ნიკო ქუჩაში მიაბიჯებს და ხედავს, რომ ხალხი მართლაც შეშინებული და შეძრულია. თეონა დოლენჯაშვილი წერს: „კაცობრიობას მიზეზი მიეცა მხრებიდან მოეხსნა მარადიულობის ტვირთი. დასასრულის სიახლოვე მომავლისგან გვათავისუფლებს. ჩვენ ხომ ისე ვცხოვრობთ, რომ გვგონია არასდროს მოვკვდებით და ამიტომ საერთოდ არ ვცხოვრობთ. ახლა კი აპოკალიფსის მოლოდინით შეძრული ადამიანები მთელი ცხოვრების ჩატევას ორ დღეში ცდილობდნენ“.

მაშასადამე, კაცობრიობა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა. მსგავსი რამ ემართება ნიკოსაც.

ნიკოს სასტუმროს ნომერში თავისი პერსონალური ქრისტე ეწვევა. ეს პერსონაჟი ატყობინებს მას, რომ მოვიდა, როგორც მარტოსული კაცის  ხმისგამცემი. დასახმარებლად მოვედიო, ეუბნება სტუმარი ნიკოს. სტუმარი ახსენებს მოთხრობის გმირს ერთ მეგობარს, რომელიც ცოცხალი აღარ არის. ამ კაცს ერქვა ალექსანდრე. აღმოჩნდება, რომ ალექსანდრეს რაღაც გარიგება ჩაეშალა, რამაც მაშინდელი პროექტი ჩააგდო. ყოველივე ეს მისდაუნებლიეთ მოხდა, ნიკომ კი არ მოუსმინა მის ახსნა-განმარტებებს და საბოლოოდ ამ გულგრილობამ ალექსანდრე თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

სტუმარმა სხვა ცოდვებშიც ამხილა ნიკო, მან „კიდევ ერთხელ დააწკაპუნა და მონიტორზე საპრეზენტაციო სქემებად, ანგარიშებად, საქმიან რეპორტებად გამოთვლილი ნიკოს ყოველდღიური საქმიანი  ცხოვრება გამოისახა, სადაც აქამდე უმნიშვნელო მოვლენებს, დეტალებსა და ათასგვარ წვრილმანსაც კი ახლა უდიდესი მნიშვნელობა შესძენოდა. ნიკოლოზის გასაკვირად განსაკუთრებით მძიმე შედეგები მის გულგრილობას, კონფორმიზმს, სიჩუმეს თუ უბრალოდ, უყურადღებობას და თვალის არიდებას გამოეწვია“.

ამ განკითხვის ჟამს ნიკოს უჭირდა და უნდოდა ვინმესთვის საშველად მოეხმო, მაგრამ მიხვდა, რომ არავინ არ გაუწვდიდა დახმარების ხელს, ვინაიდან ყველა მისი მსგავსი იყო. ის უკვე აშკარად გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში პერსონალური აპოკალიფსი დამდგარიყო – „სრული და აბსოლუტური მარტოობა“.

საბოლოოდ ნიკო ფიქრობს, რომ ყოველივე ეს სიზმარი იყო. ის მოსაწყენ ყოფას უბრუნდება. საწოლზე ვისკის დაცლილი ბოთლი აგდია, მაგიდაზე საქმიანი წერილებით სავსე პლანშეტი დევს. ნიკო ოთახს მოავლებს თვალს და მერე ისევ ფანჯრიდან იყურება და რას ხედავს! ქუჩაში ჯვარაკიდებული მრავალი პერსონალური ქრისტე დაიარება… რეალობას ისევ ფანტასმაგორია ენაცვლება.

