(ნაწყვეტი რომანიდან)

ნიშანიმიცვალებულის ტანსაცმელი, რომელიც გარდაცვალებიდან ორმოცი დღის მანძილზე საწოლზეა დაფენილი.

ვაყა დადეში კარდაკარ დადიოდა და ყვიროდა: ვინც ლელობურთის სათამაშოდ გამოვა, ვამეხ ბაწაში ერთ ცხვარს მისცემსო. იმას კიდევ აიტანდა კაცი, რომ ვამეხ ბაწაშმა ძმის გერის ცხედარი ერთი კვირაც არ გააჩერა სახლში და გასვენებამდე ხალხსაც არ გამასპინძლებია, მაგრამ ორმოცის გასვლამდე ლელობურთის თამაში უკვე მეტისმეტი იყო. ყოველ საღამოს სოფლის ორღობეებში მობორიალე ნიშანი ყველას აფრთხობდა და შიშნარევ მოწიწებას აჩენდა მიცვალებულისადმი, ვამეხი კი ისე იქცეოდა, თითქოს ცოცხალი ადამიანივით ფეხადგმული ტანსაცმელი ჩვეულებრივი რამ ყოფილიყო.

მამაჩემი ქალაქში ნორმალურად არც დაფიქრებულა ამ ყველაფერზე, თითქოს სერიოზულად არც მიუღია. მხოლოდ აქეთობისას, გზაში ჩაუფიქრდა ამბის უცნაურობას, და ჩამოსვლისთანავე მელანო მოინახულა. თავიდან თურმე ნიშანი მხოლოდ ადგილს იცვლიდა, მელანოს შუაგულ ლოგინზე დაფენილი ტანსაცმელი ყოველთვის ლოგინის კიდეზე ხვდებოდა. ხოლო ერთ საღამოს, როცა ოთახს გვიდა, ნიშანი შეირხა, გაშლილი მკლავები ჩამოუშვა, აფარფატდა და ლოგინიდან ადგა. სანამ მუხლებზე დავარდნილი მელანო პირჯვარს იწერდა, ნიშანმა დიდი ოთახის ღია კარი გაიარა, დერეფნის ღია კარით კიბეზე ჩავიდა, ღია ჭიშკართან მდგარ ქუჯი თოშხუშის ცოლს, რომელიც მელანოსთნ მოსულიყო და გაოგნებული იდგა, გვერდი უარა და დაჩი ქარდაშის სახლისკენ წავიდა. მესერზე მკლავები ადამიანივით შემოალაგა, ცოტა ხანი იდგა, მერე კი სახლში მობრუნდა და ისევ თავის ლოგინზე მკლავებგაშლილი დაწვა. მეორე ღამით ნიშანი ისევ ადგა, ბექა ლაზაშის საწოლი ოთახიდან დიდ ოთახში გავიდა, სადაც დაზაფრული მეზობლები ერთმანეთს ეკვროდნენ, დაკეტილ კართან მივიდა, ცოტა ხანს შეყოვნდა და წაბლის მძიმე კარში ისე გაიარა, როგორც მღვიმის გვერდით, პატარა ჩანჩქერში გადიოდნენ ხოლმე ბავშვები. ამჯერად სხვა მეზობლის სახლთან მივიდა, მესერზე ზუსტად ისევე გადაეყუდა, როგორც წინა ღამით, და ისევ უკან დაბრუნდა. მას მერე ყოველ საღამოს დგებოდა და სხვადასხვა მეზობლის სახლთან მიდიოდა. ვამეხ ბაწაშის სახლთან ჯერ არ მისულა, ჭიშკართან ისე ჩაივლიდა ხოლმე, თითქოს იმხელა ეზო და ორი უშველებელი სახლი არც არსებულიყო, და სხვა მეზობლის ეზოს მიადგებოდა. ეს განსაკუთრებით აბრაზებდა ვამეხს და მის გამოწვევას ცდილობდა. ლელობურთის თამაშიც ამიტომ გადაწყვიტა და ლაზარე ნაკაშს ტყავი შეაკერინა. ლაზარეს გაუკვირდა, ამ დროს რად უნდოდა ბურთის ტყავი, მაგრამ ვამეხმა გასამრჯელოდ ორი ტომარა მუხუდო მიატანინა თავის საჭურის შვილს და ისიც ზედმეტად არ ჩაძიებია. ვამეხმა იცოდა, რომ მღვდელი ეკლესიის ეზოში ბურთის ავსებას დაუშლიდა და თამაშზე მეზობლების დათანხმებაც გაუჭირდებოდა, ამიტომ წინა ღამით ძმასთან ერთად, თავის ეზოში აავსო ტყავი ნახერხით და ქვიშით და ჭიქა ღვინოც მოასხა. მეორე დღეს ვაყა დადეში კარგად დაათრო და ხალხის შესაკრებად გაგზავნა, თვითონ კი დასამძიმებლად წყლიან გეჯაში მთელი ღამით ჩადებული ბურთი ამოიღო და ხის ძირას, ძელსკამზე დაელოდა.

