***

რეზის შაბათს ადრიანად გამოეღვიძა და ლოგინში მწოლი ჭერს ააშტერდა.

გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და ჭკვიანურად მოიქცნენ. განა შესაძლებელი იყო რომ საქველმოქმედო ორგანიზაციას „ქრისტეს სახელით“ მათი თხოვნა არ გაეთვალისწინებინა?  სულაც,  შეიძლება, წერილს იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა, რომ რამე სხვა ტიპის თანამშრომლობა აქეთ შემოეთევაზებინათ. – ასეთებს ვარაუდობდა რეზი და იმედით იღვსებოდა.

ტელეფონმა რომ დარეკა, უცებ წამოხტა საწოლიდან.

სესე რეკავდა.

-რეზი, სესე ვარ. როგორ გიკითხოთ? – მოესმა ნაცნობი ხმა და აშკარად იგრძნო, რომ დაიწყო… ანუ მათი წერილი ამოქმედდა… ერთი დღეც კი არ  განსახილველად… ალბათ უკვე პასუხი გამზადდა და აი, სესემ თავისით დარეკა.

-რეზი, გესმის ჩემი ხმა? – გაიმეორა მდივანმა.

-დილა მშვიდობისა, მესმის, როგორ არ მესმის. – უპასუხა რეზიმ.

-დღეს რომელზე იქნები აქეთ,მაინტერესებდა…

-დღეს არ ვაპირებდი, მაგრამ როცა მეტყვით მოვალ, რა პრობლემაა…

-ძალიან კარგი.

-რამე სიახლეებია? – შეეკითხა ბედნიერი სახით.

-არის, კი. ჯობია მოხვიდე და გაგარკვევთ.

-უკვე გამოვდივარ! –  თქვა რეზიმ და ჯინსები ამოიცვა. ყავას ოფისში დავლევო – გაიფიქრა და ქუჩაში გავარდა.

სესეს ზარმა ძალა და თავდაჯერება შემატა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ბრძოლას არასდროს უნდა გამოეთიშო,  გააკეთო ყველაფერი, რისი ძალა და უნარიც შეგწევს, და შედეგიც აუცილებლად მოვა. – აჯერებდა საკუთარ თავს და გზად ყველა შემხვედრს უღიმოდა.

უცებ მოუნდა მეგობრებისთვის ჩამოერეკა და ეხარებინა, რომ ოფისიდან დაურეკეს, რომ გაჭრა, რომ წერილი მიზანში მოარტყეს, მაგრამ საათს რომ დახედა – დილის 8 საათი სრულდებოდა. ახლა ალბათ ლექციაზე მიეჩქარებოდათ, ნათია კი საერთოდაც ქალაქში არ იყო, ანუ მარტოს უნდა მიეღო  ეს სიახლე.

განახლებული ფასადის დანახვამ, რომელიც წინა დღეს გულს უკლავდა, ახლა სხვანაირად გაახალისა. უხაროდა, ასეთ ლამაზ და პრესტიჟულ შენობაში რომ განაგრძობდა საქმიანობას. იდეაც სულ უფრო ხიბლავდა – საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ სივრცეში საერთო მიზნებისთვის, ბევრი კეთილი საქმე, კმაყოფილი ადამიანები, გამარჯვებები! – რეზი გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლდათ.

შენობაში საღებავების, სისუფთავის და სიახლის სურნელი ტრიალებდა.

ცენტრალური კიბის ავლისთანავე მოჰკრა სესეს თვალი, რომელიც ერთ ადგილას ცქმუტავდა და იმ დროის განმავლობაში, რაც რეზიმ ათიოდე ნაბიჯის გადადგმას მოანდომა,მდივანი ლედის კაბინეტის მისაღებში ორჯერ შევიდა და გამოვიდა.

-როგორ ხარ? – მიესალმა რეზი თბილად და ხელი გაუწოდა.

-ოთახში ჩავიდეთ. – მოუჭრა მდივანმა და მეორე ხელით კორიდორისკენ მიანიშნა.

-როგორც მივხვდი, რაღაც სიახლეები გვაქვს, არა? – ვერ მოითმინა რეზიმ ღიმილით.

-კი, გვაქვს. აი შევიდეთ და…- უხალისოდ უპასუხა მდივანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის საინფორმაციო დაფა წარწერით „ბრძოლა უფლებებისთვის“ ჩამოეხსნათ და იქვე კედელზე მიეყუდებინათ. შეთეთრებული კედელი შესაღებად მოემზადებინათ. ოთახის ხის ძველი კარი კი საერთოდ გაექროთ.

