მანამდე კი ის წერს თავისი ცხოვრების წიგნს და ამბობს: „მოგონება ზამთრის ზღვას ვერაფრით ვერ გავატანე, ზამთრის ზღვას, რომელიც უჩვეულოდ მშვიდია, ტალღები არ იძვრის“.

გარკვეულ მონაკვეთში ისევ გერმანიაში ყოფნის მოგონებები ამოიზიდება. ანდრო ხორხეს იხსენებს, თავის ესპანელ ჯგუფელს და ლიტერატორს. მოგონებათა ეს ეპიზოდი ლიტერატურული წიაღსვლაა, ვინაიდან ხორხე გაბრიელ გარსია მარკესზე საუბრობს. მათზე საუბრისას მათივე პიროვნული პორტრეტი იხატება. ჩემი სახლიდან არსად წავალო, უთქვამს ლორკას და მართლაც, ისე დააკავეს, რომ თავის გარემოდან ფეხი არ გაუდგამს, „ხიმენესი კი ემიგრაციაში წავიდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება დეპრესია სტანჯავდა“. კაცმა არ იცის, რომელი არჩევანი იყო სწორიო, ამბობდა ხორხე.

ანდროს მეხსიერებაში ისეთი წვრილმანები ამოიზიდა, რომელიც  ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, მაგრამ მხატვრულ თხრობაში ყოველივე ეს იმგვარადაა ჩართული, რომ მნიშვნელობას იძენს; ვთქვათ, კარგად არის დახატული იგივე ესპანელი მეგობრის ხორხეს უცნაურობები და ახირებები, ზოგადად, მისი ხასიათი.

მარისთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია ანდროს ცხოვრებაში. მარი იმ გამონაკლისთაგანია, რომელთანაც ანდრო თავს მარტო არ გრძნობს. თავის საკმაოდ ღრმა მარტოობის ფონზე მარის აშკარად იმ ადამიანად აღიქვამს მოთხრობის მთავარი გმირი, ვინც სასიცოცხლო ნაკადი უნდა შეიტანოს მის ცხოვრებაში. სწორედ მარის მიმართავს ის, როცა ამბობს: „მთავარია რაღაც გინდოდეს და მოიგებ. იღბლიანი კაცი იყო ანდრო პაპა, მხიარული, – სიცილით მეთანხმება მარი“.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი: ანდროს უახლოესი მეგობარი საბა აფხაზეთის ომში მიდის, ისე მიდის, რომ მიზეზთა გამო ანდროს ვერ ეთხოვება. საბა იღუპება. ბიჭები მიდიან თბილისის აეროპორტში, სადაც დაღუპული მებრძოლები უნდა ჩამოასვენონ. ჩამოასვენებენ კიდეც, მაგრამ საბა არ ჩანს. გაგა ნახუცრიშვილი წერს: „მერე შემთხვევით მკლავი ვიცანი, ის მკლავი, რომ მეჯაჯგურებოდა და ხელის გადაწევას მიპირებდა. მის მსხვილ, ცოცხალ ნაკვთებს აღარ შერჩენოდა სიცოცხლის ნიშან-წყალი“.

არაერთი და ორი ცხოვრებისეული დრამა იჩენს თავს ანდროს ცხოვრებაში. მისი თაობის დაღუპული ადამიანებიც არაერთხელ წარმოჩნდებიან და გაქრებიან რომანში ჩვენი თვალსაწიერიდან. სხვადასხვა რაკურსით დანახული ანდროს ცხოვრება და თვითონ ამ ახალგაზრდა კაცის მიერ განჭვრეტილი ჩვენი განვლილი რეალობა კიდევ გვახსენებს თავს  მაშინ, როცა თვითონ ანდრო შეცურავს ზამთრის ზღვაში, ამოვა ზღვიდან და ნაპირზე გამოემშვიდობება სიცოცხლეს. ეს უკვე მარის თვალით დანახული რეალობაა.

გაგა ნახუცრიშვილის „ზამთრის ზღვა“ ალბათ ცალკე უნდა განგვეხილა, ვინაიდან თავისი ლირიკული ტონალობითა და კომპოზიციითაც სრულიად განსხვავებული ნაწარმოებია. თხრობისას მრავალი ხაზი ენაცვლება ერთმანეთს – წინაპრების, დაღუპული მეგობრების, სასიყვარულო ისტორიების… მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ არსად არ იკარგება ლირიკული ტონალობა. ავტორი გულახდილობის თუ გულწრფელობის ზღვარზე ჰყვება თავის ცხოვრებისეულ დრამას. მას თითქოს საიმისო სურვილი ამოძრავებს, რომ ყველაზე უფრო მტკივნეული შთაბეჭდილებები გაგვიზიაროს და ეს სასურველ ტანჯვასთან არის წილნაყარი.

გაგა ნახუცრიშვილის მონათხრობში მთელი XX საუკუნის ისტორიული კოლიზიებია უკუფენილი. ბაბუის თაობიდან მოყოლებული მტკივნეულ აწმყომდე ანდროს წარმოდგენაში და პერსონაჟების მოძრაობის მიღმა გასული საუკუნის გუშინდელი და მერმინდელი დღე ილანდება. მაშასადამე, თხრობა ასწლეულის პირველ ნახევარსაც მოიცავს და მეორესაც. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან მწერალი კონკრეტულ დროსა და სივრცეში ცხოვრობს და თავის გარემომცველ ვითარებაზე უნდა საუბრობდეს. გაგა ნახუცრიშვილი ამას ძალდაუტანებლად ახერხებს, რადგან, ერთი შეხედვით, ის თითქოს ყოველდღიურ და წარმავალ საკითხებზე საუბრობს, მაგრამ არა, ასე არ არის! ეს ყოველდღიურობა მნიშვნელოვანი ეპოქის ფონზე იძენს აზრს. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ მწერალმა თავისი დრო აღბეჭდა მცირე რომანში, დრო მეტად რთული და დრამატიზმით გაჯერებული.

ეს რომანი ჩვენი უკვე გარდასული, მტკივნეული დღეების მხატვრული მატიანეა.

 

1 2 3 4 5 6 7 8