– ჟურნალმა „ძინ-ძინმა“თანამშრომლობა შემოგვთავაზა! – თქვა ამაყად ოთახში სწრაფი   ნაბიჯით შემოსულმა რეზიმ და პრიალა ჟურნალი მაგიდაზე დააგდო. მკერდმოშიშვლებული და ტუჩხალიანი გოგონა მიამიტად იყურებოდა ჟურნალის გარეკანიდან. – რაც მეტი კმაყოფილი კლიენტი გვეყოლება, მით მალე გაგვიცნობენ! – დაამატა იქვე ქოშინით.

– იზაურას პროცესი მოვიგეთ… – ჩაილუღლუღა ბენიმ და შეეცადა ტუჩხალიანი ფოტომოდელიდან ყურადღება წიგნების თაროზე გადაეტანა, სადაც ლამის ყველანაირი იურიდიული ლიტერატურა ეწყო – დაწყებული საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით, დასრულებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.

– უამრავი მკითხველი ნახავს!პუბლიკაციებს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ლოგო და სახელწოდება დაამშვენებს! -აღტაცებით განაგრძო რეზიმ.

-იურიდიული კონსულტაცია მაგათ რა ჯანდაბად უნდათ? – იკითხა ეჭვნარევი ხმით სანდრომ.

– ჟურნალის კითხვა-პასუხის რუბრიკაში ხშირად შემოდისო იურიდიული შინაარსის შეკითხვებიო. ხვალ უკვე მეილზე გვექნება და ჩავუსხდეთ. – უპასუხა რეზიმ და ბენის მხიარულად გახედა:

– იზაურა თვაურის პროცესი მოვიგეთო?

– კი.

– ეგ უნდა აღინიშნოს აუცილებლად! – რეზიმ სამუშაო მაგიდაზე მდგარი ელექტრო-ჩაიდანი ჩართო.

– მორჩა ყავა. – უხალისოდ უპასუხა  ბენიმ.

რეზიმ ჯერ სანდროს გადახედა და მერე ბენის.

– რა მოხდა, კიმაგრამ? რატომ ვართ მოწყენილები? – შეკრა იქვე შუბლი.

ოთახში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

-რატომ და სასამართლომ იზაურა გარდაცვლილი ალექსანდრეს ცოლად და მემკვიდრედ რომ აღიარა, ამაზე კანონიერი შვილები გაცოფდნენ…- დაიწყო ბენიმ. -პროცესის მერე კიბეზე დაგვხვდნენ და მაგრად დაგვიძაბეს.

-მერე?

-ფინანსური პოლიციის რაღაცა ვარო და მთელ ანგარიშებს გადაგიქექავთო! გაგაქრობთო! იზაურა მამაჩვენის საყვარელი იყოო და არანაირი გაგებით წილი არ ეკუთვნისო… – დაასრულა  სანდრომ მოწყენილი ხმით.

რეზი ცოტა ხნით დადუმდა და შემდეგ ისევ მოცოცხლდა:

-რა განერვიულებთ მერე? რომელიმეს გვაქვს საბანკო ანგარიში?

-არა! – ერთხმად უპასუხეს ბიჭებმა.

-არასამთავრობო ორგანიზაციას რამე შემოსავალი ოდესმე ჰქონია?

-არა! -ხელები სინქრონულად გაიქნიეს ბენიმ და სანდრომ უარის ნიშნად.

-ჰოდა, გვამოწმოს რამდენიც უნდა, მაგის კანონიერი დედაც!.. – თქვა რეზიმ და საკუთარ მაგიდასთან ჩამოჯდა.

 

***

არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრებმა პროფესიასთან ადაპტაციის მიზნით დამამთავრებელ კურსზე შექმნეს. საქმიანობა მოიცავდა ყველანაირ იურიდიულ დახმარებას ნებისმიერი პირისთვის.

