სილამაზის ნიჰილიზმი

გასული საუკუნის ოციანი წლების მიწურულსა და ოცდაათიანის დამდეგს ვალტერ ბენიამინი არაერთი მომხიბლავი ქალით ყოფილა გარემოცული…
მათ შორის იყვნენ გერტ ვისინგი, ოლღა პარემი და ევა ხერმანი.
სამივე მათგანს ერთი რამ აერთიანებდა – რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობისადმიო – იტყვის ბენიამინი.
1931 წლის მაის-ივნისით დათარიღებულ დღიურებში შეეცდება იგი, გაარკვიოს ეს უცნაურად საცნაური დამოკიდებულება, გარეგნობის თემასთან დაკავშირებული, რომელსაც წლების წინ უკვე შეხებოდა თავის ესსეში გოეთეს რომანის შესახებ.
„შპეიერის ცოლისგანო – წერს ბენიამინი – გავიგე ევა ხერმანის განსაცვიფრებელი სიტყვები: მე ისედაც უბედური ვარ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, ყველგან დავდიოდე დანაოჭებული სახით“.
ცხადია, საქმე მარტოოდენ დანაოჭებულ (პირი)სახეში არაა…
ლაპარაკია გარეგნობაზე, როგორც ასეთზე;
გარეგნობაზე, როგორც ხილულობის ცოცხალ გამოცდილებაზე…
თუნდაც, გარეგნობაზე, როგორც ბიო-გრაფიულ ანაბეჭდზე…
და იგივე, ნაოჭები, რომელსაც ასე გაურბოდა ევა ხერმანი, გარკვეულწილად, „ბიო“-ს გრაფემული დუბლიკატია;
ხანისა და სასოწარკვეთის დაღია, სახეზე აღბეჭდილი…
გნებავთ, ჯორჯო აგამბენისეული „შიშველი ცხოვრების“ ანასხლეტია, ფრაქტალია, ნატეხია – სახეზე დამჩნეული…
იგივე აგამბენი, ასერიგად რომ ხიბლავს ზემომოყვანილი ისტორია, ლამაზმანთა ამგვარ საქციელს ასე უწოდებს – „სილამაზის ნიჰილიზმი“.
დიახაც, „სილამაზის ნიჰილიზმია“ საკუთარ სილამაზეს რომ აუბრალოებინებს ადამიანებს;
წმინდა ხილულობამდე დააყვანინებს;
და ასეთი უნებლიე, ანდა არარეფლექტირებული საქციელით მიაყვანინებს ამ ერთ დროს მომხიბლავ არსებებს განხიბლვის სევდასთან…
და ეს გან-ხიბლვა მერე აღმოჩნდება, რომ გან-ხილვაცაა…
ხილულობის დე-მონსტრაციაცაა…
ფიქრი იმის თაობაზე, რომ სილამაზე, თავისი თავის მიღმა, კიდევ შეიძლება იყოს „რაღაც“, საძნელო ფიქრია.
განსაკუთრებით, ქალებისთვის…
მდედრებისთვის;
და შესაძლოა, ამის გამოა ესოდენ იშვიათი და მიუწვდომელი ქანდაკება -სახვითი ხელოვნების ერთი ყველაზე უძნელესი სახეობათაგანი ქალთათვის;
ანუ „მშვენიერი სქესის“ წარმომადგენელთათვის…
მოქანდაკის ხელობა, როგორც არჩევანი, ქალისაგან, თითქოსდა, აპრიორი გულისხმობს, ანდა, სულაც – მოითხოვს ერთგვარ მსხვერპლშეწირვას;
თვითდათრგუნვას,თვითფრუსტრაციას…
მეტადრე, ლამაზი ქალისაგან…
უშნო, ანუ „ალტერნატიული სილამაზის“ ქალი უფრო ბუნებრივად შე-ითვისებს ამ საქმეს;
საქმეს და არა – ხელ-საქმეს…
ილუზიები ასეთ მდედრს აღარ აწუხებს, აღარ თრგუნავს, აღარ ამძიმებს…
და არც „სახიფათო მომხიბვლელობის“ ძღვენს მოელის…
ნიშანდობლივია, რომ სილამაზეში გან-ხიბლვა, როგორც საგანგებო ხასიათის ნიჰილიზმი, მოდელებს ეწვევათ ხოლმე;
მოდელებისა და მემანეკენეების ხვედრია „სილამაზის ნიჰილიზმი“…
ეს შე-საბრალისი არსებანი ხომ, უწინარეს ყოვლისა, იმას სწავლობენ, თუ როგორ უნდა წარიხოცონ სახიდან ნებისმიერი ემოცია;
გახდნენ(sic) დე-მონსტრატორები წმინდა სიდიდისა(sic)…
სიდიდისა (თუ ერთეულისა), რომელსაც სწორედაც „შიშველი სიცოცხლე“ ჰქვია.
ეს წიგნი რუსუდან გაჩეჩილაძეზეა;
ეს სახელი და გვარი, თავისთავად, „სხვისთვის“ არაფერს, ანდა, უკეთეს შემთხვევაში, ბევრს არაფერს ნიშნავს;
არაფერს მოასწავებს…
ოღონდ, თუ ვიტყვით, ეს წიგნი მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძეზეაო, ეს უკვე – სულ „სხვაა“…
„მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძე“ – უკვე (უკვე, უკვე!) რაღაცას ნიშნავს;
„რაღაცას“!
და ამ რაღაციდან უნდა დაიწეროს მისი არტკრიტიკული ბიოგრაფია…
ბიოგრაფია, როგორც „სხვისი“ პოზიციების ფოკუსი…
მანამდე კი, რუსუდან გაჩეჩილაძე უნდა ვაქციოთ გმირად;
რუსუდან გაჩეჩილაძისგან უნდა შევქმნათ გმირი;
გმირიცა და მოდელიც…
და ასე აღვადგინოთ პროცესი, რომლის თანახმადაც თავად მოქანდაკე (გავიმეოროთ – რუსუდან გაჩეჩილაზე!) გა-დააქცევს თავის მოდელებს გმირებად;
თუნდაც, დროებით გმირებად…
„დროებითი გმირი“!
მგონი, უკვე სა-ინტერ-ესსე მასალაა!
მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძემ, როგორც ჩვენმა საგმიროდ გამზადებულმა მოდელმა, თანამედროვეთა, თავის თანამედროვეთა მთელი პანოპტიკუმი შექმნა.
გალერეა კი არა, პანოპტიკუმი!
მათგან უმეტესობა იმთავითვე, იმთავითვე დასავიწყებლად იყო განწირული…
და ჩვენი, აწ გამქრალი თანამედროვეობის დაუვიწყარ პროტაგონისტთა სკულპტურული ნიღბებიც შემოგვინახა.
უპირველეს ყოვლისა, „ნიღაბი“ ოთარ ჭილაძისა…
აი, ოთარ ჭილაძეს კი, წინსართი – „მწერალი“ უკვე აღარ სჭირდება!
ამ პორტრეტს, ვატყობ, კიდევ ხშირად დავუბრუნდები.

 

1 2 3 4 5 6 7