გაგა ნახუცრიშვილის რომანი „ზამთრის ზღვა“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილის სათაურია „ანდრო“ და სწორედ ეს მოქმედი გმირი გვიყვება თავისი ცხოვრების ამბავს. ამ მონათხრობიდან გამომდინარეობს მეორე ნაწილი და შესაბამისად მისი გმირიც – „მარი“. ანდროს თხრობა რამდენიმე რაკურსს მოიცავს: წინაპრების ცხოვრება, XX საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე მტკივნეული და საბედისწერო მონაკვეთები, აქვეა იმავე ასწლეულის მიწურულის მძიმე ატმოსფერო:  სამოქალაქო ომი, ეთნკონფლიქტები. ანდროს თხრობა ბუნებრივია, სადა და ლაკონური. ამავე დროს ამ თხრობაში ერთგვარი ექსისტენციური განწყობილებაა განფენილი, მინორული მელოდიურობა ჭარბობს. ანდრო ისტორიკოსია და ნარკვევს წერს წინაპრების ცხოვრებაზე. ამ ნარკვევში არამხოლოდ წინა თაობების ცხოვრებაა, არამედ ისტორიული ფაქტოგრაფიაცაა და გამომზეურებული მოვლენების ანალიზიც. ანდროს ნარკვევის დაწერას ბებია სთხოვს: „ბებია უფრო ლამაზად მიამბობდა, ვიდრე ვწერ. სიკვდილის წინ სულ ამ გადამწვარ სახლს იხსენებდა, სხვას არაფერს, დაიბრუნეო, მთხოვდა. ისტორიკოსი ხარ და რამე ნარკვევიც დაწერეო. მიამბობდა ყველაფერს, თან არაფერს“.

ანდროს მოთხრობა პროზაული კოლაჟია. ამ კოლაჟში მისი  აზრები და შეხედულებებია ჩაწერილი. აქ არის გერმანიაში ყოფნის პერიოდი, მარი, ლიკა, საბასთან ურთიერთობა და ვრცელი დიალოგები. აქვე შემოიჭრება ზღვის პეიზაჟები და სიზმრები. მერე კადრი იცვლება და ისევ წინა თაობების ცხოვრება ექცევა თვალთახედვის არეში. „ქაქუცა შევიფარეთ და დაგვსაჯეს, ანდრო პაპა სამი წლის იყო, მაგრამ ყველაზე საშინლად ახსოვს ეს დარბევა, არასდროს უხსენებია, მაგრამ ყველაზე საშინლად ახსოვს ეს ტკივილი.“ ანდრო ომზე ფიქრობს. ომის ფილოსოფია მისთვის ყველა დროში ერთნაირია, აბსურდულია და ყოველგვარ საზრისს მოკლებული. ანდროს აზრით, ომში შეხვედრილ ადამიანებს არ შეიძლება ერთმანეთი სძულდეთ, რადგან ისინი ერთმანეთს არ იცნობენ; რომ გაეცნოთ, იქნებ დაძმაკაცებულიყვნენ კიდეც, ომგამოვლილი ადამიანები კი ომზე არასდროს არ ლაპარაკობენ, ხანდახან თუ წამოსცდებათ ორი სიტყვა. ომზე მხოლოდ ისინი ყბედობენ, ვისაც ტყვია-წამლის სუნი არ შეუგრძვნიათ. ანდრო თავისი თაობის ადამიანებს, ბრმა ბედისწერის მსხვერპლებსაც იხსენებს. აქაც ექსისტენციური შემთხვევითობის მომენტია აღბეჭდილი. ერთ-ერთი მისი მეგობარი იღუპება. ის თურმე ამბობდა, ცუდად ვარო და დეპრესიაზე ლაპარაკობდა. გარშემომყოფნი ამ ნათქვამს სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, მერე კი ამ ბიჭს იარაღი გაუვარდა თუ თავი მოიკლა, ვერ გაიგეს. ესეც კრიზისული დროის ნიშანი იყო. ყველაფერი იცვლებოდა და იცვლებოდნენ ადამიანებიც. ავტორი წერს: „ღამღამობით ფანჯრები სულ უფრო იშვიათად იყო განათებული. დღისით მზე ძველებურად ვეღარ ანათებდა, თითქოს უხალისოდ, ვალის მოხდის მიზნით. ღიმილი დაღვრემილმა სახეებმა გადაფარა. ცოტა ხანში ომიც დაიწყო.“

გაგა ნახუცრიშვილის რომანს „ზამთრის ზღვა“ ჰქვია. ზამთრის ზღვა თითქოს უშინაარსო, უსაზრისო, სიყვარულსა და მკვიდრი ღირებულებების რწმენას მოკლებული ცხოვრების სიმბოლოა. რომანის მეორე ნაწილის ბოლოს მარი გვატყობინებს, რომ ანდრომ ზამთრის ზღვაში შეცურა და შემდეგ ზღვიდან ამოსული მოხუცმა მეთევზემ იპოვა ნაპირზე გარდაცვლილი.

1 2 3 4 5 6 7 8