***

რეზიმ მეგობრებს ლედისთან შეხვედრის ამბავი დაწვრილებით მოუყვა და ცხადად შეიგრძნო ის უიმედობა, რომელმაც ოთახში დაისადგურა. თავადაც მიხვდა, რომ ბრძოლის სურვილი აღარ ჰქონდა. უფრო მეტიც – სურდა, რაც შეიძლება მალე დაძრულიყვნენ სახლებისკენ. ახლა ყველაზე მეტად მარტოობა ერჩივნა.

კარგად ახსოვდა, თუ როგორი აღტაცებით დააფუძნეს ორგანიზაცია,  მერე „ქართული სულისგულის“ ლიდერი გაიცნო, რომელმაც  პროექტის წარმატებაში დაარწმუნა.ბოლოს გუნდიც შეკრიბა და მათთან ერთად საქმიანობას შეუდგა.

ახლა, მისი დამარცხებული გამომეტყველება მეგობრების განწყობაზეც აისახებოდა. თითქოს დუმილის უფლებას იყენებდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება ჩუმად ესუნთქათ.

მათი ოთახის მიღმა უკვე დიდი ფუსფუსი აეტეხათ: ათეულობით მუშა ძველ იატაკს ყრიდა,  შპალერებს ხევდა და  ჭერზე წლობით ნაგროვებ მტვერსა და ნაგავს ფხეკდა. მტვრის ღრუბელი მთელ შენობას ფარავდა.

-აი, აქ შეგვიძლია! – გაისმა უცნობი გოგონას ხმა ოთახის კართან და მერე სათვალიანი და კიკინებიანი თავიც გამოჩნდა.

კარი ხელით ეჭირა და არასამთავრობოს სრულ შემადგენლობას უემოციოდ შესცქეროდა.

– აქ შეგვიძლია სერვერი დავდგათ! ყველაზე მოტეხილი ოთახია და დიზაინში არ შემიშლის ხელს. გაწყობს? -მიმართა სათვალიანმა გოგონამ მოტკეცილ ტყავის ქურთუკში გამოწყობილ მამაკაცს.

-თუ გაგრილების სისტემას მომიყვანთ აქამდე და იატაკს აი, სადღაც იმ სიმაღლეზე დამიგებთ, რომ ქვეშ თავისუფალი 40 სანტიმეტრი დამრჩეს, მოსულა! – უპასუხა მამაკაცმა და ხელით იატაკის ზედაპირისკენ  მიანიშნა.

-აქ საფეხურის დამატება მოგვიწევს. – მიუთითა გოგომ შესასვლელისკენ.

-მშვენიერია.

ტყავისქურთუკიანმა ჯიბიდან ცარცი ამოიღო და  მონიშნული ადგილი გახაზა.

-იუპიესის დადგმა აქ შეიძლება! – თქვა კიკინებიანმა და  იქ მიუთითა, სადაც რეზი იჯდა.

-ძალიან კარგი. ახლა ჰოლები ვნახოთ.

-თანამშრომლები ვეგონეთ მგონი. – სიტუაციის გამარტივებას შეეცადა ნათია, როდესაც სტუმრები გავიდნენ.

-იუპიესს დგამენ ჩემ ადგილას…- ჩაიბურტყუნა ნირწამხდარმა რეზიმ.

-მოვწიოთ. – თქვა სანდრომ და ფეხზე წამოდგა. ბიჭებიც მიჰყვნენ.

 

 

***

მათი შენობას სრულიად ახლებური იერი ჰქონდა. სულ რამდენიმე საათში მოესწროთ, ფასადი თითქმის სრულად გაეწმინდათ, ხოლო ჩუქურთმებისათვის ახალი სიცოცხლე შთაებერათ.

-ეს მონსტრი აქ იყო? – ჩურჩულით იკითხა სანდრომ და სხვებს მთავარი შესასვლელის თაღზე გაპრიალებული მომღიმარი დევის ქანდაკებისკენ მიანიშნა.

