***

არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისად წოდებულ ოთახში, რომელსაც არასდროს ენახა მზის სხივები, გაბადრული რეზი კომპიუტერთან იჯდა.

-მოვიდა, მოვიდა! – თქვა უცებ სიხარულით.

ბენი და სანდრო ყურადღებით შეაცქერდნენ.

-მოქალაქემ სცემა მეძავს. დასჯადია თუ არა მისი ქმედება? – წაიკითხა რეზიმ გამოთქმით.

-ანუ ბოზის ცემა დასჯადია თუ არაო? – ჩაეკითხა სანდრო.

-ეგრე გამოდის. -დაეთანხმა რეზი.

-სულ ეგაა? – საუბარში ჩაერთო ბენი.

-არა. 16 წლის შეყვარებულთან მქონდა ნებაყოფლობითი სექსი და მიჩივის. შეუძლიათ თუ არა ჩემი გასამართლება?

-ვაა… საწყალი… – ჩაილაპარაკა ნათიამ და როცა ყველა მას მიაცქერდა, ოდნავ წამოწითლდა კიდეც.

-ვინაა საწყალი? ეს ბიჭი თუ ის გოგო? – იკითხა სანდრომ.

-მე გოგოს პოზიციიდან ვუყურებ და პასუხი ნათელი უნდა იყოს. ნებაყოფლობითობის რატომღაც არ მჯერა.

-ნებაყოფლობითიო, გარკვევით წერია… – შეახსენა ბენიმ,

-აუცილებელი ხომ არაა კედელზე თავი გარტყმევინოს ვინმემ? შეიძლება ისეთი რამეები მოგატყუონ, ან მოგაწევინონ, ან დაგალევინონ ან გაგირიონ რამე საჭმელში, რომ ეს თანხმობა ძალიან პირობითად გამოიყურებოდეს.

-ვგიჟდები იურისტ ქალებზე! – თქვა რეზიმ სიცილით  და კითხვა განაგრძო.

-14 წლის ბიჭი,  სისტემატიურად იპარება ღრმად მოხუცებული და მომაკვდავი ბებიის ოთახში და სრულიად ტიტველი უწვება ლოგინში. წარმოადგენს თუ არა ეს გარყვნილ ქმედებას და არის თუ არა დასჯადი?

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა თავისებურად ცდილობდა ბოლო შეკითხვის ინსცენირებას გონებაში.

-რეზი ბატონო, ლედი გელოდებათ. რაღაც საქმე მაქვსო, დამაბარა! – ოთახის შეღებულ კარში სესეს თავი გამოჩნდა.

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.

ამ რამდენიმე თვის მანძილზე, რაც ამ ოთახში შემოსახლდნენ, ლედი საერთოდ არ შეხვედროდათ. რეზის კი ენახა მანამდე, მაგრამ მისმა მეგობრებმა მაშინ გაიცნეს, როცა დაფეხვილი დივანი და ფეხმოტეხილი მაგიდა მოათრიეს ოფისისთვის.

დივანს ზედაპირი სულ აქერცლოდა და აქა-იქიდან ზამბარები მოუჩანდა, მაგიდის მორყეული ფეხები კი მის გამართულად დადგმას გამორიცხავდა.

ამ ნივთების შეტანისას გამზირის ტორტუარზე საშინელი საცობი შეიქმნა. დივანს დაძენძილი ღრუბლები ყველა მხრიდან ცვიოდა. ფეხით მოსიარულეები ჩერდებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ ეს ჯართი ვის სად მიქონდა – გაოცებული სახით უვლიდნენ გვერდს და მხოლოდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ შეფერხების გამო.

-მოგესალმებით მშრომელებო! – ფეხით მოსიარულეებს ერთი გაღიმებული კაცი გამოეყო და  სათითაოდ ჩამოართვა ხელი ყველას.

-გამარჯობათ! – მიესალმნენ ერთხმად.

-ვაფასებ ახალგაზრდულ ენერგიას, სწრაფვას და შეუდრეკელობას! -გამოთქმით თქვა კაცმა და გზა განაგრძო.

-ვინ იყო ეს? – ჩუმად იკითხა ბენიმ და ის იყო დივნის კუთხე უნდა დაეთრია, რომ კაცი უკან  მობრუნდა.

-ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და შევქმნით იმდენ სამუშაო ადგილს, რომ ესეთი დივნების თრევა აღარავის მოუწევს! ყველას თავისი სახლი და ოფისი ექნება! ყველა სტუდენტი დასაქმდება! ყველა მოხუცი იმკურნალებს! არცერთი ხე აღარ მოიჭრება, სანამ არ გახმება! წინ ახალგაზრდობავ! წინ საქართველოვ! – დაასრულა კაცმა და ხელით ანიშნა, რომ მხოლოდ მათ შემდეგ შევიდოდა შენობის კარებში.

