აქ სხვა საკითხიც დაისმის: ბარათაშვილის თანადროული და მისთვის სულიერად ახლობელი სხვა შემოქმედებითი ძიებები ეხება მარტო პოეზიას თუ ხელოვნების სხვა დარგებსაც? ხომ არ უახლოვდება მისი ლირიკის პოეტურ-მუსიკალური ჟღერადობა იმ მუსიკალურ საწყისს, რომელიც იმავე ათწლეულების ევროპულ მუსიკაში თავს ძალუმად, დამოუკიდებელი მიმდინარეობის სახით იმკვიდრებს? ბარათაშვილის ბევრი ლექსი, – მის თანამედროვეებს რომ სცნობოდათ – ნამდვილად იქცეოდა გლინკას ვოკალური ლირიკისა თუ რომანსების მუზის შთაგონების წყაროდ, გამომდინარე მათი ლირიკული გრძნობების სიღრმიდან და გამჭვირვალობიდან. ეს არის ერთი და იმავე ესთეტიკური რიგის მოვლენა პოეტური აზროვნებისა თუ მხატვრული კულტურის ტიპის მიხედვით.

თანაც განა ბარათაშვილის პოეზიის საოცრად მსუბუქი, შინაგანი სიმშვიდითა და თავშეკავებით სავსე პალიტრა არ უკავშირდება (ისევ და ისევ თავად მხატვრული აზროვნების ტიპის მიხედვით) აკვარელის ფერწერის განვითარების პროცესს, რომელიც ევროპაში ზუსტად ამ ათწლეულებში მიმდინარეობს? ფერწერისა, რომლის ძიებებიც უბადლო ნიჭიერებით აისახა ლერმონტოვის კავკასიის თემებისადმი მიძღვნილ აკვარელებში.

ან ნუთუ ოცდაოთხი წლის ბარათაშვილმა შემთხვევით თარგმნა ოცდაორი წლის ლაიზევიცის, „ქარიშხლისა და შეტევის“ ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერლის, ტრაგედია? იქნებ ეს მთარგმნელობითი ცდა ეპოქის მხატვრული განვითარების საერთო „სისტემის“ შემადგენელი ნაწილია? აშკარაა, რომ შთაბეჭდილება, რომელიც ამ ტრაგედიამ მასზე მოახდინა, უკავშირდება ნაციონალური თეატრის ღრმა შინაგან მოთხოვნილებებს. ან იქნებ არა მხოლოდ ნაციონალური თეატრის? ამბოხის თემა, აჯანყებული სულის სახე, რომელიც ამასოფლად გაბატონებულ ბოროტებას არ ურიგდება და გონიერებისა თუ სამართლიანობის უძლეველობის რწმენით შეიარაღებული ამ სამყაროს წინააღმდეგ ილაშქრებს – ეს სწორედ ისაა, რაც შეადგენს დრამის „იულიუსტარანტელი“ შინაარსს – ეს ყველაფერი კი ძალიან ახლოსაა ახალგაზრდა ჰაინეს ტრაგიკულ თეატრთან, უფრო ადრე კი – ჰოლდერლინთან, ჰიუგოს დრამატურგიასთან, ბაირონის, შელლის, მიცკევიჩის, სლოვაცკის ფილოსოფიურ-სიმბოლურ პოემებთან, ლერმონტოვის დრამატურგიის მეამბოხურ სულთან.

კიდევ ერთ რამეს აღმოვაჩენთ, თუკი ბარათაშვილის პოეზიის ხვედრს შედარებით უფრო ფართო პერსპექტივიდან განვიხილავთ. შემთხვევითია თუ არა ის ფაქტი, რომ ამ პოეტის „აღმოჩენა“ და მისი მსოფლიო აღიარება, რაც  მისი პოეზიის ერთგვარ კლასიკურ მახასიათებლად იქცა და ი. ჭავჭავაძეს უკავშირდება, სამოციანელთა საზოგადოებრივი აზრის დამსახურებაა? განა ზუსტად ამ ხანას, რევოლუციური დემოკრატიის ესთეტიკურ აზრს, არ ევალებოდა რევოლუციური რომანტიკოსების პოეზიის დაცვა იმ საბურველისგან, რომელშიც მათ ხელოვნებას ესთეტიკური კრიტიკა ხვევდა? კრიტიკა, რომელიც მაღალი ჰუმანიზმით აღსავსე ტრაგიკულ სიმძაფრეში პესიმიზს ხედავდა, მომავლისადმი სწრაფვას სინამდვილისგან გაქცევას უწოდებდა, რომელიც ვერ იგებდა და არ იღებდა ბაირონის, დეკაბრისტების, ლერმონტოვის, ჰაინეს პოეზიის რევოლუციური აღტყინებით აღსავსე სულისკვეთებას.

ამრიგად, ბარათაშვილის შემოქმედებაც და მისი შემდგომი ბედიც, თუკი მას მხატვრული განვითარების ფართო ევროპული პერსპექტივიდან შევხედავთ, სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს. ბარათაშვილის თანადროულ ხელოვანთა ჯგუფურ პორტრეტში სულ უფრო და უფრო რელიეფურად იკვეთება და მკაფიოვდება მისი ინდივიდუალური სახის ნაკვთები. სულ უფრო და უფრო სარწმუნო ხდება მისი წვლილი მსოფლიო ხელოვნების საერთო საგანძურში.

ამდენად, შედარებითი მიდგომის საშუალებით, შესაძლებელია უფრო სარწმუნო გახდეს ეროვნული შემოქმედებითი განვითარების კავშირი მსოფლიოს შესაბამის განვითარებასთან. თუმცა არა მხოლოდ.