ზუსტად ამ დროს ბანერის გარე განათების სისტემაც ჩაირთო. იქაურობა ისე გაკაშკაშდა, რომ   მიმდებარე შენობები ჩაბნელებულ სილუეტებად იქცნენ. ამ სურათს გვირგვინად ბანერი: „ქრისტეს სახელით“ ედგა, რომელიც  ყველას ამცნობდა, რომ აქ, ამ შენობაში ისტორიის ერთი ფრაგმენტი არათუ დასრულდა, არამედ აორთქლდა კიდეც:

პარტია „ქართული სულისგულის“ არსებობის მთავარი მტკიცებულება ლედი თევზაძე სოფელში გადადიოდა საცხოვრებლად. მისი აგიტაცია ქალაქამდე ვეღარასდროს ჩამოაღწევდა.

ოთახში დაბრუნება სამგლოვიარო მსვლელობას ჰგავდა. თავჩაქინდრულები, უხალისოდ მიაბიჯებდნენ. კიკინებიან გოგონას მთავარ ჰოლშიც მოჰკრეს თვალი, რომელიც ჭერს მიშტერებოდა:

-ბროლი მინდა მანდ! –   ექოდ ისმოდა გამოფუღუროებულ შენობაში მისი ხმა.

ტყავისქურთუკიანი პლანშეტში რაღაცას ინიშნავდა.

როცა ლედის კაბინეტს ჩაუარეს, რეზიმ ვეღარ მოითმინა და შიგნით შეიჭყიტა.

ოთახში მტვრის ბუღი იდგა – სამტვრევი აპარატით  ცემენტის იატაკს შლიდნენ, თითქოს სურდათ ლედი თევზაძის არსებობის მოლეკულური კვალიც კი გაექროთ. მხოლოდ თეთრი, ჩამოხეული სააგიტაციო მასალები მიანიშნებდნენ, რომ ცოტა ხნის წინ აქ მუქთახორებს და ხულიგნებს სამკვდრო-სასიცოხლოდ ებრძოდნენ.

ოთახში დაბრუნებულებს ნათია ჩაბარგებული და ჩაწითლებული თვალებით დახვდათ.

-მე წავედი… გნახავთ უნიში. – თქვა ნათიამ და ოთახიდან გასვლა დააპირა.

-ერთი წამით! – შეაჩერა რეზიმ.

მეგობრები დივანზე ჩამოსხდნენ და რეზის შეაცქერდნენ.

ლოგიკურად  გამოსამშვიდობებელი ტექსტის წაკითხვისთვის იდეალური მომენტი იდგა.

-როგორც ლედიმ ამიხსნა და ნუ, ბანერიც ყველამ ვნახეთ, წარწერაც, გვერდებში წმინდა ნინოს ჯვრები  – ამათ სიკეთის კეთებაზე სერიოზული პრეტენზია აქვთ, ჰოდა ვიფიქრე…

-მივწეროთ! – შეაწყვეტინა ბენიმ.

-უნდა მივწეროთ! – გაიმეორა სანდრომ.

-ზუსტად!

-იქნებ დირექტორის ყურამდეც მიაღწიოს და დაგვეხმაროს! ღმერთო, რა მაგარი აზრია!  – ნამტირალევ ნათიას ხალისი უბრუნდებოდა.

-მოიცა მაგათ იმას, მაგათ მატრიარქს თუ როგორცაა, ეგრე ქვია? – სერიოზული სახით იკითხა ბენიმ.

-აზრზე არ ვარ, მაგრამ  დირექტორი არ ერქმევა, რაღაც რელიგიურ-საქველმოქმედო ამბავია, ტელევიზიაშიც მხოლოდ ეგ ისმის – რამდენი ტაძრის რესტავრაცია დააფინანსეს,  ვინ გადაარჩინეს, ვის უმასპინძლეს. – აუხსნა ნათიამ.

-ქრისტ(ინ)ეს მივწეროთ!- თქვა რეზიმ.

