ბაბუა ყველა ქართველი ბაბუის მსგავსი იყო, მოქეიფე და მხიარული. ჰქონდა დიდი ვენახები, ჭურები, საწნახელები. უყვარდა სტუმრები და ყოველ საღამოს საიდანღაც მოჰყავდა მეარღნე“. ცხადია, ამ მოთხრობაში ბაბუასაც აქვს თავისი განუმეორებელი და პიროვნული ნიშანი, მაგრამ ბებია მაინც სხვა არის. ამიტომ ბებიას ცალკე თავი ეძღვნება. მარგალიტა მორწმუნე ქალია და მისი მორწმუნეობა ისეთივე ბუნებრივია, როგორც წელიწადის დროების მონაცვლეობა. ბებია იგავს მოუთხრობს ნაწარმოების ავტორს და შეგონებასაც დაურთავს: „თუ რწმენას სიყვარული და სიკეთე არ ახლავს, ღმერთისგან აღარაა, ეშმაკისგანაა“.

ბავშვობისეული ყოფის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟია ცალთვალა ფოტინე. ეს სოფლის შემლოცავი ქალია, სოფლის მკურნალი. მთხრობელი ფეხს იტკენს და ბებია ცალთვალა ფოტინესთან მიიყვანს. ეს მოხუცი ქალი „თავშავას და მრავალძარღვას ხარშავს, უშვილობის და სხვადასხვა დაავადების წამალს ამზადებს, უამრავი შელოცვა და გამოლოცვა იცის და, როგრც ჩანს, ბევრსაც კურნავს“.

ბავშვისთვის ამ დროისა და სივრცის  მიღმა არსებულ სამყაროში შესვლა, მითსა და ზღაპარში მოხვედრას ნიშნავს. ბავშვობა წარსულში დარჩა, მაგრამ მერმინდელი გადასახედიდანაც ცხადად გამოჩნდა, რომ სოფელში ისეთი პატრიარქალური ოაზისები არსებობდა, რომელსაც დროის ცვალებადობა არცკი შეხებოდა. ასეთ სივრცესთან ზიარება პრეისტორიული ჟამის შეგრძნებას აღვიძებს ბავშვის ცნობიერებაში.

თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობილი ბავშვობა ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება. ამ ეპიზოდებში სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობენ. ეს თითქოს შთაბეჭდილებათა კოლაჟია, რომელიც ერთ მთლიანობას ქმნის. ამ მთლიანობას კი ერთი განწყობილება კრავს. განწყობილება შეიძლებოდა უფრო ვრცლადაც გაშლილიყო და რომანად ქცეულიყო, მაგრამ რომანისთვის მხოლოდ განვრცობა არ იქნებოდა საკმარისი, თვითონ ნაწარმოების სტრუქტურა, მისი კომპოზიცია უნდა შეცვლილიყო, პერსონაჟებზე მსოფლმხედველობრივი აქცენტები სხვაგვარად უნდა განაწილებულიყო, ვთქვათ, სოფლის მკვიდრის, მთხრობელის წინაპრის, ბებიაქალ ეპრასის ხასიათი, რომელსაც მშობიარე ქალთან მუდამ თავის თვალმარგალიტი მიჰქონდა. სრულიად გამორჩეულია და მსოფლმხედველობრივ დატვირთვასაც იძენს, როცა მოთხრობაში 37 წლის თემატიკა შემოიჭრება.

ერთ ღამეს ეპრასის კარზე დაუკაკუნეს. ცხადია, მან იფიქრა, სოფლის რომელიმე მკვიდრი მშობიარობდა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. ზღურბლზე პირქუში, იარაღასხმული ხალხი იდგა. ვინ მშობიარობსო, შეეკითხა ეპრასი, ცივი და კატეგორიული პასუხი მიიღო, დაპატიმრებული ხართ, ხალხის მტრებთან მოკავშირეობა გედებათ ბრალად და გამოგვყევითო.

ეპრასის დაპატიმრება სიმბოლურია – მოვიდნენ სიკვდილის მთესველები, ნეკროფილები და სიცოცხლის მომავლინებელი დააპატიმრეს. სოფლის ერთადერთი იმედი ხალხის მტრად შერაცხეს. მწერალს რომანის ჩანაფიქრი რომ ჰქონოდა, ეპრასის ფიგურა წინა პლანზე წამოიწევდა. ის, ფაქტობრივად, თავს სწირავს, სურს დროულად ჩაბარდეს შინსახკომელებს, რადგან მისი ქმარი კედლიდან თოფის ჩამოხსნას აპირებს. ეპრასის დრამა ციხეში გრძელდება. ის ისეთ საკანში მოხვდა, რომ იქიდან სადმე, თუნდაც შორეულ ტაიგაში გადასახლება ნატვრად ექცა. ეპრასი არამარტო კოლორიტული პერსონაჟია, არამედ ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც თვალნათლივ ამჟღავნებს ავბედითი დროების შავ ლაქებს. ამავე დროს ეს ქალი თავისი სიცოცხლისმოყვარეობით სძლევს ყოველგვარ დაბრკოლებას და მშობლიურ კერას უბრუნდება. მწერალი წერს: „ცა ისეთი ცარიელი და მშვიდი იყო, თითქოს მის ქვეშ არასდროს არაფერი მომხდარა და ის ექვსი თვეც კოშმარულ სიზმარში გაილია. სახლისკენ მიმავალი გრძელი აღმართებიც მთვარეულივით აიარა და წინკართან გაუბედავად შედგა“.

