გამოგიტყდებით და ვღელავ, როცა ქართველ მკითხველს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაზე ჩემს ნაფიქრს ვუზიარებ. განა თავხედობა არაა, დაწერო იმ პოეტზე, რომლის ენაც არ იცი, რომელზეც დაწერილა უამრავი, დაწერილა  მისი პოეტური სიტყვისა და მხატვრული სახეებისა თუ იმ ფაქიზი და მდიდარი კავშირების ღრმა ცოდნით, რაც მას თავის წინამორბედ თუ თანადროულ ქართულ პოეზიასთან აკავშირებდა.

და მაინც, მსოფლიო მხატვრული ხელოვნების ისტორია ისე აეწყო, რომ ხალხთა ურთიერთგამდიდრება შესაძლებელია პოეტის შემოქმედების არა მხოლოდ მშობლიურ ენაზე უშუალო გაცნობის გზით, არამედ უმრავი სხვა საშუალებით. ზუსტად ისე, როცა თავად პოეტი – თუკი იგი მართლაც დიდი პოეტია – განუმეორებელი ეროვნული ხმით გამოხატავს იმ აზრებსა და გრძნობებს, რომლებიც  კაცობრიობას ამ კონკრეტული ქვეყნის, ენისა თუ ეპოქის საზღვრებს მიღმაც აღელვებს. რახან ასეა, სრულიად შესაძლებელია, რომ მას, ვისაც კი ეს პოეტური ხმა მისწვდომია, აქვს არა მარტო უფლება ამ მოვლენას გამოეხმაუროს, არამედ მოვალეობაც, რომ აუცილებლად გამოეხმაუროს – თავისი მადლიერებით, თავისი აღქმით, თავისი ფიქრებით იმის შესახებ, თუ რა შემატა ამ პოეტმა კაცობრიობის კულტურას.

ნიკოლოზ ბარათაშვილის უკიდურესად, თითქმის ტკივილამდე შეკუმშულ ბიოგრაფიაში ცხადად იკვეთება ხაზები, რომლებიც მის შემოქმედებას აკავშირებს თანადროულ და სულიერად ახლობელ პოეზიასთან, რაც მაშინდელი ევროპის უამრავ ქვეყანაში იქმნებოდა. ესაა საზოგადოებრივ-ფილოსოფიური აზრის სიმწვავე, პიროვნებასა და გაბატონებულ ადათ-წესებს შორის არსებულ შეუსაბამოებათა მძაფრი აღქმა, ზნეობრივი უკომპრომისობა, იმ ადამიანის სულიერ სამყაროში ლირიკული წვდომა, რომლის ფიქრებიც  თავისი ხალხის ინტერებს განუყოფლად უკავშირდება.

კარგად მოგვეხსენება, თუ როგორი – იმდროინდელი პირობების გათვალისწინებით – ფართო კავშირი ჰქონდა ბარათაშვილს თავის თანამედროვე ევროპულ საზოგადოებრივ აზრსა და მხატვრულ კულტურასთან. ქართველ მკვლევართა ძიებების წყალობით უკვე ვიცით, რამდენად კარგად ერკვეოდა ბარათაშვილი რუსულ ლიტერატურაში და რამდენად იყო ნაზიარები პუშკინის პოეზიის უკიდეგანო სამყაროს. ვიცით იმ უამრავი ძაფის შესახებ, რომლებიც მას დეკაბრისტთა იდეებთან და, შესაძლოა, მათ პოეზიასთანაც კი აკავშირებდა. სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს მკვლევართა ვარაუდი ახალგაზრდა ქართველი პოეტის გადასახლებულ დეკაბრისტებთან შეხვედრის შესახებ.1 ჯერ კიდევ ბარათაშვილის თანამედროვენი ადასტურებდნენ მის სულიერ ნათესაობას ლერმონტოვის პოეზიასთან, რომელსაც იგი კარგად იცნობდა. ცნობილია ბარათაშვილის კავშირები 1831 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელ საზოგადო მოღვაწეეებთან, არსებობს მონაცემები, რომ იგი ხვდებოდა თადეუშ ლადო-ზაბოლოცკის, „კავკასიელ“-პოლონელ პოეტთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელსაც, თავის მხრივ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მ. თუმანიშვილთან, ბარათაშვილის ჯერ კიდევ გიმნაზიის დროინდელ მეგობართან.2 შეუძლებელია, ბარათაშვილს არ სცოდნოდა მიცკევიჩის პოეზია, რომლის ლექსებსაც თბილისის გიმნაზიაში მხატვრულად კითხულობდნენ3 და რომლის სტრიქონებიც იმდროინდელ თბილისელთა შორის უაღრესად პოპულარული იყო. ა. ჭავჭავაძემაც თავისი თარგმანებით თანამემამულეები ფრანგული პოეზიის მრავალ ნიმუშს აზიარა. რუსული ჟურნალების კომპლექტების – რომლებსაც იმ წლებში თბილისში ღებულობდნენ და დოკუმენტურადაც დასტურდება, რომ ახალგაზრდა პოეტი მათ კითხულობდა, –  გადაფურცვლაც კი კმარა იმის დასადგენად, თუ რამდენი რამის ამოკითხვა შეეძლო მას სხვა ქვეყნების ლიტერატურათა შესახებ.