-ვაა, ოთახსაც გვირემონტებენ? – ჩაილაპარაკა კმაყოფილმა რეზიმ და სამუშაო მაგიდაზე გადაფარებულ ცელოფნებსაც მოჰკრა თვალი.

-მე დაგტოვებთ! – მოესმა ზურგს უკან სესეს ხმა რეზის და სანამ გაერკვეოდა, რა ხდებოდა შავგვრემანმა ჩაფსკვნილმა მამაკაცმა, რომელიც არასამთავრობოს ოთახში იცდიდა, საყელოთი დაითრია.

-მოდი აქ, შე ნაბიჭვარო!!! – აღრიალდა მამაკაცი და რეზის სახეში მუშტი დასცხო.

რეზი იატაკზე ჩაიკეცა. ჩაფსკვნილმა ჯერ წიხლი ამოსცხო, მერე ხელი მოკიდა, წამოაყენა და მაგიდას მიაჯახა. ბოლოს კარადა გადმოაგდო და რეზი ქვეშ მოაყოლა.

-გასწავლით მე წერას როგორც უნდა!!! დანარჩენები სად არიან?! – ღრიალებდა ჩაფსკვნილი და თან რეზის კარადისგან გათავისუფლებას ცდილობდა.

რეზის ყველაფერი ტკიოდა და ვერ ხვდებოდა, რა მოხდა. გული გამალებით უცემდა და უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა იქაურობას, მაგრამ ჩაფსკვნილ მამაკაცს ტანით უკვე მთელი ოთახის გასასვლელი გადაეკეტა.

მოკუნტული რეზი ახალშეთეთრებულ კედელს აეწება და იგრძნო, თუ როგორ ჩამოსდიოდა  სახეზე სისხლი. ბოლოს მაინც მისწვდა ჩაფსკვნილი, ფეხში ხელი ჩაავლო და შუა ოთახში გამოათრია.

-სად მიძვრები, შე ვირთხა?! – ამის თქმა იყო და მუშტები დააყარა. – შენი ქვეშაჯვია ძმაკაცები სად აგდიან?! ხელები უნდა დავამტვრიო სუყველას, თქვე ბოზებო თქვენა! – ყვიროდა შავგვრემანი და ძირს დაგდებულ, გასისხლიანებულ, თეთრ საღებავში ამოსვრილ რეზის უკვე წიხლებს ურტყამდა.

-სესე სადაა… – ამოილუღლურა რეზიმ  და შეეცადა ხელებით სახე დაეფარა.

-სესესაც ზედ დაგაკლავ, მაგ კვერცხს მაგას! – გამოსცრა კბილებიდან მამაკაცმა და რეზი ფეხზე წამოაყენა.

-გააჯვი ეხლა აქედან და ამ ქუჩაზე არ გნახოს ჩემმა თვალებმა!!!

რეზი ფეხზე ძლივს იდგა, კედელს ეყრდნობოდა, საკუთარი სისხლის გემოს გრძნობდა და ცალი თვალიდან ვერაფერს ხედავდა.

-იმ სირებსაც ვიპოვით, გადაეცი! – უთხრა ბოლოს მამაკაცმა და მთელი ძალით ამოსცხო პანჩური.

რეზი წატორტმანდა და ზედ კიბეზე დაეცა. მერე ფორთხვით გაიარა რამდენიმე მეტრი. ლედი თევზაძის კაბინეტის მისაღების კარი ჩარაზული დახვდა. სესე არსად ჩანდა.

-სანამ წახვალ, დაიბანე! – მოესმა უეცრად სულ სხვა მამაკაცისხ მა და მოიკუნტა.

ხელი მოხვიეს, წამოაყენეს და სადღაც წაიყვანეს.

-იქ იყო, იქ. – ლუღლუღებდა რეზი.

ტუალეტში უცნობმა წყალი მოუშვა.

-შენი საქმის შენ იცი, მაგრამ აქ აღარ მოხვალ. არც პოლიციაში დარეკავ. – უთხრა უცნობმა რეზის ცივი ხმით.

რეზი ცდილობდა დასისხლიანებული თვალებით უცნობის გარეგნობა გაერჩია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

-შეიძლება, არც დაგიჯერონ, მაგრამ თუ დაგიჯერეს, მერე არც ჩვენ დაგრჩებით ვალში. დედა გყავს, მამა. წინ მთელი ცხოვრებაა. – აგრძელებდა უცხო და ხელით ფრთხილად ბანდა სახეს რეზის. გახეთქილი წარბიდან სისხლი შეუწყვეტლად ჟონავდა.

