ეს მოთხრობა მწერლის მშობლიური გომბორის აღწერით იწყება. გაბმულ თხრობაში ფაქტოგრაფიული, ეთნიკური, ზოგადად, ისტორიული ნაკადი იჭრება. ეს დოკუმენტალიზმის ზღვარზე გასული მხატვრული თხრობაა. ეს ზოგადი თხრობა ოდნავადაც არ სცილდება კონკრეტიკას. ბექა ქურხული ჟამთააღმწერელია, ის არამხოლოდ ქართულ-ოსურ ურთიერთობებს აღწერს, არამედ ეთნოკონფლიქტსაც გადაწვდება და მერე ისევ გომბორის რეალიებს უბრუნდება. მწერალს თხრობის თავისი რიტმი აქვს და ამ რიტმით არის მოთხრობილი მთელი „გომბორის საგა“. თხრობა ხან რას გადაწვდება და ხან რას, საბოლოოდ კი „სკანდარას ეპოქამდე“ მიდის. გომბორი თავისებური ფოლკნერისეული „იოკნაპატოფაა“, სკანდარა კი ერთი აზერბაიჯანელი ბიჭია, აქაური მკვიდრი.  „სკანდარას ეპოქას“ შემთხვევით არ უწოდებს მწერალი დროის იმ მონაკვეთს, რომლის მოყოლაც თავიდანვე აქვს განზრახული. არადა, ეს ამბავი თითქოს საიმისო საბაბია, რომ „გომბორის საგა“ მოგვითხროს. ჩემი აზრით, ამ მოთხრობაში სწორედ ეს არის მთავარი, ეს კომპოზიციური სტრუქტურა. პირველ ნაწილში გომბორის დაქსაქსული შინასამყარო და, ზოგადად, ვრცელი პანორამაა წარმოჩენილი, მეორეში კი ამ სამყაროდან მდინარის ერთი წვრილი ნაკადი გამოედინება – სკანდარას ამბავი. ეს ამბავი საკმაოდ მოკლეა, უბრალო, უცნაური და მერე უეცრად მოკვეცილი. მთავარი გმირი სკანდარას ქალიშვილს ეპატიჟება კინოში ისე, რომ არცკი იცის, ვინ არის ის. უფროსები ურჩევენ და კატეგორიულად მოითხოვენ მისგან განზრახვაზე ხელი აიღოს. აქ იჩენს თავს მათი მრავალი წლის წინ მომხდარი კონფლიქტი სკანდარასთან. უფროსი ასაკის ადამიანებს არ უნდათ დაუწერელი კანონი დაარღვიონ და ღირსება შეულახონ სკანდარას. არადა, მთავარი გმირი არ აპირებს სიტყვის გატეხვას და თავის განზრახვაზე ხელის აღებას.

ბექა ქურხულის პერსონაჟები ძლიერი ნების და ღირსების ადამიანები არიან. ისინი ნებისმიერ ვითარებაში იბრძვიან და თითქმის დამარცხებულებიც არ კარგავენ ღირსებას, რადგან უტეხი სული აქვთ. ასეთია სკანდარაც და ამიტომაც იმსახურებს ძველ მოქიშპეთა პატივისცემას. არსებობს ზღვარი, რომელიც უკიდურესი ქიშპობის დროსაც არ უნდა გადაილახოს. ამის შეგნება აზრს ანიჭებს ბრძოლასაც და გაუტეხელობასაც. ასეთია ბექა ქურხულის გმირების მორალი.

სხვა ნაწარმოებებშიც იგივე ხდება.

