Aeternitas-ში გარინდებული უსასრულო მზერა, პენეტრაციული მზერა და მისი დაწყვილება ყოველდღიურობაში ჩაკირული ექსისტენციის პერსონოლოგიურ ხედვასთან…
ასეთი ხედვის რეპრეზენტანტებად გამოადგებიან ქართველ მოქანდაკეს სახელიანი თუ უსახელო მოდელები:
ბესიკ ხარანაული…
თათა (იგივე თამარ ებრალიძე)…
იუზა (იგივე იუზა ხუსკივაძე)…
მამუკა (იგივე მამუკა ცუცქირიძე)…
ყველა ამ პორტრეტში მეტნაკლებად საცნაურია ავტორის ძირეული პროფესიული ტეხნე:
მიდრეკილება სრულ-ყოფილი, პერფექციონისტულად მოდელირებული, ანდა სკულპტურული დისკურსისათვის აუცილებელი – ფორმისა და სისავსის ინტეგრირებულად შე-ხორცებული მთლიანობისადმი, ავტორის ხოლისტური ხედვიდან რომ მოემართება და ინტიმიზაცია, „ყოველდღიური მეტყველების“ ნიშანთა „სხვა“ კატეგორიებსაც რომ შემოფარგლავს…
ამ გაგებით, ჩემი მოდელი თავის გმირებს (თუ კვაზიგმირებს), თითქოსდა, ხან მისალმების ნიშნად უღიმის;
ხანაც – პატივისცემის ნიშნებით მოსავს;
რესპექტაბელური ნიშნებით…
ეტიკეტი არასოდეს ეშლება!
ავტორსა და მოდელს (resp. გმირს) შორის დიალოგი კი – პლასტიკური რევერანსებითა თუ არბიტრარული იგივეობებით გაჯერებული „Rendez-vous“ გრძელდება…
გრძელდება…
ოღონდ, არ კი ჭიანურდება…
გრძელდება, სანამ ავტორი არ იპოვის, არ მიაგნებს ნიშანს;
ნიშანს, რომელიც აქ (და ახლა), აქ და ყოველთვის იქნება ჟესტი;
ჟესტი, საკუთრივ ექსისტენციური კომუნიკაციის მიზნით რომ კეთდება…
დიახაც, კეთდება!
და ეს გა-კეთებულობაა ქანდაკების, კერძოდ, პორტრეტული ქანდაკების ხელოვნებისდა მისი უცილობელი ტექნეს შესაძლოა, ყველაზე საკვანძო რისკ-ფაქტორი!
გნებავთ, ის ჯერარსული მო-თხოვნა, ის აქსიოლოგიურ-სტატუსური ნიშნული, სკულპტურიკის კატეგორიული იმპერატივი რომ შეიძლება ვუწოდოთ.
ასეა ჩემი მოდელი! ძვირფასი რუსუდან გაჩეჩილაძე თავის მოდელებს ნიშნებით აფასებს, ნიშნებით ესაუბრება, ნიშნებით ესალმება, ნიშნებით ესალბუნება…
და ასეთი ნიშნებითვე გან-იზრახავს თავისი, როგორც მოდელისადმი ემპათიურად გან-წყობილი ავტორის რეპრეზენტაციის ანუ შინაგანი მდგომარეობის „სხვისადმი“ გადაცემის პროცესს…
ასე ამგვანებს ადამიანს ქანდაკს;
და ქანდაკს – ადამიანს…
ეს – დაახლობისა და მი-ახლოვების აქტებია…
და ეს აქტები ზოგჯერ ერთი და იმავე პორტრეტის სხვადასხვა კომ-და-პრე-პოზიციური მეტალოგიკითაა წარმოდგენილი…