– არავინ გამომეხმაურა. – თქვა უკან დაბრუნებულმა ვაყა დადეშმა.

– წადი, ორ ცხვარს შეპირდი! – თუთუნს მოუკიდა ვამეხმა და ხეს მიეყუდა.

– მგონი ამჯერადაც არ აპირებენ. – ისევ დაბრუნდა ვაყა დადეში.

– დაველოდოთ! – ბურთი შეათამაშა ვამეხმა.

კარგა ხანი გავიდა, არავინ ჩანდა.

– წადი, და უთხარი, სამ ცხვარს მივცემ!

ვაყა დადეში ბარბაცით წავიდა.

– სამი ცხვარი ბევრია. – თქვა ვაჩე ბაწაშმა.

– ბევრია თუ ცოტაა, მაგას მე გადავწყვეტ.

ვაყა დადეში დაბრუნდა, დოქიდან ღვინო დაისხა, დალია და ძმებ ბაწაშებს უხმოდ მიუჯდა გვერდით.

– მოვლენ. სამი ცხვრის გამო საკუთარ დედას გაყიდიან! – ისე თქვა ვამეხმა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, და ცალთვალმოჭუტულმა დილის მზეს გახედა.

მართლაც, ცოტა ხანში ორღობის ბოლოს პირველი მეზობელი გამოჩნდა, თავჩაღუნული გაუბედავად მოდიოდა. მერე, თითქოს მას ელოდნენო, სხვებიც გამოვიდნენ სახლებიდან.

ბაწაშების სახლის წინ საკმაო ხალხი შეიკრიბა საიმისოდ, რომ თამაში შემდგარიყო. ვამეხმა თასი შეავსო და თამაშისწინა სადღეგრძელო თქვა, სხვებსაც მიაწოდა, მაგრამ არავის დაულევია. ორღობის თავში, ქარიშხლისგან მოთხრილი ჭადრის ძირკვისკენ გადაინაცვლეს, სადაც, დაახლოებით, სოფლის შუაგული უნდა ყოფილიყო. ვამეხმა ძირკვზე ამძვრალ ვაყა დედეშს ბურთი მიაწოდა, თავის გუნდს შეუერთდა და მოემზადა.

– ბურთი მღვდელმა უნდა ააგდოს. – თქვა ვიღაცამ.

– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ააგდებს?! – წინ გამოვიდა ვამეხ ბაწაში, არ ეგონა, თუ აქაც წინააღმდეგობას წააწღდებოდა. ბოლოს და ბოლოს, თამაშზე თანახმანი იყვნენ და მათთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ ააგდებდა ბურთს. – ძველად ბურთს სოფლის უხუცესი აგდებდა.

– მერე ვაყა რომელი უხუცესია?! სოფელში ბარე ოცი კაცია მასზე ხნიერი.

– ყველაზე ასაკოვანი იოთამ ბაბაშია.

 

1 2 3 4 5 6 7