ეს იყო ქართული ქანდაკების პირველი (და მგონი, უკანასკნელი) ცოცხალი შეხება დიდ მწერალთან;
აწ გარდაცვლილ მწერალთან…
და ეს იყო მოქანდაკე ქალის მიერ გან-ხორციელებული, მოდი, ასე ვთქვათ, პროტო მორტალური, თუნდაც, პროტო თანატოგრაფიული აქტი;
ოთარ ჭილაძის „სიკვდილში წინასწარი შერბების“ აქტი!
მარტინ ჰაიდეგერის ფუნდამენტურ-ონტოლოგიური ესსემა, ამ პორტრეტული სახის წინასწარი დახასიათებისათვის, მგონი, რელევანტური უნდა იყოს.
ალექსანდ პავლოვიჩ პიატიგორსკის უწერია მერაბ მამარდაშვილის ნეკროლოგში, ყველა ქალაქს ჰყავს თავისი ფილოსოფოსიო…
და თავისი მწერალიც უნდა ჰყავდეს ყველა ქალაქს;
თავისი პოეტი…
ალბათ, უცნაურია, მაგრამ თბილისის პოეტი (და არა მგოსანი), პირადად ჩემთვის, ოთარ ჭილაძეა…
ძველი თბილისის კი არა, საერთოდ, თბილისის, როგორც ქალაქის პოეტი…
ქალაქისა, სადაც არცერთი კონკრეტული ტოპოგრაფიული მისამართი არაა მონიშნული.
და მაინც, იგრძნობა, თანაც, როგორი ფენომენოლოგიური მარშრუტით იგრძნობა (და შე-იგრძნობა), თბილისი;
ამ ქალაქში ცხოვრობდა და კვდებოდა ოთარ ჭილაძე…
ქალაქში, რომლის Genius loci-ა შემკვრივებული იმ მარადისობასთან -Aeternitas – ნაზიარევ სახე-ნიღაბში, რომელსაც ოთარ ჭილაძე ჰქვია;
რუსუდან გაჩეჩილაძის გამოძერწილი ოთარ ჭილაძე…
ეს უკვე ოთარ ჭილაძის, როგორც გმირისა და მოდელის, ზომიერად ექსტატირებული და უტრირებული ბიოგრაფიაა…
ამ პორტრეტით ჩვენ ოთარ ჭილაძისაგან, როგორც მარადიული თანამედროვისაგან, უკვე (Sic!)დავალებული ვართ.
მეტიც, ესაა პორტრეტი – სკულპტურული პორტრეტი, როგორც და-ვალება;
და-ვალებაც და ვალის გადახდაც…
ეს „სიკვდილის ეკონომიკის“ სფეროცაა…
და „სიკვდილის ეროტიკისაც“…
მაინც, რითი ვართ ვალ-დებულნი სიკვდილისაგან, ანდა რითი ვართ დავალებულნი გარდა-ცვლილისგან?
ამგვარი ონტოლოგიური ვალ-დებულების, როგორც ერთგვარი ძეგლის-დების, როგორც ასეთის, პრაფორმაა ქანდაკება, სახელდობრ, სკულპტურული პორტრეტი.
გამო-ქანდაკება, მით უფრო, „სხვის“ გამოქანდაკება, წინასწარი პირობით (და პირობითობით) უნდა გულისხმობდეს მისი უდიდებულესობა – სიკვდილის სკულპტურიკას.
აი, ეს ონტოთანატოლოგიური კოდია ჩადებული ოთარ ჭილაძის რუსუდან გაჩეჩილაძისეულ პორტრეტშიც…
დავიხსომოთ თანამედროვის ხატი; მისი მორტალური, ანდა პოსტმორტალური იმაგო!
აი, ექსისტენციური გზავნილი, რომლითაც გვხიბლავს (და გვაოცებს) ეს პორტრეტი;
პორტრეტი – ნიღაბი;
პორტრეტი – ნიშანი…
პორტრეტიცა და პროპორტრეტიც;
პორტრეტიცა და პოსტპორტრეტიც…
პორტრეტი – ანამნეზისიც და პორტრეტი – დიეგეზისიც…
პორტრეტი, სადაც მოდელი არ გმირობს და გმირი არ მოდელობს…
პორტრეტი, სადაც მოდელი გმირობას უძალიანდება;
და გმირი – მოდელობას …
ამ (მეტა)პორტრეტში კიდევ ერთი ნარატივი შეიძლება დავლანდოთ:
სახელდობრ, მოდელი, როგორც პოტენციური მორტალური სუბიექტი, ა(ღა)რაფერს გვთხოვს;
და არათუ ა(ღა)რაფერს აღარ გვთხოვს;
მეტიც, საკუთრივ, არაფერს გვთხოვს…
ა-რა-ფერს!
და ესაა ის ექსისტენციალური გზავნილი, რომლის ონტოლოგიური ძალითაც, ონტოლოგიური ვალენტონიბითაც არის (Sic!) შესაძლებელი მისი დავიწყება.
დიახ, მიცვალებულის საფუძვლიანი სათხოვარია, დავიწყებულ იქნეს…
თითქოსდა, ყველაფერს ისე და იმგვარად აკეთებს, რომ დაივიწყონ ის!
დავიწყების სუბიექტად აქციონ…
დავიწყების სუბიექტად და… სიყვარულის ობიექტად…
ამიტომაც იტყვის აგამბენი, შესაძლოა, მიცვალებული – სიყვარულის ყველაზე მომთხოვნი ობიექტიაო;
ეროტიკული და თანატოლოგიური ობიექტი, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ, ყველანი, უმწეონი ვართ;
უმწეონი და არა – აღმასრულებელნი… იქნებ, ამიტომაც გვირჩევნია, დავივიწყოთ ის!
გავექცეთ…
მაგრამ სად, სად გავექცეთ?!
აი, ასე აქცია, გაუ-თვალის-წინებლად გაითვალისწინა რუსუდან გაჩეცილაძემ – ჩემმა გმირმა და მოდელმა – ოთარ ჭილაძის ფიზიოგნომიკურ სახეში ონტურ-ონტოლოგიური ნარატივი;
ნარატივი, რაღაც „უძრახავი ზრახვით“, როგორც არტისტული ფენომენოლოგიური ინტენციონალობით რომაა გამო-ვლენილი…
და ეს „უძრახავი ზრახვა“, როგორც ოქსიმორონიც, ის (ა)რიტორიკული ფიგურაა, ესოდენ თავშეკავებული Gestusi-თ რომ აძერწინებს მოქანდაკე ქალს…
ძერწვა, როგორც პლასტიკური დისკურსი, იმთავითვეა ნაზიარევი საკუთრივ Sculpo-სთან::
გამო-ქანდაკებასთან…
ინერტულ მასასთან – გარედან შიგნით და შიგნიდან – გარეთ კოორდინირებული ოპერაციისაგან…
ჩემი გმირი (და მოდელი), უწინარეს ყოვლისა, თავს ძერწდა მერე, თანდათანობით მიეალება პირი-სახეს;
პირი-სახეს, როგორც მოდელის ონტომიმეტური ნიშნების ქარაქტეროლოგიურ ბაზისს…
პარალელურად იწყება მუშაობა სახის, როგორც გარკვეული და ევიდენტური, ცხადი ნაკვთური ნიშნების ანსამბლზე…
ნაკვთი სახსარი არაა…
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი (და იქნებ, ორი და სამი) შეხედვით…
პორტრეტული კომ-პოზიციონირება, დიახაც, და-ნაკვთულ დასახსვრას ითვალისწინებს!
ეს გა-თვალის -წინება კი, თავის მხრივ, პორტრეტულ წინა-დადებად უნდა გვე-სახებოდეს…
რუსუდან გაჩეჩილაძის ყოველი პორტრეტი – ამგვარი სკულპტო-პლასტიკური პრო-პოზიციაა;
პორტრეტული წინა-დადებაა;
ასეთი „წინა-დადება“, თანაც პოეტოლოგიურად მოდელირებული პროპოზიციაა ოთარ ჭილაძის პორტრეტიც…
ძნელია, და გარკვეული გაგებით, წარმოუდგენელიც, იმ ლილინალური ველის განსაზღვრა, სადაც უკვე შესამჩნევი იქნებოდა, თუ სად დაეტყო მასებისა თუ მოცულობების ინტენდირებულ ველს საკუთრივ, მოდელის – ოთარ ჭილაძის ჯერ ფიზიოგნომიკური და მერმე, სახასიათო ნიშნები…
სად, რომელ მომენტში დაიწყო ჩამოყალიბება სკულპტურულ-ლინგვისტურ უზუსთა ბლოკმა…
როგორ ჩა-ისახა მთელი ეს, როგორც ალექსანდრ ვეიდლე იტყოდა, „პოეტური ემბრიოლოგია“;
როდის გადაიზარდა ნაკვთების „წყებათა წყება“ სკულპტურულად ლოგიკურ (თუ მეტალოგიკურ) სიმწყობრედ;
ერთი-მეორეზე გათვლილ ინფერენციებად…
მთავარი და არსებითი მაინც ისაა, რომ მოქანდაკე (ქალიო – აღარ ვამბობ!) მოდელის პირი-სახეში ეძებს ნიშნებს;

