***

რუსუდან გაჩეჩილაძისეული პორტრეტის მატერია ერთგვარი კვაზი-(პირი)სახითაა წარმოდგენილი;
ეს – უწინარეს ყოვლისა, ნეიტრალური სტიქიაა, პერცეპტუალური და ხატოვანი ცნობიერების მეტადონეებზე თანაბარი წარმატებით რომ შეიძლება ფუნქციობდეს.
და მაინც, ესაა ინდიფერენტობა, რომლის ადგილიც საკუთრივ თეორიაშია;
აი, პრაგმატულად კი, პორტრეტის მატერიის კვაზი – (პირი)სახოვანი ესენცია დაკვირვებისათვის ხელ-მისაწვდომი ობიექტია;
თანაც, ის ნიშან-თვისებანი, რომელთაც მე ვამჩნევ, ჩემ თვალ-წინ არსებულ ობიექტს კი არა, საკუთრივ ქანდაკებას მიემართება…
ამიერიდან საქმე გვაქვს ქანდაკების ზედაპირის პროექციასთან;
პროექციასთან – ნამდვილ ოთარ ჭილაძესა ან ბესიკ ხარანაულზე…
ესაა მკვეთრად ინვიდუალიზებული ობიექტები;
უნიკალური ობიექტები – დროსა და სივრცეში…
გარკვეული გაგებით, ობიექტი-პარადოქსები…
მათი კვაზი(პირი) სახეების ნიშნები განუცხოებული ინდივიდუალურობით გვეძლევიან;
მით უფრო, რომ ეს ინდივიდუალურობა საკუთრივ პერცეპტუალური ცნობიერებით აღიქმება…
აღქმიდან – ხატში გადა-ზრდისას კი პორტრეტის მატერიაც იზრდება;
ასე ვთქვათ, ონტიურ-ონტოლოგიურ ზომა-წონაში მატულობს;
და ჩვენც ვამბობთ – დიახ, ის სწორედ ასე იღიმება;
ბერძნული არქაიკის კორას იმპერსონალური ღიმილი ჩემი „მოდელის მოდელის“- თათას ინდივიდუალურ ღიმილად წარმოგვიდგება;
მეტიც, ინდივიდუალურ ღიმილთა სიმრავლედ …
და ესეც ქანდაკების მატერიის რეპრეზენტაციული თვისებათაგანია!
ემანუელ ლევინასი წერს, რომ ქალურის არსებობის მოდუსი – ესაა თავის მალვა;
და ეს მალვა სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართულებაო…
მალვა – ერთგვარი საიდუმლოა;
საიდუმლოს ფლობაა…
და ეს საიდუმლო – სხვისობაშია;
და გან-სხვა-ვებულობაში…
ჩემი მოდელიც გან-სხვა-ვებულად მიემართება სხვის სხვისობას;
მი-ემართება (და ემართლება), როგორც საიდუმლოს…
და როგორც სიკვდილში, ამგვარ საიდუმლოშიც, არსებულთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ სხვის მოვლენასთან;
მო-ვლენასთან, როგორც გა-უცხო-ებასთან და გან-სხვა-ვებასთან…
აი, ასეთ ალტეროლოგიურ გრაფიკს უნდა მისდევდეს ჩემი მოდელის ნამუშევართა ფენომენოლოგიური სტრუქტურა!
უცნაურია, მაგრამ აქ თავისუფლების ადგილი აღარც გვეგულება;
ამგვარი პორტრეტების პარადოქს-ობიექტობაც ის უნდა იყოს, რომ აქ მოდელს თავის უფლება, თავად ყოფნის უფლებაღა აქვთ შემოტოვებული…
ასე პარადოქსულადვე ერითმებიან „თავისუფლება“ და „თავის უფლება“…