თითქოსდა, გული უგრძნობდაო – მისი თითქმის ყველა ბრინჯაოს ორიგინალი ხომ უიმედოდაა დაკარგული – და ერთი და იმავე ოპუსის გან-სხვავებული ინვარიეტები აქვს გამოძერწილი…
მაგალითად, თათას პორტრეტი სამ ვარიანტად გამოძერწა:
პირველი ვარიანტი თაბაშირში დატოვა;
აქ მეტია ემპირია; მეტია ალა პრიმა, მეტია სახელ-და-ხელობა…
მეტია ემოციის გაშიშვლებული ნერვი;
კისრის მაღალ მასივზე „დამჯდარი“ ფორმა ფრივოლურად არ ყელყელაობს, თუმცა თავ-დაჯერებულადაც არ გამო-იყურება;
ბრინჯაოს ვარიანტში, პორტრეტული იმიჯი უფრო (გა)დიდებულია;
კისრის სიმაღლე მოკლდება…
პრო-პორციებიც მცირდება…
და სივრცულ დიმენსიათა განსხვავების კვალობაზე პორტეტული კომპოზიციაც მეტი ექსისტენციური ღიაობის მესიჯებით იტვირთება…
პარადოქსია, მაგრამ ამ „ღიაობის“ წყალობით, პორტრეტული იმიჯის ენერგია ენტელექიად შემო-გვიბრუნდება და ინტერიორიზებულ სახედ ყალიბდება;
თავის თავში მო-აქცევს ხასიათის მთელ (Sic!) გან-სხვავებულ სპექტრს…
პორტრეტი ვირტუალურად, ჩვენ თვალწინ იწყებს მოძრაობას…
და ეს მოძრაობაა, ახალგაზრდა დიაცის თავს ჩვენი, მაყურებლის სივრცეში რომ გად-მოზიდავს…
სხვა რაკურსით, სხვა ტემპორალური და რიტმიზებული კონსტრუქციით წარმო-გვიდგენს პერსონალურისა და იმპერსონალურის ზღვარზე გადმო-მდგარ მოდელს, რომელიც წამსვე მზადაა, იქცეს რემოდელირებულ ექსისტენციურ ქრონიკანტად…
და-მძიმებული მოძრაობის კვალობაზე მოდელის მზერაც სხვა-გვარად გვესახება;
მოდელისა, ჩვენ თვალწინვე გმირად ქცევას რომ ლამობს…
წერტილი კი მაინც აგვიანებს…
სამწერტილებით დანაღმულ სივრცულ ტექსტში ხელახლა ჩა-ისახება სხვა მზერა;
სხვა თვალი;
სხვა საწიერი…
და საწიერთმსახველობის აქტადვე გვემცნაურება მოდელი, რომელიც ჩვენივე თან-დასწრებით იძინებსა და იღვიძებს;
ჩვენივე მონა-წილეობით თვლემსა და ფხიზლობს…
და ამ წილობრივი „ჩარევით“ მოგვიწოდებს, გავიზიაროთ პორტრეტული სკულპტურიკის მთელი (ისევ მთელი!) ეროსიცა და თანატოსიც…
სხვა ამბავია, სხვა ნარატივი ბრინჯაოს კონსისტენცია – ფაქტურა – ტექსტურა და ის ნივთიერი (და ნივთიერებითი) სიმდიდრე, რაიც თან სდევს მასალაში (ბრინჯაოში) ჩამოსხმული ანუ განხორციელებული აღლმას გინა ქანდაკის (როგორც საბა იტყოდა) ონტოლოგიურ სტატუს-კვოს.
