კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი:  დღისით, როცა საღამოს მომლოდინე ბიგვავა დროს კლავდა და ამფსონებთან კარტის თამაშით იქცევდა თავს, პლაჟზე ჩავლილი მარადონა წესისამებრ ქვაზე მიფენილ ბიგვავას ჯინსიდან „პატიოსნად იღებდა ათ ან ოც მანეთს, დანარჩენ ფულს კი ფრთხილად კეცავდა და უკანვე დებდა ჯიბეში“.  წილში მიზის ეგ ოხერიო, სიცილით დასძენდა ბიგვავა, რომელსაც, სხვათა შორის, მარადონასთან ურთიერთობა ეამაყებოდა, ე.ი. მარადონა არამხოლოდ სოხუმური ცხოვრების წესის და ნირის ცოცხალი გამოხატულება იყო, არამედ პატივსაცემი პიროვნებაც გახლდათ.  და აი,  დაიწყო  აფხაზეთის შემზარავი ომი. ომის დაწყებისთანავე მარადონა გაქრა; როგორც ავტორი ამბობს, „თითქოს პროტესტის ნიშნად აორთქლდა“.

„სოხუმელი დერვიშის წმინდა უდარდელობა, პლაჟზე მცხუნვარე მზის ქვეშ გაშხლართული გოგოები, „ამრადან“  გამოსული ყავის, კონიაკის, სოხუმის პორტში ჩამომდგარი მეზღვაურებისგან ნაყიდი ნაღდი „მალბოროს“ სურნელი და არომატი დენთის კვამლმა, აცეტონის გემოდაკრულმა არაყმა, „ასტრის“, „პრიმის“ და „ოთხმოცის“ ჭვარტლმა, თავზეხელაღებული გვარდიელების ყიჟინამ, უხვად დაქცეული სისხლისა და სიკვდილის მძაფრმა სუნმა შეცვალა. ამ ომში მარადონას არაფერი ესაქმებოდა. ამ ომში ქართველები რუსებსა და აფხაზებს ებრძოდნენ სოხუმისათვის, მისი სოხუმისათვის, მარადონა კი ქართველი იყო, აფხაზი იყო, რუსი, ჩერქეზი, ბერძენი, ესტონელი, მარადონა სოხუმელი იყო და მარადონამ ომის დაწყებისთანავე სოხუმი დაკარგა“.

სოხუმი დაეცა, მარადონა გაქრა, ბიგვავა კი ერთხანს თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ დიდხანს ვეღარ გაძლო, ზღვისპირეთს დაუბრუნდა. სოჭში ანკესით თევზაობდა და დაჭერილ თევზს ძველ ნაცნობებს აბარებდა. ისინი ხელს უმართავდნენ და საარსებო ლუკმას აძლევდნენ.

და აი, ერთ მშვენიერ დღეს ზღვაში რომ იყო შესული, ბიგვავამ სოჭის სანაპიროდან მოღწეულ მარადონას ხმას მოჰკრა ყური. თვალებს არ დაუჯერა – პლაჟზე ჩვეული მარშით მარადონა მოაბიჯებდა. ბიგვავას შორიდანვე მოჰკრა მან თვალი და ძველი ჩვეულებისთვის არც ამჯერად უღალატია – დაკეცილი, უკვე გახუნებული შარვლისკენ წავიდა. ბიგვავამ შეიცხადა, არ ქნა, ბიჭო, მაგიო, ვინაიდან ჯიბეში ერთი პურის ფულიღა ედო. მარადონა მაინც დასწვდა ბიგვავას შარვალს, ჯიბეში ხელი ჩაყო და მერე შარვალი ისევ თავის ადგილზე მიაფინა. და აი, აქ მოხდა მოულოდნელი რამ: სანაპიროზე გამოსულმა ბიგვავამ „ჯიბეში ხელი ჩაიყო და რაღაცაზე მოუხვდა. ამოიღო და ერთად მოკუმშული, ერთმანეთში გადაზელილი რუბლები და დოლარები შერჩა, რომელსაც ზედ საწყლად მიჰკვროდა მისი დასორსლილი ათასრუბლიანი კუპიურა.

