მწერალიც რეალისტურ ისტორიას ჰყვება. ასეთი ამბავი სადღეისოდ თავისუფლად შეიძლება მოხდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მხატვრული თხრობა მხოლოდ ამბის გადმოცემა არ უნდა იყოს. მწერალმა პერსონაჟის შინაგანი განწყობა უნდა შექმნას. თეონა დოლენჯაშვილმა სწორედ სიყვარულში იმედგაცრუებული პერსონაჟის კრიზისული თუ დეპრესიული მეტამორფოზა უნდა გადმოგვცეს. ის სწორედ ამას ცდილობს. ეს მეტამორფოზა ნატას ნამუშევრებში ირეკლება. მის ფოტოებში სიკვდილი დომინირებს. მწერალი წერს: „ფოტოგრაფიის გრანელი ვარ“ – გაიფიქრა ირონიულად და უცნაური, ლამის ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე შექმნილი სერია გრანელის სახელით რამდენიმე ფოტოჟურნალს გადაუგზავნა“.

მწერლის წარმოდგენაში ნატას პარიზული მარტოობა და დეპრესია ტერენტი გრანელის შემოქმედებას, მის ზოგად განწყობას ენათესავება. ნატას დაუძლეველი მარტოობის გრძნობა ეუფლება. ის რეკავს საქართველოში დედასთან. რა უბიძგებს მას? მხოლოდ, ავტორის სიტყვით რომ ვთქვათ, „აპოკალიფსური  მარტოობა“ თუ ნოსტალგია? უნდა ვიფიქროთ, მისი წუხილი უფრო მარტოობით არის ნაკარნახევი, ვინაიდან ნოსტალგიური მოტივები ნატას ნაკლებად აწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ პარიზში ნატა თავს უცხოდ არ გრძნობს. მწერალი წერს: „თავს ამ ქალაქის ნაწილად გრძნობდა, ისეთივე ორგანულ ნაწილად, როგორც შიშველი ხეები ორიოლის ბულვარზე, თუ ზარების რეკვის ხმა ნოტრდამის ტაძრიდან“.

და აი, მოთხრობაში ახალი თემატური რკალი იშლება. კაფეში მყოფი ნატა უჩვეულო ჩოჩქოლს მოჰკრავს ყურს. „თავი რომ ასწია, ბარის თავზე დაკიდებულ ტელევიზორში მაზარინის ბიბლიოთეკის ულამაზესი და უძველესი დარბაზი დაინახა და იატაკზე დაფენილი ათობით სისხლიანი გვამი…“  ნატა შემზარავი ტერაქტის უშუალო მოწმეა. იქვე აცხადებენ, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“. ნატას წარმოდგენაში მართლდება ერთი მწერლის ნათქვამი, ნამდვილი რეალობა ყოველთვის არარეალისტურიაო. რეალური სურათი ისეთი შემზარავია, რომ თრილერს, ან საშინელებათა ფილმიდან ამოღებულ ფრაგმენტს წააგავს. სროლა ბიბლიოთეკაში მაშინ ატყდა, როცა ცნობილ მწერალთან შეხვედრისას მკითხველები ავტოგრაფის მსურველთა გრძელ რიგში ჩადგნენ.

