***

ბიოგრაფია ჩვენ თვალწინ გახდა თანამედროვე ხელოვნების საგანი;
თემა კი არა, საგანი…
ამასობაში, მხატვარიც, უფრო ფართოდ – არტისტი, თავად ხდება საკუთარი ბედის მჭედელი.
ბიოგრაფია, როგორც ასეთი, ლამისაა, დამოუკიდებლად განიხილება, როგორც ხელოვნების ნაწარმოები;
და პირიქით: ავანსცენაზე გამოჩნდნენ ინდივიდები, საკუთარი ბედით თამაშს რომ გვაცქერინებენ…
და ჩვენც, შევციცინებთ, როგორც „მხატვრებს“…
ერთხელ, ცხონებულმა ფარნაოზ ლაპიაშვილმა, ელენე ახვლედიანის მიმართ სიმპათია რომ გამოვხატე, გაფიცხებულმა შემომიტია – შენგან არ მიკვირს, ელიჩკა რა მხატვარი იყო, ეგ ხომ მხატვარს თამაშობდაო?!
არადა, ერთი ანახა ბატონ ფარნას, დღეს რა ჯურის ხალხი თამაშობს მხატვრობანას!
მახლას, „მხატვრობანა“ დიაცებს უფრო შეშვენით…
აი, ჩემს მოდელს კი – რუსუდან გაჩეჩილაძეს – არასოდეს უცდია ამ როლის მორგება…
ახლა ხომ, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა…
ინსტიტუციონალობამ გაიყოლია ძველი საბჭოთა ხელოვნების რიტუალებიცა და ინიციაციებიც;
ინიციაციები, თანაბრად რომ „მუშაობდა“ ოფიციალურ კულტურაშიც და არტისტულ ანდერგრაუნდშიც…
სულაც არ მინდა, ახლა (როცა უკვე გვიანაა) შევუქმნათ რუსუდან გაჩეჩილაძეს ბიოგრაფია…
პირიქით, საქმე – „ბიოგრაფირებიგან დაცვაა“!
ბიოგრაფია ხომ, ყოველდღიურ პლანში, კლავს მხატვარს!
თუმცა, მავანნი სწორედ ამ ემპირიული ბიოგრაფიით იხანგრძლივებენ სიცოცხლეს…
რუსუდან გაჩეჩილაძეს, ამ გაგებით, ერთობ მწირი ბიოგრაფია აქვს.
საავტორო ბიოგრაფია – კი ბატონო!
ბოლოს და ბოლოს, მხატვრის ისტორია რომელიმე არტისტული დისკურსის პოტენციური რესურსების ფლობაა!
რა ვუყოთ, რომ მისი ყოველდღიური ბიოგრაფიული ნაბიჯები არ ყოფილა დატვირთული საგანგებო სიმბოლური კონოტაციებით;
ლეგენდებით, ავტომითებით…
„იფიქრე გლობალურად, აკეთე ლოკალურად“…
და ჩემი მოდელიც, თითქოსდა, ამ ლოზუნგს (ახლა სლოგანს რომ ვეძახით) მისდევდა;
თავიდანვე მცირე პლასტიკა არგუნა ბედმა…
კარიერული მონუმენტალისტის ბიოგრაფიაზე ვერც იოცნებებდა;
ყველა კვოტა შევსებული დახვდა!
ხელისუფლების მოქანდაკე ვერ გახდებოდა;
და ვერც მოქანდაკის ხელისუფლებას წაეპოტინებოდა…
კონიუნქტურულობაც და უპრინციპობაც მის ნატურას ვერ უთავსდებოდა;
არადა, ხშირ შემთხვევაში, მის ანგაჟირებულ კოლეგებს, ოსტატობასაც რომ ვერ დაუწუნებდი, ეგაა საქმე!
მოკლედ, რუსუდან გაჩეჩილაძის ბიოგრაფიული პროექტი ვერც ოფიციოზმა ჩაიფიქრა (უბრალოდ, აღარ ჭირდებოდა!) და არც უნიჭიერეს მხატვარ ქალს აღმოაჩნდა საკუთარი არტისტული „გმირობის“ მანიფესტაციისათვის საჭირო ინტენციები.
ყველაფერი თავის პროფესიულ (და არა ოდენ, პროფესიულ) ეთიკას შესწირა!
„გმირი“ ახლა შეიძლება გახდეს;
გმირიც და ავტორიც…
სა-ინტერ-ეს(ე)ო გმირი და სა-ინტერ-ეს(ე)ო ავტორი…
დავუშვათ, რომ მხატვრის ოპუსი იმ შემთხვევაშია საინტერესო, როცა ის საინტერესო პიროვნების მიერაა შექმნილი .
