***

სანდრო სახლში ჩაკეტილი დახვდა.

მან რამდენჯერმე მოაყოლა რეზის თავიდან ბოლომდე მთელი ისტორია და ყველა ჯერზე სულ უფრო უმჟავდებოდა სახე. ყველაზე დაუჯერებელი მისთვის ამ ცემა-ტყეპის წერილთან დაკავშირება იყო.

-ბენის ხელი მოატეხეს საერთოდ მაგ ახვრებმა. -უთხრა რეზის. – გაჩერებაზე დახვდა ორი ტიპი და არაფერი უთქვამთ, ეგრევე დაუშვეს უმიზეზოდ. ტელეფონზე ველაპარაკე წეღან და პალატაშია. – აგრძელებდა სანდრო.

-ტაძარში უნდა ჩავიდეთ. – ჩაილაპარაკა რეზიმ, როცა სანდროსგან ნათხოვარი ტანსაცმელი მოირგო და წარბზე პლასტირი დაიკრა.

-სად?

-ტაძარში.

-კარგი. და რა გვინდა იქ? – ჰკითხა გაუბედავად.

-მამა დემნა ვნახოთ. უნდა დავრწმუნდე, რომ…

-მამაშენის ძმაკაცი, როა?

რეზიმ თავი დაუქნია.

-მე და ნათია დავრჩით საცემები. – თქვა სანდრომ სევდიანად.

-ცემით ხან შენ ცემ, ხან ისინი. სიცოცხლეში უამრავჯერ შეიძლება გცემონ… – უპასუხა რეზიმ და მისაღებ ოთახში დაკიდულ სარკეში ჩაიხედა. – მაგრამ ვინ  და რისთვის? -იკითხა უემოციო სახით.

***

 

მამა დემნა წირავდა.

ბიჭები ეკლესიის ეზოში ბეტონის ქოთნის კიდეზე ჩამოსხდნენ და ეკლესიის ღია კარში  შუახნის, ბრგე კაცის სილუეტს მიაცქერდნენ. რიტუალს ათიოდე ადამიანი ესწრებოდა.

-ბოლოს როდის იყავი ეკლესიაში ?

-ჰმ…

-ეს ისევ მამაშენთან ერთად ბიზნესმენობს? – შეეკითხა სანდრო.

– კი, მაგრამ თვითონ არ ჩნდება. – უპასუხა რეზიმ უხალისოდ.

-გაორებული დამოკიდებულება მაქვს ეგეთ რამეებზე…- თქვა  ისევ სანდრომ. – მაგრამ, ის რაც მოხდა მთელს ჩემს მსოფლმხედველობას ნასკივით ატრიალებს. მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებ მოწიწებას თუ პატივისცემას ნაკუწ-ნაკუწ მიგლეჯს!  – დაასრულა და სახედალურჯებულ რეზის თვალი გაუსწორა.

– ჰო. ეს ნათიას არ ვუთხრათ… – ჩაილაპარაკა რეზიმ.

-ჰო.

-ან არ დაგვიჯერებს, ან საერთოდ, საერთოდ დაკარგავს ყველანაირ რწმენას…

-ჩვენსავით. – დაეთანხმა სანდრო.

-ნათიას განსაკუთრებულად ჯერავს მაგ… მაგ… – რეზი რაღაცის თქმას  აპირებდა,მაგრამ სიტყვა შეახმა.

შუადღის მზის სხივები მანქანების გამონაბოლქვს საკმევლის სურნელებას უზავებდნენ. ტაძრის ეზოში ძირითადად თავსაფრიანი ქალბატონები მოძრაობდნენ, იშვიათად მამაკაცებიც. წირვა დასრულებულიყო და  მამა დემნაც ეზოში გამოვიდა მრევლის თანხლებით. დაუღალავად იქნევდა ნაკურთხწყლიან ფუნჯს და ყველას უღიმოდა. როცა რეზი დაინახა, ხალხი მისწი-მოსწია დაბიჭებს  ღიმილით მიესალმა.

-რეზი,  ხომ ხედავ მაინც შენი ფეხით მოხვედი…

-დიახ. – ჩაიბუტბუტა რეზიმ.

-ვინ შეგალამაზა ასე?.. ჩხუბში გამომყევიო არ მითხრა ახლა. -თქვა  სიცილით მამა დემნამ დაიქვე მდგარი ქალბატონებიც პირზე თავსაფარაფარებულები აფხუკუნდნენ.

რეზი დადუმდა.

-მე რომ კრივზე დავდიოდი, არ უთქვამს მამაშენს? ორჯერ ვარ უნივერსიადის ჩემპიონი. – განაგრძო მამაომ.

– მართლა, მამაო? – ერთდროულად აღმოხდა რამდენიმე ქალბატონს.

-ეს სანდროა, ჩემი მეგობარი. – უხალისოდ წარუდგინა რეზიმ მამა დემნას სანდრო.

-სასიამოვნოა. შენც პირველად ხარ ეკლესიაში? – შეეკითხა მამა დემნა სანდროს ღიმილით.

-ჰო, თითქმის. – გაეცინა სანდროსაც.

-ტაძარს ვერავინ აცდება… – თქვა ერთმა ყველაზე ხნიერმა ქალბატონმა.

-თან ისე, როცა არც მოელი… თან ისე, რომ ვერც გაიგებ. – გაისმა რამდენიმე რეპლიკა.

-ღმერთმა დაგლოცოთ! – მიმართა მამაომ ამალას, იმის ნიშნად რომ უკვე მათი წასვლის დრო იყო, თუმცა ყველამ კიდევ ერთხელ, უკვე პერსონალურად დაალოცვინა თავი და მხოლოდ ამის შემდეგ გაეშურნენ კარისკენ.