ნატა განაგრძობს სურათების გადაღებას. ახლა ის თემატური ნიშნით აწყობს თავის ფოტოებს: „პარიზი ტერაქტებამდე და ტერაქტის შემდეგ“. ცხადია, სურათები განსხვავდება ერთმანეთისგან – ჯერ სრული სიმშვიდე სუფევს, მერე კი ფორიაქი იპყრობს ყველაფერს. ნატას არსებაში ტერაქტამდეც ფორიაქი სუფევდა, მერე კი, როგორც მწერალი წერს, იგრძნო „სუნი, როგორც დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის სასიკვდილოდ მხუთავი აირი“. ტერაქტის შემდეგ ნატას წარმოდგენაში არსებული სამყაროს აპოკალიფსური სურათი იცვლება. საქმე ის არის, რომ მოთხრობის პერსონაჟი ვირტუალური რეალობის ნაცვლად ემპირიულ, ხელშესახებ რეალობას აწყდება. ქუჩაში გადაღებულ მის ერთ-ერთ ფოტოზე შემთხვევით ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანი აღმოჩნდება. ამის გამო პოლიცია დაკითხვაზე იბარებს ნატას. მას სამკითხველოშიც მოუწევს შესვლა და საკუთარი თვალით იხილავს იატაკზე გართხმულ გვამებს. და აი, აქ თეონა დოლენჯაშვილი ერთ ზუსტად მიგნებულ დეტალს გვაწვდის:  „რა პატარები არიან და ამდენ ხანს ასე გაუნძრევლად როგორ ძლებენ“. ეს დეტალი აცოცხლებს და მნიშვნელობას სძენს თხრობას. მკითხველმა თვალი უნდა მიადევნოს არა მხოლოდ მთავარი გმირის სივრცეში გადაადგილებას, მასთან დაკავშირებულ გარეგნულ ხდომილებებს, არამედ მის შინაგან ცხოვრებას. მოყვანილი დეტალი სწორედ მისი განწყობის, მისი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცვალებადი მდგომარეობების ანარეკლია. ამგვარ დეტალებს, ამგვარ შინაგან დინებას თავისი ფარული ლოგიკა, თავისი თანმიმდევრობა აქვს. მკითხველი სწორედ ამ დინებას მიჰყვება და ინტუიციით ამოწმებს გმირის განვლილ ფაზებს. ნატას ხასიათის თვისება მორჩილებაა. ბედისწერა ფეხდაფეხ ედევნება და ცდილობს მის მოხელთებას. ნატა მორჩილია, მაგრამ მაინც იბრძვის. ეს ბრძოლა საიმისოდ არის მიმართული, რომ თანამედროვე სამყაროს ლაბირინთში გზადაკარგულმა სამშვიდობოს გააღწიოს და თავისი კუთვნილი თავისუფლება მოიპოვოს. საბოლოოდ ტერაქტის მონაწილენი უარყოფენ ნატასთან რაიმენაირ კავშირს, გამომძიებლები კი კვლავაც ცდილობენ მის დადანაშაულებას. „უცნაურია, მკვლელები რომ გათავისუფლებენ მაშინ, როცა სამართალდამცველები გაპატიმრებენ“, – ამას დასძენს ნატა და ამით მთავრდება მისი ტანჯვა-წვალება. ის თავისუფალია.

თეონა დოლენჯაშვილის გმირი ახალ დროსა და სივრცეში იკვალავს გზას. ბუნებრივია, მწერალიც იმას ცდილობს, თანამედროვე რთული სამყაროს ადექვატური ვითარება აღბეჭდოს. ახალ სამყაროს უამრავი ახალი რეალია, ყოფითი დეტალი, სამოქმედო სივრცის ადრინდელისგან განსხვავებული მრავალი ნიუანსი ახლავს. მთავარი კი ის არის, რომ უცხო სამყაროში საქართველოდან წასული ბედისმაძიებელი გმირის თვალთახედვა განსხვავებულია, რაც  ჩანს კიდეც ამ მოთხრობაში.

„დაკარგული სამოთხე“ ბავშვობის გახსენებაა. მოთხრობას ქვესათაურიც აქვს: „ნამდვილი ამბები მარგალიტას, ნიკოლოზის, ეპრასის და სხვების შესახებ“. ეს მომენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან დოკუმენტალიზმი, ფაქტობრივი მასალა თავისებურ მხატვრულ ელფერს ანიჭებს თხრობას. ბავშვის ცნობიერებაში იჭრება სოფლის პასტორალური ყოფა, წყარო სახლიდან კარგა მოშორებით არის და ბავშვებს ეზარებათ წყლის მოტანა. ეს სიზარმაცეც ბავშვური ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. ასევე შთამბეჭდავია მეხსიერებაში შემორჩენილი ბებიის სახე, რომელიც ხელმოჩრდილული, დაჟინებით გასცქერის შარას, რომელზეც ეს-ესაა ჩაიარა მანქანამ, ბებია კი თითქოს საკუთარ თავს ეკითხება: „ვინაა ნეტავ“? მეტყველი დეტალია. ბებიასთან ურთიერთობა გარესამყაროში „შესვლის“ თავისებური საშუალებაა მთხრობელისთვის. ბებიისგან შვილიშვილს, ერთი მხრივ, აპოკალიფსური შიში გადაედო და, მეორე მხრივ, იდუმალებით აღსავსე სამყაროს მომნუსხველობის შეგრძნება. მწერალი ამბობს, რომ ზოგჯერ „აპოკალიფსური შიშები ქარვდებოდა, იფანტებოდა, რადგან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ასეთ სრულყოფილ სამყაროს ოდესმე დასასრული ჰქონოდა“.

1 2 3 4 5 6 7 8