ბარათაშვილის ლირიკაში სამყარო დაუდგრომელია: ბუნებაც, ადამიანური გრძნობებიც, ხალხის ისტორიული ბედისწერაც მის ლექსებში განუწყვეტლივ მოძრაობს.  საღამოს მთაწმინდაზე პოეტთან ერთად ვდგავართ და ვხედავთ, როგორ ცოცხლობს საღამოს ბუნება, „ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ“, ჩვენ ვგრძნობთ ღამეული ყვავილებიდან მომქროლ ნიავს; გარს გვარტყია „მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა“. პოეტთან ერთად გადავდივართ ბინდბუნდიდან იმ დროზე, როცა „მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!“ და გვჯერა, რომ

გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

და მზე კვლავ ამოვა, და ბნელი გასდევნის ბნელს. ჩვენ ვხედავთ გრძნობის მოძრაობას, მის რთულ გზებს და გზაჯვარედინებს, რომელიც იხსნება ღრმა ფსიქოლოგიური ზეშთაგონებით („კაცის გამოფხიზლება – არაა ღალატი“, „მახსოვს, იდექი ცრენლებმდინარი, სიყვარულო ჩემო“). საკუთარი ხალხის მოძრაობის ისტორიით გამსჭვალულია არა მარტო ლირიკულ-ეპიკური პოემა „ბედი ქართლისა“, არამედ ფიქრები „საფლავზე მეფისა ირაკლისა“, და ემოციური თემა „ჩონგურში“. ლექსებში – „ფიქრნი მტკვრის პირას“ და „ნაპოლეონი“ (რომელთან დაკავშირებითაც ბარათაშვილი არა ერთხელ უახლოვდებოდა ბაირონს, ჰაინესა და ჰიუგოს) – ისტორიის ტრაგიკული ფურცლები უკვე მრავალი თანადროული ხალხის ტრაგიკული ბედის პერსპექტივიდან აღიქმება.

თვითონ მეფენიც უძლეველნი

შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,

ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან

იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

(„ფიქრნი მტკვრის პირას“)

თუმცა იმ დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, რაც ბარათაშვილის პოეზიისათვის სამყაროს მოძრაობას გააჩნია, მისთვის – ისევე როგორც მის თანამედროვე ლირიკოსებისთვის, რომლებთანაც მას ამდენი საერთო გააჩნია ცხოვრებასთან დამოკიდებულებისა და ამ ცხოვრების ესთეტიკურ აღქმასთან დაკავშირებით, – უცხოა პოეტური ნახაზის იმპრესიონისტული არამდგრადობა. ბარათაშვილის მხატვრული სახეების მუსიკალური ტონალობა სუფთა და განსაზღვრულია. ეს არაა სწრაფად ცვალებადი განწყობილებების, გრძნობების, სურათების პოეზია, ისეთი პოეზია, რომლის  სილამაზე შეიძლება გაგიფრინდეს, ხელიდან დაგისხლტეს, შეიცვალოს. მის ლირიკაში სამყარო აისახება მყარი, მასშტაბური სახეებით, მის პოეტურ სამყაროში ურყევია ორიენტირები, პოეტური კონსტანტები – სამშობლოს მაღალი ცა, ხან ღრუბლებით გარშემოჯარული, ხან – გაცისკროვნებული და ნათელი, მტკვრის ნება-ნება დინება; ვარსკვლავები, მთვარე, სატრფოს თვალები. მისი პოეტური სახეები, შეიძლება ითქვას, ცოტა შენელებულიც კია – პოეტის აზრთა ფილოსოფიური წყობა თითქოს აუჩქარებელ, პოეტთან ერთად მოფიქრალ მკითხველს ეძებს. აქედან მოდის პოეტისათვის ესოდენ დამახასიათებელი დიდი ფილოსოფიური ჩაფიქრებისა თუ განსჯის ფორმა. „ხმა იდუმალი“, „შემოღამება მთაწმინდაზე“, „ჩინარი“, „ჩემი ლოცვა“, „სულო ბოროტო“ – ეს ის დიდი ფილოსოფიური ლირიკაა, რომელშიც ადამიანის ბედისწერის თემა ხან ღრმა „მონოლოგურ“ თვითკონცენტრირებაში, ხან თავისებურ შინაგან დიალოგში იხსნება, როცა „მონოლოგური“ ფიქრი თითქოს „იმტვრევა“, თითქოს სამყაროს ცალმხრივი აღქმის გადალახვისაკენ მიისწრაფვის.

ბარათაშვილის ლირიკაში ეს შინაგანი დიალოგი არ გადაიზრდება იმ მწვავე დისპუტში, რითაც გამოირჩეოდა დიალოგი ლირიკულ-ეპიკური პოემისა „ბედი ქართლისა“ ან ლექსისა „სუმბული და მწირი“ და რომლითაც აღბეჭდილია გმირების პოზიციათა შეჯახება ბაირონის, შელის, ლერმონტოვის, მიცკევიჩის, პეტეფის ფილოსოფიურ-სიმბოლურ პოემებში. ბარათაშვილის გმირები მთელი სამყაროს ბოროტებას ისე მგზნებარედ გამოიხმობენ, როგორც ამას აკეთებენ პეტეფის „შეშლილის“ ან შევჩენკოს – „Тризны [დასაფლავების]“ გმირები. სიკეთისა და ბოროტების შეჯახების საკითხი ბარათაშვილის ლირიკაში უფრო პირადული პრობლემაა, ამ ბრძოლის ეპიცენტრი მისთვის თავად ადამიანის ბედისწერაა. შეიძლება ბარათაშვილის პოეზიის მომხიბვლელობის ერთ-ერთი საიდუმლო ზუსტად ისაა, რომ ადამიანური ბედისწერის დრამატიზმი მის ლირიკაში გამოიხატება გრძნობების თავშეკავებით, გარეგნული ჟესტიკულაციის სრული უარყოფით, მკითხველის გულითადი თანამონაწილეობით და მისდამი ნდობით. კეთილისა და ბოროტის შეურიგებელი ბრძოლის დიდ თემაში ბარათაშვილისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვას ადამიანის სულის ერთგულებას თავისი ზნეობრივი მოვალეობისადმი, თავისი ვარსკვლავისადმი, – რაც არ უნდა დიდი განსაცდელი და ცდუნებები არ უნდა გიტევდეს, არ არსებობს ძალა, რომელიც მათ დანებებას გაიძულებს.

