მოთხრობაში „ვოვა“ ბექა ქურხული თავის ყველაზე უფრო მძაფრ შთაბეჭდილებებს აცოცხლებს. თხრობის ფაქტოგრაფიით იწყებს, გეგონება, უბრალო ქრონიკას გადმოსცემსო, მაგრამ მერე თანდათან ხვდები – ფაქტოგრაფია ავტორს გარკვეული მიზნისთვის სჭირდება. მას სურს ამ დოკუმენტური მასალიდან ერთი ამბავი, ერთი ფაქტი გამოარჩიოს და მხატვრული დინამიზმითა და ექსპრესიულობით აღბეჭდილი მიაწოდოს მკითხველს. ასეც ხდება. მოთხრობას ექსპოზიციური ნაწილი აქვს, სადაც საუბარია ვოვა გუცაევის საფეხბურთო კარიერაზე, მის გამარჯვებებზე, მის წვლილზე „დინამოს“ წარმატებებში.

გასრულდა დიდი აღმასვლის ეტაპი და ვოვა გუცაევმა ყველაფერი მოიპოვა, რისი მოპოვებაც შეიძლებოდა და კარიერის დამთავრების დროც დადგა. არსებობს ცნობილი გამონათქვამი: „ყველაფერს აქვს თავისი დასასრული“. და აი, აქ უკანასკნელად უნდა გაიბრძოლოს ბრწყინვალე ფეხბურთელმა, უკანასკნელად უნდა მოახდინოს სასწაული და ლამაზი გამარჯვების ჟინი გამოავლინოს! ძველი გვარდია (ძველებიდან რამდენიმე ფეხბურთელი იყო დარჩენილი) ებრძოდა დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ ახალგაზრდა ათლეტებს და მინიმალური ანგარიშით აგებდა. წვიმდა. საშველი არ ჩანდა. ხალხი ითხოვდა ვოვა გუცაევის გამოსვლას. ბექა წერს: „სადღაც 15 წუთი რომ აკლდა თამაშის დამთავრებას, აი, მაშინ დაიწყო…  რაღაც უცნაური, მასიური ფსიქოზი დაიწყო. ჩამკვდარ და გულგატეხილ სტადიონზე, სადაც ტრადიციულ საბრძოლო შეძახილ „დინამო – დინამოსაც“ კი აქა-იქ თუ ვინმე წამოიყვირებდა, არ მახსოვს, რომელი ტრიბუნიდან და საიდან, მაგრამ ჯერ კანტიკუნტად, მერე კი ერთხმად დაიწყო შეძახილები. უცებ მთელი სტადიონი ჭკუიდან შეიშალა, აგუგუნდა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო“. ხალხი სასწაულს მოითხოვდა  ფეხბურთელისგან და მის სახელს სკანდირებდა. სარბენ ბილიკზე  მართლაც გამოჩნდა ვოვა გუცაევი, შემოვიდა, ხაზთან ბურთი მიიღო და წვიმაში „დნეპრის“ რამდენიმე ფეხბურთელს აუარა გვერდი. ასე დაიწყო სასწაული და გაგრძელდა კიდეც. მოცელეს. ეს საჯარიმო ხაზის გარეთ მოხდა და ჯარიმა დაინიშნა. ჯარიმას ალექსანდრე ჩივაძე ურტყამს და სრული ეიფორია იწყება. ბექა ქურხული წერს: „გოლი რომ გავიდა, იმითაც მივხვდი, რომ ჩემ გვერდით მჯდომმა, სიხარულისგან გონზე გადასულმა მოხეულმა ბიძამ ხელი მტაცა და იმ სიმაღლეზე შემისროლა, ჩემ ქვევით ტრიბუნები დაპატარავდა… მახსოვს, რომ გავგიჟდი, მახსოვს, რომ რაღაც სასწაული მოხდა ამდენი ათასი ადამიანის თვალწინ“.

ბექა ქურხულის „შუაღამის ჩიტები“ თითქოს ერთი უწყვეტი ცნობიერების ნაკადია ან კოშმარული სიზმრების ნაფლეთები. აქა-იქ არსებულ რეალობასაც ვეხებით და მოგონებებიც ამოიზიდება. მოთხრობის ავტორს ნაშუაღამევს ეღვიძება და ყველა ტანჯული მწერლისა და ადამიანის სახე წარმოუდგება, მერე კი იწყება ერთი გაბმული დინება ცნობიერში და ქვეცნობიერში დატრიალებული ამბებისა. სავსემთვარეობისას უძილობა, კარპენტიერი, ჰერმან მელვილი, თორთონ უაილდერი და სხვა ათასი რამე და ვინმე. მწერალი ამ ხდომილებათა მორევს ოსტატურად ატრიალებს და მუდმივად ინარჩუნებს ირონიულ დამოკიდებულებას მოზღვავებული მოვლენებისადმი. ძალზე შთამბეჭდავი პასაჟია თოლიებისა და ყვავების ჩხუბის აღწერა: „დაედოთ წინ თავისი შავი, დიდი, მძიმე ნისკარტები და ყურადღებით ალივერებდნენ თოლიების პიკირებას ზღვის ზედაპირზე, როგორ ესობოდნენ თავით ბალტიის ცივ, მრუმე ტალღებში და, როგორც კი რომელიმე თოლიას ყვითელ, წამახულ ბოლოში მოხრილ ნისკარტში ვერცხლისფერი, მოსხმარტალე თევზი აუფართხალდებოდა, ყვავების გუნდი გამაყრუებელი ავი ყრანტალით ესხმოდა თავს თოლიებს“.