სანდრომ ფურცელი აიღო და კალამი მოიმარჯვა:

-ჯერ შავად დავწეროთ, მერე ავკრიფოთ კომპიუტერში…

-თქვენო უწმინდესობავ! ასე დავიწყოთ? – დაბნეულმა იკითხა ისევ ბენიმ.

-კარგი, რა! ბარემ წმინდაო ქრისტ(ინ)ეთი დავიწყოთ. – თქვა სანდრომ სიცილით და მეგობრებს გადახედა.

-თ-ქ-ვ-ე-ნ-ო  ღ-ი-რ-ს-ე-ბ-ა-ვ! – დამარცვლა ნათიამ.

-თქვენო ღირსებავ! – გაიმეორა სანდრომ და წერას შეუდგა.

-გვსურს მოგმართოთ, ჩვენთვის ძალიან საჭირბოროტო საკითხზე… – აგრძელებდა აღმასრულებელი მდივანი.

-მოგმართოთ? – იკითხა მწერალმა.

-შეგაწუხოთ ხომ არ ჯობია? – ჩაერია ბენი.

-შეგაწუხოთ იყოს. – დაეთანხმა ნათია.

-ახლა ჩვენი სამუშაო და ის ადამიანები აღვწეროთ, ვისაც დახმარებას ვუწევთ. პროექტები, რომლებიც მუშაობის პროცესშია, ნუ „ძინ-ძინის“ გარდა. – თქვა რეზიმ და გაიცინა.

წერილის წერაში ისე გაერთნენ, რომ ვერც კი შეამჩნიეს თუ როგორ დანისლა მტვრის ბურუსმა მთელი ოთახი.

-გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ თქვენი ორგანიზაციის უფლებამოსილ პირებთან, რათა შეგვინარჩუნოთ სამუშაო ადგილები… – აგრძელებდა კარნახს რეზი.

-მოიცა, სამუშაო ადგილები არ ვარგა! – შეაწყვეტინა ნათიამ.

-აბა?

-გვიშუამდგომლოთ თქვენი ორგანიზაციის უფლებამოსილ პირებთან,  რომ მოგვეცეს უფლება დავრჩეთ ამავე შენობაში. გამოვთქვამთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ საქველმოქმედო მიზნებისთვის და გაგიწიოთ უსასყიდლო სამართლებრივი მხარდაჭერა.

-ცოტა ნელა რა! – აწუწუნდა სანდრო.

-კარგი, – თქვა ნათიამდა მთელი ტექსტი დამარცვლით გაიმეორა.

-ხელს ვინ მოაწერს? – იკითხა სანდრომ, როდესაც წერას მორჩნენ.

-პატივისცემით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრძოლა უფლებებისთვის“ გუნდი – დაწერე და ყველამ მოვაწეროთ. – ჩაერთო ისევ რეზი.

-მჯერა, რომ სწორად მოვიქეცით! – კმაყოფილება ვერ დამალა ნათიამ დამშვიდობებისას და ყველას სათითაოდ ჩამოურა გადასაკოცნად. – მე ორშაბათამდე ქალაქში არ ვიქნები და ვიცი, რომ ისევ აქ გნახავთ ჯერ და უნიშიც ხომ გნახავთ თან? – დაამატა გულაჩუყებულმა.

-მეც ბოლომდე დარწმუნებული ვარ. – დაეთანხმა რეზი.

-ჩვენც დავიშალოთ. თან გაგაცილებ. – ფეხზე წამოდგა ბენიც.

-წერილს მე და სანდრო წავიღებთ.  – თქვა რეზიმ და მეგობრებს დაემშვიდობა.

-დროზე გავიდეთ, თორემ მგონი გაზი გაუშვეს ჩვენს დასახოცად. – გაეცინა სანდროს.

მტვრის გაუვალ ბუღში  ხელის ცეცებით უწევდათ გზის გაგნება. შენობას რომ ტოვებდნენ, მუშებს უკვე ნაგვის ბოლო ტომრები გაჰქონდათ, გარეთ კი სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილი ბრიგადა უცდიდა საკუთარ რიგს სამუშაოების გასაგრძელებლად.

 

 

1 2 3 4 5 6 7