***

პორტრეტის დისკურსი implicite რეფლექსიაა (პირი) სახისა და სხეულის რელაციაზე;
ეს რელაცია, თავის მხრივ, ერთ ფუნდამენტურ ასიმეტრიაზეა აგებული;
(პირი)სახე უნდა იყოს შიშველი, სხეული კი, დაფარული…
ამ ასიმეტრიაში, საკუთრივ თავი ასრულებს (Sic!) მთავარ როლს;
და ეს როლი სხვადასხვაგვარად გამოიხატება;
პოლიტიკიდან რელიგიამდე, ხელოვნებიდან ყოველდღიურ ცხოვრებამდე…
ყველა შემთხვევაში, (პირი) სახე – გამომსახველობის პირველხარისხოვანი მედიუმი.
რუსუდან გაჩეჩილაძისეული პორტრეტული იმაგოები Par excellense (პირი) სახეებია;
და ეს „პირები“ პასუხს არ აგებენ არც საკუთარ „გარეგანობასა“ და არც „შინაგანობაზე“…
ეს – მოქანდაკის ტექნეა ამ გარე და შინა-განობის, როგორც მიმეტურის მიღმა დაფარული დიმენსიების გამოსახვაც და გამოხატვაც;
ანდა სახვის ამ ორ – იმპრესიულ და ექსპრესიულ ფუნქციათა მო-გვარება…
ასეა, მოქანდაკე თავის პორტრეტებში მოდელს ხელახლა უნდა აძლევდეს გვარს;
სახელს უნდა უგვარებდეს…
იქნებ, ამიტომაც არ ეტანება (Sic!) ჩემი მოდელი სახელოვან გვამებს?!
იმავე ოთარ ჭილაძესაც უსახელო გმირივით ეპყრობა და ისე ძერწავს, თითქოს აქ და ახლა ქმნიდეს მის „ბიოსაც“ და „გრაფიოსაც“…
და ეს უნდა იყოს მომენტი, ესოდენ გადამწყვეტი (პირი) სახიდან – სახეში ტრანსფორმაციისა…
მომენტი (თუ უხილავი ცენზურა), სადაც ავტორმა, მოდელის გარეგან პლასტიკურ რეცეფციაში უნდა განიცადოს მოდელისავე შინაგანი საზღვრების მომცველობა;
ჯერ მომცველობა და მერმე, მოცულობა…
ეს მომენტი, დიახაც, გარეგ(ა)ნობას მიემართება და აბსტრაქტულად გამოცალკევებული გამოხატავს გარეგანი ადამიანის მიმართებას მის ყოვლისმომცველ შინაგან სამყაროსთან…
„შინაგანი სამყარო“ – ეს ფუყე გამოთქმა, ამ შემთხვევაში, ნამდვილი შინაარსით აღივსება;
შინაარსით, ადამიანის – სამყაროში ყოფნის შეზღუდულობის მომენტს რომ აღნიშნავს;
და ამ შეზღუდულობის რეპრეზენტაციაცაა პორტრეტის დისკურსი…
რუსუდან გაჩეჩილაძისეული მოდელები, თითქოსდა, პორტრეტირებით ავლენენ სიშიშვლეს;
პორტრეტული გამოსახვით ახერხებენ შიშიშვლის დემონსტრაციას…
ესაა სიშიშვლის მეტი (და მეტა) გასაიდუმლოების ტექნე;
მართლაცდა, რა არის სიშიშვლის მათემა?
ელემენტარული baecce!- იტყვის აგამბენი…
„სულ ესაა და მეტი არაფერი!“
აი, სიშიშვლის განხიბვლის საწყისი!
პორტრეტირება განხიბვლის დასაბამთან მიბრუნებაა;
უკუქმედებაა, საიდანაც უნდა დაიწყოს გრაციის გავლენის სფეროს დაძლევა;
დაძლევა და საკუთრივ, საიდუმლოში წვდომის ალეთოლოგიური პრინციპის ძიებაა.
ჩემი მოდელი პარალელურად ძერწავს (პირი) სახესაც, მენტალურ ხატსაც, ერთგვარ კარიკატურასაც…
მუდამ განსაზღვრული ინტენციით მოქმედებს;
და ესაა მუშაობაც, გარჯაც, რეფლექსიაც…
მთავარია, როგორმე „გამო-საცნობი“იყოს თავი, რომელიც უბრალოდ კი არ „აბია“ ტანს, არამედ ასრულებს ამ ტანს…
და სწორედ ამ და-სრულების ინტენციაცაა დემონსტრირებული ამ პორტრეტებში;
მთავარი (და მოქმედი) პრობლემა მაინც ბაძვის, როგორც მი-მსგავსების ცნობიერებაა!