რუსუდან გაჩეჩილაძე შეკრული ქანდაკების მაესტროა;
თავის თავში დაუნჯებული ქანდაკი კი, შემკვრივებული, სოლიდიფიცირებული ხატი მოდელისა, მით უფრო მეტ გასაქანს აძლევს, ამ მოდელშივე მოიძიოს მშვინვიერი ფლუიდების ირაციონალური ნაკადი;
ეს უკვე ბუნებით ნაწყალობევი მადლია;
მადლი, რომელიც უმადლო მოდელებსაც საგანგებო პიედესტალზე ამაღლებს…
ხოლო, როდესაც ერთობით მართლაც მისი მსგავსი სულიერი ენერგიით დაყურსულ მოდელებთან, რომელსაც, ცხადია, არაფერი აქვს საერთო „სილამაზის ნიჰილიზმთან“ (ამ ტექსტის შესავალში რომ ვლაპარაკობდი, იმასთან…), „სხვა“ ინსპირაციით იმუხტებით, ალბათ;
და ეს „სხვაობა“ – ესეც პარადოქსია – კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მარტოობისა და ერთადერთობის მისტერიას, ეს ცალუღელა ქალბატონი რომ წარ-მართავს;
წარმართავს შინაგანი სიამაყით, კეთილშობილი მარტოსულობით, ყოფიერებისა და არარას იმ უმშვენიერესი ერთობით, რომელსაც, ცხადია, არაფერი აქვს საერთო „სილამაზის ნიჰილიზმთან“, ამ ტექსტის შესავალში რომ ვლაპარაკობდი, იმასთან…
ალექსანდრ ვვედენსკის აქვს ერთი ლექსი;
ბწკარედულად რომ გარდავთქვა, ასეთი სტრიქონია – ახლა მე ავდგები და უფრო შორს წავალო…
სანამ თვალს მოვატყუებდე, ახლა მეც ავდგები და უფრო შორს წავალ…
თემა კი ამ „შორს წასვლისა“ მარტოობაა;
მარტოობა არსებობისა…
აქტუალური არსებობისა…
ჩემი მოდელი მძაფრად გრძნობს (და განიცდის) მარტოობას…
მარტოობას, როგორც ექსისტენციურ აქტს;
ამ მარტოობითვეა დაღარული მისი მოდელების (resp. კვაზიგმირების) ჰაბიტუსები…
და ეს იმ დროს, როდესაც „ჩვენ“ არასოდეს ვართ მარტონი…
მარტოობის დროსაც კი არ ვართ!
და ესაა ის საერთო ტოპოსი, სადაც ყველანი ერთნი ვართ;
ერთნი და ერთიანნი…
ოღონდ, არა-გა-ერთიანებულნი…
მოქანდაკე მით უფრო უნდა აღიქვამდეს, ხედავდეს, ევიდენტურად გან-იხილავდეს, რომ:
„ჩვენ“ გარემოცულნი ვართ არსებებითა და საგნებით, რომელთა კავშირებსაც, რომელთა მიმართებებსაც მით უფრო ვამყარებთ, მით უფრო ვუჭერთ მხარს…
მხარ-დაჭერა – აი, მოქანდაკის ონტოლოგიური ჟესტი!
მხარ-დაჭერა ხედვით;
მხარ-დაჭერა მზერით;
მხარ-დაჭერა შეხებით;
მხარ-დაჭერა თანაგანცდით;
ბოლოს და ბოლოს, მხარ-დაჭერა ერთობლივი გარჯით…
რუსუდან გაჩეჩილაძისეული მხარ-დაჭერა პორტრეტირებაა…
პორტრეტული მოდელირება (და რემოდელირება)…
და სწორედ ამ პროცესში (შე)ეხება ის სხვას;
სხვის ყოფნას;
ყოფნას და თანა-ყოფნას…
აი, მარტოობის გაზიარების დიდებული აქტი!
და ეს გა-ზიარება მოდელის სკულპტურულ საგნად მო-ქცევის მეოხებით ხდება;
მთელი ეს მიმართებები, მთელი ეს რელაციები გარდამავალ სტადიებად ესახება;
ჩემი მოდელი – მოქანდაკე, პორტრეტირების, როგორც ონტოლოგიური მოდელირების პროცესში, (შე)ეხება საგანს;
და ხედავს სხვას…
თუმცა, ამ აქტის გამოისობით მით უფრო რჩება იმად, რაც არის…
მე ვარ თავად მე!
რუსუდან გაჩეჩილაძეც ამ „თავად მე“-ობის რეპრეზენტანტია;
და რეპრეზენტატორიც…
ჩემი ყოფიერება, ის ფაქტი, რომ მე ვარსებობ, ჩემი აქტ-არსებობა წარმოადგენს რაღაც სავსებით არატრანზიტულს, არაგარდამავალს, არაინტენციონალურს, არა შეფარდებითს…
აი, რას უნდა გრძნობდეს ჩემი მოდელი!