ჩვენთვის ცნობილია, თუ რა ხშირად უახლოვდებოდა პოეტი-ბარათაშვილის სახელი ლერმონტოვის, ბაირონის, მიცკევიჩის, ჰაინეს, ჰიუგოს, ზოგჯერ კი ნოვალისის, ლეოპარდის, ლამარტინის, ბინის სახელებს. ყოველი ასეთი სიახლოვე ყურადღებას იმსახურებს. ზოგჯერ – მის გასაგრძელებლად და ადრე მონიშნული პარალელების ახალი მონაცემებით გასამაგრებლად; ზოგჯერ კი – ამა თუ იმ დაახლოების გასასაჩივრებლად. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, დღეისათვის ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ სახელთა ეს საკმაოდ ფართო წრეც კი მთლიანად მაინც ვერ მოიცავს ბარათაშვილის ყველა ისტორიულ-ტიპოლოგიურ კავშირს მის თანადროულ მსოფლიო ლიტერატურასთან და ამ შეპირისპირების არეალი მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს. ევროპის მხატვრული კულტურის ისტორია, თუკი მას თანამედროვე მეცნიერულ შეხედულებათა ერთიან სპექტრში განვიხილავთ, გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ეროვნული განსხვავებებისა, მე-19 საუკუნის შუა წლებისათვის ერთმანეთს მიმგვანებულმა სულიერმა პროცესებმა ბევრად უფრო ფართო მოქმედების ზონა მოიცვა, ვიდრე ესევროპული ლიტერატურული განვითარების სინქრონისტულ რუკებზეა აღნიშნული. ეჭვგარეშეა, რომ ამ პროცესში, იმდროინდელი ქართული ლიტერატურა – იმ ლიტერატურათა მსგავსად, რომელთა ისტორიაც  ევროპული ლიტერატურის განვითარების ვრცელ კონტექსტში ჯერ საკმარისად არ „ჩაწერილა“, –  სხვა ლიტერატურებთან თავისი კონტაქტებისა და ტიპოლოგიური კავშირების მთელი მრავალფეროვნებით უნდა წარმოჩინდეს.

იმ დროისათვის ბარათაშვილისათვის ახლობელი სახელების (ლერმონტოვი, მიცკევიჩი, ბაირონი) გარდა, ლიტერატურულ ასპარეზზე ჟღერს სხვა დიდი პოეტების (ტ. შევჩენკო, დ. სოლომოსი, კ. მახა, შ. პეტეფი, ესპორონსედა) სახელებიც, რომლებმაც, ბარათაშვილის მსგავსად, თავიანთ ეროვნულ ლიტერატურათა ისტორიაში – იქნება ეს უკრაინული, ახალბერძნული, ჩეხური, უნგრული, ესპანური – სათავე დაუდეს ახალ ეპოქას. ამ პოეტთა მოღვაწეობა იმავე 30-40-იან წლებს ემთხვევა და მათი პოეზიის მხატვრული სამყაროც ისტორიულად ერთნაირია. მათი შემოქმედება მდიდარია ამავე ეპოქის ისეთივე სოციალურ-ფილოსოფიური და ეთიკური პრობლემატიკით, ამავე საუკუნის ისეთივე პრობლემებით, რომელთა ქართულ ლიტერატურაში აღმოჩენაც, ი. ჭავჭავაძის თქმით, ბარათაშვილის შემოქმედებით გმირობად ითვლება. ეროვნული შემოქმედებითი განვითარების მრავალფეროვნებისა და მთელი იმ ტრადიციების მიუხედავად, რომელთაც ბარათაშვილი ეყრდნობოდა, მე-19 საუკუნის შუა ხანების საზოგადოებრივი და კულტურული კავშირები, როგორც „კომუნისტური პარტიის მანიფესტშია“ აღნიშნული, სულ უფრო და უფრო საყოველთაო ხდება და უკვე აშკარად იკვეთება იმ ხალხთა მხატვრული აზროვნების უმნიშვნელოვანესი საერთო ტენდენციები, რომლებიც  ჩართულნი იყვნენ მსოფლიო კავშირთა სისტემაში.

 


1 – ა. გაწერელია, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ცხოვრება და შემოქმედება, 1945; ვანო შადური, დეკაბრისტული ლიტერატურა და ქართული საზოგადოებრიობა, 1958, გვ. 335; ი. ბოგომოლოვი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და რუსული კულტურა (კრებული „ლიტერატურული ურთიერთობები. 1. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი), 1965.

2 – ა. გაწერელია, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ცხოვრება და შემოქმედება, 1945; მ.ჟიზოვი, კავკასიის პოლონელი პოეტები, „ლიტერატურული საქართველო“, 1957, N6.

3 – შ. ბერიძე, გაქანების პოეტი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება (პოეტის ასი წლისთავისადმი), 1917.

 

 

1 2 3 4 5 6 7