„ხალხის მტრის“ ეპრასის დაბრუნება მთელ სოფელს გაუხარდა და აქ სოფლის მაცხოვრებელთა წამოსროლილი კომიკური ფრაზაც გაისმის, დიდი ბელადი უდანაშაულოდ არავის იჭერსო. ეპრასი რისთვის დაიჭირეს, ვერავინ გაიგო, მაგრამ კიდევ უფრო აბსურდული და უჩვეულო ის იყო, რომ გამოუშვეს და რატომ გამოუშვეს, ესეც აუხსნელი დარჩა. ეს განთავისუფლება ბელადის მიმტევებლობად აღიქვეს სოფლელებმა.

თეონა დოლენჯაშვილის მიერ დახატული ეპრასის, ამ უწყინარი ბებიაქალის პორტრეტი მსუბუქი ირონიითა არის შეფერილი. შინ დაბრუნებული, უკვე მრავალტანჯული ეპრასი დასძენს, ჩემს თვალმარგალიტს იმდენი ბინძური თვალი შეეხო, ალბათ ძალას დაკარგავდაო.

მწერალს არაერთი ტკბილ-მწარე ამბავი ახსენდება, თუმცა აქაც ირონიული შტრიხები ჭარბობს. ასეთია, ვთქვათ, ჩოკინას ამბავი. კახეთიდან ჩამოყვანილი ვირი საკვირველებად იქცა, ვინაიდან იმერეთში ეს შინაური ცხოველი იშვიათი იყო. მის სანახავად ბავშვები ახლომახლო სოფლებიდან მოდიოდნენ.

აქ მოთხრობილი კომიკური ისტორია, რომელიც ამ ვირზე ამხედრებულ „იმერელ იდალგოს“ ჭიაკოკონობის ღამეს შეემთხვა. ბიჭი კოცონზე უნდა გადამხტარიყო, მაგრამ „ზედ კოცონთან ვირი დადგა და გაშეშდა“.

ავტორი აქ იღიმება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კომიკური შტრიხები ქმნის მოთხრობის ბოლო თავების კამერტონს.

ჩოკინას ამბავი კვლავაც ირონიულ ჭრილში გრძელდება. სოფელში ხმა დაირხა, ვირის სისხლი უებარი სამკურნალო საშუალებააო და თავდაპირველად სახლის ზღურბლს ეპილეფსიით დაავადებული შვილის გამო უცნობი ადამიანები მოადგნენ. ბაბუასთვის ეს პირველი შემთხვევა გაუგებრობის შემცველი იყო, მერე კი თანდათან მიხვდა, რას მოითხოვდნენ მისგან და მას რა უნდა მოემოქმედა. მერე და მერე კი ისე მომრავლდნენ ჩოკინას სისხლის მთხოვნელები, რომ ბაბუა მათ ვეღარ აუდიოდა. და აი, ბოლო პაციენტიც გამოჩნდა, ეს იყო ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი გოგო, რომელიც ჩოკინას სისხლს სვამდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ეს ცრემლები ტყუილად არ დაღვრილა, საბოლოოდ ჩოკინას ასე წვალებით დადენილ სისხლს ამ უწყინარი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა.

თეონა დოლენჯაშვილი ბავშვობის სამყაროში მოგზაურობს. ეს მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის, რადგან მწერალი ისეთ სასიცოცხლო ძარღვს ეხება, რომლის პულსაციაც მთელ მის ცხოვრებას ანიჭებს აზრს. ეს კარგად ჩანს ნაწარმოების ფინალში. ბებია ეკითხება მთხრობელს, მე რომ აღარ ვიქნები, ხომ ჩამოხვალ და ჩამოიყვან შენს მეგობრებსო. მთხრობელი, რა თქმა უნდა, ჰპირდება, ჩამოვალო, მაგრამ ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს. დაპირების სანაცვლოდ ის ამ ფაქიზი ირონიით გაზავებულ მოთხრობას წერს.

მოთხრობაში „პერსონალური ქრისტე“ მთავარი გმირი ნიკო რეალობისა და არარეალობის ზღვარზე ცხოვრობს. თვითონ მოთხრობის სიუჟეტიც ფანტასმაგორიისა და პირობითობის ნიშნით არის აღბეჭდილი. სხვა ქვეყანაში მყოფ ნიკოს შვილი ურეკავს და ატყობინებს, რომ ტელემაუწყებლობამ აპოკალიფსის მოახლოება გამოაცხადა. იმავეს ატყობინებს მას ძველი მეგობარი, კომპანიის აქციონერთა საბჭოს წევრი, ოღონდ ის ამატებს სხვა სიახლესაც: აქციონერთა ნახევარზე მეტმა აქციები გაიტანა, ამიტომ მათი გაკოტრება გარდუვალია.

1 2 3 4 5 6 7 8