დაბნეულმა ბიჭებმა დივანი გაჭირვებით შეათრიეს შენობაში.

-ამ ნაგავს მოვწმენდთ, არაა პრობლემა. – ბუტბუტებდა სანდრო და ლედის ჭუჭყიანი ღრუბლის ნამცეცებზე მზერით მიანიშნებდა.

-თქვენი ტოლი მე ცემენტის ქარახანაში ვმუშაობდი! მაშინ სწავლა არ იყო! უნდა გემუშავა ვირივით! – აუხსნა პარტიის ლიდერმა ახალგაზრდებს და სანდროს ლოყაზე ხელი მოუთათუნა.

 

***

კაბინეტში საკმევლის სურნელი ტრიალებდა, რომელსაც ლედის პირშიგაჩრილი სიგარეტის კვამლი ერეოდა.

-სესე, ყავა-ჩაი შესთავაზე სტუმარს! – გასძახა მდივანს, როდესაც რეზი სკამზე ჩამოჯდა.

– გმადლობთ, არ მინდა. – უპასუხა რეზიმ და ოთახს ცნობისმოყვარე მზერა მოავლო. საუკუნისწინანდელიდან დაწყებული – თანამედროვე დიზაინით  დამთავრებულ ათობით სააგიტაციო შინაარსის  პლაკატს შორის რამდენიმე ხატს და კოლექტიურ ფოტოსაც მოჰკრა თვალი.

– აგროვებთ? – ცნობისმოყვარედ ჰკითხა მასპინძელს და მზერა იმ პლაკატზე შეაჩერა, რომელზეც ლოყებღაჟღაჟა გოგონა, ულვაშა ყმაწვილი და სანდომიანი სახის მოხუცი ჩანდნენ პროფილში. ქვემოთ კი ეწერა: „1960 წლის 18 დეკემბერი სახალხო მოსამართლეთა არჩევნების დღეა – ყველანი არჩევნებზე!“

-თავიდან უბრალოდ მოვლენების თანმიმდევრობის ასახვას ვცდილობდი და ყველა მნიშვნელოვან თარიღზე თითო პლაკატს ვაკრავდი, მერე კი ჰობიდ მექცა. სწორად შენიშნე! – აუხსნა ლედიმ და სწორედ იმ სანდომიანი მოხუცის გამომეტყველება მიიღო, რომელიც საზოგადოებას მოსამართლეების ასარჩევად წასვლისკენ მოუწოდებდა.

პლაკატები მხოლოდ საარჩევნო თემატიკით არ შემოიფარგლებოდა.

„გადავუკეტოთ ყველა გზა – ხულიგნებსა და მუქთახორებს! -ეწერა ერთ-ერთზე, სადაც შავკლიტედადებული გისოსის მიღმა მოჩანდნენ მზარეულის უნიფორმაში ჩაცმული დაჭყანული ტიპი ღვინის ბოთლით და ჭიქით ხელში, ასევე ქოჩორა, პირში სიგარეტგაჩრილი დაკუნთული კაცი, რომელსაც მკლავზე ორისარგაყრილი გულის ტატუ ჰქონდა წარწერით „კატუშ“ და გაზეთისქუდიანი, ტუჩებგამობურცული კაცი ყვავილით ხელში  წარწერით – „1ც. 5 მანეთი“

– ახლა საქმეზე გადავიდეთ. – დაიწყო ლედიმ მშვიდი ხმით. – არც კი ვიცი, რატომ შეგარჩიეთ და შემოგიშვით ჩვენს სივრცეში, მაგრამ ინტუიციას ყოველთვის ვუმადლი და ახლაც არ შევმცდარვარ.  ამ რამდენიმე თვეში  ჩემი ნაწილი გახდით.  ძალიან შეგეჩვიეთ.

რეზი ვერაფრით მიხვდა, თუ როდის მოასწრო ლედიმ ამსიგრძე და ამსიგანე გრძნობით  მათი შეყვარება.