ამათგან, ერთ-ერთი „თავისუფლება“ უნდა შეეწიროს …
ერთ-ერთმა უნდა დათმოს…
აი, იწერება ეს ტექსტი და, ჩემი მოდელიც, სულ უფრო და უფრო, „სხვა“ ხდება ჩემთის;
კაცმა რომ თქვას, მეც ეგ არ მინდა; მეც ეგ არა მწადია?!
და მგონი, მასაც იგივე ინტენცია ამოძრავებს;
იგივე გან-ზრახვა…
ოღონდ, მალავს;
მალავს, როგორც ხვაშიადს…
ქანდაკების ტექნე მისთვის სხვის მოპოვებაა;
სხვის რეწვა;
და სხვის ძერწვა…
მაინცდამაინც, გამო-ქანდაკება კი არა, არამედ „რაღაც სხვა“!
ქალურის ტრანსცენდენცია იმაშია, სადღაც სხვაგან წავიდესო…
„სადღაც სხვა-გან“!
ეს „სხვა-გან-ყოფნა“ – რუსუდან გაჩეჩილაძისეულ პორტრეტულ მოდელთა ქრონოტოპოლოგიურ მოდუსადაც ყალიბდება;
მერე კი, ისე გამოტეხს ამ ყალიბს და იწყებს ფორმასთან ლაციცს;
მო-ფერებას…
მოფერება – სუბიექტად ყოფნის საშუალებააო…
მოფერებით ველაციცებით კანის ხავერდოვნებას;
მოფერებით ვგრძნობთ ხელისგულის სიტფოს…
ვგრძნობთ მაშინ, როცა ვეხებით…
და მოქანდაკისთვისაც ეს მოფერება, ესოდენ სათუთიც და საჭოჭმანოც, რაღაც
იმთავითვე უცნობთან, იმთავითვე უცოდინართან, იმთავითვე გაურკვეველთან შეხების ტოლფასია, ალბათ…
რაღაც დამალულთან წათამაშებას წააგავს;
„დამალობანას“ მაგვარ თამაშს…
ყოველგვარი მიზნის გარეშე თამაშს…
თამაშს, როდესაც არ იცი (და არც გინდა, იცოდე), თუ როგორი დასასრული მოგელის…
ერთი ხომ იცი – გელოდება მოლოდინი…
თავად მოლოდინს ელი;
და ეს მოლოდინია მოფერება!
წმიდა მომავლის მოლოდინია;
მომავლისა – შინაარსის გარეშე…
აი, ასეთი უშინაარსო მომავლის რეპრეზენტანტებად გამოდგებიან რუსუდან გაჩეჩილაძის მოდელებიც…
ჩვენ არ ვიცით და არც გვაინტერესებს ამ მოლოდინის ლიბიდოზური სარჩული;
ერთი კი ვიცით;
ხელის სიტფო და ალერსი, და არა გახელებული პასიონები, ამ ქანდაკთაგან რომ იღვრება, მომავლის, თანაც არყოფილი (თუ უარყოფილი) მომავლის გზავნილებია…
ეროსით გამსჭვალული ფორმებია;
მო-საკითხებია, რომელთაც ოდესმე მაინც გამოუჩნდება ადრესატი…
და იქნებ, ესაა ქანდაკების ხელოვნების ენიგმა;
იდუმალი საზრისი ყოველგვარი შინაარსისაგან დაწმენდილი ფორმისა;
პრინციპულად უადგილო ფორმისა…
ფორმისა, რომელიც შერთვას, შერწყმას, შე-თავსებას კი არა, გათიშვას, განწვალებას უფრო უნდა აღნიშნავდეს…
მდგომარეობას, როდესაც სხვა, როგორც ასეთი, აღარ არის;
აღარ იმყოფება;
აღარ გვეგულება…
არყოფნა, როგორც წმიდა არარა;
არყოფნა – მომავლის ჰორიზონტზე;
არყოფნა – სახელად დრო!

 

 

1 2 3 4 5 6 7