ბარათაშვილის საუკეთესო თანამედროვეთა ამ თავისუფლებისმოყვარე, შეუპოვარ პოეზიათა ღრმა ერთიანობად აღიქმება მისი „მერანის“ სტრიქონები:

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!

ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!

„მერანის“ პოეზია – ესაა სულის მიერ მარტოობის გადალახვის პოეზია, ადამიანის შერწყმა მსოფლიოს განმაახლებელ უდიდეს სასიცოცხლო ძალებთან:

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

„მერანის“ პოეზია – ესაა პოეზია მაღალი იდეისა, რომელიც გარდაიქმნება მაღალ ქმედებად. ეს არის ადამიანის მებრძოლად გარდაქმნის პოეზია. შემთხვევით არ წარმოიშვება აქ რევოლუციური რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი, დამსჯელი მახვილის სახე (რომელსაც ნაციონალური სპეციფიკურობა არ გააჩნია და  მომავალი ბრძოლების სიმბოლოს განასახიერებს).

„მერანის“ შემოქმედის მზერა მიმართულია წინ, ახალი თაობებისკენ, რომლებიც  – მან იცის – მისი გზით, მისი „მერანის“ კვალდაკვალ წავლენ და მერეც ასე ივლიან.

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

ბარათაშვილის ხმა, რომელიც თავისი ხალხის, თავისი თაობის ფიქრებითა და საზრუნავით სუნთქავს, მიმართულია მომავლისაკენ, კაცობრიობისაკენ.

სწორედ ეს ამართლებს მას, ვინც გაბედა  ბარათაშვილზე ისე დაეწერა, რომ მისი ენა არ სცოდნოდა. რადგან ბარათაშვილის ენა მარტო ქართული არ არის. ესაა ენა მსოფლიო პოეტური კლასიკისა, ენა ჭეშმარიტად დიდი ხელოვნებისა, რომელიც ხალხთა სულიერ კულტურებს აახლოებს. ეს იმიტომ, რომ ბარათაშვილის პოეტური აზრი განეკუთვნება ნაციონალური პოეზიის მთაგრეხილთა იმ მწვერვალებს, რომლებიც ნაციონალური კულტურის საზღვრებს მიღმიდანაც მოჩანს და მთელს მსოფლიოს ეკუთვნის.

 

 

თარგმნა  შორენა შამანაძემ

 

1 2 3 4 5 6 7