-აქაურობაც გამოცოცხლდა და წარმატებით დაიწყო ის პროცესები, რაც ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ილია ჭავჭავაძის უახლოესი ძმაკაცისა და ცოლის ნათესავის დიდი პეტრე ცისკაბადონიძის ოცნება იყო ჯერ კიდევ მეოცეს ოციანებში. ბატონი პეტრესგან გვერგო ეს შენობაც. მას შვილიც კი არ ჰყავდა! ყველაფერი სამშობლოს მიუძღვნა! ცხადია, ეს მარტივი არ ყოფილა. მას სიცოცხლესთან ერთად ყველაფერი ჯერ საბჭოეთმა  წაართვა, მაგრამ მერე – დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, ანუ ბატონი ჯაბას დიდი ღვაწლით, ჩვენ ეს შენობა დაგვიბრუნდა.

რეზი ფიქრობდა, თუ რატომ არსებობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც თვლიდა, რომ შესაძლოა მეძავის ცემა დანაშაული არ იყოს.

-ამ რამდენიმე თვეში ჩვენ იმაზე მეტი გამოცდილება მივიღეთ, ვიდრე დაარსების დღიდან თქვენს მოსვლამდე! პოლიტიკა ცოცხალი პროცესია და მუდმივად იცვლება! თუკი უწინ აი, ეს პლაკატები იყო უბასრესი მანიპულატორი საზოგადოებისთვის, ახლა – თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სრულიად სხვა მიდგომებია საჭირო! ჩემი პარტიის შეზღუდული რესურსი კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა! აი, თქვენ კი, თქვენ ნამდვილად რაღაც ახლის დასაწყისი დამანახეთ, რაღაც ძალიან ნამდვილის!- დაასრულა ლედიმ და ახალ სიგარეტს მოუკიდა.

– დიდი მადლობა ბატონო ლედი ასეთი საინტერესო საუბრისთვის. – თქვა რეზიმ და გაიღიმა.

-ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გამიგებდით! თუმცა, ჩვენ ახლა ერთი მძიმე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ… ანუ მივიღეთ. – გადაასწორა დაბნეულმა.

-მძიმე რატომ? – დაუფიქრებლად შეეკითხა რეზი.

-დღეს ჩვენი შენობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს სჭირდება! მეც კი მივდივარ აქედან დღესვე! უფრო სწორად გუშინვე დავიწყე ბარგის გატანა და რადგან თქვენც ბევრი არაფერი  გაქვთ წასაღები, გამცნობთ, რომ დღის ბოლომდე გვაქვს დრო! სესეც დაგეხმარებათ, თუ დაგჭირდათ!

დაბნეულობისგან და გაოცებისგან ყელგამშრალი რეზი სესეს ეძებდა თვალებით, მაგრამ ამაოდ. ნაცემი მეძავის წარმოდგენაც სცადა, მაგრამ ლედი თევზაძის ბრძენივით ჩაფიქრებული სახის გარდა ვერაფერს ხედავდა.

-მე დროებით სახლიდან ვიმუშავებ! არაფერი მიჭირს! კოტორაანთკარში მშვენიერი სახლი მაქვს. ღორებსაც ვიყოლიებ ერთი-ორს, ძროხასაც ვიყიდი და იქიდან ვეცდები არჩვენებში გამარჯვებას! ქართველი კაცი ოდითგან მიწათმოქმედი იყო! ცალ ხელში  თოხი ეკავა და ცალში ხმალი.

-გეთანხმებით. მიწათმოქმედი და მებრძოლი! – დაუდასტურა იმედგაცრუებულმა რეზიმ და ფანჯრისკენ გაიხედა, რომლის მიღმაც თოკზე ადამიანი ეკიდა.

-ბანერს ამაგრებენ. – დაეხმარა სიტუაციაში გარკვევაში ლედი.

-ახლების?

-დიახ! საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქრისტეს სახელით“! ახლა სწორედ ამ ძვირფას წარწერიან ბანერს აკრავენ. ჩემი ამომრჩევლების დიდი ნაწილი კი სწორედაც რომ ქრისტიანია! ესეც რომ არ იყოს, მე ქრისტეს ვერ ვუღალატებ! რაც მაცვია, იმასაც გავცემ! სულ ტიტლიკანა ვივლი ქუჩაში! თუ საჭირო გახდა მათხოვარიც გავხდები! – აგრძელებდა ლედი ნაძალადევი კმაყოფილების დაუფარავად გამოხატვას.

რეზი კი უკვე ბიჭებთან და ნათიასთან შეხვედრაზე ფიქრობდა. ალბათ ძალიან დამწუხრდებოდნენ. -მე მათ თქვენზე ვუთხარი, რომ ჩემი შვილები ხართ და ხელს არ შეუშლით! უკან მოგვყვებით!

