***

ცნობადობისათვის რეზიმ დიდი ენთუზიაზმით შექმნა ფლაერების დიზაინი: ფერად-ფერადი ასოებით აჭრელებული ქაღალდები, საიდანაც ყველა მოქალაქეს ორგანიზაცია სთავაზობდა  თანადგომას, რუდუნებას და სიმართლეს.

მერე მათით ცენტრალური ქუჩების ხეები და გაჩერებებიცააჭრელეს. აქეთ – „პიანინოს აწყობა“, “ვიბარებ თმას”, “მალიარი“ და „გავიცნობ სანდომიან მანდილოსანს“ იყო და იქით –  „ბრძოლა უფლებებისთვის“.  გზააბნეულების გარდა ნამდვილი ბენეფიციარებიც სწორედ ამ კამპანიის შედეგად იშოვნეს. სწორედ  მსგავსი მისია უნდა შეესრულებინა გაზეთ„ძინ-ძინთან“ თანამშრომლობასაც და უფლებაშელახულები მათ ოფისამდე მიეყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში „ბრძოლა უფლებებისთვის“ ზოგიერთი ტელეფონის დასალომბარდებლადაც კი მოდიოდა. ზოგს ეგონა,  რადგან სიცოცხლეც ერთ-ერთი უფლებაა და უფლებებისთვის ბრძოლა კი ამ დაწესებულების მთავარი დევიზიაო, თავანი მის მაგივრად უნდა ამათ უნდა ჩაებარებინათ, ან ოპერაცია დაეფინანსებინათ. ზოგიერთს უბრალოდ სამსახურის დაწყება სურდა.

სტუდენტებისთვის ამდენი გზააბნეულის სწორ გზაზე დაყენება,  უფრო სწორად კი, როგორც რეზი იტყოდა „დელიკატურად მოშორება“ არცთუ სასიამოვნო პროცესი იყო. მით უმეტეს, რომ დღეში რამდენიმე ასეთი აუცილებლად მიბოდიალდებოდა ხოლმე მათთან. თუმცა მათი საოფისე ოთახის რთული მიგნებადობის გამო უმრავლესობა პარტიის ლიდერისლედი თევზაძის კაბინეტში ხვდებოდა და იქ კაი ხნით რჩებოდა,ვინაიდან ლედი ამომრჩევლის დამუშავების მანიაკი და როგორც თავად ამბობდა „ელექტორალური ხამი“ იყო.

პარტიის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე ისინი არასდროს გადიოდნენ ქუჩაში ხალხთან, ვერ ხვდებოდნენ ვერცერთ არჩევით თანამდებობაზე, არც ჟურნალსიტები აკითხავდნენ და არჩევნებზე 1-%-იან ბარიერსაც ვერასდროს უახლოვდებოდნენ. დაქირავებულ ოპოზიციად მუშაობის გამოცდილება წლების წინ დასრულებულიყო – უკვე ამისთვისაც არავინ უხდიდათ ფულს და პარტიაც უკვე სრულ დემოტივირებულ ცაიტნოტში იმყოფებოდა.

ამდენ გაჭირვებულ ვიზიტორთან ურთიერთობამ ლედი თევზაძეც გამოაფხიზლა, პოლიტიკური სისხლის ყივილი აგრძნობინა და თავდაჯერებაც შემატა. ის ესაუბრებოდა ნებისმიერს ნებისმიერ თემაზე და ბოლოს პირობას დებდა, რომ მომდევნო არჩევნებში, თუკი სათანადო მხარდაჭერას მიიღებდა, ყველას მიხედავდა და გულში ჩაიხუტებდა.

-დედა მიკვდება ბატონო ლედი! ოპერაციისთვის ფული გვჭირდება! დაგვეხმარეთ რამენაირად! ძალიან მადლობელი დაგრჩებით! -ემუდარებოდა შავებში ჩაცმული შუახნის წვეროსანი იმ დღესაც, რომლის გაწითლებული ცხვირი  ლოთობაზე ან სულაც როზაცეაზე მეტყველებდა.

-ოჰ, დედა ყველაზე ტკბილი და სანიმუშოა! დედაბოძი! დედამიწა! დედაენა! დედაჩემიც ასე დაიღუპა სულ ახლახანს! ამ მტარვალმა რეჟიმმა სავადმყოფოშიც კი არ მიიღო ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო! სასუნთქი აპარატების გეგმიური შემოწმებაა და ვერ შევაერთებთო, აი, ესე მითხრეს!

-ძალიან ვწუხვარ ბატონო ლედი, მე მაპატიეთ, არ ვიცოდი… – ლუღლუღებდა შავოსანი.