ძლიერ პიროვნებათა ციკლს განაგრძობს ბექა ქურხული მოთხრობაში „ჩემი ძმაკაცების სახელები“. ამ მოთხრობა-ჩანაწერების სერიაში მწერალი იხსენებს თავის უდროოდ დაღუპულ მეგობრებს, მაგრამ ეს მხოლოდ გახსენება არ არის, ეს გაკვირვებაა მათი არსებობის გამო. ეს ადამიანები იმით არიან არაჩვეულებრივები, რომ საკუთარ თავში, იქნებ გაუცნობიერებლადაც კი, მაგრამ მთელი არსებით ატარებენ უკვე ნახსენებ ღირსების გრძნობას და მორალურ კანონს, რომლის გამოც შეიძლება თავიც გაწირონ. ბექა ქურხული აღწერს, როგორები არიან ისინი, გადაცვენილნი ცხოვრების მორევში, როგორ ვერ უწვდენენ ფეხს უძირო ფსკერს, როგორ ახეთქებს მათ ცხოვრების ძლიერი ზვირთები აქეთ-იქით და ისინი კი მაინც არ თმობენ თავისას, არ ღალატობენ თავიანთ ზნეობრივ პრინციპს. გელორდა, გერკეულა, პაკო… ეს ბიჭები სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მძაფრად გრძნობდნენ სიცოცხლეს, ჩხუბობდნენ, სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ნიჰილიზმის და ტოტალური გულგრილობის ეპოქაში არავის და არაფრის მიმართ არ იყვნენ განურჩეველნი, ინდიფერენტულნი, ზერელედ უარმყოფელნი. თუმცა სამშობლოსთვის ბრძოლას რაც შეეხება, ეს მერე მოხდა, მანამდე კი, როგორც ბექა წერს, „თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, წარმოდგენა არ გვქონდა, რომ სულ რამდენიმე თვეში დაიწყებოდა ომი, ნამდვილი, ტოტალური ომი, სამოქალაქო, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ომი რუსებთან, აფხაზებთან, ოსებთან, ისევ რუსებთან, ერთმანეთთან, საკუთარ თავთან და მერე ისევ საკუთარ თავთან და ეს ომი აღარასოდეს დამთავრდებოდა“.

ბექა ქურხული პაკო სვიმონიშვილზე წერს: „დღევანდელ, თანამედროვე დაავადებულ სამყაროში და დისტროფირებულ, კასტრირებულ სამყაროში ეს მეოცნებე, რომანტიკოსი, ფანტაზიორი და ნამდვილი პოეტი პაკო ამავე დროს პირდაპირ ასხივებდა თვითირონიას, იუმორს და სიჯანსაღეს“.

პაკო პოეტი იყო, მაგრამ არამხოლოდ პოეტი. მას თავისი წილი მარტოობა ჰქონდა, რომლის წიაღშიც ნიჭიერებით აღბეჭდილ შემოქმედებას ქმნიდა. ამავე დროს ის გახლდათ ურთიერთობებისთვის გახსნილი კაცი, თავის დროსა და ენერგიას უხვად ხარჯავდა მეგობრებისა და მოსწავლეების სასიკეთოდ. ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ, ეს მისი მრწამსი იყო. პაკო მასწავლებელი იყო და მოსწავლეებთან თავისებურად უშუალო ურთიერთობა ჰქონდა – გერმანიიდან წერილებს სწერდა მათ და თავის შთაბეჭდილებებს უზიარებდა. პაკო თარგმნიდა გერმანულ ლირიკას და აქაც სხვათაგან განსხვავებულად არჩევდა უცხოელ ავტორებს; მთაშიც დადიოდა და ბარშიც, საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავ ლანდშაფტებს ეძებდა და აღბეჭდავდა თავის ლირიკაში. ესეც მისი მუდმივი გატაცება იყო.

ბექა ქურხულის წარმოსახული თუ რეალური პერსონაჟები ამსხვრევენ მითს თუ წარმოდგენას თანამედროვე ადამიანის მორალური დეგრადაციის თაობაზე. ავტორი თითქოს ტოტალური აზრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს და უკიდურესად ძლიერი ნებით და ხასიათით აღბეჭდილ პიროვნებებს ხატავს. მკითხველისთვის ეს ყოველივე უკიდურესად დამაჯერებელია და ბუნებრივი. ამ ბუნებრიობას მრავალი მიზეზი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა, თვითონ ამ ხასიათების სირთულე, კრიზისულ რეალობასთან შეხამება, მასალის დოკუმენტალიზმი. მოთხრობებს ბუნებრიობას და დამაჯერებლობას სძენს ისიც, რომ ეს ადამიანები კრიზისულ სოციალურ ვითარებაში ცხოვრობენ და ამიტომაც მათი ყოფა და ხვედრი ტრაგიზმით არის აღბეჭდილი. ბექა ქურხული ინდივიდებზე წერს, ისინი ინდივიდები არიან,  მკაფიო პიროვნებები და არა მასის ანასხლეტები, მასის სტანდარტული ადამიანები. ავტორი პლასტიკური ხასიათების, პიროვნული პორტრეტების ძერწვის ოსტატობას ფლობს და სწორედ ეს სძენს დამაჯერებლობას მონათხრობს.

1 2 3 4 5 6 7 8