***

ტბის პირას, საქონლის ტალახიან კვლებში მიაბიჯებდნენ. მზე ამოსვლას იწყებდა.

-რაო, რას ფიქრობ? – ჰკითხა რეზიმ, სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრებულ სანდროს გადახედა.

-ბრძოლა უფლებებისთვის, ოღონდ არა ყველა უფლებისთვის. – უპასუხა სანდრომ  უხალისოდ.

-მისმინე, ჩვენ არაფერი წაგვიგია, გესმის?

-ჰო. – დაეთანხმა ჰორიზონტს მიშტერებული სანდრო.

-მაგრამ გვცემეს!

-ჰო.

-სიმყუდროვე დავურღვიეთ წმინდანებს!

-ჰო.

-როცა დავბრუნდებით ქალაქში, ახალ ფართს ვიშოვით, რომელსაც ხედი ტაძარზე ექნება. ჩვენ კი წელში გავიმართებით და გვეცოდინება, რომ  ეს ისტორია კი არ დასრულდა,  გრძელდება! ისინი ყველგან არიან, ყველა ხვრელში ეტევიან და ჩვენც ყველგან დავხვდებით და ჩვენ სათქმელს ვეტყვით! – ჩამოაყალიბა რეზიმ შემართებით.  ჩალურჯებულ თვალებში ის ნაპერწკალი უელავდა, რომელსაც სანდრო მილიონში გამოარჩევდა.

ტბის ნაპირზე, შორს, თანაკელიელი ოჩოპინტრეც გამოჩნდა – მუხლამდე წვერიანი მორჩილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ლოგინში გველთან ერთად ეძინა და თაგვებს ეჩურჩულებოდა, რომ მტაცებლის მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, კელიაში მასთან ერთად თაგვებიც, გველიც და ახლა უკვე არასამთავრობოს ბიჭებიც ცხოვრობდნენ.

-ჰო არ გადაგვეცურა ესა? – დაუყვირა ბიჭებს შორიდან მათკენ მომავალმა ოჩოპინტრემ და ტბის თვალუწვდნელი ნაპირებისკენ ხის კომბალი გაიშვირა.

-ჩვენ გადმოვცურეთ უკვეეე!!! – აღრიალდნენ ბიჭები ერთხმად.

-ვის ატყუებთ? მოვიდე ეხლა მანდ! – განაგრძო ყვირილი ოჩოპინტრემ.

-მოდი! მოდი! – შეაგულიანეს ბიჭებმა და ტალახიან ბილიკზე უკუსვლით დაიხიეს.

ოჩოპინტრე ფეხს აუჩქარა და ბიჭებმაც აუჩქარეს. ბორძიკობდნენ, თან ხელს აშველებდნენ ერთმანეთს და უკუსვლას განაგრძობდნენ.

-აგე, თუ არ ბრუნავს დედამიწაააა!!! – ღრიალებდა ისევ წვეროსანი. – ინდე, როგორ ტრიალეეეებს!!!

 

 

***

განცდილი იმედგაცრუება აბულის მარსიანული ციხის ძირას, იმ უცხო სამყაროში, ნაშალი კლდეებით და უზარმაზარი ლოდებით აწყობილ პლანეტაზე სხვანაირად  – ბევრად მარტივად გადასატანი ჩანდა.

-განა რა არის აქ, ასეთ ადგილას რთული? – ხმამაღლა გაიმეორა რეზიმ საკუთარი ფიქრი და სანდროს გადახედა.

ის თავჩახრილი მიდიოდა და რაღაცას ღიღინებდა.

-რა არი და, აემ ტალახში სიარული არი რთული! მაგრა მღლიის! სუ გადამძვრალი მააქვს კანები!- უპასუხა უკვე გვერდითმყოფმა ოჩოპინტრემ და გადაიხარხარა.  – გადავცუროოთ მეთქი ესა! – დაიწყო მერე ისევ თავიდან.

-გადავცუროთ. – უცებ დაეთანხმნენ ბიჭები.

-აბა, უკვე გადმოვცურეთო? ვის ატყუებთ თქვენ?! – დასჭექა ისევ და კომბალი აიქნია.

ბიჭები ადგილს სირბილით მოსწყდნენ. ოჩოპინტრე ისევ აედევნათ.

განთიადი ულამაზესი იყო ფოკაში. ფარავნის ტალღები  ნაპირს ასკდებოდნენ, ხოლო შემოდგომის ყვითელი მზე გადახრუკულ მინდვრებს სიცოცოცხლისფრად ღებავდა.

შორეულ ქალაქში საქველმოქმედო ორგანიზაცია -„ქრისტეს სახელით“ – ახალ ოფისში პირველ სამუშაო დღეს იწყებდა.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7