– იოთამს ნუ ამაყენებინებთ ახლა ლოგინიდან, ათი წელია არ ამდგარა კაცი. თან, ერთფუთიან ბურთს კი არა, ვაშლს ვერ დაიჭერს ხელში. ვაყა ააგდებს, გადაწყვეტილია. – თქვა ვამეხმა კატეგორიულად, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, რადგან დარწმუნებულ არ იყო, რომ მისი კატეგორიულობა შედეგს გამოიღებდა.

– არა, მღვდელმა უნდა ააგდოს! – არ იშლიდნენ მეზობლები, თითქოს ხელჩასაჭიდი მიზეზი იპოვეს, რომელიც მათ სიხარბეს დათრგუნავდა და ამ სამარცხვინო თამაშის გამართვას ხელს შეუშლიდა. იცოდნენ, რომ მღვდელი ბურთს არ ააგდებდა.

– სხვა ვინმე აირჩიეთ!. – ვითომ დათმობაზე წავიდა ვამეხი.

– მღვდელმა უნდა ააგდოს. – თავისას გაიძახოდა ხალხი და სწორედ ამ დროს მამა ევსთატიც გამოჩნდა.

– ლელობურთს მხოლოდ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ვთამაშობთ. ცხადია, თუ სოფელში ახალი მიცვალებული არ გვაყვს. რა დროს თამაშია, როცა შენი ძმის გერი ხეირიანად გაციებულიც არ არის. ორმოცის გასვლამდე ბურთის თამაში ვის გაუგია! – მოსვლისთანავე ვამეხს შეუტია მამა ევსთატიმ.

– მაშინ ვითამაშებ, როცა მომინდება.

– შენ ვინ ხარ, საუკუნეების მანძილზე დადგენილ წესებს რომ ცვლი?!

– მე არაფერს ვცვლი, უბრალოდ თამაში მოგვინდა და ვითამაშებთ კიდეც.

– ვის მოუნდა, შენ თუ სამ ცხვრად სინდისგაყიდულ ამ მათხოვრებს?! ძალიან კარგად ვიცი, რა მიზანიც გაქვს. მიცვალებულის შეურაცხყოფა ღვთის გმობაზე ნაკლები ცოდვა როდია.

– ხელს გვიშლი, მამაო! შენი წასვლის დროა! ცხადია, თუ ჩვენთან ერთად თამაშს არ აპირებ! – თქვა ვამეხმა და მეზობლებს გადახედა, მაგრამ არავის გაუცინია. – ისე, კარგი სანახავი კი იქნები ტალახში ამოვლებული და შემოფლეთილი ანაფორით.

– მე წავალ, მაგრამ ჩემს ეკლესიაში მოსული არ გნახო!

– ის შენი ეკლესია არ არის!

– სანამ მე ვარ აქ, ჩემი ეკლესიაა.

– მასე იყოს, დარწმუნებული იყავი, გალავნის კარს არ აგიტალახებ!

– უფალმა შეგინდოს უგუნურება! ყველას შეგინდოთ! – თქვა მამა ევსთატიმ და წავიდა.

რამდენიმე კაცი ჯგუფს გამოეყო და სახლისკენ გაემართა. ვამეხს შეეშინდა ყველა არ წასულიყო და ბაბაშების სახლში ძმა და ვაჟიშვილი გაგზავნა. ბაწაშებმა ბაბაშებს ათი ცხვარი შესთავაზეს იმისთვის, რომ ლოგინად ჩავარდნილ იოთამს ძირკვთან მოიყვანდნენ და მალევე უკან დააბრუნებდნენ.

ვაჩე და რატი ბაწაშებმა გაძვალტყავებული და კარგად ჩაფუთვნილი იოთამი ლოგინიანად მოიყვანეს.

ლელობურთის დანახვაზე იოთამს, როგორც ჩანს, ბებერმა სისხლმა უყივლა, რადგან ბიჭობაში განთქმული მოთამაშე იყო, და წამოდგომაც კი დააპირა. ვამეხმა ბურთი ლოგინზე დაუდო, ხოლო ვაჩემ და რატიმ ლოგინი მაღლა ასწიეს.

