რომელია ის საკვანძო მომენტი, როცა ერთმანეთს გადაკვეთს ბარათაშვილის პოეზიის განუმეორებელი ინდივიდუალობა, ნაციონალურობა და სხვა პოეზია, რომელიც ამავე პერიოდში შეიქმნა და სულისკვეთებითა თუ ისტორიული ტიპის მიხედვით მასთან ახლოს დგას? რომელ ლიტერატურებს შეუძლია იქცეს ისტორიულად მართლზომიერ და ამდენად ნაყოფიერ შესადარებელ მასალად?

სულიერი მარტოობა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის კეთილშობილ კავშირებს, ღია სულიერი ურთიერთობებისადმი ბუნებრივ მისწრაფებას,-ეს მოტივი ნაცნობია რევოლუციური რომანტიზმის ბევრი წარმომადგენლისათვის. იგი კარგად ეხმიანება მიცკევიჩის „მარტოობის“ გუნება-განწყობას: დაღლილ სულს როგორც არ უნდა ახარებდეს მარტოობა, – ამბობს პოეტი, – მისი გამჭვირვალე წყლები მაინც აცივებს ადამიანის გულს და იგი ჰაერისაკენ, თავისუფლებისაკენ და მზისაკენისწრაფვის. ეს მოტივი ახლოა შელის ლექსთან „მარტოობა“ – საშინელია ტვირთი მარტოობისა, მძიმეა ხვედრი იმისა, ვინც იძულებულია ხალხში იცხოვროს და  საერთო ვერავისთან ჰპოვოს – ვერც მისწრაფებებში და ვერც გრძნობებში. მარტოობის პოეტიზაციის ასეთივე  პრინციპული უარყოფა გვესმის პეტეფის ლექსიდან „მარტოობა“ – თანაც ამ პოეტისათვის ნიშნეულია გადაიყვანოს  სერიოზული, ზოგჯერ ტრაგიკული ფიქრები ეშმაკური ირონიის, ხუმრობის რეგისტრში. „ერთი ყმაწვილი მწერლისადმი“ პოეტურ მიმართვაში კი უნგრელი პოეტი უარს ამბობს ამ მანერაზე და გულში ჩამწვდომი გულღიაობით, – ტონალობა, რომელიც ასე ახლოა ბარათაშვილის ლირიზმთან – ლაპარაკობს იმ სიხარულზე, რითაც იგი უარს ამბობს მარტოობაზე, რადგან მან იპოვა „ახალგაზრდა მეომარი, თანამოსაქმე, რომელზეც დიდხანს ოცნებობდა“. ეს განწყობა უაღრესად ახლობელია ბარათაშვილისათვის – გავიხსენოთ, თუ როგორ აშკარად გამოსჭვივის მის წერილებში დიდი და ერთგული მეგობრობის წყურვილი.

ნოვალისის, ვინის, ლამარტინის, ლეოპარდის (ყველა ეს დიდი ძალის მქონე ლირიკული გრძნობის პოეტები არიან, თუმცა ყველა მათგანი ძალიან შორსაა ბარათაშვილის პოეზიის სულისკვეთებისგან, მისთვის დამახასიათებელი ფარული ენერგიისა და ქმედითი აქტივობისაკენ დაუძლეველი მისწრაფებისაგან) საპირისპიროდ ბარათაშვილის პოეზიას ამოძრავებს მისწრაფება თავი დააღწიოს  ნაღვლიანი მარტოობის წრეს. ეს პოეზია არის სწრაფვა ცხოვრების ნათელი სიხარულებისაკენ. „მე სიხარული მიყვარს“ – აღმოხდება მას სულის სიღრმიდან ლექსში „აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი“. მას არ უნდა გაიხსენოს უცაბედი განშორების „მცირე ბინდი“, იგი მზადაა გაიღოს ყველაფერი, რათა გაფანტოს ღრუბლები, რომლებიც მისი სატრფოს შუბლზე კოპებად შეყრილა. მას უნდა დიდი და სრული ბედნიერება („როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა…)5, რომელიც გადმოდის ერთი ადამიანის ბედისწერის კიდეებიდან და მის გახარებას თავად სიცოცხლის სიხარულთან აახლოებს. ლექსის „შევიშრობთ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს …“ პოეტური პანთეიზმი, თავისი ეთიკური პათოსითა და ხატოვნებით,  ძალიან ახლოსაა შელის პოეზიასა და ფილოსოფიურ პროზაში ასახულ სიყვარულის მხატვრულ სახესთან, როგორც ადამიანთა შეკავშირების უმაღლეს სიმბოლოსთან. სიყვარულის თემა, რომელიც კვლავ და კვლავ დგება ბარათაშვილის ლირიკაში, პოეტის სულში არ იწვევს მისწრაფებას, ჩაიკეტოს საკუთარ ბედნიერებაში, პირიქით, იგი ოცნებობს ისეთ სიყვარულზე, რომელიც მას ადამიანურ-მიწიერ ბედნიერებას მთელი სისრულით აზიარებდა.