ნიშნებს, როგორც ინფერენციათა სტიმულატორებს;

სხვა სიტყვებით: ნაკვთებს, როგორც ნიშნებს (პირი)სახის სტრუქტურაში უკავიათ პირობის ადგილი; პირობის (P)ტოპოსი; აღნიშნული-Q, კი თვალსა და ხელს შუა უსხლტება მოქანდაკეს…

და ეს პროცესი, დასხლტომის ეს ცეზურები, თავად აყალიბებენ მოდელთან მსგავსებისა და განსხვავების ინტერვალს…
ინტერვალს, როგორც მიმეზისურისა და ანტიმიმეზისურის იმ პოეტურ იმტეგრალს, გამუდმებით რომ კუმშავს და აფართოვებს პორტრეტული ხატის, პორტრეტული იმაგოს შინა-არსს და სულ უფრო მზარდი ნაკადით განსაზღვრავენ აღმნიშვნელისა და აღნიშნულის რელაციებს…
ასე უსწორებს თვალს პორტრეტი – მოდელს …
ასე წარმოგვიდგება პორტრეტირება სემიოზისად ანუ მნიშვნელობის კონსტიტუირების პროცესად…
და ეს პროცესი, „ეკოლოგიურად“ (ანუ უმბერტო ეკოს კვალობაზე), თავისი ბუნებით, ინფერენციას წარმოადგენს;
ინფერენციის რეპრეზენტაციაა…
მეორე მხრივ, რუსუდან გაჩეჩილაძის პორტრეტულ სემიოზისში ნიშანი, როგორც ასეთი, ერთგვარი კონტაქტის კვალია;
კვალია შეხების… კვალია შე(ც)ხების…
კვალი, რომელიც თავის ფორმაში, მისი და-მტოვებლის შესახებ შე-იცავს გარკვეულ ინფორმაციას.
ამ კონტექსტში თავს იჩენს რუსუდანის, როგორც შუამდინარეთისა თუ ძველი ეგვიპტის საქანდაკო დისკურსის ნიშნები;

 

1 2 3 4 5 6 7