-კი, მაგრამ ბატონო ლედი, ჩვენს ოთახს ეგენი ვერაფერში გამოიყენებენ… და ჩვენც ხომ უფასოდ ვეხმარებით ადამიანებს? განა ესეც ქველმოქმედება არაა? – მიაყარა რეზიმ სხაპასხუპით.

-არა, რეზი! მე სიტყვა მივეცი, რომელსაც ვერ გავტეხ. ეს მოცემულობა უნდა მიიღოთ! ამ თემას ვეღარ დავუბრუნდებით! დღეს აქაურობას დავცლით! – თქვა ლედიმ მტკიცედ და  დადუმდა. მერე სააგიტაციო მასალით აჭრელებულ კედელს მიაშტერდა და  სესე მოიხმო.

-კაცო, არ გითხარი მე შენ რომ აქაურობა ალოკილი ახალშობილი ლომის ბოკვერივით იყოს თქო?

-დიახ, გენაცვალე, დიახთ. – დაეთანხმა მდივანი.

-ხოდა, ეს წარმართული პლაკატები მაინც ჩამოგეხსნა? -თქვა ლედიმ და იმ ლოზუნგისკენ გაიხედა, სადაც კოლხურ თეთრზე გამოსახულ ლომზე გადამჯდარი აბჯარასხმული ლედი თევზაძე კვერთხით ხელში მჭმუნვარე სახით იყო გამოსახული. ქვემოთ კი ეწერა: პარტია „ქართული სულისგული“ – შემოხაზე ნომერი 112.

-ქალბატონი ქრისტ(ინ)ე ზედმიწევნით ქრისტიანია და… – აუხსნა უცებ რეზის და სხარტად  წამომდგარმა ლომზე ამხედრებული პლაკატები საკუთარი ხელით ჩამოხია.

-ძნელი იყო? – მიუბრუნდა მერე დარცხვენილ სესეს, რომელმაც რამდენჯერმე სცადა დახმარება, მაგრამ მუჯლუგუნის მეტი ვერაფერი მიიღო.

-…და ბატონო ლედი, ის დავტოვოთ? – ფრთხილი ტონით იკითხა მდივანმა და თვალი იმ პლაკატს მიაპყრო, რომელზეც ტრადიციული ქართული სუფრა აღებეჭდათ – პირში ბოლოკგაჩრილ გოჭთან ერთად წარწერით: „აირჩიე ქართული სულისგული და  ახალ წელს გოჭი თავისით გესტუმრებათ!“

ლედის თითქოს ელდა ეცაო. მეოცეს ოთხმოდაათიანებში დაბეჭდილ ამ პლაკატს გახუნებისგან თუ თვალის მიჩვევის გამო ვეღარც ამჩნევდა. ქალბატონი ქრისტ(ინ)ე ალბათ ძალიან განაწყენდებოდა ახალ კაბინეტში ძველი მფლობელის მიერ დატოვებული გოჭისთავის ფოტო რომ ენახა.

-არ გითხარი, ქალბატონი ქრისტ(ინ)ე ვეგატრიანელია-მეთქი?! არ გითხარი?! – მოულოდნელად აღრიალდა ლედი და აკანკალებული ხელებით ახლა ამ პლაკატის ჩამოსახევად გაიწია, მაგრამ ზედმეტად მკვეთრი მოძრაობის გამო მკლავი ამოუვარდა (ემართებოდა ხოლმე) და უმწეოდ ჩამოეკიდა მხარზე. ტკივილისგან გამწარებული ლედი იატაკზე ჩამოჯდა და ზლუქუნი მორთო.

-სასწრაფოში დავრეკოოოთ! -არაადამიანური ხმით ამოიღმუვლა სესემ და ოთახიდან გავარდა.

რეზიმ არ იცოდა, რა ექნა.

-მე დაგტოვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. -თქვა   დაბნეულმა და ოთახიდან გასვლა დააპირა.

სახეაწითლებული  ლედი თევზაძე რაღაცას ლუღულუღებდა – თითქოს საშველად უხმობდა, ბოლოს ანიშნა, მომიახლოვდიო:

– შემიძლია, კოტორაანთკარში შემოგთავაზოთ ოთახი, მთეელი გულით! – თქვა ტკივილისგან დამანჭული სახით და თან შეეცადა, იმ პლაკატელი სანდომიანი მოხუცის სახის ანარეკლის ნამსხვრევები – სიკეთე, იმედი და ღიმილი ისევ ერთად შეეკრიბა.

რეზიმ არაფერი უპასუხა, გვერდში ამოუდგა, ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა და სკამზე დასვა.

 

1 2 3 4 5 6 7