ბაძვის ცნობიერება – რაღაც დროითი ფორმაა;
ფორმა, რომელიც თავის სტრუქტურებს დროში გან-ფენს და იმავროულად, სიგნიფიკატორულ ცნობიერებადაც წარმოგვიდგება;
საგანგებოდ აღმნიშვნელ ცნობიერებად, რომელმაც უკვე (Sic!) უწყის, რომ მას ელოდება ყველაზე არსებითი: გახდეს საკუთრივ ხატის, იმაგოს ცნობიერება!
ესაა სახისმიერი ცნობიერება, საკუთარ თავში ერთგვარ ექსისტენციას რომ დაჯავშნავს;
არსებობას, ნიშნის ცნობიერებაში რომ არ ჰქონია მანამდე ადგილი…
ამ მანანდე არყოფილი ტოპოსების ჯერ მონიშვნა, მერე კი, გან-სულიერებაა პორტრეტული მოდელირება;
მოდელირება, რომლის სადუმლოც ხელახლა აღმოაჩინა რუსუდან გაჩეჩილაძემ…
მისეულ პორტრეტულ ხატთა ემპათიური კოდი ნიშნის ცნობიერებისა და მიმეტური ცნობიერების სინთეტური მთლიანობაა;
ესაა აქტი განსაზღვრულ ხანიერებაზე, როგორც ანრი ბერგსონისეულ duree-ზე დამყარებული…
ესაა აქტი, სადაც სემიოტიკური და იმაგინაციური ცნობიერება საშუალებისა და მიზნის მიმართებაში არიან;
მთელი ეპისტემოლოგიური ხიბლი იმის წარმოდგენაა, თუ:
ნიშნის ცნობიერება ვით მორჩილებს ხატის ცნობიერების მოტივაციას ;
ანდა, როგორ გარდაისახება აღსაქმელი ობიექტის ფუნქცია -სიგნიფიკატორული მატერიიდან როგორ გადადის რეპრეზენტატული მატერიის მდგომარეობაში…
მოქანდაკე თითქოსდა თვალსა და ხელს ერთდროულად ადევნებს მოდელს…
სადღაც მასას მონიშნავს, სადღაც – ამ მასის ზედაპირზე ყოვნდება;
მერე ხელახლა შემოფარგლავს ახალ ფორმას, სემიოზისის ახალ ინვარიანტს გა-აყოლებს თვალს;
თვალსაც და ხელსაც…
ამასობაში ტაქტილური განცდა მორიგ პერიპეტიას კარნახობს;
პერიპეტიას თუ თავ-გადასავალს…
თავის იმ მოულოდნელ შემო-ბრუნებას, სადღაც, რომელიღაც წერტილში რომ უნდა გაიყინოს, გაქვავდეს, სიმყარის, სტაზისის ანუ მდგომარეობის მიმეზისურ გზავნილში მოიყაროს თავი…
აი, აქ კი, ამ თავს, როგორს სტაბილურ სტრუქტურას, რაღაც უხილავი ხელით წამოეწევა ექსტაზისის, როგორც მდგომარეობიდან გამო-სვლის ენტელექია…
ექსპრესიული მოდელირების ეტაპი იწყება… და ეს ექსპრესიაც უნდა დაიწმინდოს, მღვრიე ნაკადისგან გათავისუფლდეს,შემთხვევითი და სპორალური გარემობებისგან განიძარცვოს…
მოქანდაკე ისევ მყარ პოზიციას უნდა დაუბრუნდეს;
თავისი თავის (და სხვისი თავის) გარეშე პოზიციას;
ხელახლა უნდა (უნდა, უნდა!) მოიპოვოს საკუთარი თავი, როგორც ავტორიტეტული და პრინციპული ავტორი;
ხელახლა უნდა მოიმხროს საკუთარი არტისტული (და მეტაარტისტული) ეგო, როგორც მხატვარ-ადამიანზე აღმატებული (და მასზე გამარჯვებული) ავტორი-მხატვარი!
პორტრეტირება, სახელდობრ, სკულპტურული პორტრეტირება იმითაცაა ურთულესი ტექნე, რომ მოდელის ჭვრეტისა და მო-ხილვის პროცესში, იმთავითვე გულისხმობს როგორც ფაქტიურ, ისევე ფიქტიურ „სხვას“…
და საკუთარ თავსაც, როგორც ჯერ კიდევ არაავტორიტეტულ და არამყარ „სხვას“…
ეს სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრდება ავტოპორტრეტში;
თუმცა, ჩემს მოდელს ავტოპორტრეტისაგან მუდამ შორს ეჭირა თავი…
საკუთარი არაავტორიტეტულობის განცდა არ აძლევდაო თითქოსდა ,უფლებას, უფრო ზუსტად, ნებას, რათა საკუთარი ნება-სურვილით ეჩვენებინა, თუ „როგორი იყო“;
როგორ გამო-იყურებოდა კი არა, არამედ – „როგორი იყო“!