ბოლოს უცნობმა ცხვირსახოცი გაუწოდა.

-აი აქ მიიდე, როცა შენობიდან გახვალ!

რეზის თავბრუ ეხვეოდა და გრძნობდა, რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა წაქცეულიყო. კედელ-კედელ გაუყვა კორიდორს და გაბერტყილი ტანსაცმელი ხელმეორედ გაათეთრა. სისხლდენის გამო გაჭირვებით ხედავდა, სლუკუნებდა და გარეთ გაღწევას ჩქარობდა.

ტროტუარზე გასულმა თავი ვერ შეიმაგრა და გამწვანების ზოლში ჩაიკეცა. ხეს ჩახუტებული შეეცადა, სული მოეთქვა. იგრძნო, რომ ეს შენობა ეზიზღებოდა, ხოლო   ფასადზე წარწერა აშინებდა.მერე ქუჩას აუყვა და უცხო თვალს რომ არ დაენახა პირველივე ჩიხში შეუხვია. უნდოდა ბიჭებისთვის დაერეკა და გაეფრთხილებინა, მაგრამ ჯიბეში ტელეფონის ნამტვრევების მეტი ვერაფერი ნახა. იცოდა, სანდროს და ბენის შაბათს ლექციები რომ ჰქონდათ და უნიში ასვლა გადაწყვიტა, რომელიც იქვე იყო. არ უნდოდა, გამვლელებს დაენახათ, ან პოლიციას გამოევლო, მაგრამ ბიჭებს სხვანაირად ვერაფრით უშველიდა.

ჩიხის მოპირდაპირედ ავტობუსის გაჩერების საათი 08:55-ს უჩვენებდა, ლექცია კი ცხრაზე იწყებოდა. ტროტუარზე გულის მკვეთრი ბაგაბუგით მიაბიჯებდა, ცხვირსახოცით სახეს იწმენდდა და ცდილობდა ის გაჩერება დაენახა, სადაც სანდრო ჩამოდიოდა ხოლმე ავტობუსიდან უნივერსიტეტში მისასვლელად. აი ბენის გაჩერება კი უნივერსიტეტის შენობის სრულიად სხვა მხარეს, სულ სხვა ქუჩაზე იყო. ერთდროულად ორივეს გადარჩენას ვერ მოახერხებდა – მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა.

 

 

***

რეზის სანდროს გაჩერებაზე არავინ დახვდა. ავტობუსის მოსვლამდე წუთზე ნაკლებს აჩვენებდა ციფერბლატი. იქიდან კარგად ჩანდა უნივერსიტეტის შესასვლელი. რეზის ნერვიულობისგან შუბლი უხურდა და ოფლად იღვრებოდა.

მერე ავტობუსი გაჩერდა და იქიდან მხოლოდ ერთი უცნობი ბიჭი ჩამოვიდა.

სანდრო არ ჩანდა.

-უკაცრავად… – ამოილუღლუღა რეზიმ. -ერთი წუთით! – შეეცადა უფრო ხმამაღლა ეთქვა, რომ უცნობს გაეგონა.

-მეგობარო, მე მეძახი?- მოუბრუნდა ბიჭი და მისი ნაცემი სახის და გადათეთრებული ტანსაცმლის ნახვაზე სიცილი აუტყდა. – შენა ძმაო, ნამდვილ მოჩვენებას გავხარ საშინელებათა ფილმებიდან. რა გჭირს, ტო?

-ტელეფონი უნდა მათხოვო… – თქვა რეზიმ და რკინის სკამზე გაჭირვებით ჩამოჯდა.

-გოგოს გამო? – შეეკითხა ბიჭი უკვე დასერიოზულებული ხმით.

-ჰო. – დაეთანხმა რეზი და ტელეფონი გამოართვა.

იმ რამდენიმე წამში, ვიდრე სანდრო უპასუხებდა, რეზი საკუთარ გულისცემას უსმენდა და თავს ყველაზე უბედურ ადამიანად გრძნობდა მთელ სამყაროში.

-ალო. – მოესმა ბოლოს მეგობრის ნამძინარევი ხმა ყურმილში.

-მადლობა ღმერთს…

-მშვიდობა გაქვს, რეზ? – მთქნარებით შეეკითხა სანდრო.