-დიახ, სულ რამდენიმე დღის წინ დავასაფლავეთ! და მე პირობა დავდე მის საფლავზე, რომ გავიმარჯვებ ამ არჩევნებში ყველა დედისთვის და ყველა გულდამწვარი შვილისთვის!

-უფალმა გისმინოთ!

-და შემდეგ თქვენი დედიკოც და სხვებიც კარგად იქნებიან! დაფუძნდება ავადმყოფი დედების ფონდი, სადაც გაზულუქებული ჩინოვნიკების ხელფასებიდან ყოველთვიურად გადაირიცხება თანხები და დედები უფრო დიდხანს იცოცხლებენ! და უფრო მეტი ბედნიერი შვილი ეყოლება სამყაროს! აი, ამ პირობის მოცემა შემიძლია! აი, ამაზე შემიძლია დავიფიცო!

-დიდი მადლობა ბატონო ლედი.  ღმერთმა გისმინოთ! – იმეორებდა სტუმარი.

-ტელეფონის ნომერი დატოვეთ გასასვლელში სესე-მდივანთან და მანამდე ერთად ვილოცოთ გამძლეობისთვის! – ამბობდა ლედი და მხარზე ხელგადახვეული აცილებდა სტუმარს შემდეგ  ოთახამდე, სადაც მხარბეჭიანი სესე-მდივანი იჯდა.

 

 

***

-ბატონო ლედი, ქალბატონი ქრისტ(ინ)ეა მოსული! -ლედის სესე-მდივანმა თვალით შინდისფერ კაბაში გამოწყობილი პირქუში ქალისკენ მიანიშნა, რომელმაც საერთოდ არ შეიმჩნია ლედი და მკაცრი სახით სადღაც განზე დაიწყო ყურება.

ლედი თევზაძე შედრკა და ადგილს მიეყინა. თავიდან საერთოდ ვერ მიხვდა, მოესმა თუ ნამდვილად გაიგონა ამ ქალბატონის სახელი. ის თვალით თითქმის არავის ენახა, მაგრამ მისი აჩრდილიც კი მოწიწებას, პატივისცემას და გაუგებარ შიშს ბადებდა. მის რელიგიურ-საქველმოქმედო ორგანიზაციაზე ბევრი ჭორი და მართალი სმენოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრიტ(ინ)ეს მხარდაჭერილი რამდენიმე ადამიანი ხელისუფლებაში საპასუხისმგებლო პოსტზე აღმოჩნდა,  შიში და მოწიწება მისდაუკითხავად დაებადა. მათი რელიგიური მოძღვრება მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. გარეგნულად ქრისტიანულად ცხოვრობდნენ, ეკლესიაშიც კი დადიოდნენ. ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრაზე, სატელევიზო ეთერებში, სარეკლამო ბილბორდებზე. ყოველთვის საუბრობდნენ სიკეთის დეფიციტზე და ამ დეფიციტის შევსების აუცილებლობაზე. მთავარი დევიზი კი იყო: „სიცოცხლის თითეული წამი, ნებისმიერი მოქმედება, აქტი, ნაბიჯი – ქრისტეს სახელით!“ ვისაც ჯერ კიდევ არ სმენოდა მათ შესახებ, მაშინ გაიცნეს, როცა ერთმა გაზეთის რედაქტორმა ისინი სექტას შეადარა.  მერე კი, რამდენიმე დღეში,  საჯაროდ მოიხადა ბოდიში და შეცდომა უცოდინრობით  ახსნა, შემდეგ კი „ოჯახური მდგომარეობის“ მიზეზით გამომცემლობა დახურა…

-მობრძანდით ქალბატონო ქრისტ(ინ)ე… -თქვა გამშრალმა და  ქალის გულზე ჩამოკიდებული, უზარმაზარი თვლებით გაწყობილი ჯვრის დანახვაზე ინსტიქტურად პირჯვარი გამოისახა.

-გმადლობთ. – ხავერდოვან ხმაში გარეული მეტალით წარმოთქვა ქალმა.

-სწორედ ახლა ვლოცულობდით, მე და ბატონი ის… – დაამატა ლედიმ და გაახსენდა, რომ წვეროსანისთვის სახელიც კი არ ეკითხა.

-ღმერთმა შეისმინოს! – მოუჭრა მოკლედ მკაცრმა ქალმა და სკამზე ჩამოჯდა.

-რაამ შეგაწუხათ? – იკითხა ლედი თევზაძემ და იგრძნო, რომ შუბლიდან ცივმა ოფლმა გამოჟონა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7