თუმცა ბარათაშვილის ლირიკაშიც პოეტური აზროვნების განვითარება (იმ მოკლე შემოქმედებით გზაზე, რაც მას დასცალდა) სულ უფრო და უფრო მეტი დრამატიზაციისაკენ იხრება. შინაგანი „დიალოგურობა“ შეინიშნება თვით ისეთ ლექსშიც კი, როგორიცაა „ხმა იდუმალი“, სადაც პოეტი თავისი ბედისწერის ხმას პასიურად კი არ იღებს, არამედ თითქოს გრძნობითა და გონებით ამოწმებს მის „წინასწარმომასწავებლობას“, უნდა გაიგოს, „რას ჰგავს“ ეს, ბედისწერისგან მისად დასახული, გზა; უნდა დარწმუნდეს, რომ ესაა გზა კეთილი ძალებისა და არა ბოროტი ცდუნებისა.

ეს შინაგანი დიალოგურობა განსაკუთრებული სიმწვავით ჩანს უმაღლესი ტრაგიკული დაძაბულობის ლექსებში „ჩემი ლოცვა“ და „სულო ბოროტო“. ეს ლექსები და კიდევ „ხმა იდუმალი“, „ჩემს ვარსკვლავს“ და „მერანი“ ქმნიან ბარათაშვილის ლირიკის, შეიძლება ითქვას, ხუთთავიან მწვერვალს.

პოეტის ანტაგონისტი ღიად არც ამ ლექსებში – „ჩემი ლოცვა“ და „სულო ბოროტო“ – გამოდის. იგი აქ როგორც მდუმარე ძალა, ისე იმყოფება. ახლა უკვე პოეტს აღარ შეუძლია დასვას ის  კითხვა, რომელსაც იგი 1837 წელს დაწერილ ერთ-ერთ წერილში საკუთარ თავს უსვამდა – „დავმორჩილდე კი ჩემს მკაცრს ბედისწერას“ თუ „შევებრძოლო მას“. ახლა იგი უკვე მთელს თავის სულიერ ძალებს ამა სოფლის ცდუნებებთან და ხიფათთან დასაპირისპირებლად მოუწოდებს.

ორივე ლექსი ახლოა ერთმანეთთან გრძნობა-გონების ტრაგიკული დაძაბულობით და სულიერი ძალების უდიდესი მობილიზებით. ამ ორ ლექსს ერთმანეთისაგან აშორებს სამი წელი, რაც ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიისთვის არცთუ მცირე ვადაა (ამ პერიოდში შეიქმნა  სასიყვარულო  ლირიკა, მიმართვის „ჩემს მეგობრებს“ ფილოსოფიური სიმწიფე, „მერანის“ მგზნებარე თავისუფლებისმოყვარეობა, აზრის ეპიკური წონადობა ლექსში „საფლავი მეფისა ირაკლისა“). მიუხედავად ემოციურ ტონალობათა სხვადასხვაობისა,  ეს ორივე ლექსი აღიქმება როგორც სრული მთლიანობა, როგორც ტრაგიკული დილოგი; აღიქმება, როგორც ძვირადღირებული პოეტური მოწმობა იმ პოეტის ზნეობრივი მთლიანობისა, რომელიც თავის თავში პოულობს ძალას საშინელი სიმართლე პირში მიახალოს ამ სამყაროს, ამ გაბატონებულ ბოროტ ძალას, – სულ ერთია, რას უწოდებ მას, „უზენაესს“ თუ „ბოროტ სულს“.

როგორ უშვებს სიცოცხლის უმაღლესი ძალმოსილების განმასახიერებელი ადამიანის ნათელი საწყისი დაღუპვას? როგორ ბედავს და უშვებს, რომ ადამიანი სასოწარკვეთას მიეცეს? როგორ ბედავს და ადამიანს სამუდამო წყევლით ემუქრება? თავად ლექსში „ჩემი ლოცვა“, იმით, თუ რა რთულად წარმოგვიდგება აქ ადამიანის ბედი, იგრძნობა უკვე  მომავალი წყევლა „ბოროტი სულისა“ – იმ სამყაროსი, სადაც ადამიანს სავალ გზაზე ამდენი საფრთხე ჩასაფრებია, და რომელსაც ყმაწვილკაცური ნათელი ზრახვანი ჯოჯოხეთურ ტანჯვად უქცევია (ეს არის აზრი, რომელიც ხოზე დე ესპრონსედას პოემაში „სამყარო-დემონი“ იხსნება ადამის სახეში).

 

1 2 3 4 5 6 7