მის ხელში ყოველი აზრი, ყოველი განსჯა სახედ იქცევა, ტექსტის მთლიანი რიტმიკის და, ზოგადად, სტრუქტურის განფენილობაში ექცევა:

დედაა, რასაც პირველად ნახავ,
მამით იწყება გზებზე ფიქრები,
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.

ბავშვობა გადის და უცებ გადის,
ჩვენ გვიხარია, რომ უცებ გადის,
აღარ ჩანს – დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.

1 2 3 4 5 6 7 8