შეიძლება გაიცვალოს ყველაფერი; სუყველაფერი, გარდა ერთისა:
ესაა საკუთარი აქტ-არსებობა!
და იმ ყოფნით, ყოფნის იმ მოდუსით, რითაც მე ვარსებობ, მე ვარ მონადა!
ესე იტყოდა ემანუელ ლევინასი…
რუსუდან გაჩეჩილაძეც, ეს ჩემი მოდელიც, ასეთ მონადას ხედავს თავის მოდელებში…
უფრო სწორედ, ხედავდა!
ლევინასი იმასაც იტყვის;
ჩემი აქტ-არსებობის წყალობით არა მაქვსო არცა კარი და არცა ფანჯარა…
ფიგურალურად თუ ვიტყვი, არც რუსიკო გაჩეჩილაძეს გააჩნია კარი და ფანჯარა…
არ გააჩნია (თუ არ შეინარჩუნა), რადგანაც არ მო-იცავს თავის თავში ისეთ რასმე, რასაც სხვას გადასცემს, ანდა, უკეთესი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რისი გადაცემაც შეუძლია…
ამ გაგებით, იგი პრინციპულად უპოვარი ადამიანია…
ამ გაგებითვეა იგი მარტოხელა…
არადა – ღმერთო ჩემო – ეს ხელი მისი რამდენს შეშურდებოდა!

ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა ჩემი მოდელის საცხოვრისში, სახლ-კარს ძნელად რომ დაარქმევ, ანდა ჩუღურეთშივე, იტალიურ ეზოში სახელდახელოდ შეკოწიწებულ საკუჭნაოში, „სახელოსნოდ“ ანდა მოქანდაკის ატელიედ მარტო ირონიულად თუ მოიხსენიებ, მიხვდება, რომ ამ არაჩვეულებრივი, დიდებული ქალბატონის მარტოობა და უპოვარობა მაშინაც – გაქანებული სოციალიზმის ეპოქაშიც და ახლაც – ველური კაპიტალიზმის ზეობის დამჩვარულ დროშიც – რაოდენ შესაბამისია;

შესაბამისი და რაოდენ შესაბამისია;
შესაბამისი… და კიდევ უფრო ფასეული იმ დიდ ექსისტენციურ ნებასთან შედარებით, საქართველოს უპირველეს მოქანდაკე ქალს და მის შემოქმედებასაც, თუნდაც ჩვენი ბედოვლათობის გამო, სანახევროდ განადგურებულსა და გაპარტახებულს რაღაც სხვა (ისევ „სხვა“!) ღირებულებით რომ ავსებს…
და ესაა კომპენსაცია;
საზღაური მარტოობის იმ დღესასწაულისათვის, რომელსაც თავისი ყოველი პორტრეტის შექმნისას უზიარებდა რუსუდან გაჩეჩილაძე თავის

მოდელებს;

მოდელებს, რომლებსაც ეს დიდი მხატვარი თავისი მარტოობის მადლით, ჰიპოსტაზისთან აზიარებდა…
მათი პორტრეტული მოდელირების აქტი ხომ უძრავი მდგომარეობიდან -სტაზისიდან გადაიქცეოდა ჯერ ექსსტაზისად და მერმე, ჰიპოსტაზისად…
და ისინიც, ალბათ, ხელახლა, ოღონდ, ჰიპოსტაზისის თვისებრიობით გრძნობდნენ მარტოობას;
მარტოობას, არა მხოლოდ როგორც სასოწარკვეთას („ეძიეთ სასოწარკვეთაო“-როგორც მოგვიწოდებდა დოსტოევსკი), არამედ სიმამაცეს, სიამაყესა და დამოუკიდებლობას…
რაც მთავარია – ძალას…
იბსენისეული ნორასი არ იყოს, ძლიერია ის, ვინც მარტოაო…
და ჩემი მოდელიც ძლიერი ადამიანია;
ნებით (და ნებელობით) აღსავსე გმირი;
მოდელიცა და გმირიც…

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7