რაც უფრო ფართოა შედარებითი განხილვისათვის შერჩეულ მოვლენათა წრე, მით უფრო გულუხვადაა წარმოდგენილი ის ეროვნული ლიტერატურები, რომლებიც ერთსა და იმავე პერიოდში ურთიერთმსგავს ისტორიულ გარემოებებში ვითარდება, ან ერთმანეთს თავიანთი ისტორიული, საზოგადოებრივი თუ კულტურული ბედის – უამრავი, სულ სხვადასხვანაირი – ძაფებით უკავშირდება; მით უფრო გულუხვად, – მასში მონაწილე ხალხების, სახეების, მხატვრულ მიმდინარეობათა მთელი მრავალფეროვნებით, – წარმოგვიდგება ამ ეპოქის მხატვრული განვითარების საერთო სურათი. ამ მრავალფეროვნებაში მაგისტრალური, ცხოვრებისეული ხაზებიც უფრო ცხადად იკვეთება. უფრო კარგად ზუსტდება ჩვენი წარმოდგენებიც მოცემული ეტაპის რეგიონალური (ამ შემთხვევაში – ევროპული) ლიტერატურული განვითარების ქრონოლოგიურ საზღვართა შესახებ.

მაშ ასე, ბარათაშვილი თავის თანამედროვე ევროპელ პოეტთა წრეში: აქ გამოკვეთილი ტიპოლოგიური სიახლოვის ნიშნები ეპოქის ლიტერატურული განვითარების საერთო კანონზომიერების გამოხატულებაა. რადგან ჩვენს წინაშეა ძალიან დიდი მასშტაბის, კაშკაშა თვითმყოფადობის პოეტი, რომელმაც თავის პოეზიაში თავისი ხალხისა თუ იმდროინდელ ადამიანთა ბედისწერა გაბედულ-მასშტაბურად შეისრუტა და გააერთიანა, – ამიტომაც მით უფრო მნიშვნელოვანია მისი პოეზიის სულიერი ნათესაობა მრავალ იმდროინდელ უდიდეს ხელოვანთან. რაც უფრო დიდია პოეტი, მით უფრო ფართოდ ერთვება მის შემოქმედებაში მისი თანამედროვე სამყაროს დიდი, საერთო ბედისწერა, მით უფრო ღრმად უკავშირდება მისი შემოქმედების ნაციონალური შინაარსი ამ ეპოქის მხატვრული აზროვნების საერთო ისტორიულ ტენდენციებს.

ამასთანავე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელოვანის შემოქმედების შედარებითი განხილვა არ შეიძლება იყოს „გლობალური“; იგი თითქოს „შრეებად“ მიმდინარეობს. პირველ რიგში, იგი მოიცავს იმ ლიტერატურათა წრეს, რომლებიც ყველაზე მიმსგავსებულ ისტორიულ პირობებში ვითარდება – სწორედ აქ შეიძლება ყველაზე თვალსაჩინოდ გამოვლინდეს შემოქმედების ამა თუ იმ მხარეთა ტიპოლოგიური მსგავსება (მაგალითად, მსგავსი ეროვნულ-გამათავისუფლებელი პრობლემატიკა, ან ხალხურ-პოეტური საწყისის მსგავსი როლი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის რიგი ევროპელი ხალხების პოეზიაში). ამავე დროს, ეს ტიპოლოგიური მსგავსება აშკარად ვლინდება ერთ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედებაშიც და მათი ხალხების განსხვავებულ ისტორიულ ბედისწერებშიც, რაც ამ შემთხვევაში საერთო სოციალ-ფილოსოფიური, ესთეტიკური პოზიციებისა და მისწრაფებების (როგორებიცაა, მაგალითად,  რევოლუციურ-რომანტიკული ხელოვნების მხატვრულ სახეთა სისტემის მსგავსობა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ისტორიულად სხვადასხვაგვარად განვითარებულ  ქვეყნებში) შედეგია. ტიპოლოგიური მსგავსების ნიშნები ვლინდება წარსულის საერთო მხატვრული ტრადიციების შემთხვევებშიც (მაგალითად, ე.წ. „აღმოსავლური სახეობრიობის“ ელემენტები ლიტერატურებში, რაც წინათ კლასიკური აღმოსავლური პოეზიის გავლენასთან იგივდებოდა).

ამდენად, ხელოვანის შემოქმედების შედარებითი ანალიზი გულისხმობს სხვადასხვა ნაციონალურ ლიტერატურებთან, ან მათ ჯგუფებთან, შეპირისპირებების გარკვეულ განტოტვას4. ამ დროს ყოველი ხალხის ლიტერატურა თავის პრობლემას წამოჭრის ხოლმე. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რა მნიშვნელოვანია გამოკვლევის პირველი სტადია – პოეტის შემოქმედების ამა თუ იმ მხარეთა ან  ნაციონალურ ლიტერატურათა განვითარების პროცესების შედარებითი ანალიზის მიმართულების ისტორიულ-ლიტერატურული ორიენტაცია.

აუცილებელია, ყველა ამ მომენტის გათვალისწინება, როდესაც ბარათაშვილის პოეზიას მისი თანამედროვე ევროპული პოეზიის საერთო პერსპექტივიდან განვიხილავთ.

 


4 – ნ. მარი ხაზს უსვამდა შეპირისპირებათა ფართო სისტემის მნიშვნელობას სხვადასხვა კულტურათა შორის პირდაპირ კავშირთა შესწავლის პროცესში. (ნ. მარი. სპარსული ლიტერატურის გავლენის საკითხისათვის  ქართულ ლიტერატურაზე. სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალი, 1897, მარტი)

 

 

1 2 3 4 5 6 7