„მერანის“ ფილოსოფიურ-სიმბოლურ ლირიკაში აშკარად ჩანს მოსალოდნელი სამართლიანი შურისძიების წინათგრძნობა, მომავალ ცვლილებათა სულისკვეთება, ის განსაზღვრული საათი, რომელიც სამყაროსშეცვლის. მაგრამ ეს უკვე არა მარტო წინათგრძნობის პოეზიაა. „მერანში“ აღბეჭდილია კეთილისა და ბოროტის ბრძოლის დაძაბული მომენტები, მომენტი, როცა ამ ბრძოლის ბოლო ჯერ გადაწყვეტილი არაა. ამაზე მეტყველებს მათი სურათოვანი და ხმოვანი პალიტრა, რომელშიც, ისევე როგორც შევჩენკოს „კავკასიის“ ლირიკულ შესავალში, ჭარბობს არა გამარჯვების ნათელი, სხივოსანი ფერი, არა კონფლიქტის გამაუვნებელმყოფი ჰარმონიული აკორდები, არამედ ჭეშმარიტი დრამატიზმით აღსავსე ფერები და ჟღერადობა. მხედარს იპყრობს პირქუში, ბნელი აზრები, მას ელანდება საშინელი სურათი, როგორ კვდება იგი ნათესავებისაგან შორს, კვლავ და კვლავ როგორ ჩაესმის მას შავი ყორანის ბოროტი ყრანტალი, – ყველაფერ ამას გააჩნია ახლო პარალელები სხვა პოემების არქიტექტონიკასთან. და მაინც, ყველაფერ ამაზე ბატონობს ცხოვრებაში თვითდამკვიდრებისათვის მებრძოლი სულის უტეხი ძალა.
ქარიშხალში ეძებდა თავის სიმშვიდეს ლერმონტოვის მეამბოხე სული:
არა… სჯობია, კაცმა ძალები ქარიშხალთან მოსინჯოს,
ბოლო წამი ამ ბრძოლას მიუძღვნას,
ვიდრე გავიდეს მშვიდ ნაპირას
და მწუხარე სახით ჭრილობები ითვალოს, – ამბობს მიშკევიჩი.
ტარას შევჩენკო თავის ლექსში „მოცურავე“თავის მოცურავეს არწმუნებს, რომ იგი არ შეუშინდეს ფარატინა ნავს და დიდ გზას, ხოლო არწივი „ამტვრევს, მაგრამ არ დალევს“ სისხლს პრომეთესას ლექსში „კავკასია“:
კვლავ და კვლავ იცინის გული
და ჯიუტად სიცოცხლეს აგრძელებს,
და ჩვენი არც სული იღუპება,
არც ნება გვისუსტდება,
ის ხარბი და გაუმაძღარი ვერ დახნავს
მინდორს ზღვის ფსკერზე,
ვერ შებორკავს უკვდავ სულს…
უშიშრად ადგება თავის მძიმე გზას, განათებულს ბრძოლის ელვა-კვესით, სლოვაცკის გმირი:
გზას დავადექი,
ღრუბელნო ღვთისა,
მოვდივარ თქვენთან,
სავსე სიბნელით,
ამოფარებული სიბნელესა
და აჩრდილებს.
იქ, თქვენს უკან,
სადაც ჭექა-ქუხილის მეშვეობით
მბრძანებლობს ცეცხლი,
ელჭექს გადავუგდებ,
ცრემლის ზღვას მივცემ,
შევურთავ დელგმას –
ჩემს მახსოვრობას.
ვწვავ! ვანათებ!
ჭექა-ქუხილის ელვა-ციალში
სიკვდილს შევეგებები…
(„ღრუბლები“)