როგორც რეზი ამბობდა: „თავიდან ხელი ყველაფერს უნდა მოვკიდოთ, ყველას უნდა დავეხმაროთ და წარმატებაც თავისით მოვა!“

ოფისი ქალაქის საუნივერსიტეტო უბანში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის დახმარებით მიიღეს, რომელსაც ახალგაზრდული ფრთა საერთოდ არ გააჩნდა, მეოცეს ოციანების  მერე არც რამე სხვა ღირებული აქტივი შეექმნა და ეს საოფისე შენობაც მემკვიდრეობით რგებოდა იზაურა თვაურივით.

არაფრის მაჟორიტარი, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი ლედი თევზაძე, რომელიც ამავე პარტიის ლიდერი, ქალაქის მერობის, პრეზიდენტობის, პრემიერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის და სხვა დანარჩენი არჩევითი თანამდებობების ერთადერთი და უცვლელი კანდიდატი იყო ხოლმე, პარტიის საიუბილეო მეცხრაასე ყრილობაზე ამბობდა:

-ეს ოთახი კიბის ქვეშაა და ჩვენი პარტიის არსებობის მრავალწლიან ისტორიაში იქ პარტიის არცერთ წევრს შემთხვევითაც კი არ შეუდგამს ფეხი! საკუჭნაოდ გამოსაყენებლადაც კი უვარგისი ფართია!.. იქ მოხვედრა ქუჩიდან შეუძლებელია! ამისთვის ჯერ ოცსაფეხურიანი ცენტრალური კიბის, ხოლო შემდეგ სამი ვიწრო დერეფნის და კიდევ ორი კიბის ჯერ ავლა და მერე ჩავლაა საჭირო! მე გთავაზობთ, შევუშვათ ეს ბავშვები მანდ! თუ რამეს მიაღწევენ და ვინმე მართლა კმაყოფილი იქნება მათი შრომით, ეგ ჩვენც წაგვადგება! თუ არადა, რას ვკარგავთ? ყველა სერიოზულ პარტიას უნდა ჰყავდეს ენთუზიაზმით აღსასვე ახალგაზრდული ფრთა და ვინ იცის – იქნებ ეს ჩვენი მომავალიც კია?

ამ გამოსვლას ტაში და ოვაციები ყრილობის დამსწრეთა მცირერიცხოვნობის გამო არ მოჰყოლია, მაგრამ უარიც არავის უთქვამს.

ასე აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრძოლა უფლებებისთვის“ იმ ოთახში, სადაც  უკვე აღმასრულებელი მდივანი ნათიაც მისულიყო ფუნთუშებით სავსე პარკით ხელში, ყავაც მიეტანა და გამარჯვების განწყობისთვის  ახალი ელფერი შეეძინა.

-უი, ამ გოგოს ვიცნობ! ფასიანზე არ სწავლობდა? – შეჰკივლა ნათიამ, როცა ჟურნალი„ძინ-ძინის“გარეკანს მოჰკრა თვალი და ბენისაც ზუსტად ამ დროს დაადგა ლუკმა ყელზე ხველებით.-ბეეეენ, შენ არ ხვდებოდი ამას პირველ კურსზეე? – აგრძელებდა აჟიტირებული ნათია  და საერთოდ ვერამჩნევდა ბენის გადმოკარკლულ,ხველებისგან აცრემლებულ თვალებს.

-ფუ, ეს კახპა! – არ ცხრებოდა ნათია და სანაგვეში ჩაგდებულ ჟურნალს ფუნთუშიდან სულის შებერვით პუდრას აპნევდა.

მოსულიერებულმა ბენიმ კი ამოილუღლუღა:

-სტუდკავშირის თავმჯდომარესთან რომ…

-ეუჰ! –  შეიცხადა რეზიმაც.

-აეს ის პოზაა რომაა… – წამოიწყო სანდრომ და ენაზე იკბინასავით.

-დიახ, დოგისთაილი! უნის მესამე სართულზე! მარცხნივ მეორე კარი! კრიმინოლოგიის აუდიტორიაში, არკადი სულაშვილის სამუშაო მაგიდაზე… – ტკეპნიდა სიტყვებს ბენი და შუბლიდან ოფლს იწმენდდა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7