ჭაში დახრჩობას გადარჩენილი ბედისა ბაწაში მაინც დაბრუნდა ქალაქში და, ნაკლები ხალისით, მაგრამ მაინც გააგრძელა თავისი წვლილის შეტანა მატლიანი ენის ახალი ენით ჩანაცვლების საქმეში, რადგან ეს საქმე პიროვნულ პრობლემებზე უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა და სწორიც იყო. ერთმა ცნობილმა მხატვარმა მისი პორტრეტიც დახატა (მამაჩემს ეს პორტრეტი ნანახი ჰქონდა), პოეტები ახლადშესწავლილ ენაზე ჯერ ისევ გაუმართავ ლექსებს უძღვნიდნენ ეშხიან მასწავლებელს და მის სადღეგრძელოს მისივე ფეხსაცმლიდან სვამდნენ. ერთი სიტყვით, კაცების ყურადღება არ აკლდა და მანაც ძველი სიყვარულის დავიწყება გადაწყვიტა, მაგრამ ცოლად მოყვანას, რატომღაც, არავინ სთავაზობდა, ის კი ქალწულობას პირველი ღამისთვის ინახავდა და სწორედ ამიტომ იყო ალბათ, რომ მის სწორ ნაწლავში სპერმის რამდენჯერმე ცხელ ნაკადებად ჩაღვრის შემდეგ, როგორც წესი, ყველა მიდიოდა, და რჩებოდა მხოლოდ იმედგაცრუება და გაუკუღმართებული კავშირის მორიგი გამოცდილება. იმ კაცებს საყვარლებს არც უწოდებდა, რადგან ისინი არცკი შეხებიან მის ქალურ ღირსებებს (არც შინაგანს და არც ფეხებს შორის მოთავებულს), საყვარლები სოფელში დაბრუნების შემდეგ გაიჩინა – მაღალიც, საშუალო სიმაღლის და დაბალიც, შავიც, თეთრიც და ყვითელიც, მეტნაკლები ოსტატობით რომ გაეკეთებინათ დამამზადებლებს. აქედანაც ნადვილ საყვარლად მხოლოდ ერთს თვლიდა. ხანდახან, ხუმრობით, გულში ჩასიძებულ ქმრადაც მოიხსენიებდა, ბოლომდე მხოლოდ ის შემორჩა, დანარჩენები მის საეჭვიანოდ და შურის საძიებლად გაჩენილები იყვნენ და, ამიტომაც გააქრო, მიზნის მიღწევის მერე, ისინი გულიდანაც და თვალსაწიერიდანაც და ბოსლის უკან გვერდიგვერდ დამარხა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7