***

ინტრაცეპცია, თვითრეფლექსია, გონიერი წინდახედულება შვენის ჩემს მოდელსა…
თავად შეიქმნა შიშველი მოდერნულობისაგან დამცავი აპკი;
თავად გამოიგონა თვითკმარი ესთეზიოლოგიური კონტრაცეპტივები…
მარტოხელამ და ცელებატმა დაუწესა თავის თავს ლიმიტირებული განცდის საზღვრები…
მის ტექნეში, ერთი შეხედვით, არაფერია ამბივალენტური;
თითქოსდა, არც არაფერია იმგვარი, რაც გარკვეულობის, სიცხადის, ევიდენტობის წრედიდან ამორთავდა…
ადამიანს დასტრიალებს მისი ხედვა;
ხედვა როგორც ხელის ნება…
და ეს ნებაა სათავე იმ გაორებულობისა, რომელიც პრინციპად არასოდეს უქცევია.
ადამიანი არის ის, რაც არ არის; და ადამიანი არ არის ის, რაც არის…
ჟან-პოლ სარტრის ეს თეზისი გამოდგება მისი, ასე ვთქვათ, ექსისტენციალური ტექნეს ქვაკუთხედად!
ეს – მისი ცდაცაა და გამოცდილებაც…
თავისწილ არც მიმეტურობისთვის დაუდევს ტაბუ;
ალბათ, გრძნობდა, რომ მიმეტურობის ტაბუს უკან, ადორნოს თქმისა არ იყოს, სექსუალური ტაბუა ატუზული…
და ხელოვნებაც ჰიგიენური ხდება!
ჩემი მოდელი არასოდეს შემჩნეულა ესთეტიკურ ცელებატობაში;
და არც ფსიქოლოგიზმით გატაცებებში შეიძლება მისი მხილება…
აბსტრაქტული სუბიექტურობა უმწიფარი ონტოლოგიური ხედვის სამხილია ხოლმე…
შინაგანი განწყობილებისგანაც შორს უჭირავს თავი ჩემს მოდელსა…
სული, სულიერება და მისთანანი მისთვისაც გამოტირებული სიმულაციები უნდა იყოს…
ვალტერ ბენიამინისეულად, სული – მათ შორის, ბენიამინის სულიც, თავისთავში უნდა დარჩეს;
თავის თავში უნდა დაიბუდოს;
თავის თავში უნდა განმხოლოვდეს, რათა შესაძლებლობა მიეცეს, თავის-თავშივე უარყოს იგი…
გამოხატვის ამ აპორიებს გრძნობს რუსუდან გაჩეჩილაძეც;
ესთეტიკურად ემიჯნება პრაგმატულ რეალობასაც და ილუზორულ ქიმერებსაც;
მიმეტურ მომენტებს გარედან თრგუნავს;
რაღაც, როგორც აკაკი იტყოდა, „გარეგანი ფრინველივით“ დაქრის შინაგანი ადამიანის სივრცეში…
და გაგარევებული ესთეტიკური ზე-მეს მეოხებითვე აჭრის ზედმეტ ფრთებს თავის წარმოსახვას;
ოღონდ, ამ მიმეტურ საწყისს, როგორც ჰეგელი იტყოდა, „მოხსნის და შემოინახავს“;
შემოინახავს მანამ, სანამ ახალ კონფრონტაციაში არ შევა თავის ანტიპოდთან;
მოდელთან, როგორც „სხვასთან“…
და ამ ანტიპოდს არ მოუნახავს მიმეტურობისა და ანტიმიმეტურობის ლიმინალობის ველზე ხელახლა მოძიებულ მენტალურ ნიღაბს;
ობიექტივაციის სახელით აღვლენილ სულიერ იმიჯს…
ხილულობა გამო-ხატვაში – აი, ამ ესთეტიკური პოზიციის მთელი დვრიტა!
გამოხატული ხილულობა, როგორც სახის ექსპრესიული ფუნქციის ინტენსიური მოდელირება და ექსტენსიური რემოდელირება;
პირველად და მეორად მამოდელირებელ ფუნქციათა ჩანაცვლება;
გამოხატვა, როგორც ხილულობის მოკლება და ხილულობა, როგორც გამოხატვის სიჭარბე…
ესაა ესთეტიკური ხედვაც;
და გამოხატვის აპორეტიკაც…
ყოველივე ამას საფუძვლად უდევს ხატვის უნარი;
ცოდნაც და უნარიც ხატვისა, ფორმის მოდელირებასაც რომ გულისხმობს და მოდულირებასაც…
რუსუდან გაჩეჩილაძეს ასეთი ნახატები, როგორც მისი ნაცადი მეგობარი – ნახატის უებრო მაესტრო, გივი კასრაძე იტყვის ხოლმე, სოლფეჯიოები უხვად აქვს შემონახული…
ესაა ვირტუალურ ქანდაკთა თითქმის უტოპიური პროექტები;
ვირტუოზული ეგზერსისები, რაღაცით პორტუგალიელი ალმადა ნეგრეიროსის ოპუსებს რომ მაგონებს…

 

 

***

რუსუდან გაჩეჩილაძე ახლა უფრო გრძნობს ასაკს;
თავისი მოდელების ასაკს…
სიჭაბუკის პოიეზისსაც, შე-მოქმედ სიმწიფესაც და სიბერის დრამატულ ამბივალენტობასაც სხვაგვარად გრძნობს;
და ეტყობა, იმასაც განიცდის, რომ ესთეტიკური სუბიექტურობის სუბიექტი თავისთავად, სუსტია, მყიფე;
მიუსაფარი…
სუბიექტი მხოლოდ მაშინ იქცევა ხელოვნების ნაწარმოების ესენციად, როცა მას წინ აღუდგება;
აუჯანყდება, როგორც სხვას…
წმიდა სხვას…
და ამ სხვაგვარობას, კომპენსაციის წესით, თავად საქმის არსს ჩაუნაცვლებს…
საქმის არსს, როგორც ხელოვნების საგანს…
ამ – ხელოვნების საგანს უმცირესობა ქმნის;
არტისტული უმცირესობა…
და ისინი ამთლიანებენ ავტორს, გმირსა და მოდელს…

1 2 3 4 5 6 7