ბიგვავა იქვე ჩაჯდა და ატირდა. ისე იტირა, სიცოცხლეში რომ არ უტირია არსად და არასოდეს“.

ასე გასრულდა ეს ამბავი. მარადონამ სიკეთე სიკეთის წილ გაიღო. არც შეეძლო სხვაგვარად მოქცევა, რადგან სოხუმის შნო და ლაზათი გახლდათ, სოხუმის სიმბოლო იყო. ომი ხომ ადამიანებთან ერთად რაღაც ისეთს ანადგურებს, რაც აღარასდროს არ გაცოცხლდება. ეს არის რაღაც უნიკალური და განუმეორებელი, ეს არის ტრადიცია, სიცოცხლის თავისებური ხიბლი, ცხოვრების ნირი და წესი, უანგარობა, ქცევის დაუწერელი წესებისა და ზნეობრივი ნორმების პატივისცემა, რაც საბოლოოდ პიროვნების პატივისცემას უტოლდება. და ეს მოკლა აფხაზეთის ომმა, რადგან ომი ნებისმიერ დროსა და სივრცეში შეჭრილი ანტინაწილაკია, ნიჰილიზმის გამღვივებელი ბაცილაა, ნებისმიერ სოციალურ გარემოში დამკვიდრებულ ჰუმანური ტრადიციის მნგრეველი ძალაა. ასე გაქრა ხიბლი, რომელიც სოხუმს განუმეორებლობას ანიჭებდა და სოხუმელებისთვის სიცოცხლის საზრისის ტოლფასი იყო. ეს იგრძნო მარადონამ, ეს გამოიტირა ბიგვავამ. ასე შედგა მათი უსიტყვო დიალოგი. ამაზე დაწერა მოთხრობა ბექა ქურხულმა. ძნელია პატარა მოთხრობაში ამხელა ტრაგედია ჩაატიო, ძნელია, მაგრამ როგორც ვხედავთ, შეუძლებელი არ არის.

ბექა ქურხულს თავისი სტილი აქვს. ეს არ არის მოზომილი, ლაპიდარული, წინასწარი, გონებაჭვრეტითი სქემით ნაკარნახევი სტილი. მისი თხრობის მანერა იმპულსურია, ფეთქებადი, ვერცხლისწყალივით მოძრავი, ღონიერი, თითქოს მოდის და, რაც გზად შეხვდება, იმასაც მოიყოლებს; ამ თხრობაში ხშირად პერსონაჟისადმი მიმართული ავტორისეული ირონიაა განფენილი და სწორედ ეს ირონია და ზუსტად შერჩეული ეპითეტები ქმნის პერსონაჟის სახასიათო შტრიხებს.

ბექა ქურხულმა კარგად იცის, ვისზე უნდა წეროს და რა უნდა თქვას. მე ვფიქრობ, მას სათქმელს ცხოვრებისეული გამოცდილება, შთაბეჭდილებებში დალექილი ცოცხალი სახეები და ხმები ჰკარნახობს. მისი პროზა (როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება) ავტობიოგრაფიულია. მწერალს არ ახასიათებს დეტალების მომჭირნეობა, რადგან პირიქით, მათი სიუხვე და მრავალწახნაგოვნება ავსებს მის თხრობით თვალსაწიერს.

ბექა ქურხულის ყურადღების შუაგულში ყოველთვის კონკრეტულ სიუჟეტურ ხვეულში ჩასმული კონკრეტული ადამიანი ექცევა, მაგრამ მწერალი ზოგჯერ თხრობას შორიდან იწყებს, ეპიკოსის სიდინჯით და უხვი მასალის სისხლხორცეული ფლობით შემოწერს საკმაოდ ფართო წრეს და მერე მიადგება კონკრეტულ პერსონაჟს. ასეთია ვრცელი მოთხრობა „სკანდარა“.

1 2 3 4 5 6 7 8