მაგრამ სადაა ეს პიროვნება?
პიროვნება რახანია ნიღაბმა შეცვალა!
უფრო ზუსტად, შეგვრჩა იდენტობა;
იდენტობა – პიროვნების ნაცვლად…
სიყვარული ყველას უნდაო;
და ყველას უნდა აღიარებაც…
ეს აღიარება კი, ეგელისა არ იყოს, იმდენადმ ნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომ მზადაა, სასწორის პინაზეც კი შეაგდოს თავისი ბედი.
უბრალო თავმოყვარეობაზე კი არა, საზოგადოების აღიარებაზეა ლაპარაკი;
საზოგადოებისა, რომელიც იძლევა სანქციას, აღიარებული იყო, როგორც პიროვნება;
როგორც პერსონა…
ნიშანდობლივია, რომ თავდაპირველად სიტყვა persona „ნიღაბს“ აღნიშნავდა;
ამ ნიღბის წყალობითვე მოიპოვებდა ინდივიდი თავის როლს საზოგადოებაში;
და ამ ნიღბითვე აცნობიერებდა თავის სოციალურ იდენტობას…
ძველ რომში თითოეული ადამიანის პიროვნება მის სახელთან იგივდებოდა;
სახელთან, თავის მხრივ, კონკრეტული გვარისადმი მის მიკუთვნებულობას რომ გამოხატავდა…
აი, ამ გვარს კი, განსაზღვრავდა წინაპრის ცვილის ნიღაბი, ყოველი პატრიციანული ოჯახი სახლის ატრიუმში რომ ი-ნახავდა…
ასე გარდაისახება persona – „ნიღბად“;
და ასე მოიპოვებს ადამიანი ადგილს საზოგადოებრივი ცხოვრების რიტუალებსა და დრამებში…
ცოტა ხანიც და persona უკვე სამართალუნარიანი და პოლიტიკურად ღირსეული ადამიანის სინონიმი გახდება.
აი, მონას კი არც წინაპრები ჰყავს და არც მათი ნიღბები მოეპოვება;
არც სახელები ახსოვს მათი…
და ამდენადვე, არ აბადია „პიროვნება“;
Servus non habet personam!
უფლება არა აქვს, იწოდებოდეს „პიროვნებად“…
ასეა, „პიროვნება“- ესაა უფლება;
აღიარებისთვის ბრძოლაც – ნიღბისათვის ბრძოლაა;
მით უფრო, რომ ნიღაბი შეესაბამება Persona-ს…
და ინდივიდის მიღმა სწორედ ეს პიროვნება უნდა აღიაროს საზოგადოებამ;
ანდა, პერსონაჟი, რომელსაც საზოგადოება ქმნის ინდივიდისგან… თუნდაც თავისი უსიტყვო თანხმობით…
ჩემმა მოდელმა, თითქოსდა, ამ დიქოტომიის – „პიროვნება-ნიღაბი“ -თემატიზება სცადა თავის პორტრეტებში;
და „ზნეობრივი ადამიანის“ პლასტიკური მოდელირებაც სცადა…
ამასთან, ორმაგად გაამძაფრა ხსენებული დიქოტომია;
ორმაგად გამუხტა დაძაბულობის ველი პიროვნებასა და ნიღაბს შორის;
ისე რომ, გარკვეულწილად, უარიც თქვა მსგავსების ფენომენზე…
პიროვნების მიმეტური ნიშნები შესწირა ნიღაბს და ხშირ შემთხვევაში, მოდელს, როგორც აქტიორს, არჩევანის უფლებაც არ დაუტოვა, ეთამაშა ჩვეული როლი.
ამ მხრივ რუსუდან გაჩეჩილაძე არაჩვეულებრივი რეჟისორიცაა;
რეჟისორი, რომელიც თავად ურჩევს თავის მოდელს ახალ როლს…
ასეთ „როლში“ გვესახებიან მოქანდაკის თანამედროვენი, რომელთა სახელებიცაა :
ანეტა;
თათა;
დინარა;
რეზო;
მამუკა;
მურთაზი;
გია;
აგრაფინა…
ყოველი მათგანი, თითქოსდა, საკუთარ ჰაბიტუსს შესცქერის;
რეალური, ემპირიული ფიზიონომიის პირისპირ შთომილი უყურებს თავისივე alter ego-ს…
ზოგიც, „კარატისტის“ მსგავსად, პლინტუსიდან წამოწეულა და ასე ლამობს იდენტობის ხელახალ მოპოვებას, ჩვეულ სახეში დაბრუნებას;
და მით უფრო ძნელდება მათი portrait parle-ს დაწერა…
არის მათ სკულპტურულ დუბლიკატებში რაღაც დამნაშავის იმიჯი!