საკუთარი თავის, როგორც შესაძლებელი ავტორის შეუძლებლობა -ერთი დრამატული ნარატივთაგანია, უნდობლობის სინდრომს რომ აღვივებს და ინტენციას ისევ „სხვაზე“ რომ გადაგა-ტანინებს…
აქ კი იწყება ახალი პერიპეტია; დაუნდობელი შებმა „სხვის“ თავთან…
შებმა სხვის თავთან… ტანის ვირტუალური დაუფლების, მომხრობის, შესაკუთრების სახითა და სახელით…
ჩემი მოდელი, როგორც ავტორი – იმპლიციტურიცა და ექსპლიციტურიც – სულ ასეთ შერკინებაში იყო…
ეს იყო შერკინება, როგორც თავის მო-ბმა;
თავის მობმა, როგორც ტოტალურად ფორმირებადი შეფასება;
გამკვრივება…
თანაც, რაღაც თვით-დგომის აქტამდე მიყვანილი გამკვრივება…
სახის ყოფიერების მთლიანობის მომწვდევა;
გლობალურის დასახვა (და დასახსვრა) ლოკალურში;
და ლოკალურისა – გლობალურში…
აქედან, გლოკალურის უჩვეულო განცდა;
რუსუდან გაჩეჩილაძისეული პორტრეტულ იმაგოთა თანმდევი განცდა…
განცდაცა და ხილვაც;
ხილვაცა და მოხილვაც…
ახლა გადავხედოთ, როგორი რიტმული მოდულებითაა ეს ობსერვაციები დაუნჯებული!
როგორი მაჯისცემითაა გამოზომილი ამ პორტრეტულ სახეთა როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ნა-ხატი…
ნახატი – გაჯერებული კონსტრუქციული მდგრადობითაც და დენადი, ტრანზიტული მიმოქცევებით, მიმოსვლებით;
ზედაპირის ხან ბრუტალური, ხანაც გასათუთებული არტიკულაციით…
უჩვეულო აისთეზისით გრძნობს მოქანდაკე (ქალი?!) ფორმის დამასრულებელ აკორდიკას;
აკორდიკას, აღნიშნულს ნაკაწრისა თუ ჩაღრმავების ნიშნით;
ესაა პლასტიკურად მოტივირებული სტიგმატები, ასე რომ შვენის რუსუდანისეულ პორტრეტებს…
სტიგმატები, რომლებიც აღნიშნავენ ადგილებს, სადაც უნდა გადაიკვეთოს მიმეტური და ანტიმიმეტური;
მსგავსი და უმსგავსო…
ამგვარი ესთეტიკური მეტალოგიკით გაურბის კანამდე რედუცირებული ფორმა მისივე არქეტიპს;
და ეს ფორმა მეტალოგიკურადვე თხოულობს საზღვარს;
ლიმინალობის იმ განსაზღვრულ ველს…
იმ ფაზას (და პლასტიკურ ემფაზას), სადაც ფორმა იქცევა მატრიცად;
ემოციური ნიშნების იმ ყალიბად, რომელშიც თავიდან უნდა გაიწელოს მსგავსების მორიგი ინტერვალი;
ინტერვალიცა და ინტეგრალიც…
ის პოეტოლოგიური ენიგმა, ამ პორტრეტულ ხატებს რაღაც საკრალურ საგნებად რომ დაგვისახავს…
ჩემი მოდელი იმასაც უნდა გრძნობდეს, რომ ინტუიტური მატერია ერთობ ღარიბია;
ღარიბი – იმ ენიგმატურობის მოსახელთებლად, ასე რომ გვიზიდავს რეზოს (ებრალიძის) და მურთაზის (ჯაფარიძის), გიას (ცეცხლაძისა) და დათოს (ჯმუხაძის) პორტრეტებში…
როდენს უთქვამს, ნამდვილი ხელოვნება მუდამ დასცინისო ხელოვნებას…
და ჩემი მოდელიც, კორექტულად, მაგრამ მაინც მოიხმობს ირონიულ-პაროდიულ დისკურსს;
მოდელის ფიზიონომიიდან, პაროდიული მედიებით ახერხებს ელემენტების ამოკრეფას, გადარჩევასა და ჰიპერბოლურ (ტრანს) ფიგურაციებად გა-დალაგებას.
რუსუდანს (გაჩეჩილაძეს) ერთი სახასიათო უნარიც მოსდგამს;
ესაა მოდელის, როგორც პორტრეტული პოსტსახის შეფარული, თანაც მზარდი ინტიმიზაცია;
დისტანციურობით შეჯავშნული ინტიმიზაცია;
სადაც „უცხო პირთა შესვლა აკრძალულია“…
მას შეუძლია, დაიწყოს კონკრეტული ფიზიონომიის მოდელირება, მყისვე გადაზარდოს „რაღაც სხვა“ ჰაბიტალურ ინსტანციაში და იქვე მიათავოს…
ასეთია მოქანდაკის მეგობართა ბლიც-პორტრეტული ნიღბები („ნუგზარი“;“იუზა“)…

 

 

1 2 3 4 5 6 7