-ლექციაზე არ ხარ?

-აუ დავიკიდე დღეს. – უპასუხა სანდრომ.

-სახლიდან არ გამოხვიდე და ტელეფონს არ უპასუხო! დამელოდე! – მიაყარა რეზიმ.

-მოიცა, რა ხდება ე? უცხო ნომრიდან რატომ რეკავ?

-დამელოდე! ამ ნომერზე აღარ გადმორეკო! არავის უპასუხო!  კარიც არავის გაუღო! – თქვა რეზიმ ტელეფონში, ტელეფონი უცნობს დაუბრუნა და უნივერსიტეტისკენ კოჭლობით დაიძრა.

ჩქარობდა. უკვე აღარც საკუთარი გარეგნობა ახსოვდა და აღარც ტკივილი. როდესაც უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელს მიუახლოვდა,  ჟღალთმიანი ბიჭი ფეხზე წამოდგა.

-შეჩერდით და საშვი წარმოადგინეთ! – უბრძანა ჟღალთმიანმა რეზის და ხელი ისე წაიღო წელისკენ, თითქოს იარაღი ეკიდა სადმე.

-მეგობარს ვეძებ. დაბალია და ცოტა მსუქანი, სათვალეს ატარებს. ლექციაზე უნდა მოსულიყო. – მიაყარა რეზიმ სხაპასხუპით, თან სახიდან სისხლის მოწმენდას პერანგის გათეთრებული სახელოთი ცდილობდა.

დაცვის თანამშრომელმა რაცია ამოიღო.

-ფიჭვი ერთი! ტუია ვარ, როგორ გესმით ჩემი? – უხმო ვიღაცას.

-ფიჭვი ერთი გისმენთ!

-კიდევ ერთი ნაცემი მყავს. როგორ გაიგეთ?

-სასწრაფო მელქისედეკის ქუჩის მხრიდანაა. აქეთ გადმოიყვანეთ!

რეზიმ უცებ გაიაზრა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან მისვლა, ავტომატურად გამოიწვევდა კრიმინალური პოლიციის გამოძახებას, უამრავ შეკითხვას და მისი მხრიდან ამდენივე სულელურ პასუხს იმის თაობაზე, თუ როგორ წაიქცა სახით და მერე იფორთხიალა.

-სულ თეთრია! სახე და მარჯვენა ხელის კიდურიც სისხლიანი აქვს! საშუალო ტანისაა! როგორ გაიგეთ?

-ჰელოუინის თარიღი აერიათ მაგ ჩემისებს?  – ხრიალებდა რაცია.

-ახლავე მოგიყვანთ! არ გაუშვათ სასწრაფო! – თქვა ბოლოს ტუიამ, მაგრამ რეზი ვეღარსად დალანდა. ტროტუარისკენ გაქცეულმა ყველა მხარეს გაიხედა, მაგრამ ნაცემი რეზი არსად ჩანდა.

-ფიჭვი, ყურადღებით იყავით! პაციენტი დავკარგე! ვიმეორებ, ტანზე სულ თეთრია და თავი სულ წითელი აქვს! ტუია ვარ! როგორ გესმით?!

-ვერ გავიგე. გაიმეორე!

-თეთრტანსაცმლიანი და წითელსახიანი ყმაწვილი აქ აღარაა! შეიძლება თქვენკენ წამოვიდა. ყურადღებით იყავით!

-რამდენჯერ უნდა გითხრათ, ამ ხაზზე არავინ იღადაოს, თორე დაენძრევა-თქო! – გაისმა რაციაში კაცის ბოხი ხმა. – ტუია კი არა ყლე ხარ მართლა! როგორ გესმის?

-მიღებულია ცენტრი!

-პოსტს მიხედე, თუ არ გინდა სამსახური დაკარგო!

შეურაცხყოფისგან გამშრალი დაცვის თანამშრომელი დიდხანს იდგა გაუნძრევლად. შემდეგ მართლა მოჰკრა თვალი უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელიდან გამომავალ რეზის, რომელსაც საჭირო ოთახში შესვლა, სახის ჩამობანა და ტანსაცმლის შეძლებისდაგავარად გაწმენდა მოესწრო.

-დამასკდით აგერ ცენტრიან-დედებიანად!  – გადააფურთხა ტუიამ და ტელეფონში ჩაკეცილი ონლაინ თამაში გახსნა.

 

 

1 2 3 4 5 6 7