პოეტს სურს, რომ ადამიანს თავისი ცხოვრების არც ერთ პერიოდში „სიამეთა“ გვერდი არ აუაროს:

მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,

რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!

(„ჩემთ მეგობართ“)

ესაა სტრიქონები, რომელთაც კრიტიკა ხშირად პუშკინის ცნობილ სტრიქონებს უთანადებს.

ბარათაშვილის პოეზია – ესაა პოეზია იმის ღრმა რწმენისა, რომ „გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!“ (ფინალი ლექსისა „შემოღამება მთაწმინდაზედ“). ამ რწმენით სუნთქავს ლექსიც „ჩემს ვარსკვლავს“. პოეტის გული, რომელიც „შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას“, ხარობს ამ ვარსკვლავის, თუნდაც ნისლში გამონათებული, შუქის ბჟუტვით; ეს გული ცოცხლობს იმის შეცნობის სიხარულით, რომ სამყაროში ეს ვარსკვლავი არსებობს. პოეტს სჯერა, დადგება დრო და აკაშკაშდება ეს ვარსკვლავი ყველაზე კაშკაშა ფერებით და მიაყრის მის დანაღვლიანებულ გულს „ნაპერწკალთ ეშხისა“.

არასდროს, – ამბობს პოეტი, – არ უღალატებს თავის რწმენას – თავის სიყრმიდგან რჩეულს, თავის საყვარელს ფერს – ცისა ფერს. მისთვის – ეს არა მხოლოდ ცისა ფერია, ესაა სატრფოს თვალთა ფერი, ესაა ფერი, მისი უდიდესი ოცნების გამოძახილი:

ფიქრი მე სანატრი

მიმიწვევს ცისა ქედს,

(„ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“)

ბარათაშვილის ერთიან ლირიკულ პოეზიაში, მის ლექსებში, პოეტის მიმართებაში სულიერ ცხოვრებასთან გარესამყარო იშვიათად შემოდის თავისი რეალობით, ამბებით, ნივთობრიობით. მისი პოეტური აზრის პლასტიკურობა უფრო ახლოსაა მუსიკალურ პლასტიკურობასთან, ვიდრე ფერწერულ ხატოვნებასთან. თითქოს ეს სამართლიანია კავკასიის პოეტურ სურათ-ხატებთან მიმართებით, თუმცა ეს არ ეხება არაგვის ხეობის ცნობილ სურათს პოემიდან „ბედი ქართლისა“.

ამასთან, ბარათაშვილის ლირიკა ინტროსპექტული არ არის. ტრაგიკული თემის მიღმა დგას ადამიანური ბედის რეალური ტრაგიზმი და ბარათაშვილის ლირიკაში ეს ძალზედ პირადულად, დამაჯერებლად და, ამასთან ერთად, ბარათაშვილის ტალანტისათვის დამახასიათებელი კეთილშობილებითა და თავშეკავებულობით, ყოველგვარი ძალდატანების, გატეხილობის გარეშე, როგორც გულწრფელი და მწუხარე გრძნობა, ისე მჟღავნდება. პოეტი არ მიისწრაფვის ჩაკეტოს გარემომცველი სამყარო თავის გრძნობებსა და განწყობილებებში. პირიქით, აგროვებს რა თავის სულში წარმოდგენებს სამყაროს შესახებ, მსჯელობს მათ შესახებ, ზნეობრივად აფასებს მათ, ამით კი თავის პიროვნებას სამყაროსთან განუყრელად აკავშირებს. ისევე როგორც ტრაგიკული თემით ახლობელი პოეტი ჰაინე, ბარათაშვილიც გრძნობს, რომ დროის ნაპრალმა პოეტის გულზე უნდა გაიაროს. ჰაინეს მსგავსად, რომელმაც პოეტი შეადარა ატლანტს, რომელსაც მხრებით უჭირავს „ტანჯვის მთელი სამყარო“, ბარათაშვილიც დარწმუნებულია – ჭეშმარიტი პოეზია თავისი დროის, თავისი მიწის, თავისი გვარის ჭეშმარიტ საზრუნავს აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს; გავიხსენოთ, როგორ უკვირს მას, თუ რატომ არ „არ გაიღვიძა პოეზიამ“ გრიგოლ ორბელიანში, როცა ის ასეთ დრამატულ მდგომარეობაში იყო (წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი 1843 წლის 21 აგვისტოს).

 


5 – ალბათ სწორედ გრძნობათა ამ საოცარმა სიწმინდემ და მგზნებარებამ, რომელიც პოეტმა ამ ლექსში გამოხატა, მიიპყრო გიორგი ლეონიძის ყურადღება, რომელმაც სცადა მისი პოეტურ-მუსიკალური საფუძველი განეხილა მსოფლიო ხელოვნების ფართო ასოციაციურ სისტემაში (გ. ლეონიძე „ბარათაშვილი, მოცარტი და ლ. ტოლსტოი. ერთი ლექსის გენეზისი“. – „სალიტერატურო გაზეთი“, 1933, 4 აპრილი).

 

1 2 3 4 5 6 7