და მათი პორტრეტული მოდელირებაც ერთგვარ პენიტენციალურ რეჟიმში მომწყვდევაა თითქოს…
მთელი დრამატული ნარატივია:
თუ როგორ გაურბიან ერთურთს მოდელის გარეგანი ნიშნები – შინაგანს…
მშვინვიერი ხატი – მენტალურ ხატს…
მერე, როგორ ზავდებიან ხედვა და მზერა;
კონტემპლაცია და პენეტრაცია…
იმავე ოთარ ჭილაძის პორტრეტში მთელი ეს აცდენები თვალებისა პირის ჰორიზონტალის ასიმეტრიითაა გამოვლენილი;
და თუნდაც, ქანდაკების – პლინტუსისგან დაშორებით…
სადღეისოდ, ამ ოპუსის თავდაპირველი სახის წარმოდგენაღა თუა შესალებელი;
და არა მხოლოდ ამ ოპუსისა…
რუსუდან გაჩეჩილაძის ნამუშევართა ორიგინალების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ განადგურდა?!
უკეთეს შემთხვევაში, (გა)დარჩა მათი თაბაშირის ვარიანტები…
და თუმცა, თაბაშირი ბრინჯაოს სუროგატია, ეს ვარიანტები მაინც ატარებენ იმ ძირეულ ესთეტიკურ „DNM”-ს, რომელიც თუნდაც, აპროქსიმაციულად გაგვახსენებს ამ არტეფაქტების აუთენტურ საწყისს;
ნამდვილობის აურატულ გარსთან მოგვაახლებენ;
იმ ნამდვილობისა, რომელიც ქართული ქანდაკების იმაგინაციურ მუზეუმში, თავის ადგილს ასე, „უადგილოდაც“ რომ მოიზომავს.
რუსუდან გაჩეჩილაძის ნამუშევართა დრამატული ბედისწერა თავისებურად ეხმაურება ადორნოსეულ ერთ თეზას;
სახელდობრ: იდეოლოგიური, (და)მტკიცებადი, აფირმატული საწყისი, ხელოვნების შემდგარი ნაწარმოების ცნებას რომ გამოხატავს, იმ გარემოებით კორექტირდება, რომ რომ სრულყოფილი ნაწარმოები, როგორც ასეთი, არც არსებობს.
ამ შემთხვევაში იდეოლოგიის ნგრევამაც შეიწირა ეს დეიდეოლოგიზებული ოპუსები;
და შემოგვიტოვა მათი მიახლოებითი, აპროქსიმაციული სუროგატები…
რაღაც ბუნებრივად, სტიქიურად მოხდა მათი ლიკვიდაცია…
თითქოსდა, უკანონო შვილებივით, დღემოკლე აღმოჩნდა მათი სიცოცხლე!
სამაგიეროდ, გაჩნდა შესაძლებლობა, შექმნილიყო ლეგენდა…
დადგა დრო, როცა ნამუშევრებს, ოფიციოზი ფორმალურად რომ აღიქვამდა, უბრუნდება ნამდვილი შინაარსი;
და ფორმის ეს დიალექტიკა განაპირობებს, ამ გადასახედიდან განაპირობებს მათ სიღრმეს…
ამ სიღრმის, როგორც კონცეპტის გარეშე, მათი ფორმა, მართლაცდა, ობივატელურად ბანალურ-ცარიელ თამაშად თუ დარჩებოდა…
ლიკვიდაციამ შესძინა ამ ა(ღ)არსებულ არტეფაქტებს ხელახალი კულტურული კონტექსტი და პარადოქსული ობიექტების სახით წარმოგვიდგინა.
ეს სულ სხვა სიღრმეა;
განსხვავებული იმ სიღრმისაგან, რასაც გულისხმობს უფსკრული სუბიექტურ განცდებსა და გან-წყობილებებს შორის, ამ ნამუშევრებში რომ თამაშდებოდა…
პირიქით, სიღრმე, როგორც ამ ნამუშევართა (და არა ქმნილებათა) ობიექტური კატეგორია, დიახაც, მათი ა(ღ)რარსებობიდან გამოჩნდა;
ა(ღ)არსებობის სიმაღლიდან ვხედავთ იმავე ოთარ ჭილაძესაც;
ოთარ ჭილაძეს, როგორც ავტორს, გმირსა და მოდელს…

 

 

1 2 3 4 5 6 7