-ჰო ძაან საყვარლები არიან? – მიუბრუნდა მღვდელი ბიჭებს.

ბიჭები უბრად იდგნენ.

-ამათ გამო მართლა ვიჩხუბებდი. ჩვილივით მივლიან. – განაგრძო მამა დემნამ.

-დამღლელი არაა? – იკითხა სანდრომ.

-თავიდან იყო. დედა, რომ დედაა, იმისი ზედმეტი ყურადღება გაგიჟებს ზოგჯერ. აქ კი ცოტა სხვანაირადაა… ეს ურთიერთობა რეალურად ამათ ვაჟა დარბაიძესთან კი არა, ღმერთთან უნდათ რომ ჰქონდეთ. ესენი ამით ღმერთს სიყვარულს უმტკიცებენ, მე გამტარი ვარ უბრალოდ. ჩვეულებრივი კაბელი… ჰო ვაჟა, ჩემი ნამდვილი სახელია. – დაამატა ღიმილით და იქვე ბეტონის საყვავილის კიდეზე თავისთვისაც იპოვნა ადგილი ჩამოსაჯდომად.

რეზიმ მამა დემნას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნიდან,  საგმირო საქმეებიდან, ოფისიდან,  წერილიდან და უმწოყალო ცემა-ტყებიდან – ყველა დეტალი.

მამა დემნას სახე მოღუშვოდა და ჩაფიქრებული სახით რამდენიმე წუთს თავჩაქინდრული იჯდა.

-აქ იყავით! ტელეფონს მოვიტან. – თქვა ბოლოს და სადღაც წავიდა.

სანდრო ნათიას ელაპარაკებოდა ტელეფონზე, რომელსაც ბენის ამბავი გაეგო, თუმცა მიზეზები არ იცოდა.

-წერილზე რა ისმის? – არც ამის კითხვა დავიწყებია.

-დაგვირეკეს. – თქვა სანდრომ და გაჩუმდა.

-არ გამოდისო? – დაასწრო ნათიამ.

-ჰო, რაღაც ეგეთი. – დაეთანხმა სანდრო უგერგილოდ.

-რეზი რამეს მოიფიქრებს… არაუშავს. – დაამშვიდა ნათიამ.

სწორედ ამ დროს მამა დემნა დაბრუნდა და ბიჭებს თვალით ანიშნა – გამომყევითო.

ბეტონის ქოთნებში ჭრელაჭრულა ყვავილები ყვაოდნენ. ქოთნებს შორის გამავალი ბილიკი კი ტაძრის ერთადერთ კელიამდე მიდიოდა, სადაც, როგორც წესი, მამა დემნა საკუთარ რიტუალურ ნივთებს ინახავდა. შიგნით რომ შევიდნენ,  მამა დემნამ კარი დაკეტა და ბიჭებს სკამზე დასხედითო, მიუთითა, თავად მაგიდას დაეყრდნო და დაიწყო:

-დავრეკე… საქმე იოლად არაა. ვიღაც ძალიან განრისხებულა, რადგან  ეს საკითხი უკვე დალაგებული ეგონა.

-კი, მაგრამ…- შეეპასუხა რეზი.

-ვიცი! –თქვა მამა დემნამ.

-უბრალოდ არას თქმა არ შეეძლოთ, რას გადაგვიარეს?  – თავისას აგრძელებდა რეზი.

დაზაფრულ სანდროს მუშტები შეეკრა და მძიმედ სუნთქავდა.

-ერთი-ორი დღე მჭირდება, რომ ერთი ადამიანი ვნახო… – დაასრულა აზრი მამა დემნამ და კელიის კარი შეაღო. – მანამდე, თვალში რომ არავის მოხვდეთ, შეგიძლიათ ჩემთან დაიმალოთ. – დაასრულა და რეზის შეხედა.

-ააქ? – იკითხა ნირწამხდარმა რეზიმ.

-ნწ.  საზღვრისკენ რომაა მონასტერი…შენ კი  უნდა გახსოვდეს. – უთხრა და მხარზე ხელი გადახვია.

რეზიმ სანდროს გახედა. ის ისეთი მოწყენილი იჯდა, ალბათ ჯოხგანგის ბუდისტურ მონასტერში წასვლაზეც არ იტყოდა უარს,ოღონდ სადმე შორს ყოფილიყო ამ ყველაფრისგან.

-მონასტერში უნდა დავიმალო იმის გამო, რომ  სრულიად უწყინარი წერილი დავწერე და ვიღაც ქრისტინა დეიდას ეს არ მოეწონა? – წამოხტა ფეხზე სახეაწითლებული  სანდრო.

-სანამ ჩემები არ გეტყვიან,იქ იქნებით! ზოგჯერ უკანდახევა დამარცხებას არ ნიშნავს. – თქვა მამაომ, თუმცა შეეტყო, რომ თავადაც არ სჯეროდა ამ სიტყვების. – თემო! – დაიძახა მერე.

რამდენიმე წამში ვიღაც სუსტი, თეთრპერანგიანი და შავსათვალიანი ტიპი შემოვიდა.

-გისმენთ, მამაო. – თქვა ჩახრინწული ხმით.

-ეს ბიჭები შენ მოგყვებიან! მიიყვანე ადგილამდე. – უთხრა მამა დემნამ. – რომ ჩახვალთ, დამირეკეთ.

-ბაზარი, არაა, მივხედავ. – დაეთანხმა სათვალიანი და ბიჭებს მანქანისკენ წაუძღვა.

 

1 2 3 4 5 6 7