ამბავი ამბავს ენაცვლება, ალაუდინას და მისი ვაჟის, რამზანას ისტორია, შემდეგ თვითონ ალაუდინას განსჯა რუსეთის თაობაზე, თვითონ ბექას პასუხი და პაუზა – ალაუდინას დაღონება გამოუვალი მდგომარეობის გამო. შემდეგ კნუტ ჰამსუნი და მისი რომანი „შიმშილი“, სკანდინავიელი ქალები, ისევ კნუტ ჰამსუნის „თამარ დედოფალი“ და ჰიტლერის ნეკროლოგი, სადაც დიქტატორი „ადამიანებისა და ხალხების“ კეთილისმყოფელად არის მოხსენიებული.

ასევე შთამბეჭდავია უკვე ფინალს მიახლოებული პასაჟი – ვაგზლის მოედნის სიახლოვეს, ბაზართან შავებში ჩაცმული ქალი ზის, გატანჯული ხელის მტევნები უკანკალებს და ერთსა და იმავეს იმეორებს: „ყველამ უნდა გამოსცადოს, საკუთარი სახლის დაწვა რა არის და რა უბედურება არის ის“. რომელიღაც გამვლელი ქალი ჩაეკითხება: „რას ამბობთ, რა სისულელეს ამბობთო“, მაგრამ შავკაბიანს არ ესმის, რადგან საერთოდ აქ არ არის, საიდანღაც შორიდან აღწევს მისი ხმა. ბექა ქურხული წერს: „ნაბიჯი არ შემინელებია, ისე ჩავუარე, მარტო სქელი, გაცრეცილი ჯინსის ქურთუკის საყელო ავიწიე, თითქოს თავი შევაფარე და მომინდა, რომ გავმქრალიყავი იქვე და უბრალოდ, ჩემი ძველმოდური, საყელოაწეული ჯინსის ქურთუკიანად“.

ამის შემდეგ „მიწისძვრა“ იწყება, ოღონდ „მიწისძვრა“ არა გარეთ, არამედ შიგნით. მთელი შინაგანი არსება ტრიალებს და, როცა ყველაფერი გაივლის, მოდის სინანული მომხდარის გამო და ცხოვრების თავიდან დაწყების სურვილი..

მერე კი თენდება და შუაღამის ჩიტების ჟღურტული ახალი დღის დაწყებას მოასწავებს. „წლები ვერაფერს ცვლის, ვერაფერს, სამაგიეროდ, ყოველი დილა ცვლის და მზე, რომელიც ყოველგვარი კალენდრისა დ წელთაღრიცხვის გარეშე, ერთგულად ანათებს მორიგ დილას, გობელენზე თეთრ, ნათელ მართკუთხედებს ხატავს“.

თეონა დოლენჯაშვილის წიგნში  „პერსონალური ქრისტე“  ჩემი ყურადღება მიიპყრო მოთხრობამ „მორჩილება“. ქართველი ქალი, სახელად ნატა ცხოვრობს პარიზში. თვითმფრინავში გაცნობილ კაცთან დაწყებული სასიყვარულო ისტორია პარიზში გაგრძელდა, მაგრამ კრახით დასრულდა. კრახის მიზეზი კაცის პათოლოგიური ნატურა აღმოჩნდა. ქალის მარტოობა თანდათან უფრო გაღრმავდა.  ნატა ფოტოხელოვანია. თეონა დოლენჯაშვილი წერს: „ლევთან დაშორების შემდეგ ნატა ფოტოგრაფირების ახალი ხერხების ძიებას შეუდგა. აარჩევდა რამდენიმე კადრს და სხვადასხვაგვარ ფილტრს ადებდა, შუქს, განათებას, ფერებს უცვლიდა, ნომრავდა და სრულიად სხვადასხვა სივრცესა და სიტუაციაში გადაღებულ კადრებს ერთმანეთს ადებდა და უხამებდა… სიტყვებივით აბამდა ერთმანეთზე. უსაგნო და ფუტურისტული ციტადელებისგან აბსურდულ ან სრულიად რეალისტურ ისტორიებს ჰყვებოდა“.

1 2 3 4 5 6 7 8