ხელთ მაქვს ახალგაზრდა პროზაიკოსების ბექა ქურხულის, თეონა დოლენჯაშვილისა და გაგა ნახუცრიშვილის გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ ახლახანს გამოცემული წიგნები. როგორები არიან ამ მწერლების პერსონაჟები? სად არის მათი სამოქმედო და სამოღვაწეო სივრცე? რაზე ფიქრობენ ისინი? ვკითხულობდი და მერე ვრცელი წერილის წერა დავიწყე, რათა მკითხველისთვის ჩემი პირადი ლიტერატურული შთაბეჭდილებები გამეზიარებინა.

თავიდანვე გადავწყვიტე ბექა ქურხულის პროზაული კრებულიდან რამდენიმე მოთხრობას შევხებოდი. წიგნის კითხვა „მარადონას მარშით“ დავიწყე. როცა მოთხრობა დავამთავრე, ერთი ავტორის ნათქვამი გამახსენდა: „პოეზია უნდა განცვიფრებდეს“. ეს პოეზია, მაგრამ პროზა? პროზა ალბათ უნდა გაკვირვებდეს. ჰოდა, აი, მეც გაკვირვებული დავრჩი. პროზა ათასნაირია, მაგრამ პროზას მაინც თავისი ენა გააჩნია. პროზას ცხოვრებასთან, როგორც სავსებით უნივერსალურ და ყოვლისმომცველ ფენომენთან თავისი იდუმალი, გამოუცნობი სპეციფიკით განსაზღვრული შეხება აქვს. რასაც პროზის ენით გამოთქვამს ავტორი, იმას ვერც პოეზიის და ვერც სხვა რომელიმე ხელოვნების ენით იტყვის.

ასეა ბექა ქურხულთანაც. „მარადონას მარში“ პროზაა. აქ პროზის ხერხებით მოულოდნელი ცხოვრებისეული გაელვებაა მოხელთებული, ვფიქრობ, რომ ჟანრობრივად ეს ნაწარმოები ნოველაა, გრანდიოზული მოვლენის – აფხაზეთის ომის – ფონზე ერთი თითქოს უმნიშვნელო, მცირე ფაქტი თუ მცირეოდენი ამბავია ავტორის თვალთახედვის არეში მოქცეული და ამ თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტის მეშვეობით ომის აბსურდულობა და ყოვლისწამლეკავი ნიჰილიზმის დამამკვიდრებელი ძალაა ნაჩვენები, მაგრამ აქ არ მთავრდება მოთხრობა. მოთხრობა მთავრდება იქ, სადაც ამ გაუვალ ნიჰილიზმს ნათელი სხივი გაკვესავს და უშველებელ წყვდიადს გაანათებს.

თუმცა სჯობს თავიდან დავიწყოთ.

მოთხრობა ასე იწყება: „მარადონა ლეგენდა იყო, სანაპიროს ლეგენდა. თვითონაც არ იცოდა, ვისი სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში და არც აინტერესებდა. ნამდვილი კრეოლი გახლდათ, მისი სახლი ქუჩა იყო, მისი ემბაზი და განსაწმენდელი – სანაპირო, თვითონ კი აქაურობის ღვიძლი შვილი, პრინცი, მეფე და ბატონ-პატრონი“.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ სოხუმელ ბიჭს, რომელიც პლაჟზე ფულის საშოვნელად დადიოდა, „უკან გადაგდებულ კისერზე ორი-სამი სხვადასხვა ზომის ტაფა და ნიჟარები ეკიდა“, სოხუმელებმა მარადონა შეარქვეს, მათი მხრივ, ერთდროულად ირონიულ და, ამავე დროს, თბილ დამოკიდებულებაზეც მეტყველებდა.  დადიოდა მარადონა პლაჟზე და მხარზე გადაკიდულ რკინეულობას „ზედ კოვზებს ურაკუნებდა“.  ეს იყო და ეს. ეს პირველი კადრია, რომელიც სხვაგვარად ასე შეიძლება გამოითქვას: იყო მშვიდობიანი დრო და ამ დროს თავისი კოლორიტული ფიგურა – სოხუმელი ბიჭი, მარადონა ჰყავდა. მარადონა მშვიდობიანი დროის სიმბოლო იყო. მას „მოკლე კისერი უკან გადაეგდო, ხუჭუჭა, მრგვალი თავი“ ჰქონდა და ამიტომაც ეძახდნენ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელს, რაც საყოველთაო სიმპათიას აღძრავდა.

და კიდევ მომდევნო მნიშვნელოვანი შტრიხი: მარადონა სოხუმელ ბიგვავასთან მეგობრობდა. ბიგვავა სოხუმის თამბაქოს ფაბრიკაში მუშაობდა და ამიტომაც იმ დროის კვალობაზე ფულიანი ახალგაზრდა კაცი იყო. „დილით პლაჟზე ამფსონებთან კარტის თამაშით იქცევდა თავს, საღამოობით უფრო „სერიოზულად“ ერთობოდა.

1 2 3 4 5 6 7 8