ამ დროს ბედისა ბაწაში მოვიდა.

– მეც ვთამაშობ! – თქვა ბედისამ და ვამეხის მოწინააღმდეგე გუნდში ჩადგა.

– ეს ქალების თამაში არ არის. – უთხრა დას ვამეხ ბაწაშმა.

– ჯერ ერთი, შენი ჭირიანი ცხვრები არაფერში მჭირდება, ისე ვითამაშებ, და მეორეც, როცა საჭირო იყო, ამ თამაშს ქალებიც თამაშობდნენ, თან კაცებზე არანაკლებად. თუ არ გჯერა, იოთამს ჰკითხე.

– მასე იყო! – ხმადაბლა წარმოთქვა იოთამმა და გამხდარი ხელით საქონლის ტყავისგან შეკერილ ბურთს მოეფერა.

– გირჩევნია სახლში წახვიდე და მოხუცს მოუარო! ამდენ კაცში ქალის ადგილი არ არის! – თქვა ვამეხმა.

– რომელ მოხუცს?! დედაშენს, რომელიც წლებია არ გინახავს?!

– სახლში არ მიშვებ და როგორ ვნახო?!

– შენს თავს დააბრალე! ახლა კი ააგდე ბურთი, აქ შენთაან საკამათოდ არ მოვსულვარ! – თქვა ბედისა ბაწაშმა, თავშალი შეისწორა და მოემზადა.

ვაჩემ და რატიმ საწოლი თავსზემოთ ასწიეს, ჭუჭყიან საბანზე დაგდებული ბურთი იოთამმა დიდი წვალებით გადააგორა. ბურთი ქვევით, აწეულ ხელებში ჩავარდა და თამაშიც დაიწყო.

ყველაფერი ერთმანეთში აირია. ვაჩემ და რატიმ გადავარდნილი ლოგინის ქვეშ მოყოლილ იოთამს სულზე მიუსწრეს. ეს გაწამაწია ტემპის ცვლით და შესვენებებით საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გზადაგზა ზედახორიდან თავდაღწეული, სულშეხუთული და დაღლილი ხალხი იწვა და ქშინავდა, ხოლო სულის მოთქმის მერე ისევ თამაშში ერთვებოდა. ტალახში ფეხსაცმლები და შემოფლეთილი ტანსაცმლის ნაგლეჯები ეყარა.

თავიდან ბედისა ბაწაშის გუნდმა იძალა და მოწინააღმდეგის ფინიშისკენ, აღმართთან, ჩამოშლილი მიწიდან გამოშვერილი კირქვის პირველი ლოდისკენ, საკმაო მანძილით გაიწია, მაგრამ შემდეგ დაიღალნენ და უკან დახევა დაიწყეს. საბოლოოდ ვამეხის გუნდმა ბურთი მდინარის ფლატეზე ჩაიტანა და თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა.

ჩამოფლეთილი, დაღლილი, ტალახში ამოვლებული, კიდევ უფრო შერცხვენილი (გამარჯვება-დამარცხების მიუხედავად) მოთამაშეები სახლებში მიიძურწებოდნენ. ვამეხმა თავის ეზოში, კაკლის ძირში გაშლილ სუფრაზე დაპატიჟა ყველა, მაგრამ არავინ მისულა.

– ამდენი ხანი უნდა დაბანას და ტანსაცმლის გამოცვლას?! – სუფრის თავში იჯდა ვამეხი და ჭიშკარს გასცქეროდა.

– არ მოვლენ. – ნერწყვს ყლაპავდა ყველით გატენილი ხაჭაპურის შემყურე ვაჩე.

– კიდევ სამ-სამ ცხვარს ვერ დავურიგებ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემივე პურ-მარილით მუცლები ამოიყორონ! ჯანდაბა მაგათ თავს! – თქვა ვამეხმა და საცივი გადაიღო.

– არ უნდათ და ნუ უნდათ, მიასკდნენ თავიანთ მჭადს და ლობიოს! – ხაჭაპურს ეცა ვაჩე ბაწაში.

 

1 2 3 4 5 6 7